ნინო გვენეტაძისთვის სამართალმა პური 10 წლის შემდეგ ჭამა. წლების განმავლობაში „დევნილ“ და „მეამბოხე“ მოსამართლედ წოდებული გვენეტაძე უზენაეს სასამართლოში ხელმძღვანლის სტატუსით დაბრუნდა. მან 23 მარტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კაბინეტი ოფიციალურად გადაიბარა.
პარლამენტის მიერ 88 ხმით დამტკიცებული გვენეტაძე ახალ კაბინეტამდე მანვე მიაცილა, ვინც, თავის დროზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იგი ამჯერად მოსამართლეებს, დიპლომატიური კორპუსის და აკადემიური სფეროს წევრებს წარუდგინა.
უზენაესი სასამართლოს დღევანდელი მთავარი გმირი, იმავე უწყებაში 10 წლის წინ განვითარებულ მოვლენებში „უარყოფითი გმირის“ როლით მონაწილეობდა. გვენეტაძემ 2005 წლის 21 ნოემბერს საკუთარ კოლეგებთან - მერაბ ტურავასა და დავით სულაქველიძესთან ერთად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა. კუბლაშვილმა და ცერცვაძემ ბრალდებები უარყვეს. აღნიშნულმა მოსამართლეებმა კი მედიასთან საუბარს მოუხშირეს. ყვებოდნენ, რომ ყოველთვის, როდესაც უზენაესი სასამართლო აპირებს განიხილოს საქმე, რომელიც ხელისუფლების ინტერესს წარმოადგენს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურატურის ზეწოლის ქვეშ, მითითებებს აძლევს მოსამართლეებს, თუ როგორი განაჩენი გამოიტანონ.
21 ნოემბრის „ამბოხს“ წერტილი 2005 წლის 26 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინარულმა კოლეგიამ დაუსვა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ნინო გვენეტაძეს, მერაბ ტურავას, თამარ ლალიაშვილსა და მურმან ისაევს ბრალი პროცესუალურ დარღვევებში დასდო და თანამდებობიდან გაათავისუფლა. დავით სალუქვაძეს კი, რომელზეც დისციპლინური დევნა იყო აღძრული, შენიშვნა აკმარეს.
10 წლის შემდეგ, 2015 წლის 23 მარტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ სამუშაო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას უკვე ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც დაესწრო და საჯარო გამოსვლაში მას წარმატებებიც უსურვა. ღონისძიებას, პრეზიდენტის გარდა დიპლომატიური კორპუსის და აკადემიური სფეროს წარმომადგნელები დაესწრნენ.
პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის წარდგენასთან დაკავშირებით დაახლოებით 10-წუთიან გამოსვლაში სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სრული მზაობა გააჩნია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას.
„სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეს აქვს იმედი, რომ სასამართლოში მისი უფლებები დაცული იქნება, პოლიტიკოსთა შეცდომები, გადაცდომები, პარტიული ინტერესებიც მიღმა რჩება და ყველას აქვს იმის განცდა, რომ ჩვენი სახელმწიფო ემსახურება მთავარს, ემსახურება თითოეული ადამიანის ინტერესებს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ თითოეული ადამიანის უფლების დაცვაზე იზრუნოს, სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუტი კი სამართალია.
„მჯერა, დღეს ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ მტკიცე ნაბიჯს იმისათვის, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო დაფუძნდეს. რომელიც არ არის ვალდებული გაითვალისწინოს პოლიტიკოსების ინტერესები. ლარის კურსის დაჭერა ჩვენი საქმეა, საქართველოს იმიჯის განმტკიცება ჩვენი საქმეა, ყოველდღიური დასაქმების პრობლემები ჩვენი საქმეა, კრიმინალთან ბრძოლა ჩვენი საქმეა. ხოლო სასამართლო ამ ყველაფერზე მაღლა დგას, რადგან სასამართლოში ერთადერთი ინტერესი კანონი და სამართალია“,- აღნიშნა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ სამართალთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ინსტიტუტების მდგრადობა და მემკვიდრეობა. ინსტიტუტების მიმართ პატივისცემის ერთგვარ მაგალითად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ახალი თავმჯდომარის წარდგენის ღონისძიებას დაესწრო.
„შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა შეხედულება, მაგრამ მთავარი ჩვენი სამშობლოა და ასე ვაძლიერებთ მის ინსტიტუტებს. ინსტიტუტების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისათვის, ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კოტეს მობრძანებისათვის, იმისთვის, რომ დღეს თაობები იცვლება - ერთი თავმჯდომარე მიდის, მეორე მოდის, მაგრამ ინსტიტუტი რჩება“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე აღიარებს, რომ ნინო გვენეტაძეს უწყებაში ხარვეზებს უტოვებს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ახალი თავმჯდომარე მათ გამოასწორებს და სასამართლოში მისი თავმჯდომარეობის პერიოდის მიღწევებიც შენარჩუნდება.
