20 მარტის 3 ასტროლოგიური მოვლენის - მზის სრული დაბნელების, „სუპერმთვარისა“ და გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ საქართველომ 21 მარტის „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელისუფლო აქცია და კოალიცია „ერთსულოვნების“ კონტრაქციაც მშვიდობიანად გადაიტანა.
ოპოზიციაში გადასულმა მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ოცნების“ ხელისუფლებას რიგით მესამე ხალხმრავალი აქცია მოუწყო. საპროტესტო შეკრება რუსთაველის გამზირზე დაიგეგმა, „თავისუფლების მოედანზე“ გაიმართა და მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა. აქციის „საფინალო სასტვენამდე“ იყო ხელისუფლების გამაფრთხილებელი წითელი ბარათები და ჰაერში გაშვებული გაბერილი ზვიგენები.
თუ წინა ორ აქციაზე მთავარი ცალკეულ თემებზე ხელისუფლების კრიტიკა და ოპონირება იყო, 21 მარტს „ნაციონალები“ მეტად „დაკონკრეტდნენ“ და პირდაპირ ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. „გადადგეს უნიათო მთავრობა“ - სწორედ, ეს წარწერა იყო განთავსებული პოლიტიკური აქციისთვის საგანგებოდ დამზადებულ ყველაზე მოცულობით ბანერზე, რომლის მიღმაც აქციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე მხარდამხარ იდგნენ პარლამენტარი გივი თარგამაძე და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და მისი მეუღლე - „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, პარლამენტარი გიგი წერეთელი და მისივე კოლეგა თინა ბოკუჩავა...
ვიდრე მთავარი ლოზუნგის ფონზე შეკრებილი ლიდერები მხადამჭერებს „ვარდების მოედანზე“ ელოდნენ, „ნაციონალური ფრონტი“ უკვე გაიხსნა „თავისუფლების მოედანზე“ - იქ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და უმცირესობის წევრები: გოკა გაბაშვილი და გიორგი ვაშაძე სხვა თანამოაზრეებთან ერთად ცდილობდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის ოფიციალურ ნაწილს კონტარქციის ოფიციალურმა ნაწილმა, სულ მცირე, ერთი საათით დაასწრო. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილმა კოალიცია „ერთსულოვნების“ წევრებმა აქცია, როგორც თავად განმარტეს, „ნაციონალური მოძრაობის უკანონო პარპაშისა და თავხედობის გასაპროტესტებლად“ დაგეგმეს და ხელისუფლებას იმის გამო უსაყვედურეს, რომ აღნიშნულ პარტიას დღესაც კომფორტულ გარემოს უქმნის.
„ორგანიზაცია, რომელიც 2012 წლის არჩევნებით საქართველოს მოსახლეობის მიერ ერთმნიშვნელოვნად და ერთსულოვნად იქნა გასტუმრებული ისტორიის სანაგვეზე, დღეს ხელახლა ცდილობს აღზევებას და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით ითხოვს ჩვენივე მოყვანილი ხელისუფლების გადადგომას... ჩვენი საპროტესტო აქციის მიზანია, ხელისუფლებამ გააუქმოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს შუღლსა და არეულობას“,- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ანდღულაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის სამართლებრივი კუთხით შეფასებას მოითხოვს „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ალექსანდრე კობაიძე და აღნიშნავს, რომ მათ მიერ დასმული პრობლემური საკითხის კანონის შესაბამისად გადაჭრის მომხრეა და, კონფლიქტი და დაპირისპირება რომ არ სურთ, მათ მიერ კონტრაქციისთვის შერჩეული ადგილითაც დასტურდება.
„პროკურატურამ უნდა გამოიკვლიოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრების საქმიანობა. მოგეხსენებათ, პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმეა აღძრული, გიგი უგულავა პასუხისგებაშია მიცემული... ანუ, პარტიის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები მიმდინარეობს, მათი საქმეები უნდა გააერთიანონ და ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილება. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ დანაშაულს ინდივიდები კი არ ჩადიოდნენ, არამედ, ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ ჩადენილი ორგანიზებული დანაშაული. ამიტომ უნდა დაუყადაღონ ანგარიშები და აეკრძალოთ საქმიანობა. მსგავსი პრეცედენტები ევროპის ქვეყნებშიც ყოფილა, მაგალითად, ჩეხეთში“, - ამგვარად დაასაბუთა for.ge-სთან საუბრისას საკუთარი მოთხოვნა ალექსანდრე კობაიძემ.
