პარლამენტში ოთხი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ისევ ვაკანტურია. for.ge-ს ინფორმაციით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაგაწყდა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თამაზ მეჭიაური უხელმძღვანელებს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ჭკუასელი გახდება, ევროინტერგაციას კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი კი შესაძლოა, თინა ხიდაშელმა დაიკავოს. რაც შეეხება გარემოს დაცვის კომიტეტს, ამ დრომდე, ამ თანამდებობისთვის არავინ შეურჩევიათ. for.ge-ს ინფორმაციით, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობაში დაბრუნდეს, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი გაჩეჩილაძე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერსპექტივასთან დაკავშირებით, for.ge დეპუტატ გია გაჩეჩილაძეს ესაუბრა:
მოსალოდნელია თუ არა, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახდეთ?
- ჩემთვის ამ პოსტის ოფიციალური შეთავაზება არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ, უმრავლესობაში ჩემი მეგობრები არიან. ისინი ცალ-ცალკე მელაპარაკებიან, რომ კარგი იქნება, უმრავლესობაში დავბრუნდე და ა.შ. კომიტეტთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ყველა ამბობს, რომ კარგი იქნება, თუკი კომიტეტს სათავეში პროფესიოანლი ჩაუდგება.
გარე1მოს დაცვის დარგში ბევრი რამე ჩვენი გაკეთებულია. მთელი კანონმდებლობა კი, ნაციონალებმა დაანგრიეს. 90-იან წლებში, პარლამენტში ვიყავით და კომიტეტი ორჯერ ჩვენი იყო. მთელი რეფორმა ჩვენს მიერ გატარებულია.
თავის დროზე, ამ პოსტზე რატომ არ დაგნიშნეს?
- ჩვენ კოალიციის წევრი პარტია არ ვიყავით, შესაბამისად, თავმჯდომარის პოსტი ფრაქციების მიხედვით გადანაწილდა. თუმცა, შესაძლებელი იყო, რომ პირველი მოადგილე ვყოფილიყავი, მაგრამ ეს ჩემთვის არავის შემოუთავაზებია.
თუკი ამ პოსტს შემოგთავაზებენ, შესაძლოა, უმრავლესობაში დაბრუნდეთ?
- წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ოფიციალურად არაფერი შემოუთავაზებიათ. წინასწარ საუბარი არ მინდა.
თქვენი დამოკიდებულება როგორია, ამ პოსტის დაკავება გსურთ?
- მირჩენია, რომ ჩემი საქმე ვაკეთო, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. კონსტიტუციის 37-ე მუხლი, რომელიც გარემოს დაცვას ეხება, ჩემი ხელით დაწერილია და იქ ერთი მძიმეც კი არ შეცვლილა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რომ არის გაფორმებული, იქ ყველაზე დიდი ნაწილი გარემოს დაცვას ეხება, რადგან ეს სფერო ევროკავშირში პრიორიტეტულია. სოციალურად მძიმე ქვეყანაში ისეთი რეფორმების გატარება ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა, რაც ევროკავშირშია. ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე უნდა იარო, რომ რეფორების განვითარების პროცესში არც ეკონომიკა დააზარალო და არც გარემო. ამას ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება.
კიდევ ერთხელ გეკითხებით, უმრავლესობაში შესაძლოა დაბრუნდეთ, თუკი ამ პოსტზე მოხვდებით?
- ვერაფერს გეტყვით. ამას „მწვანეთა პარტიის“ პოლიტიკური კომიტეტი წყვეტს, სადაც 12 ადამიანია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მათი განწყობა როგორი იქნება და ა.შ. თუკი ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეობა გადაწყდა, ბუნებრივია, მე მაშინ უმრავლესობასთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, რომელთანაც ერთად პარლამენტში მოვედი. სხვანაირად, ჩემი გადაწყვეტილება ცოტა რთული გასაგები იქნება. ისიც მიკვირდა, როდესაც, „თავისუფალი დემოკრატები“ უმრავლესობიდან გავიდნენ და კომიტეტის თავმჯდომარის პოსტებზე დარჩნენ. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მინისტრის დონის თანამდებობაა, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფუნქცია გაქვს. როცა ამ პოსტზე ხარ, ასე თუ ისე, იმ კურსზე პასუხისმგებლობას იღებ, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.
ვინაიდან, თქვენ უმრავლესობა პროტესტის ნიშნად დატოვეთ, იქ თქვენი შესაძლო დაბრუნება უხერხული ხომ არ იქნება?
- უმრავლესობიდან ჩემს წამოსვლას კუდები გამოაბეს თითქოს, მმართველი ძალიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი დაფინანსების საკითხი იყო. სინამდვილეში ეს მეათეხარისხოვანი იყო. ჩემი პროტესტის მიზეზი ჩვენი იგნორირება იყო. მართალი გითხრათ, პრობლემები მხოლოდ ამასთან დაკავშირებით არ იყო და იქ ბევრი სხვა გულდასაწყვეტი საკითხიც იყო. იგივე ევრონესტი, რომ ავიღოთ. ევრონესტის დელეგაცია ევროპარლამენტთან ურთიერთობის დელეგაციაა და საქართველოში ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც ევროპარლამენტში ფრაქცია აქვს. თავის დროზე, ამ დელეგაციაში რომ არ შემიყვანეს, ისეთი გაოცებული დავრჩი, რომ ვერ გეტყვით. ამ დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაშიც კი, ვერ მოვხვდი.
გარემოს დაცვის სფეროში დიდი გამოცდილება გაქვთ და თქვენს იგნორირებას რატომ ახდენენ?
- კოალიცია მრავალპარტიულია და ეტყობა, ამიტომ. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემთან მიმართებაში უთანხმოება უმრავლესობაში იყო. თუმცა,
„ქართული ოცნება“ ყოველთვის მხარს მიჭერდა.
თავად გარემოს დაცვის კომიტეტის საქმიანობას, როგორ აფასებთ?
- კომიტეტის მიერ ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა. ყოველ შემთხვევაში, ეს პირველი საფეხური იყო, რაც „ნციონალურმა მოძრაობამ“ დაანგრია. წინა ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო ბაზის დანგრევა მოხდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქცია აღარ ჰქონდა, შესაბამისად, საქმე არც მინისტრს ჰქონდა და გოგა ხაჩიძე დერეფნებში ველოსიპედით დადიოდა. ასე თუ ისე, გარემოს დაცვის სამინისტრო რაღაცას დაემსგავსა და მისი გაძლიერება საჭირო კიდევ არის.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკისთან საუბარი გქონდათ, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით?
- გია ვოლსკისთან საუბარი სისტემატურად მაქვს, მაგრამ მასთან კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია. გია ვოლსკი ჩემი მეგობარია და მასთან დასამალი არაფერი მაქვს. არასოდეს არ ვიტყუები და არც თქვენ მოგატყუებთ რამეს. რაც მოხდება, გამოჩნდება. როგორც საქმეს და სახელმწიფოს გამოადგება, ის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.