რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა ქართული ღვინის ექსპორტზეც იქონია გავლენა და ვითარების გამოსწორება ამ დრომდე ვერაფრით ხერხდება. მეღვინეებს გაზაფხულის პირველი თვის იმედი ჰქონდათ, თუმცა ამაოდ. ამასობაში კარგი ამბებია ჩინეთიდან, სადაც იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 142%-ით გაიზარდა.
2013 წელს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შემდეგ ქართული ღვინის რეალიზაციამ შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ყველა პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა 2015 წლის დასაწყისში ნათელი გახდა, რომ რუსეთში არსებული კრიზისი ქართველ ღვინის მწარმოებლებს გვერდს ვერ აუვლიდა.
„2014 წელს ექსპორტმა ბოლო 20 წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა, გასულ წელს უკვე დაიწყო პრობლემები რუსეთსა და უკრაინაში - რუბლისა და გრივნის არასტაბილურობა. ამან გავლენა მოახდინა უკრაინაში ღვინის ექსპორტზე, რომელიც დაახლოებით 2014 წლის განმავლობაში 15 პროცენტით შემცირდა. ექსპორტი იზრდებოდა რუსეთში, თუმცა, ვიცოდით, რომ 2015 წელს მსგავსი ზრდა აღარ გაგრძელდებოდა“, - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი.
შარშან საქართველომ 60 000 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც 2013 წელთან შედარებით 26 პროცენტით მაღალი იყო. ექსპორტირებული ღვინის უმრავლესობა - 38 მილიონი ბოთლი რუსეთში გავიდა. ღვინის სააგენტოში ფიქრობენ, რომ მომდევნო თვეებში რუსეთში ქართული ღვინის იმპორტზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება. „ექსპორტი განსაკუთრებით გააქტიურდება აპრილ-მაისიდან, ვინაიდან გრივნისა და რუბლის კურსი ასე თუ ისე დასტაბილურდება“, - აღნიშნა სამანიშვილმა.
ჯერჯერობით კი, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ შეფერხებულია. 2015 წელს კომპანია „თბილღვინოს“ რუსეთში არც ერთი ბოთლი ღვინო არ გადაუტვირთავს. კომპანიის დირექტორი გიორგი მარგველაშვილი ამას პირდაპირ ადასტურებს.
მარგველაშვილი ვითარების შეცვლას მარტში ვარაუდობდა, ახლა კი იმედოვნებს, რომ გადატვირთვა აპრილში მაინც აღდგება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ წელს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი გაცილებით ნაკლები იქნება. ამ დრომდე, „თბილღვინოს“ მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი დაახლოებით 25%-ს შეადგენდა.
შეფერხების გამო, „თბილღვინო“ ზარალზე არ წასულა, თუმცა დაკარგული შემოსავალსა და შესაძლებლობების გამო, შესაძლოა, კომპანიის მოგების მაჩვენებელი წლის ბოლოს უფრო მცირე იყოს, ვიდრე 2014 წელს.
„ჩვენ სხვა ბაზრებზე ბევრად უფრო ვაქტიურობთ, რუსეთის შემთხვევაში ნაკლებად. იქედან გამომდინარე, რომ ეს ბაზარი გარკვეულ რისკს უკავშირდება, ვცდილობთ უფრო ხისტად ვიმოქმედოთ. საბოლოოდ კი, თანდათან ნაკლებად ვხდებით ამ ბაზარზე დამოკიდებული. რაც რუსეთში ხდება, ჩვენთვის გამაჯანსაღებელი პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალიზაციის შემცირებას იწვევს“, - აცხადებს მარგველაშვილი.
სამაგიეროდ, კარგი ამბებია აღმოავლეთიდან. ჩინეთში ღვინის ექსპორტი 2,4-ჯერ გაიზარდა, უალკოჰოლო სასმელების - 7,6-ჯერ. როგორც ჩანს, ეს ქვეყანა ქართველ მეღვინეებს მალე რუსეთს შეუცვლის.
„საქსტატის“ მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტი 2014 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 271%-ითაა გაზრდილი და ამ წლის 2 თვეში 14,492 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მნიშვნელოვნი ადგილი დაიკავა ღვინომ და უალკოჰოლო სასმელებმა. ჩინეთში საქართველოში წარმოებული 1,023 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,4-ჯერ არის გაზრდილი (142%). ჩინეთში უალკოჰოლო სასმელების წლევანდელი ექსპორტი შარშანდელ იანვარ-თებერვლის მონაცემს 7,6-ჯერ აღემატება.
ასეთი სტატისტიკის ფონზე მეღვინეები ამბობენ, რომ საჭიროა რუსეთის ბაზარს ნაკლები ყურადღება დაეთმოს და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება მოხდეს. ქართულმა ღვინომ ევროპისა და აზიის ქვეყნებში უნდა დაიმკვიდროს ადგილი.