დღეს, ქვემო ქართლში მომუშავე ჟურნალისტების ნაწილისთვის გამოთქმა “ვაის გავეყარე და უის შევეყარე” აქტუალურია.
მას შემდეგ, რაც რუსთავში ახალი მერი, დავით კირკიტაძის მოადგილე – ზაქრო დარჩიაშვილი დაინიშნა, მერიაში ახალი წესები ამოქმედდა.
პრესაგე.ტვ გასულ თვეს, რუსთავის მერიის მიერ 9 ახალი “ შკოდა- ოქტავიას” შეძენის შესახებ წერდა. მაშინ ამ თემაზე კომენტარისთვის მისულებს რუსთავის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბასილაიამ ასეთი რამ გვითხრა: “ჩვენ ყველანი გაგვაფრთხილეს, რომ პრეს-სასმსახურის გარეშე კომენტარი აღარ გავაკეთოთ. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს თქვენთან საუბრის, მაგრამ ასე ვარ გაფრთხილებული”.
სანამ ბასილაიას კაბინეტთან დაუდარაჯდებოდით, აღნიშნულ თემაზე კომენტარისთვის ინტერვიუს დაგეგმვას მერიის პრესსამსახურს ოთხი დღის განმავლობაში ვთხოვდით. ბოლოს, გვითხრეს, რომ ბასილაია სამსახურში ორშაბათამდე არ მოვიდოდა. ჩვენ კი იგი ხუთშაბათს საკუთარ კაბინეტში “დავიჭირეთ”.
ამ ერთი შემთხვევის გარდაც დაგროვდა უამრავი სხვა ფაქტიც, როდესაც ქალაქში დაგეგმილ ამა თუ იმ ღონისძიებაზე ახალი მერის ახალმა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მარიკა ფიროსმანაშვილმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
მიუხედავად ამისა, ჩავთვალეთ, რომ აღნიშნულ პრობლემაზე სტატიის დაწერამდე სასურველი იყო ამ თემაზე თავად ქალაქის მერთან, ზაქრო დარჩიაშვილთან გვესაუბრა.
მერთან შეხვედრის მცდელობა #1
მივდივართ მერის კაბინეტთან და მდივანს ვეუბნებით, რომ ბატონი ზაქროს პრესსამსახური პროფესიულ საქმიანობაში ხელს გვიშლის და გვინდა ამ თემაზე მას ვესაუბროთ. “იცით რა არის... ბატონი ზაქრო ახლა ვერ მიგიღებთ. მიმართეთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დავით ჯიქიას” – გვეუბნება დარჩიაშვილის მდივანი გოგონა.
მცდელობა #2
ამჯერად ჯიქიასთან შევდივართ და ვუხსნით იგივეს. მიუხედავად იმისა, რომ პრეს-სამსახურის მუშაობით უკმაყოფილოები ვართ, ჯიქია რაღაც უცნაური ლოგიკით კვლავ პრეს-სამსახურის უფროსთან საუბარს გვირჩევს. მასთან კაბინეტში მე და ადგილობრივი გაზეთის “რუსთავის ამბების” ჟურნალისტი ვიმყოფებით.
დამოკიდებულება აღნიშნული მედია-საშუალების მიმართაც აბსოლუტურად იგივეა, რაც ჩვენ შემთხვევაში.
“თქვენს პრობლემაზე ინფორმაციას ბატონ ზაქროს გადავცემ” – გვარწმუნებს ჯიქია. თუმცა, მეორე დღეს მასთან მისულებს რატომღაც ვერ გვცნობს და თავიდან გვთხოვს ახსნას, ვინ ვართ და რა გვინდა. აქ კი, საუბარში ირკვევა, რომ ჯიქიას ჩვენი დახმარება არც უფიქრია. პირიქით...
“მე ამ თემაზე ვესაუბრე პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს. ვუთხარი რა პრობლემაც გაქვთ. ბატონი ზაქრო კი, არ ვიცი, როდის მიგიღებთ. მერთან შეხვედრა ასე არ ხდება” – ამბობს ჯიქია.
შესაბამისად, მეორე ცდაც უშედეგოა. თანს, ჯიქიას წყალობით პრეს-სამსახურთან კიდევ უფრო გვეძაბება ურთიერთობა.
დარჩიაშვილთან შეხვედრის მცდელობა #3
რადგან გვითხრეს, რომ მერთან შეხვედარას თავისი ფორმები აქვს. ჩვენ, “გაუნათლებელი” ჟურნალისტები, დავინტერესდით ამ ფორმებით და გავიგეთ, რომ უბრალო მოკვდავებს მერი ხუთშაბათს ხვდება. ამისთვის კი, თურმე, წინასწარ ჩაწერაა საჭირო. მივდივართ. უნდა ჩავეწეროთ.
“ვერცერთს ვერ ჩაგწერთ. თქვენ ხართ ჟურნალისტები და მაგიტომ. მიმართეთ პრეს-სამსახურს“ – გვეუბნება ქალაბატონი მერიის მისაღებიდან. როცა რამდენჯერმე ვუხსნით, რომ ჩვენ თავად პრეს-სამსახურთან გვაქვს პრობლემა, ჩვენებას ცვლის “სია უკვე შევსებულია. რა გიყოთ, აბა?”.
