„თუკი მიშა სააკაშვილი ჯანმრთელობისთვის ფულს ხარჯავდა, იმ ჯანმრთელობას ქვეყანას ახმარდა“

„თუკი მიშა სააკაშვილი ჯანმრთელობისთვის ფულს ხარჯავდა, იმ ჯანმრთელობას ქვეყანას ახმარდა“

ნაციონალი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება „ტაშის დამკვრელებმა“ დაღუპა და თუკი „ქართული ოცნების“ მომხრეებს ახალი ხელისუფლების გამოფხიზლება სურთ, 21 მარტის აქციაზე უნდა გავიდნენ, რათა მთავრობა გადაარჩინონ. დეპუტატის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობამ უმრავლესობა სახლში უნდა გაუშვას და ეს უნდა მოხდეს მიტინგებით, პიკეტირებებით თუ რაიონებში გამოსვლებით.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

21 მარტის აქციისთვის ემზადებით. თქვენს მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რატომ უნდა მოვიდეს ხალხი?

- ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე კი არ უნდა მოვიდეს, არამედ ხელისუფლების ქმედებების მიმართ პროტესტი უნდა გამოხატონ. ეს ქვეყანა მხოლოდ ჩვენთვის არ ზარალდება, არამედ ყველასთვის და უფრო მეტად რიგითი ადამიანისთვის, ვიდრე რომელიმე დეპუტატისთვის. ლარის კურსის გამო, ხელფასი ძალიან შემიმცირდა, მაგრამ ადამიანებისთვის ის რაოდენობაც სანატრელია, რითაც ჩემი ხელფასი შემცირდა. რიგით მოქალაქეებს ყოფნა-არყოფნის პრობლემა აქვთ და მათი ვითარება ეკონომიკური კრიზისის დროს კიდევ უფრო დამძიმდა.

21 მარტს ხალხი უნდა გამოვიდეს და დააფიქსირონ, რომ ამ მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებენ. წინა ხელისუფლება „ტაშის დამკვრელებმა“ დაღუპა. შეცდომა სწორედ ის იყო, რომ მიშა სააკაშვილის ღონისძიებებზე მხოლოდ „ტაშის დამკვრელებს“ ვეძახდით და მიტინგებს პროტესტის გამომხატველი საერთოდ არ უნდა გაკარებოდა. ამ დამოკიდებულებამ კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანა და ხელისუფლებაც უნდა მიხვდეს, რომ ხალხი მათ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, ღორმუცელობასა და გაუმაძრობას არ მოითმენს. „ქართული ოცნების“ მომხრეებს მოვუწოდებ, რომ თუკი მათ სურთ, ხელისუფლება დროზე გამოაფხიზლონ, საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ, რადგან ეს ერთადერთი შანსია, რომ საკუთარი ხელისუფლება გადაარჩინონ. თუკი ეს ასე არ მოხდება, ამ მთავრობას ვერაფერი ვეღარ უშველის.

ხადურმა და პარლამენტში მისმა „გამპრავებლებმა“ რაც არ უნდა იძახონ, რომ ეკონომიკური კრიზისი არ არის, ამას საქართველოს მოსახლეობა საკუთარ თავზე და მუცელზე გრძნობს. ჭირი რაც არ უნდა მალონ, ჭირი თავს არ დამალავს.

თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხი თქვენს გვერდით დადგება?

- საპროტესტო აქციაზე შეიძლება, ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უჭერენ. აქციის მიზანია, ხელისუფლების უუნარობის გაპროტესტება და არა იმის ყურება, აქციაზე რამდენი ადამიანი მივა. ქვეყანაში ერთადერი ძალა, რომელსაც აქციის ორგანიზების საშუალება აქვს, „ნაციონალური მოძრაობაა“. მიტინგს ორგანიზება სხვამ გაუკეთოს, ჩვენ ჩვენი მომხრეებით შევუერთდებით და საერთოდ არ გამოვჩნდებით. არის კი, ვინმე ამის ორგანოზატორი? თუკი არ არის, მაშინ ჩვენ ამის თავი გვაქვს, სხვებმა ამით ისარგებლონ და საქართველოს ხელისუფლებას დავანახოთ, რომ მოსახლეობა მძიმე დღეშია.

