„ბატონ გოგი თოფაძეს სწამს ის, რასაც ამბობს. უფრო სწორედ, არც არასოდეს არ დაუმალავს, ყოველთვის ამ აზრზე იყო. სხვა საქმეა გაიზიარებენ თუ არა ჩვენი საზოგადოება წარმომადგენლები ამ მოსაზრებას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი, რომლის განცხადებით, ქვეყნის ძირითადი პრობლემა გახლავთ ის, რომ ერთიანი ხმით საუბარს ვერ ახერხებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც საერთო პოლიტიკური მიზანი აქვთ გაცხადებული.
რა შენიშვნები არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და რა ბერკეტები აქვს ქვეყანას, აიცილოს რუსეთისგან მოსალოდნელი ზეწოლა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.
მას შემდეგ რაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ხელისუფლება დატოვეს, კითხვა - შეიცვალა თუ არა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა? - კვლავ აქტუალურია. რამდენად ლეგიტიმურია კითხვები ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით?
- მითქმა-მოთქმას ქვეყნის საგარეო კურსის შესაძლო ცვლილების შესახებ, საგარეო პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. ეს უფრო შიდა მოხმარების საგანია და მეტი არაფერი. ქვეყანას არჩეული კურსი არ შეუცვლია. დღევანდელ ხელისუფლებას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, უამრავი რამ შეიძლება ვუსაყვედუროთ და საფუძველიანადაც, მაგრამ სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების თაობაზე ატეხილი ხმაურის მიზანი მხოლოდ შიდა პოლიტიკური ქულების დაგროვებაა.
პოლიტიკურ ეჭვიანობას დავაბრალოთ „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადება, რომ ქვეყანამ საგარეო კურსი შეიცვალა? ის, რაც ხდება დღეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის კახეთი–ავარეთის გზის მშენებლობა, რასთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია საზოგადოებისთვის უცნობია...
- მოდით, ყველაფერს ერთ კალათში ნუ ჩავყრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაუგებრობას გააღრმავებს. საკითხები რაც თქვენ ჩამოთავლეთ, ეს სულ სხვადასხვა ხასიათისაა. აქედან ზოგი ინფორმაცია უსაფუძვლოა, ზოგი სერიოზული პრობლემაა, მაგრამ სულ სხვა ტიპის და კლასის. არც ერთს და არც მეორეს კავშირი ქვეყნის საგარეო კურსთან არ აქვს. როგორც მოგახსენეთ, საფუძვლიანი და სერიოზული შენიშვნები არსებობს უამრავი სახელმწიფო ინსტისტუტის საქმიანობის თაობაზე, მაგრამ ამას კურსის ცვლილებასთან კავშირი არ აქვს.
კონკრეტულად რა შენიშვნები არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ?
- საუბარია იმაზე, რამდენად დროულია რეაქცია ყველა იმ მოვლენაზე, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ხდება. არის თუ არა ერთმანეთთან შეთანხმებული, კოორდინირებული ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ნაბიჯები. როცა სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურების ურთიერთობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ძალიან ძნელია აუხსნა მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსაც კი, რატომ შეიძლება ეს ცივილიზებულ სახელმწიფოში ხდებოდეს. და ბოლოს, ისევ და ისევ, კომუნიკაციის პრობლემა - ეს ეხება ჩვენს დიალოგს საერთაშორისო პარტნიორებთანაც და ხელისუფლების დიალოგს საზოგადოებასთანაც. ასე რომ, გასაკრიტიკებელი და გასასწორებელი მართლაც საკმაოდაა.
ბატონო ირაკლი, კომუნიკაციის პრობლემად შეიძლება შევაფასოთ პარლამენტის წევრის, გოგი თოფაძის განცხადება?
- ბატონ გოგი თოფაძეს სწამს ის, რასაც ამბობს. უფრო სწორედ, არც არასოდეს დაუმალავს, რომ ის ყოველთვის ამ აზრზე იყო. სხვა საქმეა გაიზიარებენ თუ არა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები ამ მოსაზრებას. რა თქმა უნდა, მე ვერ გავიზიარებ იმას, რასაც ბ-ნი გოგი თოფაძე ამტკიცებს. საქართველოს უახლესი ისტორიის მომსწრე ადამიანმა შეუძლებელია სხვაგვარი რამ დაასკვნა. ბატონი გოგი გუშინ არ მოსულა პოლიტიკაში და ამდენი წლის განმავლობაში რეალობა როგორმე მასაც უნდა დაენახა. თუ ეს მას არ სურს, ან ვერ ახერხებს, ეს მისი პრობლემაა. ასეთი ადამიანები ქვეყანაში იყვნენ და არასად არ წასულან.
მმართველი კოალიციის ამოცანაა, საზოგადოებას აუხსნას თავისი დამოკიდებულება ამგვარი პოზიციისადმი. ჩვენი საზოგადოების ძირითადი პრობლემა კი გახლავთ ის, რომ ერთიანი ხმით საუბარს ვერ ახერხებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც იდენტური პოლიტიკური მიზანი აქვთ გაცხადებული. როგორც ჩანს, აქ პიროვნული, ვიწროპარტიული, ზოგ შემთხვევაში, ეგოისტური ინტერესები მძლავრობს ხოლმე.
