07.11.07 - სახელმწიფო ტერორის გამოცხადებული ქრონიკა

07.11.07 - სახელმწიფო ტერორის გამოცხადებული ქრონიკა

დღეს, როდესაც ერთიანი ნაციონალური მორაობა საპროტესტო აქციას მართავს და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს,  ალბათ საინტერესო იქნება გავიხსენოთ 2007 წლის 7 ნოემბერი, რომელიც გამორჩეული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც თავს ლიბერალებს და დემოკრატებს უწოდებენ, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს ხელკეტები, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, აკუსტიკური იარაღი.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გამოცხადებული სახელმწიფო ტერორის ქრონიკა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. დაშავდა და დასახიჩრდა უამრავი ადამიანი, ბევრი მათგანი სტრესული მდგომარეობიდან დღემდე ვერ გამოდის. ადამიანის უფლებების და სიტყვის თავისუფლების დაცვის ლოზუნგებით მოსულმა ნაციონალებმა ამ დღეს დაარღვიეს ადამიანის ყველა უფლება, გვირგვინი კი დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შეჭრა იყო.

პოლიტიკური კრიზისი 2007 წლის ნოემბერში განპირობებული იყო რიგი მოვლენებით, რომლებიც  3 ნოემბერს დაწყებულ   სახალხო  საპროტესტო აქციას უძღოდა წინ.

28 სექტემბერს  პარლამენტის წინ ვადამდელი არჩევნების და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით უამრავი ადამიანი შეიკრიბა. პირველ ნოემბერს რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ჩამოვიდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. ორ ნოემბერს ათასობით ადამიანი პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე იდგა. მოგვიანებით, იმავე დღეს  ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ, რომელიც აცხადებდა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა. 3 ნოემბერს მომიტინგეებმა საპროტესტო აქცია განაახლეს.

ოპოზიციის განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მათი მთავარი მოთხოვნა იყო...

4 ნოემბერის თათბირი, რომელზეც მომიტინგეების დაშლა დაიგეგმა  2008 წლის სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ანგარიშში მოხვდა: „მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ჩვენ ვერ  მივიღეთ პასუხი ჩვენს მოთხოვნაზე - შეიქმნას პარლამენტის  საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს  2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული თათბირის მასალებს. თათბირზე, რომელსაც ესწრებოდნენ მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დათა ახალაია  და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დაიგეგმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა ცემის, მათთვის ნარკოტიკების ჩადებისა თუ სხვადასხვა მეთოდებით დევნის პოლიტიკა“.

შემდგოში, როდესაც პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილის  ბრალი წარუდგინა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თათბირის დროს ვანო მერაბიშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზები: „გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას“ „ჯგუფები შექმენით. ცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს საქმეს, შიგნით მეორე დახვდება“.

თათბირზე ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა „მიეხედა“ ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს,  დავით კეზერაშვილს.

იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც 2007 წელს სახალხო დამცველის ოფისში მუშაობდა და ნოემბრის მოვლენების მომსწრე იყო, აცხადებს, რომ იმ პირობებში როდესაც ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებული, აქციის დაშლაში ჯარის მონაწილეობა დაუშვებელია, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელსაც შეიარაღებული ძალების გამოყენების კანონიერი ბრძანების გაცემა შეეძლო პრეზიდენტი იყო.

„თუ ხელისუფლების გადმოსახედიდან ვიმსჯელებთ, მთავრობა თვლიდა, რომ ადგილი ჰქონდა არეულობას. იყო თუ არა ეს ასე? ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამ პოზიციას თუ მივყვებით, მასობრივი არეულობის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. თავდაცვის შესახებ კანონში კი წერია , რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სამხედრო ძალების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს. ანუ, ასეთი სქემა არსებობს, თუ ადგილი აქვს მასობრივ არეულობას და კონსტიტუციის თანახმად შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამ შემთხვევაში კი პრეზიდენტს უფლება აქვს შეიარაღებული ძალების გამოყენებისა პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით. 7 ნოემბერს კი, როდესაც აქციია დაშალეს საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული. მისი გამოცხადება ტელეკომპანია „იმედის“ დახურვის შემდეგ, დაახლოებით 20 საათზე მოხდა, როდესაც  პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა გააკეთა განცხადება ამის შესახებ. შესაბამისად, საუბარია როგორც კონსტიტუციის, ასევე საქართველოს კანონის „თავდაცვის  შესახებ“ დარღვევაზე“ - აცხადებს იურისტი.

იმის შესახებ, რომ აქცის დაშლის პროცესში სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ, საუბარია „Human rights  watch”-ის 7 ნოემბრის აქციის დაშლის თემაზე გაკეთებულ ანგარიშში.

„Crossing the line”-ის ერთ–ერთია ვტორი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი გოგია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს: „უშუალოდ რიყეზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებულ ანგარიშში არის ერთი მომენტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ორი ავტომობილი, რომელიც სამხედროებით იყო სავსე, დარბევაში მონაწილეობდა. ფაქტია, რომ სამხედროები იქ იყვნენ, ამას თვითმხილველები ადასტურებდნენ“.