ზუგდიდის ინციდენტმა გვაჩვენა, რომ თქვენი ძალის მიმართ საზოგადოებაში აგრესია ისევ დიდია. შესაბამისად, მხარდაჭერის ნაცვლად, გამორიცხავთ, რომ აგრესია მიიღოთ?

- ზუგდიდის ინციდენტმა ის გვაჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები იმდენად შემოაკლდა, რომ ისინი იძულებულნი არიან, ოფისების დარბევაში თანამდებობის პირები ჩართონ. ზუგდიდის მოვლენებმა ის დაგვანახა, რომ „ქართულ ოცნებას“ სადღობელაშვილების გარდა, მხარდამჭრები არ დარჩა.

თქვენ აპელირებთ, რომ სუსი თქვენს მხარდამჭერებს აშანტაჟებს და .. თუმცა, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ უზრუნველყოფს, რომ თქვენ კომფორტი შეგიქმნათ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ამ აქციით არც არაფერი იწყება და არც მთავრდება. თქვენ რა გეგმა გაქვთ?

- ეს საპროტესტო გამოსვლა ზუსტად იმ სახეს მიიღებს, რისი საჭიროება იქნება და რასაც შევწვდებით.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ თქვენი გეგმა ხალხის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული?

- დამოკიდებულია არა მხოლოდ ხალხის რაოდენობაზე, არამედ ამ მთავრობის გონიერებაზე და იმაზე, უმრავლესობა მიხვდება თუ არა იმას, რომ საქართველოს ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის მიმართ და არა ერთი კაცის წინაშე. რაც არ უნდა კარგი ხელისუფლება იყოს, ერთი კაცის წინაშე ანგარიშვალდებულება იმდენად მახინჯი დამოკიდებულებაა, რომ კარგი შედეგი არასოდეს დაიდება. ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პრობლემებზე ყოველდღიური ჩართულობა რომ ნდომოდა, მაშინ ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან არ გადადგებოდა. ბუნებრივია, რომ თანამდებობიდან სწორედ იმის გამო წავიდა, რომ ყოველწამიერად საკუთარი თავი პრობლემებით არ დაეტვირთა.

განა, ირაკლი ღარიბაშვილს ივანიშვილთან არ მიესვლება, უბრალოდ, ის პრემიერს სალაპარაკოდ ყოველ დღე არ შეხვდება, რადგან მას თავის გადაღლა არ სურს. ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ გადაწყვეტილების მიღებისთვის ღარიბაშვილი ივანიშვილს ელოდოს. გადაწყვეტილებები მისაღებია სწრაფად და ეფექტურად. საქართველოს მოსახლეობამ ეს უმრავლესობა უნდა გაუშვას. პარლამენტის წევრობა გარკვეული სოციალური პრივილეგიაა და ამაზე გამომშვიდობება არავის არ უნდა.

რა მეთოდით უნდა გაუშვან, რიგგარეშე არჩევნებით?

- თუნდაც. ხელისუფლება სახლში მშვიდობიანი ძალდატანებით უნდა წავიდეს. ეს იქნება მიტინგები, პიკეტირებები თუ რაიონებში გამოსვლები. ეს დამოკიდებულება ხელისუფლებას აიძულებს, რომ მათ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე იგრძნონ და არა ივანიშვილის მიმართ, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს დაკრავს და სადაც უნდა, იქ წავა. მას იურიდიული პასუხისმგებლობა არ აკისრია და მის თავს ვერ მოითხოვენ. ქართველი ხალხი კარგად დაფიქრდეს, ივანიშვილს რა უნდა. ეს კაცი წუწუნებდა, რომ მას თურმე, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოვართვით და მზად იყო, საფრანგეთის მოქალაქეობა დაეთმო, მაგრამ ახლა გაყურსულია და მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს.

