მთავრობა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ამიტომ მშპ-ს ზრდის პროგნოზის ოფიციალურად შემცირებას ჯერჯერობით არ აპირებს. შესაბამისად, ბიუჯეტის კორექტირების საკითხიც დღის წესრიგში არ დგას. რამდენიმე საგადასახადო პარამეტრზე დაყრდნობით, მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თებერვლის თვეს იმედიანიც კი უწოდა.
„თუ შარშან დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 3.4 მილიარდ ლარს, მიმდინარე წლის თებერვალში გაზრდილია 15.5%-ით და შეადგენს 3.9 მილიარდ ლარს. წლის პირველი ორი თვის განმავლობაში დღგ-ს ბრუნვები გაზრდილია 700 მილიონი ლარით, ანუ, დაახლოებით, 10%-ით. დღევანდელი დილის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 1 მილიარდ 354 მილიონი ლარის გადასახადები, რაც 104 მილიონი ლარით მეტია, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამავე დროს, ბიუჯეტიდან გაწეულია 1 მლრდ. 670 მილიონი ლარის ხარჯი, რაც, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, არის 165 მილიონი ლარით მეტი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შესაბამისად, მინისტრი მშპ-ს პროგნოზის გადახედვას არ ჩქარობს, რადგან ეკონომიკაში დადებითი ტენდენციებია. ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული წლის ბოლოს ეკონომიკურმა ზრდამ 4,5%-ს მიაღწიოს.
ფინანსთა მინისტრის ოპტიმიზმის მაინცდამაინც არ სჯერათ სპეციალისტებს. „ფიემსიჯი კვლევითი ცენტრში“ აცხადებენ, რომ 2015 წელს შესაძლებელია ეკონომიკის მხოლოდ 2%-იანი ზრდა.
„ჩვენი პროგნოზით ეკონომიკური ზრდა იქნება 2%-ის ფარგლებში. ტემპის შენელებაზე გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები“, - ამბობს „ფიემსი კვლევითი ცენტრის“ დირექტორი თაკო ჯუღელი.
იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია პროგნოზირებულ დონეს (4%) არ გადააჭარბებს, ნომინალური მშპ მხოლოდ 6%-ით გაიზრდება, რაც ჩამოუვარდება (1,750 მილიარდი ლარი) 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებულ მაჩვენებელს (9.5%). შედეგად, 2015 წელს საგადასახადო შემოსავლებიც პროგნოზირებულზე 236 მილიონი ლარით ნაკლები იქნება, რამაც, შესაძლოა, ქვეყანა ახალი ფისკალური გამოწვევის წინაშე დააყენოს.
2015 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2015 წლის იანვარ-თებერვალში შემცირებულია ექსპორტი (-26%), ფულადი გზავნილები (-22%) და უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც (-2.1%) 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამასთან, ლარის გაუფასურებამ დოლარის მიმართ (25%), გაზარდა იმ მომხმარებელთა ხარჯი, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ დენომინირებული. ეს კი ეკონომიკის არასტაბილურობას კიდევ უფრო ამძაფრებს და უარყოფითად აისახება ეკონომიკის ზრდაზეც.
ცენტრში მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის დეფიციტის კონტროლის მიზნით მთავრობამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომა ბიუჯეტის ხარჯების შესამცირებლად. უპირველეს ყოვლისა უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯი.
ექსპერტები 2-პროცენტიან ზრდას კრიზისს არ უწოდებენ. დემურ გიორხელიძის აზრით, ეს არ არის სასურველი პროგნოზი, მაგრამ არც სავალალო მაჩვენებელია.
„2 პროცენტი ზრდა ეს არ არის კრიზისი, ეს არის ძალიან ცუდი ზრდა, მაგრამ კრიზისი ცოტა სხვა რამეს ჰქვია. შედეგებს თუ დავაკვირდებით, ზრდა გვაქვს, მაგრამ თუ ინფლაციას შევადარებთ, ცხადია, სიტუაცია არ არის კარგი... დიახ, არის ეს მონაცემები, მაგრამ ამ მონაცემებით ვერ გავფრინდებით“, - აცხადებს რადიო „თავისუფლებასთან“ გიორხელიძე. მისი აზრით, საჭიროა მთავრობამ ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა ეკონომიკა სასურველი ტემპით განვითარდეს.