„Human rights  watch”-ის ანგარიშში ყურადღება არ არის გამახვილებული იმაზე, თუ რომელი სახელმწიფო უწყების თანამშრომლები მონაწილეობდნენ აქციის დარბევაში: „დარბევაში მონაწილეობდნენ შავებში ჩაცმული ადამიანები, რომლებსაც ვერ ამოიცნობდი. მაშინ ჩვენ ამაზე იმდენად არ გაგვიმახვილებია ყურადღება, რამდენადაც ოპოზიციაზე ვაკეთებდით აქცენტს. იქ დეტალურადაა განხილული, თუ რა სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ეს არ იყო უშუალოდ აქციის დაშლის ოპერაცია, რადგან მისი მიზანი მხოლოდ მიტინგის დაშლა არ ყოფილა. ჩვენი კვლევის მიხედვით გაქცეულ ადამიანებს ესროდნენ რეზინის ტყვიებს, ათი ადამიანი ერთს სცემდა, რიყეზე გასაქცევი ადგილიც კი არ იყო დატოვებული. მომიტინგეებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული. ეს ყველაფერი სადამსჯელო ოპერაციას უფრო ჰგავდა ვიდრე აქციის დაშლის ორგანიზებას“.  

იმდროინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის საპარლამენტო ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ შეიარაღბული ფორმირებები სხვადასხვანაირად გამოიყურებოდნენ - პირველ ჯგუფს, რომელიც წინა ხაზზე იმყოფებოდა ეხურა პლასტიკური  ჩაფხუტები, ხელში ეკავათ ფარები და რეზინის ხელკეტები, იქვე იმყოფებოდნენ შავ ქურთუკებსა და ჯინსის შარვლებში ჩაცმული პირები. მათ ერთ ნაწილს ზურგზე ჰქონდათ წარწერა „კრიმინალური პოლიცია“ და ნიღბები ეკეთათ.  ჩაფხუტიანთა უკანა მხარეს, სამხედრო კამუფლაჟში გამოწყობილი პირები იდგნენ, რომელთა ერთ ნაწილს აირწინაღბი ეკეთათ. აქციის დასაშლელად გამოსულ არცერთ შეიარაღებულ პირს არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი.

რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანია „იმედის“ კორესპოდენტმა, თეა ბოლქვაძემ შენიშნა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი ზაზა გოგავა. თავისუფლების მოედანზე ასევე თავმოყრილი იყვნენ თავდაცვის სამინისტროს ნომრიანი ავტომობილები, რაც სპეცოპერაციაში თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობაში მონაწილეობაზე უნდა მიუთითებდეს.

ყოველივე ეს 7 ნოემბერს მოხდა, თუმცა ამას წინ უძღოდა ოპოზიციისა და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაშინება, შანტაჟი, მუქარა... მათ ხელს უშლიდნენ გადაადგილებაში, ქმნიდნენ ხელოვნურ საცობებს, რეგიონებიდან მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც აქციაში მონაწილეობის მისაღებად ხალხი ჩამოყავდა, გზაზე უყრიდნენ ლურსმნებს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს შეიცავდა. მოკლედ, ნაციონალურმა მოძრაობამ გამოიყენა ყველა ის მეთოდი, რომლებსაც ასეთ დროს მიმართავენ ტოტალიტარული რეჟიმები. 80-90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის მონაწილეები იხსენებდნენ, რომ გამომგონებლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ თვით კომუნისტებს და მათ ე.წ. კაგებესაც კი გადააჭარბეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის რიტორიკა: „თქვე ნაძირლებო!  არ გაგივათ ეს რევანში! რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველზე! ჩვენ რუსთაველსაც დავიცავთ, ქალაქსაც დავიცავთ და მთელ ქვეყანას დავიცავთ! სულს ამოგხდით!“.

განათლების მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ კი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროცესები „სიცრუის ფაბრიკის სერიალად' შეაფასა და „არკადის სიზმრები უწოდა'.საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელი ერთ-ერთი ლიდერის ნიკა რურუას შეფასებით, „მიტინგის დაშლა იმ მეთოდებით განხორციელდა, რომელსაც ყველა ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფო იყენებს'

„სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი განწირულია, მე ისევე, როგორც მილიონობით ქართველი  უკანასკნელ წამამდე, გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავდა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. დღეს მთელი საქართველოს, მთელი მსოფლიოს  თვალწინ ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმურობა. სააკაშვილის რეჟიმმა აჩვენა, რომ არაფრით განსხვავდება იმ  კომუნისტურისაგან, როელთა ჯარისკაცები ნიჩბებით უჩეხავდნენ თავს საზოგადოება  1989 წლის  9 აპრილს ზუსტად იმავე ადგილას. მე უზომოდ მადლობელი ვარ  იმედი, მამაცი ჟურნალისტების, იმ ყველა პატიოსანი ჟურნალისტის იმისთვის რომ  მათ აუხილეს თვალები საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების დანაშაულებრივობაზე, სიმბოლურია რომ ზუსტად დღეს, 7 ნოემბერს  90 წლის თავზე საქართველო ახალ ტრაგედიას განიცდის, ნურვის შეეპარება ეჭვი, რომ მთელი ჩემი ძალ-ღონე, მთელი ჩემი ფინანსური რესურსი უკანასკნელი თეთრის ჩათვლით, გამოყენებულ იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებლად“ - ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ამ განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა, ტელევიზიის დარბევა მოყვა. საბაბი - სამების საკათედრო ტაძარში სპეცრაზმელების მოსალოდნელ შეჭრაზე გაკეთებული განცხადება.