თქვენ მთავრობის გადაყენებაზე აპელირებთ. ამის ძალა გააქვთ?

- არ ვიცი, ჩვენ რა გვაქვს, მაგრამ ეს გამოჩნდება. ხალხს მოქმედების გეგმას შევთავაზებთ და თუ დაგვიჯერებენ, შედეგს მივიღებთ.

თქვენ რიგგარეშე არჩევნები არ გამორიცხეთ, მაგრამ ესნაციონალურ მოძრაობასრამდენად აწყობს, რადგან თქვენ ფიქრობთ, რომ მომავალ პარლამენტში კვლავ 50 კაციანი შემადგენლობით შეხვალთ?

- რისი რესურსი გვაქვს, არ ვიცი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება ქართველი ხალხი ნებაზე. თუკი საქართველოს მოსახლეობა ისევ „ოცნებას“ აირჩევს და საკუთარ ხმებს ნინო ბურჯანაძესა და ირმა ინაშვილზე გადაანაწილებს, ისინი კიდევ დაკარგულ ოთხ წელიწადს მიიღებენ.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომნაციონალურ მოძრაობასალტერნატივა არ აქვს? არ ფიქრობთ, რომ თქვენთავისუფალი დემოკრატებითავისუფლად ჩაგანაცვლებენ?

- ჩვენ ალტერნატივა არ გვყავს არა მარტო ოპოზიციაში, არამედ ქვეყნის მართვაში. საქმის კეთებისთვის მხოლოდ გულზე მჯიღის ცემა და ურაპატრიოტიზმით ხალხის გაბრიყვება საკმარისი არ არის. ურაპატრიოტული ლოზუნგებით შეიძლება, ადამიანი ცოტა ხანი კვებო, მაგრამ ხალხი მაინც გამოფხიზლდება. ქვეყნისთვის რა სიკეთეც გაკეთდა, მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ და პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ ქართველობის დამღუპველ ძალად გვაცხადებდნენ. ქართველებს სახელმწიფო და ძლიერ ეკონომიკაზე დამყარებული ქვეყანა სჭირდებათ. ეროვნულობას სწორედ სიღარიბე და გაჭირვება დაგვაკარგვინებს, რადგან ღარიბი ხალხი ყველაზე მარტივი ლუკმაა.

რომელ ვაჟკაცობაზე მელაპარაკებიან, როცა ამბობენ, რომ თურმე, რუსებს უნდა დავუწვეთ? გოგი თოფაძე პატიოსნად აცხადებს, რომ მას ნატო არ უნდა. მას ნატოში რატომ უნდა უნდოდეს, მას თავისი ეკონომიკური მდგომარეობა საშუალებას აძლევს, რომ იცხოვროს, როგორც ევროპელმა. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, მეშინია, რომ ეს ძალა პასუხისამღები ვერ იქნება, ისევე როგორც რადიკალური რეფორმების გამტარებელი. საზოგადოებას ჩვენი ან ჩვენი მსგავსი იდეოლოგიის პარტიის არჩევა მაინც მოუწვეს, ვინაიდან, სხვას ქვეყნის მართვის ძალა არ შესწევს. ამასობაში დრო იკარგება.

პარტიის რებრედინგი, რატომ არ განახორციელეთ?

- ზურა ჯაფარიძე, სერგო რატიანი და ზაზა ბიბილაშვილი ძველი სახეები არიან? ძველი სახეები, რატომ უნდა გავქრეთ? ჩვენ სწორედ ის ადამიანები ვართ, რომელთაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება შეგვიძლია. ხელოვნურად ვინ უნდა ჩამანაცვლოს? პარტია ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა და პარტიის სამდივნოს წევრების უმეტესობა ახალი სახეები არიან. არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ზურაბ ჯაფარიძე და სერგო რატიანი უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ, ვიდრე კაკო ბობოხიძე.