კვლავ უარით გამოგვისტუმრეს.
მცდელობა #4
მერთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კითხვები ისედაც დაგვიგროვდა და გადავწყვიტეთ დარჩიაშვილთან შეხვედრის ორგანიზების თხოვნით პირდაპირ პრეს-სამსახურთან მივსულიყავით. თან - ვგეგმავდით, რომ კაბინეტში შეღწევის შემდეგ, ჩვენს პრობლემაზეც ვეტყოდით.
პრეს-სამსახურს ავუხსენით, რომ თუ მერს არ სცალია, მზად ვიყავით კვირის ბოლომდეც დავლოდებოდით. ოთხი დღის შემდეგ გვირეკავენ. “ბატონი ზაქრო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ამ ეტაპზე თქვენთან შეხვედრას” – გვეუბნება მარიკა ფიროსმანაშვილი (პრეს-სასახურს ხელმძღვანელი).
ყველა იმედი გადაგვეწურა. მარტო დარჩიაშვილს ვინ ჩივის, მერიის არც ერთი უწყების ხელმღვანელი კომენტარს არ აკეთებს. მათ ნაცვლად კითხვებზე პრეს-სამსახური გვპასუხობს. ისიც, მინიმუმ, ორი დღე მაინც უნდა ამ პასუხების მომზადებას. პასუხებიც ისეთია, რომ ტრადიციულად უამრავ დამატებით კითხვას გვიჩენს, რაზეც უკვე არავინ გვპასუხობს.
“ის, რომ მერიას პრეს-სამსახური ყავს, არც ერთ საჯარო მოხელეს მედიასთან ურთიერთობის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. მითუმეტეს, როდესაც ჟურნალისტი თვლის, რომ პრეს-სამსახური მას ამომწურავ პასუხს არ სცემს. საჯარო მოხელე ვალდებულია მას შეხვდეს და ინფორმაცია ამომწურავდ მიაწოდოს.
თუ თქვენ რუსთავის მერიაში რომელიმე თანამდებობის პირი გეტყვით, რომ მერმა გასცა ისეთი ბრძანება, რომელიც პრეს-სამსახურის გარეშე მას თქვენთან ურთიერთობას უკრძალავს, მოითხოვეთ მოგცენ ეს ბრძანება. ამას კი, არ გააკეთებენ, რადგან ოფიალურად ასეთი ბრძანება ვერ იარსებებს. ეს უკანონობაა.
იმ შემთხვევაში, თუ ინფრმაციაზე პასუხს წერილობით გთავაზობენ და თქვენ ზეპირად გნებავთ, კანონი ამ დროსაც თქვენ მხარესაა. თქვენ უფლება გაქვთ, საჯარო ინფორმაცია, როგორც ელექტრონულად, ან ბეჭდური სახით, ასევე - ზეპირად მოითხოვოთ” – გვიხსნის “ კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი რუსუდან მჭედლიშვილი.
ახალი მერის ახალი წესები ჩვენ გარდა ადგილობრივი გაზეთის “რუსთავის ამბების” რედაქციამაც გააპროტესტა. მათ ბატონ ზაქროს ღია წერილი მიწერეს.
”ბატონო მერო, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გვაიძულებს მერიის პრესსამსახური, მიმდინარე მოვლენების შესახებ თანამდებობის პირთა კომენტარი მოვიპოვოთ არა ინტერვიუს ფორმით, არამედ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის რეჟიმით, რასაც მინიმუმ 10 დღე ჭირდება?
რატომ აკეთებს პრეს-სამსახურის უფროსი, დარგობრივი სამსახურის ხელმძღვანელების ნაცვლად კომენტარს საკითხებზე, რომელშიც იგი აშკარად არაა გარკვეული. ძნელი დასაჯერებელია, რომ მერიის სამსახურების უფროსები არ ფლობენ მედიასთან ურთიერთობის ელემენტარსულ უნარ-ჩვევებს” – მივწერეთ ჟურნალისტებმა ქალაქის მერს.
მიუხედავად ამისა, რუსთავის მერიაში დღესაც ეს წესებია ძალაში.
თვითმმართველობაში კითვებით მისულებს პასუხს რამდენიმე დღეში, პრესსამსახურის ხელმძღვანელი მუხლებზე დადებული ფარატინა ფურცლიდან გვიკითხავს. დამატებითი კითხვები, რომლებიც ტრადიციულად გვებადება, ტრადიციულად უპასუხო რჩება.
რუსთავის მერიაში ამოქმედებული ახალი წესები, რუსთაველ ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში დამატებით დაბრკოლებად გვექცა. ალბათ, პროკურატურასა და შსს საგამოძიებო სამსახურებში წლობით ნამუშევარმა რუსთავის ახალმა მერმა, მედიასთან ურთიერთობის სხვაგვარი ფორმა არც იცის.