შიდა დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ აქტიურდება პრორუსული პროპაგანდა საქართველოში. რამდენად მოსალოდნელია რუსეთმა ეს ძალა გამოიყენოს საქართველოზე ზეწოლისთვის, რომ ქვეყანამ უარი თქვას თავის არჩევანზე?
– არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ რუსეთი საქართველოს არჩევანისადმი თავის დამოკიდებულებას შეცვლის. უფრო მეტიც, უნდა ველოდოთ, რომ სხვადასხვა მეთოდით ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. სწორედ ამიტომაც გვჭირდება ერთად დგომა და ძალების კონსოლიდაცია.
რა ბერკეტები აქვს ქვეყანას, რომ აიცილოს რუსეთისგან მოსალოდნელი ზეწოლა? ჩვენ ვხედავთ რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში...
– რუსეთის პოლიტიკა საკმარისად კარგად არის ცნობილი. ყველაფერი რასაც იგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აკეთებს, ეს რუსეთის რეაქცია გახლავთ საქართველოს უარზე, დაყვეს რუსეთის ნებას - ხელი აიღოს ევროპულ არჩევანზე. რას შეიძლება ველოდოთ? რა თქმა უნდა, იქნება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობა, როგორც ცალკეული პოლიტიკური ძალების მხარადაჭერის, ისე დამატებით კიდევ ახალი სტრუქტურების შექმნის, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახალი პერსონაჟების მოვლინებისა, თუ ყოფილი ე.წ. აქტორების რეანიმაციის გზით და ა.შ.
ბოლოს და ბოლოს, ჯერ კიდევ არსებობს ეკონომიკური ბერკეტები - თავის დროზე დაშვებული ვაჭრობის კვლავ აკრძალვა რუსეთს ძალიან სწრაფად შეუძლია.
ყველაზე უარესი, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი აგრესიის პრესპექტივა. ამის შესანიშნავი მაგალითია უკრაინა და ჩვენი მტკივნეული წარსული, როგორც უკვე გითხარით, სასიცოცხლოდ აუცილებელია ერის კონსოლიდაცია და ერთად დადგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მივიღოთ.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შემაკავებელი ფაქტორი არის ნატო–საქართველოს საწვრთნელი ცენტრი. ბატონი ირაკლი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცენტრის მშენებლობის დროულად დაწყება?
– აქ ლოდინი აღარ გვჭირდება, ამ გადაწყვეტილებას სჭირდება რეალიზაცია. ნატო–საქართველოს საწვრთნელი ცენტრი შესაქმნელია და ასამუშავებელი, ისევე, როგორც ყველა სხვა ღონისძიება, რომელიც ნატოს გეგმით არის გათვალისწინებული.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს აქტუალურია, ეს არის ჟენევის ფორმატი. ჟენევის დისკუსიების პარალელურად, კრემლმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმება გააფორმა. ქართული მხარე თვლის, რომ ეს არ არის დამთხვევა, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ ჟენევის მოლაპარაკებები კიდევ უფრო გაართულოს. პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ქართულმა მხარემ უარი უნდა თქვას ჟენევის პროცესზე. რა შედეგს მოუტანს ქვეყანას უარი თქვას ერთადერთ საერთაშორისო ფორმატზე?
– ჟენევის ფორმატზე უარის თქმა, სულაც არ არის რუსეთის დასჯა, ეს მისი თამაშის მხარდაჭერა იქნებოდა. ამიტომ, ეს მოსაზრება მოკლებულია გონივრულობას. არ მესმის, რატომ ჩათვალა ვინმემ, რომ რუსეთს ძალიან ეწყინება თუკი საქართველო ჟენევაზე ხელს აიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის ფორმატი ჯერ სულაც არაა ეფექტური, პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ფორმატი მაინც იქნეს შენარჩუნებული. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ამგვარი იდეების შეთავაზებისას პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები ძალიან ფრთხილად უნდა იყონ.
რუსეთის მხრიდან ოკუპირებული რეგიონებთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების გაფორმება, შეიძლება ხელისუფლების პასიურობას დაბრალდეს? მოგეხსენებათ, ოპონენტები საყვედურობენ ხელისუფლებას, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში პასიური და არაადექვატურია...
– მე არ ვიხმარდი ამგვარ შეფასებას. თუმცა, ნამდვილად არ იქნებოდა ზედმეტი, კიდევ ერთხელ სერიოზულად დავფიქრებულიყავით, რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მტკიცე და აქტიური მხარდაჭერა მოიპოვოს.
ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი გახლავთ მსოფლიოსთვის იმის დანახვება, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება და რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, ერთი და იგივე პროცესის მხოლოდ სხვადასხვა ნაწილია, რომ ეს შემადგენელი ელემენტებია რუსეთის ერთიანი დიდი სტრატეგიული გეგმისა, რომლის საბოლოო მიზანი - ყოფილი „ბოროტების იმპერიის“ აღორძინება, მეტად საშიში პერსპექტივა გახლავთ ცივილიზებული მსოფლიოსთვის.
დასავლეთშიც კი, ამ ორ მოვლენას, როგორც ერთიანი პოლიტიკის ნაწილს, მხოლოდ ანალიტიკოსთა ნაწილი ხედავს. პოლიტიკურ წრეებში ჯერ ამის მკაფიო გაგება არ ჩამოყალიბებულა. აქ ბევრია სამუშაო და ამიტომაც ამ მიმართულებითაა საჭირო ძალისხმევის გაზრდა.