მიხეილ სააკაშვილი რომ ისევ თქვენი ლიდერია, ეს მომავალ არჩევნებზე პრობლემებს არ შეგიქმნით?

- ჩვენი ამოცანაა, ქვეყნის გამოწვევებს ვუპასუხოთ და არა ის, ხმებს მივიღებთ თუ არა. მიხეილ სააკაშვილს უზარმაზარი პოლიტიკური რეიტინგი და შესაძლებლობები აქვს.

სად აქვსუზარმაზარი რეიტინგი“ - საქართველოში?

ვაი ჩვენი ბრალი, თუკი მას რეიტინგი სხვა ქვეყანაში აქვს. მისი პოტენციალის გამოყენება რომ არ ხდება, ეს დანაშაულია. ის იქ არის, სადაც ქვეყანას პოლიტიკური გარღვევები და მხარდაჭერა სჭირდება. მიშა სააკაშვილს საქართველოში რეიტინგი აქვს თუ არა, ეს ნაკლებად მაწუხებს. თუკი ქართველი არასწორად ფიქრობს და მის შესაძლებლობებს ვერ აფასებს, ეს საქართველოს მოსახლეობას დააკლდება. სწორედ მიშა სააკაშვილის ურთიერთობები და კავშირები არის დასაფასებელი.

თუმცა, ხალხმა მიხეილ სააკაშვილისმართველობის სუსხი თავის თავზე იგრძნო და რატომ გიკვრით, რომ მას საკუთარ ქვეყანაში რეიტინგი არ ჰქონდეს?

- ვერცერთ ადამიანს, რომელიც „გაი“-ში მუშაობდა, ვერ დაარწმუნებ, რომ „გაი“-დან მისი წასვლა ქვეყანას სჭირდებოდა. სანამ, საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება მითებით იცხოვრებენ, მანამდე ქვეყანას არაფერი ეშველება. საზოგადოებამ საკუთარ თავს ელემენტარული კითხვა უნდა დაუსვას, სად არის ნაციონალების მიერ „მითვისებული“ მილიონები? - ქვეყნის ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში. მიმაჩნია, რომ ქვეყანას რეკლამა სჭირდებოდა, ისევე როგორც პოპულარიზაცია და ხალხი მიშას აკრიტიკებდა, რომ მთელ მსოფლიოში დაფრინავსო. რა სჯობს, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაფრინავდეს და ინვესტორებს იზიდავდეს, თუ 181 000 ლარიან ავეჯზე ისხდნენ?! დღეს, ხელისუფლება გვყავს, რომელიც საქართველოდან არ გადის, მაგრამ ქვეყანაც არსად არ ჩანს. პრეზიდენტი გვყავდა, რომელიც ქვეყნისთვის დაფრინავდა და არა მხოლოდ დასვენებისთვის, როგორც მას ამ ხმებს „ასავალ-დასავალი“ უვრცელებდა.

მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ შოპონგისთვისაც დაფრინავდა. მაგალითად იტალიაში...

- ალბათ, ეს ნაწილიც იყო, ოღონდ საქმის კეთებასთან ერთად. დღეს, ეს ადამიანები ხელისუფლებისგან ყველა სიკეთეს ღებულობენ, უკან კი არაფერს აბრუნებენ. თუკი მიშა სააკაშვილი ჯანმრთელობისთვის ფულს ხარჯავდა, იმ ჯანმრთელობას ქვეყანას ახმარდა.

როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯთაღრიცხვიდან გაირკვა, ყოფილი პრეზიდენტი მასაჟებს სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრებით იკეთებდა. ეს ნორმალური იყო?