კოალიცია „ერთსულოვნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციებს და ხელმოწერების შეგროვებას გაარძელებენ. კოალიციის წევრთა მტკიცებით, მათი თანამოაზრე ძალიან ბევრი ადამიანია და ამას საქართველოს მასშტაბით მათ მიერ უკვე შეგროვილი მილიონნახევრამდე ხელმოწერა ადასტურებს.
ვიდრე „ერთსულოვნები“ მომხრეებს მილონების ფარგლებში ითვლიდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს გადაავლეს თვალი. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდადტის, ნიკა მელიას ინფორმაციით, მათ დაძახილზე 21 მარტს 50 ათასი ადამიანი მივიდა. მელია ქართულ ფოლკლორში, მეტწილად, ცრუ პერსონაჟად აღიქმება და, შესაძლოა, სწორედ, ამიტომ არ ირწმუნა მისი ნათქვამი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მან ერთგვარი „უკმაყოფილებაც“ კი გამოხატა „თავისუფლების მოედანზე გამოცხადებული ხალხის რიცხვით და აღნიშნა, რომ „ოპოზიციამ, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ოპოზიციონერობაზე, რომელმაც ერთი თვით ადრე დაანონსა ეს აქცია, რეგიონებში იარა და ხალხის მობილიზაციას შეეცადა, რეკლამები გაუშვა, დიდი ფული დახარჯა და მათ მიერ კონტროლირებადი მთელი მედიასაშუალებები გამოიყენა ტემპერატურის ასაწევად, ჩემი აზრით, 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა“.
ვიცესპიკერი მანანა კობახიძე კი უფრო „შორს წავიდა“, როცა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა“.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებამდე საკუთარი პოლიტიკური სათქმელი, რაღა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრენმა თქვეს და ხელისუფლების წასვლის მოთხოვნაც თავისებურად დაასაბუთეს.
„გავიდა ორი წელი, არაფერი კეთდება. ქვეყანა უკან მიდის, ეკონომიკა ინგრევა, ლარი ჩამოშლილია და პერსპექტივა იმის, რომ ეს მთავრობა რამეს გააკეთებს, არ არსებობს. ვგეგმავთ მნიშვნელოვან, სერიოზულ საპროტესტო ტალღას. ხელისუფლება ამ ერთი აქციით არ წავა, მაგრამ თვალნათლივ გაიგებს, რომ უნდა წავიდეს. უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ეს არის მატყუარა, ხალხის გადამგდები მთავრობა“,-განაცხადა for.ge-სთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა.
ჩვენს კითხვას, თუ რა არის 21 მარტის აქციის მთავარი მიზანი,- „ნაციონალური მოძრობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ჯერ იუმორით, შემდეგ კი „სერიოზულად“ უპასუხა.
„გვყავს ძალიან კარგი მთავრობა, კმაყოფილია ხალხი, ყველაფერი არის კარგად,- ეს ხუმრობით. რეალურად კი, ხალხი ვეღარ უმკლავდება ყოველდღიურ პრობლემებს, ხელისუფლებას კი ეს არ ესმის. თავად კმაყოფილია და აბრალებს ყველაფერს ოპოზიციას, მედიას და ა.შ. ეს აქცია, დარწმუნებული ვარ, იქნება იმის საფუძველი, რომ მთავრობა ან თავად მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, ან - ხალხი აიძულებს, წავიდეს. ჩვენი აქციის გავლენით ხელისუფლება რაღაცას მიხვდება, თუ ვერ მიხვდება, უფრო მალე წავა“,- უთხრა for.ge-დეპუტატმა გიგი წერეთელმა.
21 მარტის აქციას დიდი პოლიტიკური პროცესის დასაწყისად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. იგი განმარტავს, რომ ხელისუფლება უნიათოა და კონსტიტუციური გზებით უნდა შეიცვალოს.