„ჩემი აზრით, სტაბილურობა, პირველ რიგში, სწორედ იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები არიან შეუცვლელები - ეს კონსტიტუციური პრინციპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს... წარმატება იქნება ყველა შემთხვევაში, თუ ხარვეზები, რაც კიდევ რჩება სასამართლოში, აღმოიფხვრება და ის მიღწევები რაც გვაქვს, კიდევ უფრო გაფართოვდება და განვითარდება. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა, თუმცა, ძალიან რთულად შესასრულებელი. ის, რომ სასამართლო ჩვენ გვჭირდება და ჩვენ ქვეყანას, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამიტომ ყველას ვუსურვებ წარმატებას, ვინც უნდა ყოფილიყო, ყველასთან იგივე სურვილები მექნებოდა“,- აცხადებს კოტე კუბლაშვილი.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზოგად პასუხს სცემს for.ge-ს კითხვას, თუ რა ხარვეზებს ტოვებს ის სასამართლოში 10-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
„ამაზე ბევრი მისაუბრია, ახალი თავმჯდომარეც თავად დაინახავს და მიხვდება, რომ მცირე ხარვეზები ნამდვილად რჩება. თუმცა, ერთია რაოდენობრივად მცირე და მეორე, ამ ხარვეზების მნიშვნელობა. ამას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს“,- აცხადებს კოტე კუბლაშვილი და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საქმიანობას საქართველოში - უნივერსიტეტში განაგრძობს და ასევე გარკვეული შემოთვაზებები აქვს ევროპის საბჭოდანაც.
უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარისგან ძლიერი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას ელის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და აცხადებს, რომ სასამართლოს განვითარება უკვე მიღწეულ წარმატებებს უნდა დაეფუძნოს.
„ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულება. მე როგორც ვიცი, სასამართლო კორპუსს აქვს დადებითი მოლოდინი. ვნახოთ რა და როგორ განხორციელდება, იმედია, ყველაფერი იქნება კარგად“,- აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან მურუსიძე.
უწყების ახალი ხელმძღვანელი კი პირველ სამუშაო დღეებს კოლექტივთან, მოსამართლეებსა და აპარატის თანამშრომლებთან შეხვედრებით იწყებს და აპირებს, სწორედ, მათთან ერთად დაგეგმოს ღონისძიებები და აქტივობები, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება იქნება.
ნინო გვენეტაძე მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დონეზე ცვლილებებს არ გამორიცხავს. თუმცა, აკონკრეტებს, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელი ცვლილებებს განახორციელებს და მხოლოდ კანონის ფარგლებში.
„პრეტენზიები მქონდა მაშინ, როდესაც ვიყავი არამოსამართლე და ვიყავი ჩვეულებრივი მოქალაქე, პროფესიონალი, რომელიც ვიბრძოდი დამოუკიდებელი სასამართლოს შესაქმნელად და ბუნებრივია, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ, ამიტომ, მე ვიქნები ყველა მოსამართლის გვერდით, ვისაც დაემუქრება რამე პრობლემა, რამე ზეწოლა შეექმნება ხელისუფლებისგან ან მათ მიმართ გაკეთდება არასწორი და არაკორექტული განცხადებები. თუმცა, ამავდროულად, მოსამართლეებს, როგორც კოლეგა, ვთხოვ თვითკონტროლს და თვითანგარიშგებას საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით, რატომ? - მიზანი არის ერთი, საზოგადოების ნდობის დაბრუნება და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის აშენება“,- აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
For.ge-ს კითხვას, თუ რა კონკრეტული ხარვეზები და პრობლემები დახვდა მას უწყებაში, ნინო გვენეტაძე კუბლაშვილისგან განსხვავებით კონკრეტული ჩამონათვალით პასუხობს: „ეს არის განსახილველ საქმეთა დიდი რაოდენობა, გაჭიანურებული სასამართლო განხილვის ვადები, გარკვეული პრობლემები სპეციალიზაციასთან დაკავშირებით და არის სხვა უამრავი საკითხი. განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან მიმართებაში ეს არის დისციპლინური სამართლაწარმოების გააქტიურებაზე სამომავლო ზრუნვა, ყველა იმ განცხადებასა და საჩივარზე დროული და დასაბუთებული პასუხი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ“.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 23 მარტიდან სასამართლო ხელისუფლებაში ჩარაზულ კარებსაც ხსნის და მედიას „ღია კარის“ პოლიტიკას სთავაზობს.
„თქვენთვის ჩვენი კარები ყოველთვის იქნება ღია. გონიერების ფარგლებში, ბუნებრივია, მოგემსახურებით მეც და მოგემსახურებათ მთელი სასამართლოს შემადგენლობა იმიტომ, რომ თქვენ ხართ სასამართლოსა და საზოგადოებას შორის შუამავალი“,- აცხადებს ნინო გვენეტაძე.