„როცა ყველა გამოგვიყვანეს შენობიდან – ეზოში ვიყავით -გარეთ გამოვდიოდით ვხედავდით რომ იმედის დაცვა მხოლოდ პერანგებსა და შარვლებში წვიმაში დაწვენილი ჰყავდათ ხელებით თავზე და პირით მიწისკენ ასფალტზე და მათ სპეცნაზი იცავდა -გარეთ ბევრი ხალხი და სასწრაფოს მანქანა იყო ვიდექით იქ დაახლოებით 15 წუთი. მერე წამოვედით დიღმისკენ და არა საავადმყოფოებისკენ. ლუბლანას ქუჩა სადაც საავადმყოფოებია აი იქ. გზაზე იდგა ბევრი პატრულის მანქანა მათი სირენების შუქზე ვერაფერს ვხედავდით. დაახლოებით 20 ნაბიჯი გვქონდა გავლილი რომ ჰაერში გაზი გაუშვეს და სროლა დაიწყეს რეზინის ტყვიებით. გავიქეცით საავადმყოფოებისკენ რომ ვნახეთ რომ გვეწეოდნენ, გავიქეცით ხელმარცხნივ ტრიალი მინდორია – ცოტა ხნით შევჩერდით ამოსუნთქვისთვის მერე წამოვდექით და დავინახეთ რომ ჩვენსკენ უკვე საავადმყოფოების მხრიდან მოდიოდა სპეცნაზი თან ისროდნენ კიდევ და უკან გამოვიქეცით და იქვე რომელიღაც სახლში შეგვიფარეს მეზობლებმა. იქვე ვნახეთ ჩვენი სხვა თანამშრომლებიც“ - იხსენებს „იმედის“ თანამშრომელი, ირაკლი მოსეშვილი.

„ზოგი ბადრის ნაბოზვრებს გვეძახდა ღვარძლიანი სიცილით, ზოგი ებრაელის ლეკვებს… დავინახე, როგორ გადატენა პისტოლეტი ერთ-ერთმა მათგანმა და სააპარატოში შევარდა, საიდანაც კივილი და მონიტორების მსხვრევის ხმა ისმოდა. გზად, კიბეებზე ვხედავდი, როგორ იდგნენ მუხლებზე პატარა გოგონები… ნიუსრუმში ჩასულმა დავინახე, როგორ ედგა ავტომატიანი მაიმუნი თავზე რვა თვის ფეხმძიმე დიანა ტრაპაიძეს…“ - ამბობს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი.

არანაირი ოფიციალური დოკუმენტი დღემდე არ ყოფილა წარმოდგენილი, არც ერთ ოფიციალურ პირს ტელერადიოკორპორაციის ხელმძღვანელებისთვის არ მიუწოდებია ახსნა-განმარტება უფლება-მოვალეობების შესახებ.
რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიისა და რადიოს ასობით თანამშრომელი განიცდიდა მძიმე მორალურ, ფსიქოლოგიურ ტერორს, ფიზიკურად დაზარალდნენ ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი.

„მიუხედავად იმისა, რომ ტელერადიოკორპორაციის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა ყველაფერი იღონეს, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ ძალადობის მაპროვოცირებელი წინაპირობა, შემოჭრილმა ნიღბოსნებმა თითქმის მთლიანად დაარბიეს შენობები და ფაქტობრივად გაანადგურეს ძვირადღირებული აპარატურა“ - ეს ტელე-რადიო კორპორაცია „იმედის“ მაშინდელი გენერალური დირექტორის, ლუის რობერტსონის სიტყვებია.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, 2007 წლის 7 ნოემბერი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს საბოლოოდ მოხდა ნაციონალური მოძრაობის გადაფასება და ყველამ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც, დაინახა, რომ დემოკრატიული ლოზუნგებით მოსული ხელისუფლება შესაძლოა სრულიადაც არ იყოს დემოკრატიის გარანტი. მეტიც - ხშირად სწორედ დემოკრატიულ ლოზუნგებს ეფარებიან ხოლმე ისინი, რომელთათვისაც ადამიანის უფლებები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.

P.S. როგორც დღეს გახდა ცნობილი, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასრულა საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარმოებული მორიგი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა და დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურორს განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და არკადი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.

მასალა მომზადებულია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტების მიერ: ქრისტინე ჟორჟოლიანი, გვანცა ბუჩუკური, თამარ ლომაშვილი, მარიამ კაკაბაძე, სალომე უბირია, ანა ჯანგველაძე,