„საზოგადოების მისია, ყოველ შემთხვევაში, უდიდესი ნაწილის მოლოდინი და ამოცანა დღესაც და ხვალაც არის, რომ შეწყდეს ქვეყნის ნგრევა ივანიშვილისა და მისი მარიონეტების მხრიდან. სამი წელია, ჩვენ ვაკვირდებით ინსტიტუტების ნგრევას, სიღარიბის ზრდას, სამუშაო ადგილების დაკარგვას, სიძულვილის თესვას და ნულოვან ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყვანონ ქვეყანა მათ მიერვე შექმნილი კრიზისიდან. ჩვენ მოვისმინეთ ფინანსთა მინისტრის თავხედური განცხადება, რომ არ აქვთ ასეთი გეგმა, რადგან კრიზისი არ არის. ეს კაცი არის ივანიშვილის რეჟიმის სიმბოლო. მათთვის წერტილის დასმის მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზის გარდა საქართველოს მომავალს სხვა გზა დღეს არ გააჩნია. ეს აუცილებლად მოხდება. დღევანდელი დღე ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისია“,- განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ბოკერიამ.
ხელისუფლებისა და ყოფილი ხელისუფალის, ბიძინა ივანიშვილისთვის საზოგადოების მიერ პასუხის მოთხოვის მიზეზად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს პარლამენტარი აკაკი ბობოხიძეც.
„ეს ქვეყანა არის ყველასი და ამ ქვეყნის პრობლემა ყველას ზურგზე გადავა, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე თუ მოწინააღმდეგე. წინა ხელისუფლება თუ რამემ დაღუპა, ერთ-ერთი მათგანი იყო ისიც, რომ ძალიან ბევრი გვყავდა ტაშის დამკვრელი, ან ვცდილობდით რომ მხოლოდ ტაშის დამკვრელებისთვის მოგვესმინა. დღეს ყველამ, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პარტიას ეკუთვნის, ერთად უნდა შევძახოთ ამ ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში ვერ მიდის კარგად საქმე. ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიყვანოთ იმ ნირვანიდან, რომ საქართველოს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო მთავრობა მსოფლიოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას აკაკი ბობოხიძე და აღნიშნავს, რომ ვინც დღეს ქუჩაში არ გამოვიდა, ხვალ აუცილებლად გამოვა, რადგან მოშივდებათ და მოთმინების ფიალა აევსებათ.
„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთ შემთხვევაში გაიღვიძებს - თუ დაინახავს, რომ მის ხელისუფლებას ქართველი ხალხისგან ელოდება საფრთხე და ცრუ დაპირებებით ვეღარ ატყუებს მათ. თავისი ვირტუალური მილიარდებით, რომელიც მხოლოდ მისთვის არსებობს და ხალხისთვის არა, ვეღარ შეიყვანს კიდევ ერთხელ შეცდომაში ხალხს. ასეთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა, შესაძლოა, მართლა გაიკრას ჯიბეზე ხელი. საკმარისია მიხეილ სააკაშვილის ლანდი გამოჩნდეს საქართველოში, ერთი ფეხი შემოდგას და ბიძინა ივანიშვილი ალბათ თავის ქონების ნახევარს დახარჯავს, მეორე ფეხი რომ არ შემოჰყვეს იმ ერთ ფეხს. დღეს მიშა სააკაშვილზეა ძებნა, ხვალ ბიძინა ივანიშვილზე იქნება - ცხოვრება ასეა“,- აცხადებს ბობოხიძე.
მიხეილ სააკაშვილი კი 21 მარტს საქართველოში კვლავ „ლანდის“ სახით გამოჩნდა - თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მან სპეციალურად დამონტაჟებული დიდი ეკრანიდან მიმართა. პრეზიდენტყოფილმა გუნდის წევრებსა და მხარდამჭერებს ბრიუსელიდან აცნობა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ძალიან განიცდის.
„გული მიკვდება იმის გამო, რომ კრიმინალი დაბრუნდა ქუჩებში, რომ ისევ ძველი ბიჭები არჩევენ საქმეებს და აკონტროლებენ სიტუაციას ჩვენს ეზოებში, სკოლებში. გული მიკვდება, რომ ჩვენ პოლიციას აბუჩად იგდებენ“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „ივანიშვილის ტყუილები აღარ იჭმევა“.
