თოფაძის ევრაზიული არჩევანი

თოფაძის ევრაზიული არჩევანი

„ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე, გოგი თოფაძე ევრაზიული კავშირის მიმართ სიმპატიას არ მალავს. „მრეწველთა“ ლიდერმა იცის, რომ რუსი აგრესორია და ტერიტორიები წაგვართვა, თუმცა ამბობს, რომ ნატო სამხედრო და აგრესიული ბლოკია, ამიტომ, თოფაძის აზრით მასში გაერთიანება ქვეყანას არ წაადგება. 

„საქართველოს ნატო-ში არ მიიღებენ. ნატო არის აგრესიული სამხედრო ბლოკი. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა რომელიმე სამხედრო ბლოკში იყოს, იმიტომ, რომ კონტურები მესამე ბირთვული ომის უკვე ცხადდება. ევროკავშირი არ არის სამხედრო ბლოკი, არც ევრაზიული კავშირი. ევრაზიული კავშირი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც უფრო კარგად ვიქნებით. რუსი რომ აგრესორია და რუსეთმა, რომ ტერიტორიები წაგვართვა, ეს ვიცით. რუსი ავადმყოფია, მაგრამ რუსოფობია რას მოგვიტანს?“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილ ამბობს, რომ ცალკეულ დეპუტატებს, ცალკეულ ადამიანებს, შესაძლოა განსხვავებული აზრი ჰქონდეთ და ეს მათი უფლებაა. თუმცა, ამ მიმართულებით, სახელმწიფოს პოლიტიკა დამატებით კითხვებს არ აჩენს. 

„ყველამ კარგად იცის, განსაკუთრებით ჩვენმა მოსახლეობამ და ჩვენმა პარტნიორებმა, რომ საქართველო არათუ მიილტვის ნატოსკენ, არამედ ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს დგამს და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის იმპლიმენტაციის პროცესი ადეკვატური ტემპით მიმდინარეობს. 

ცალკეულ დეპუტატებს, ცალკეულ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს, შესაძლოა, განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, ეს მათი უფლებაა, მეტიც ეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის არსებობას უსვამს ხაზს. მთავარია ქვეყნის ხელისუფლების სახელმწიფოს პოლიტიკა რა არის და აქ დამატებითი კითხვები არ არსებობს“, -აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ხელისუფლებას მოუწოდებს ოფიციალურად გაემიჯნონ კოალიციის წევრის ანტიდასავლურ განცხადებას, რადგან ეს განცხადება პირდაპირ მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

„სამწუხაროდ, ამ საკითხზე ჩვენ ვერ მივიღეთ ბიძინა ივანიშვილის პასუხი. კარგად მახსოვს 90-იან წლებში თოფაძე სასტიკი წინააღმდეგი იყო რუსული ლუდის შემოსვლის, რომ როგორმე თავისი ლუდი გაესაღებინა. ახლა ფიქრობს თავისი ლუდი გაასაღოს რუსეთის ბაზარზე და ამიტომაც იკლავს თავს. ამიტომაც, თოფაძის და მრეწველების პოზიცია გასაგებია.

იმედი მაქვს, კოალიციაში ვიღაცეები ხვდებიან, რომ თოფაძემ პატივი უნდა სცეს იმ ხელმოწერას, რომლითაც დასავლური არჩევანი თოფაძემ და კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ხელმოწერით დაადასტურეს. ან დააფიქსიროს თოფაძემ თავისი პოზიცია და გაემიჯნოს თავის ხელმოწერილ დოკუმენტს, ან მკაცრად უნდა დაისაჯოს. მისი განცხადებები ადასტურებს, რომ თოფაძისთვის ხელმოწერა არაფერს ნიშნავს. თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც იყურებიან დასავლეთისკენ. ჩვენ გვყავს რამოდენიმე მინისტრი, რომელიც ნამდვილად არ არის პრორუსი“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.