რეგიონებში თხილთან დაკავშირებით დიდი გაურკვევლობაა. პიკზე ასული ფასი მოულოდნელად დიდი სისწრაფიდთ დაბლა დაეშვა და 1 კგ თხილი ერთბაშად 4 ლარით გაიაფდა. ხალხი ცოტათი დაფრთხა და მონოპოლიაზე ალაპარაკდა.
ბოლო 1 კვირაა თხილი მკვეთრად გაიაფდა. გლეხები და მეწარმეებს ახალი საფიქრალი გაუჩნდათ. მთელი 1 წლის განმავლობაში მაღალ ფასს მიჩვეულ მოსახლეობას პრეტენზიები გაუჩნდა. როგორც მეწარმეები ამტკიცებენ, თხილის 4 ლარით გაიაფებამ ისინი ზარალის საფრთხის წინაშე დააყენა. მეწარმე კობა ფაჟავა აცხადებს, რომ ბოლო 4 დღეა ყველაფერი თავდაყირა დადგა. ზუსტად 4 დღის წინ, 1 კგ თხილის ფასი 11 ლარი იყო, 17 მარტის მონაცემებით კი 10 ლარამდე ჩამოვიდა. მომდევნო ორ დღეში კი როგორც ამბობენ, ფასს „დაარეგულირებენ“ და 7 ლარამდე ჩამოვა. ამ დროს 15 მარტს 1 კგ თხილის ფასი 12 ლარს აღემატებოდა.
რეგიონებში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ბიზნესის მონოპილია ხდება, ანუ საქმეში ჩაერთნენ ადამიანები, რომელთა უკანაც დიდი ფული და გავლენიანი პიროვნებები დგანან.
ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მცხოვრები რეზო სალაყაია იმაზე წუხს, რომ შარშანდელი მოსავლის გაყიდვა ვერ მოასწრო. მას გაძვირების მოლოდინი ჰქონდა და მოტყუვდა, რის გამოც პროდუქტი გაუყიდავი დარჩა.
„2 ტონამდე თხილი მომყავს. ნახევარი შემოდგომაზე გავყიდე, მერე ვცდილობდი, სარფიანად გამეყიდა, ამიტომ შეგნებულად არ ვიჩქარე. ხმა გაავრცელეს, რომ თხილის ფასი 15 ლარს მიაღწევდა. არ ვიცი, შეიძლება შეგნებულად დააგდეს ხმა. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ბიზნესია და ყველაფერი მოსალოდნელია. ახლა ვნატრულობ, რომ 10 ლარამდე მაინც აიწიოს ფასმა და წაგებული არ დავრჩე“, - ამბობს რეზო სალაყაია.
ზარალზე საუბრობს კიდევ ერთი მცირე მეწარმე თემურ დარასელია, რომლის თქმითაც, თხილის ბიზნესზე ინტერესები კონკრეტულ პიროვნებებს გაუჩნდათ.
„თავიდან, თხილის ფასის თამაში დოლარის კურსს მივაბით, მაგრამ შემდეგ მალევე გაირკვა, რომ ამ ბიზნესის მიმართ ინტერესი კონკრეტულ პიროვნებებს გაუჩნდათ. მეც და უამრავ ჩემნაირსაც 1 კგ თხილში 11 ლარამდე გვაქვს გადახდილი. უკვე დავზარალდი, რადგან ამ ხნის განმავლობაში პროდუქტი გაყიდვაში არ გამიშვია, რადგან ფასის აწევას ველოდები. თუ რამდენიმე დღეში თხილის ფასი 7 ლარი გახდება, ფაქტობრივად, გავკოტრდები და ჩემს დღეში რამდენიმე ასეული ადამიანია.
არიან ბიზნესმენები, რომელთაც ტონობით თხილი იყიდეს და დაალაგეს, რადგან იყო საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მაისში 15 ლარამდე აიწეოდა. თავისუფალი ბაზრის პირობებში ასეც მოხდებოდა“, - აცხადებს თემურ დარასელია. მისი თქმით, ორ დღეში თხილის 4 ლარით გაიაფება კითხვებს აჩენს, მით უფრო მაშინ, როდესაც ვიღაც გასცემს ბრძანებას, რომ თხილის შესყიდვა შეჩერდეს.
„მართალია, მარაგი დიდი აღარ არის, მაგრამ მაღალმა ფასმა მოსახლეობა აღაფრთოვანა. მათ იმედი მიეცათ, რომ ფასი სტაბილურად შენარჩუნდებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ბოლო დღეებში 8 ლარამდე თხილის გაიაფებას არავინ ელოდა.
საუკეთესო ხარისხის თხილს 12 ლარად ვიბარებდით, ხოლო გარჩეული თხილის გული 25 ლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, ხალხი დიდად არ აქტიურობდა. მაღალი ფასი სულ რამდენიმე დღე იყო და რატომღაც ფიქრობდნენ, რომ კიდევ გაძვირდებოდა. ამიტომ ხალხმა გაყიდვა არ იჩქარა“, - ამბობს სენაკელი ლადო გერგედავა.