- ცუდ და უკიდურესს რაღაცაზე მივდივარ. რასაც თქვენ ამბობთ, ასეც რომ ყოფილიყო, უკუგება კიდევ არის. თუკი სააკაშვილს ადამიანურ სისუსტეებს არ ვპატიობთ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას უკუგება ძალიან დიდი ჰქონდა, მაშინ ამ ხელისუფლებას მხოლოდ ადამიანურ სისუსტეებს რატომ ვპატიობთ? შედარებას ვაკეთებ, თორემ კი არ ვამბობ, რომ რაც ხდებოდა, კარგი იყო-თქო. შეიძლებოდა, რომ მიშას რაღაცები სახელმწიფო სახსრებით არ გაეკეთებინა და თავის ფული დაეხარჯა. თურმე, რუს ჟურნალისტებს საჩუქრები გაუკეთა - საჭირო იყო და ამიტომ გაუკეთა.

მარიამ საჯაიასა და თიკა ბოკუჩავას რომ ძვირადღირებული საჩუქრები უსახსოვრა, ესეც საჭირო იყო?

- მარიამი ამბობს, რომ საჩუქრები არ მიუღია. ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ბევრი რაღაც კეთდებოდა, თუმცა, ადამიანური სისუსტეებიც იყო, რომელსაც გამართლება არ აქვს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არანაირ სიამოვნებაზე უარს არ ამბობენ, მაგრამ მათგან ქვეყანას უკუგება არ აქვს.

რაც შეეხება პარლამენტში თქვენს პასიურობას, რატომ აღარ აქტიურობთ?

- არის საკითხები, რომელზეც განცხადების გაკეთებას ვაპირებ, ან პირიქით. ჩემს მეგობრებს ვთხოვე, რომ ოთხშაბათობით განცხადება მაჟორიტარმა დეპუტატებმა გააკეთონ და მათ რაიონულ პრობლემებზე ისაუბრონ.

თქვენც მაჟორიტარი ხართ. რაიონულ პრობლემებზე თქვენ რატომ აღარ საუბრობთ?

- მე ასე თუ ისე, ტრიბუნასთან გამოვდივარ. სამწუხაროდ, ბეჭდური პრესა-ტელევიზია პოლიტიკურ პროცესებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე მაჟორიტარებს. ამიტომ, სჯობს, მათ მეტი დრო დავუთმოთ.

გულწრფელი არ ხართ, რადგან თქვენ მას შემდეგ გაპასიურდით, რაცქართული ოცნებისწევრებმა დეკემბერში გინების გამო, თებერვალში სხდომაზე აღარ დაგიშვეს და ისინი მოგიწოდებნენ ბოდიში მოგეხადათ...

- გულწრფელი ვარ. არც გუნდის გადაწყვეტილებაა და არც ჩემი, რომ ტრიბუნასთან არ გამოვიდე. უმრავლესობისთვის არ შემიგინებია. მხოლოდ იმ ადამიანს გავეცი პასუხი, რომელმაც შემაგინა, მაგრამ ეს ჩემს მოქმედებას არ ამართლებს. პოლიტიკურ ნაწილში მათთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებ და არც დავუთმობ.

თუკი არაფრის დათმობას არ აპირებთ, უმრავლესობის წევრთა აგრესიას არ ელოდებით?

- ეს შეიძლება მათი სურვილია, მაგრამ მათი სურვილი არ კმარა, რომ რაიმე გადაწყვეტილება მივიღო. ბოდიშის მოხდას ჩემი ინიციატივით ვაპირებდი, მაგრამ დავით საგანელიძემ ჭკუის სწავლება დამიწყო. ამ უმრავლესობისგან სახეიროს ქვეყანა მაინც ვერ მიიღებს, ისინი იმუშავებენ, თუ პარლამენტის სხდომებს ჩხუბით გააგრძლებენ და არ სჯობს, იჩხუბონ, რათა მათ მიერ მომზადებულმა კანონებმა ქვეყანას ზიანი არ მიაყენოს?!