მოქმედი ხელიუფლებისგან ვერ იხეირა და ისევ ძველი სურს,- დაახლოებით ასე უპასუხა for.ge-ს კითხვას აქციის რამდენიმე მონაწილემ. შუა ხანს გადაცილებული ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას ასე ხსნის:
„აქციაზე იმიტომ მოვედი, რომ მშვიდობა მინდა. ეს მთავარობა არაფერს გვეხმარება, ვინც ადრე გვეხმარებოდა, ის მთავრობა გვინდა ისევ ხელისუფლებაში მოვიდეს. ყველაფრის იმედი გვქონდა, ექიმთან რომ მივდიოდით, პოლისები გვქონდა, ახლა არაფერი არ გვაქვს. თბილისის ზღვის დასახლებაში ვცხოვრობ და არაფერი არ მოუციათ ჩემთვის. ვერაფრით ვსარგებლობ ამ მთავრობაში. იმ მთავრობაში კი ვსარგებლობდი. მაშინ ჩემმა ქმარმა ოპერაციაც გაიკეთა და ყველაფერი“.
სახელ-გვარის თქმას და კომენტარს არ მორიდებია აქციის ერთ-ერთი მონაწილე თიკო ნებიერიძე.
„მე გიპასუხებთ, ბაზარი არაა! ჩვენ ვაპროტეტებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ძალიან გვინდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობაში. რა აქვთ მოსაწონი? უნდა გადადგნენ ყველაფრის გამო. ეს დოლარის კურსი როგორ შეიძლება ამხელა იყოს? წესით, მთავრობამ უნდა დაარეგულიროს, ხომ? აი, ამის გამო უნდა გადადგეს. სხვაც ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს...“,- გამარტა for.ge-სთან საუბრისას ახალგაზრდა გოგონამ.
აქციის კიდევ ერთი მონაწილემ, რომელიც ხელში ხელისუფლებისთვის ასაფრიალებელ წითელ ბარათს ათამაშებდა გვარი არა, მაგრამ სახელი და საკუთარი გასაჭირი გვითხრა.
„ნანა მქვია, გვარი აღარ გინდათ, სახელიც კმარა. რას მოვითხოვთ და, მოვითხოვთ იმას, რომ წავიდეს ეს ხელისუფლება. ბანკში ვალი ავიღე და პრობლემურში მაქვს გადატანილი. ორშაბათს თუ არ მივიტანე, უნდა დავაგირავო ბინა და წავიდე საზღვარგარეთ, 1-2 წელი, რომ როგორმე ის 15 ათასი დავფარო. სწორედ, ამიტომ ვარ მოსული აქციაზე. ავეჯის მაღაზია მქონდა და არაფერი გაიყიდა, ახლა დოლარის კურსიც შეიცვალა და მეტად დავზარალდი“.
ვიდრე ქალბატონი ნანა for.ge-ს საკუთარ გასაჭირს უყვებოდა, ტრიბუნიდან მხარდამჭერებს დეპუტატი ირმა ნადირაშვილი მიმართავდა:
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველო გააჩერა - გააუფასურეს ლარი, ჩამოიშალა ეკონომიკა, შეაჩერეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ციხეებში ჩაყარეს პოლიტიკური ოპონენტები, ნეპოტიზმი დანერგეს და ადამიანები სამსახურებიდან იმიტომ გამოუშვეს, რომ თავიანთი ნათესავები მიეყვანათ... მოვუწოდებ ხელისუფლებას: ადექით და შეეშვით იმ საქმეს, რომელიც არ გამოგდით. ადექით და უბრალოდ, წადით!“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა და მხარდაჭერთა სკანდირებას - „წადი, წადი, წადი!“ უშუალო ადრესატამდე რუსთაველის გაზირზე, ტროტუარზე ქვეითად მიმავალი შუა ხნის მამაკაცი ირონიული ღიმილით და რეპლიკით გამოეხმაურა: „ჰო, მიდის, უკვე მიდის.“