ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ნაციონალებისთვის ახალაიებზე მეტად, სააკაშვილის პრობლემა დგას. პოლიტოლოგი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებში არის ჯგუფი, რომელიც სააკაშვილს ანგელოზად თვლის, მაგრამ რეალურად სააკაშვილი არის ერთ-ერთი ავტორი იმ ძალადობისა, რომელიც ნაციონალებს რებრენდინგის საშუალებას არ აძლევს.
აძლევს თუ არა ნაციონალებს ხელს რიგგარეშე საპარალემნტო არჩევნები, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ ვერ გააკონტროლებს დეპუტატთა გარკვეულ ნაწილს და ცდილობენ თუ არა ნაციონალები ახალაიებისგან დისტანცირებას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
უმცირესობაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელსაც პარლამნეტში არ ჰყავს თანამოაზრეები, რა შანსი აქვს იმისათვის, რომ მთავრობის პასუხისმგელობის საკითხის დაყენების პროცედურა დაიწყოს?
- მთავრობის უნდობლობის პროცედურის დასაწყებად აუცილებელია 60 დეპუტატის ხელმოწერა. ამის შემდეგ, საკითხი გადის პარალამენტის სხდომაზე. იმისათვის, რომ პროცედურა დაიწყოს, აუცილებელია უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ უმრავლესობამ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო, მაშინ ეს საკითხი იქვე იხურება, არანაირი უნდობლობის საკითხის გაგრძელება არ ხდება. მაგრამ, აქ არის ერთი რამ, 60 დეპუტატი ვინც ხელს მოაწერს მთავრობის უნდობლობის პროცედურის დაწყებას, მათ კონსტიტუცია უკრძალავს კიდევ ერთხელ დასვან ეს საკითხი. ამიტომაც, ამ საკითხის რეალიზება წარმოუდგენლად მეჩვენება.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნაციონალებს ხელს აძლევს რიგგარეშე საპარალემნტო არჩევნები?
- სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ დღეს ნაციონალებს ხელს აძლევდეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. როგორც ჩანს, მათ სხვა გათვლა აქვთ. ხვალ, ან ზეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი თუ დადგება, ეს ალბათ, მთავრობის უნდობლობის პროცედურის დაწყებით უნდა გაკეთდეს, ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, მათ ვეღარავინ ვერაფერს ვერ ეტყვის, რადგან უკვე კონსტიტუციით აღარ ექნებათ უფლება, მეორედ მოაწერონ ხელი ამ დოკუმენტს. შესაძლოა ამას აკეთებენ.
მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ ოპოზიაცაში გადასული „თავისუფალი დემოკრატების“ იმედი აქვთ. თავად „თავისუფალი დემოკრატები“ გამორიცხავენ ნაციონალებთან თანამშრომლობას და აცხადებენ, რომ პირველად თავად დააყენეს მთავრობის უნდობლობის საკითხი. ბატონო ვახტანგ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა გამონახონ საერთო ენა?
- არ მგონია, რომ „თავისუფალ დემოკრატებსაც“ აძლევდეთ ხელს რიგგარეშე საპარალმენტო არჩევნები. იმისათვის, რომ პროცედურა დაიწყონ გარანტირებული უმრავლესობა უნდა ჰქონდეთ, თუმცა ესეც არაა საკმარისი, რადგან აქ უკვე, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს პრეზიდენტი. ასე რომ, არ მგონია „თავისუფალი დემოკრატები“ ისეთი გულუბრყვილონი იყვნენ, რომ ვერ შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური წონა საზოგადოებაში და ვერ ხვდებოდნენ, რომ ნაციონალებთან ურთიერთობას მათი პოლიტიკური პრესპექტივა ნულამდე დაჰყავს. ამიტომ, არა მგონია, რომ მათ ასეთი ნაბიჯი გადადგან. „თავისუფალი დემოკრატებისგან“ მეტს ველი, ვიდრე ასეთი ნაბიჯის გადადგმას.
თქვენ გამორციხავთ, რომ პარლამენტში ასეთი ერთობა შედგეს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რა მოხდა აჭარაში. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის ხელით ხელისუფლებამ დაკარგა უმარვლესობა...
- და ამით რა შეიცვლება? - მე მგონია, რომ არც არაფერი. პრობლემა ის კი არ არის, რეგიონში რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში, არამედ ის, რომ რეგიონსა და ცენტრს შორის ურთიერთობები არის მოუწესრიგებელი, რომ კანონი არ არის დახვეწილი, აი ეს ქმნის იმ წინააღმდეგობებს, რომელიც ჩვენ ასე გვაწუხებს. ასე რომ, ძალიან უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“, ნაციონალებმა შეძლონ და უმრავლესობას მოუყარონ თავი. მგონია, რომ ეს წარმოუდგენელია.
იცით რაშია საქმე, ნაციონალებს თემები შემოაკლდათ. რაღაცა თემა სჭირებათ, რაზედაც პოლიტიკურად აქტიურები იქნებიან. ნაციონალებს შეიძლება ისიც უნდათ, რომ 60 ხელმოწერა ვერ შეაგროვონ. დაიწყებენ ამ პროცედურას და იქნება პროპაგანდა, რომ აი მათ მხარი არ დაუჭირეს. სხვა თემა უკვე არ აქვთ. რუსული თემა თითქმის მოილია, კონფლიქტური რეგიონები და ეს მავთულხლართების საკითხიც ამოიწურა, ევროატლანტიკური კურსიც არის, სხვა თემა პრაქტიკულად არ აქვთ. ამოწიეს სოციალური თემა და ეს თემა უფრო აქტიური რომ გახადონ, ლაპარაკობენ მთავრობის უნიათობაზე. ეს არის პოლიტიკური პიარის საგანი და არა რელური.
რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ ვერ გააკონტროლებს დეპუტატთა გარკვეულ ნაწილს და თუ წავა რიგგარეშე საპარლამნეტო არჩევნებისაკენ?
- ნაციონალების მხარდამჭერი შეიძლება აღმოჩნდეს დეპუტატთა ის ნაწილი, ვისაც შემდგომ საპარლამენტო არჩვნებში სიაში მოხვედრის ნაკლები შანსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, უკვე, ნაციონალები არიან ცუდ დღეში, რადგან მაშინ ეს პროცედურა უნდა დაიწყონ და წავიდნენ იმაზე, რომ ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არ აწყობთ. ნაციონალებს უნდათ, რომ ეს პროპაგანდა 2016 წლამდე მიიყვანონ.
აქციის დასრულების შემდეგ, მთავარი განხილვის თემა გახდა ადვოკატ ოთო კახიძის გამოსვლა, რომელმაც ხელისუფლების პირადი პატიმარი უწოდა ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას და ირაკლი კოდუას, ამ სიაში ვერ მოხვდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რამაც ახალაიას მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, ნაციონალები ცდილობენ ახალაიებისგან დისტანცირებას?
- ნამდვილად, აქციაზე ეს ინტონაციები გამოვიდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ გადაჯგუფებები იქნება, ეს ბუნებრივი პრიცესია. სხვათა შორის, ყველაზე სწორი სტრატეგია შესთავაზა მათ ივანიშვილმა, ცოტა წყნარად იყავით, ხალხს ნუ აღიზიანებთო. მაშინ, რომ ყურად ეღოთ და სხვა პოზიცია დაეჭირათ, შესაძლოა, დღეს მართლა ჰქონოდათ რეიტინგი. დღეს უკვე გვიან არის ასეთი გადაჯგუფება, თუმცა მაინც ეცდებიან. არ დაგავიწყდეთ ერთი რამ, ნაციონალების ერთმა ნაწილმა ყოფილმა ელჩებმა და კულტურის მინისტრმა შექმნეს საზოგადოება „ივერია“, მათ დააფიქსირეს, რომ 2016 წელს აპირებენ მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში.
ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც ნაწილი გავიდა სააკაშვილის გავლენისგან და დამოუკიდებლად აპირებენ პოლიტიკურ ბრძოლას?
- ნაციონალები კარგად ხვდებიან, რომ ის უბედურება რაც ამ 9 წლის განმავლობაში ტრიალებდა, ვიღაცას უნდა ჩამოეკიდოს, და როგორც ჩანს, ცდილობენ, რომ ეს ტვირთი ახალაიებისკენ გადაიტანონ. თავის დროზე, საზოგადოებაში და მოსახლეობაში ითვლებოდა, რომ რეპრესიული ფრთა სწორედ ახალაიების ეგიდით ხორციელდებოდა. რამდენად მოახერხებენ, ეს უკვე სხვა საკითხია. ასეთი დაპირისპირების შესახებ ინფორმაციამ ადრეც გამოჟონა. ეს არ არის ახალი თემა, მაგრამ ვთვლი, რომ შესაძლოა, ამ მიმართულებით გაგრძელდეს დიფერენცირება.
ნელ-ნელა ეს მაინც მოხდება და არ გამოვრიცხავ, რომ არამარტო ეს გახდეს წყალგამყოფი. თუ შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდა, კიდევ რაღაცა განხეთქილება გამოვლინდება.
როგორც არ უნდა ვაფასებდეთ, ნაციონალები არც ისე გულუბრყვილო ადამიანები არიან, რომ ვერ აანალიზებდნენ სიტუაციას. ხვდებიან, რომ ამ შემადგენლობით საპარლამენტო არჩევნებში მისვლა მათთვის კატასტროფა იქნება. ამიტომ შემოდგომაზე უნდა დაიწყონ გადაჯგუფება, რომ არჩევნებში რაღაცა წარმატება ჰქონდეთ.
ამ გადაჯგუფების შემდეგ სად იქნება სააკაშვილის ადგილი? არსებობს ინფორმაცია, რომ პარტიის ახალი სახეებით განახლების ავტორი არის გიგა ბოკერია. სწორედ ამ ჯგუფის ინიციატივაა, რომ 9-წლიან მმართველობაზე პასუხისმგებლობის ტვირთი გადავიდეს ახალაიებზე. შეგახსენებთ სააკაშვილის ცნობილ განცხადებას, რომ საერთოდ არ იცნობს დათა ახალაიას...
- რეალურად, ნაციონალებისთვის ახალაიებზე მეტად, სააკაშვილის პრობლემა დგას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებში და არა სათავეში, არის ჯგუფი, რომელიც სააკაშვილს ანგელოზად თვლის, მაგრამ რეალურად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ავტორი იმ ძალადობისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ რებრენდინგის საშუალებას არ აძლევს. ახალაიებზე გადაბრალება ამას არ უშველის, აქ მნიშვნელოვანია საააკაშვილის ფაქტორი.
სააკაშვილი არა მარტო უკრაინიდან მოძღვრავს მათ, არამედ ფინანსებსაც აკონტროლებს, რის გარეშე ნაციონალებს ძალიან გაუჭირდებათ. იდეოლოგიურად რომ ქართულ საზოგადოებას რაღაცა ახალი შესთავაზონ, მითუმეტეს სააკაშვილის დროშით, ეს ძალიან მეეჭვება. თუ მათ რეალურად უნდათ პოლიტიკაში დარჩენა და პარტიის გადახალისება, უნდა დაარწმუნონ სააკაშვილი, რომ 5-6 წელი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იმ მხარდამჭერებსაც დაკარგავენ, რომელიც 21 მარტს თავისუფლების მოედანზე ჰყავდათ მოყვანილი.