„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობას წითელი ბარათი აჩვენა და ახლა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომ მთავრობის უნდობლობის საკითხი უკვე პარლამენტში დადგეს. ყოფილი მმართველი გუნდი დაწრმუნებულია, რომ ამ პროცედურის დასაწყებად საჭირო ხმების მოგროვება ძალიან მარტივი იქნება, რადგან ფიქრობენ, რომ პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც რეალუად ხედავენ პრობლემებს. მმართველ კოალიციაში კი დარწმუნებულნი არიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროცედურის დაწყებას ვერ შეძლებს, რადგან ხმების საკმარისი რაოდენობის შეგროვება გაუჭირდებათ.
იმისათვის, რომ მთავრობის უნდობლობის პროცედურა დაიწყონ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ამისთვის ნაციონალებს 60 დეპუტატის ხმა სჭირდებათ. თუმცა, პროცედურის სამი კვირის ვადაში დაწყებას უკვე 75 დეპუტატის მხარდაჭრა სჭირდება. პროცედურა ამით არ სრულდება, 75 ხმით პარლამენტი უკვე ახალი პრემიერის კანდიდატურაზე უნდა შეთანხმდეს და ამის შემდეგ წარედგინება პრეზიდენტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დათანხმდა წარდგენილ კანდიდატურას, ისევ 75 ხმაა საჭიროა იმისათვის, რომ უკვე ახალი მთავრობა შეუდგეს უფლებამოსილების შესრულებას.
შეძლებს თუ არა ამ გზის გავლას უმცირესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, ამას საზოგადოება უახოლოეს დღეებში ნახავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამ საკითხში მას „თავისუფალ დემოკრატების“ იმედი აქვს.
„ჩვენ ჯერ საპარლამენტო დებატები მოვითხოვეთ, მთავრობა არ მოვიდა, შემდეგ პრეზიდენტმა დანიშნა რიგგარეშე სხდომა, მთავრობა არც იქ მოვიდა. ახლა აქციიდან ხალხმა მთავრობას გაუგზავნა გზავნილი, რომ მთავრობა უნიათოა და უნდა გადადგეს. ამის შემდეგ დავიწყებთ პარლამენტში პროცედურებს მთავრობის გადასაყენებლად. ჩვენ გვჭირდება 60 დეპუტატი და ვნახოთ, ვინ შემოგვიერთდება. სახელისუფლებო გუნდის იმედი არ გვაქვს. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, აქ უფრო იმედიანად ვართ“, – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
უკვე ცნობილია, რომ ამ ბრძოლაში მათ მხარს არ დაუჭერენ „თავისუფალი დემოკრატები“. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, პირველებმა მათ დააყენეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად შეუერთდებიან ნებისმიერ პროცესს თუ პროცედურას.
„მთავრობის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება თავად მმართველმა ძალამ უნდა მიიღოს. ჯერ კიდევ აჭარაში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ სიტყვას აქვს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი პოლიტიკური ძალა არის ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე, პროგრესსა და სტაბილურობაზე.
სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არ შესწევს ამ ყველაფრის უზრუნველყოფის უნარი. ამიტომ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პირველებმა დავაყენეთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად შევუერთდებით ნებისმიერ პროცესს თუ პროცედურას. მთავრობა უნდა შეიცვალოს და ამის თაობაზე გადაწყვეტილება თავად მმართველმა ძალამ უმოკლეს დროში უნდა მიიღოს“, – აცხადებენ ირაკლი ალასანიას პარტიაში.
უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი თვლის, რომ ოპოზიციის მიზანია ქვეყანაში მოხდეს რყევა. ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ მთავრობის გადაყენების მოთხოვნას „თავისუფალი დემოკრატები“ შეუერთდნენ.
„კონსულტაციებზე, არ ვიცი, შესაძლოა, „თავისუფალი დემოკრატები“ წავიდნენ. ჩვენ, არა მარტო დღეს, არამედ ადრეც სამომავლო გეგმები საკმაოდ ინტენსიურად გავიარეთ. კომიტეტებში იყო განხილვა, ეკონომიკური ჯგუფი იყო მისული, საკმაოდ ვრცელი განხილვა მიმდინარეობდა. ვფიქრობ, მთავრობას ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, აქვს საკმაოდ მწყობრი და კარგი გეგმა.
იმის აყოლა, რომ შეიქმნას დესტაბილიზაცია, უადგილოა და ცვლილებები უდროო. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ რყევა მოხდეს ისეთი, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომღაც ჰგონია, რომ რაღაც შედეგს მიიღებს. მაგრამ, ვფიქრობ, უარესი იქნება ქვეყნისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ გეგმას გავყვებით“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის გამოცხადებისა და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გამო პოლიტიკური გაერთიანებების შექმნას არ გამორიცხავს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, მმართველი გუნდის წინააღმდეგ შესაძლოა, მცირეხნიანი პოლიტიკური გაერთიანება დაიწყოს. მისივე განცხადებით, ოპოზიციას მთავრობის გადადგომის ბრენდის ექსკლუზივის მოპოვება მხოლოდ იმისთვის უნდა, რომ იციან, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი დადგება.
როგორც ხუხაშვილი აცხადებს, საპარლამენტიო გადატრიალების და ახალი უმრავლესობის შექმნის თეორიული შანსი არსებობს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საპარლამენტო გადატრიალება მივიღოთ, - ექსპერტი ამბობს, რომ თუ რეალობას გადავხედავთ, ამის მიღწევა ადვილად შესაძლებელია.
„როგორც ადრე მომხდარა, იგივე განმეორდება ახლაც. ძალიან ბევრი დეპუტატი ახლაც გადახტება იმ ბანაკში, სადაც ძალას დაინახავს. ეს უმრავლესობა ძალიან ეკლექტურია, არანაირი ერთიან იდეოლოგიას არ ექვემდებარება. ასეთი ვითარებაში შესაძლებელია მივიღოთ ისეთი სურათი, რომ შედგეს თემატური უმრავლესობა და შეგროვდეს 75 კაცი. გასაგებია, რომ გრძელვადიან პრესპექტივაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავინ არ შევა, მაგრამ კონკრეტული ამოცანების გადასაწყევტად, ასეთი უმრავლესობა შესაძლებელია შედგეს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
მისივე თქმით, აჭარა იყო მოკლე მოდელი იმისა, რა შეიძლება მოხდეს. ხუხაშვილის პროგნოზით, შესაძლებელია საქართველოს პარლამენტში ზუსტად იგივე ანალოგით განვითარდეს მოვლენები. მისივე თქმით, მთელ ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოკავშირე არის ხელისუფლების უგუნურობა.
„სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი დიაპაზონი არა თუ შეამციროს, არამედ კიდევ უფრო გააფართოოს. ასე რომ, სიტუაცია არაა დასამშვიდებელი. ეიფორიაში არიან ის ადამიანები, რომლებსაც არაფერი უკეთებიათ, არც საკუთარი პოლიტიკური წონა და არც გამოცდილება არ აქვთ.
უბრალოდ, ახლა აღმოჩნდნენ კაბინეტებში და თავი რაღაცად მიაჩნათ. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან შემაშფოთებელია ამ ადამიანების ეიფორია. დღეს რომ ნაციონალები არსებობენ, ეს მათი ეიფორიის ბრალია და ზუსტად, რომ მათ კისერზეა ეს პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.