თარგამაძე-ბაზიაშვილის „კოაბიტაციის“ კანონშესაბამისობას ბადაშვილი შეისწავლის

თარგამაძე-ბაზიაშვილის „კოაბიტაციის“ კანონშესაბამისობას ბადაშვილი შეისწავლის

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ გივი თარგამაძისთვის დაცული ინფორმაციის მიწოდებას, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყონ გამოძიება პარლამენტის წევრ გივი თარგამაძესა და პოლიციიდან გათავისუფლებულ რუსლან ბაზიაშვილს შორის ფარული თანამშრომლობის საკითხზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუკი დანაშაული დადგინდება, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველამ, პარლამენტის წევრი იქნება ის, თუ სხვა თანამდებობის პირი.

„მინდა მივმართო საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საკითხის შესწავლა და, თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, დროულად მოახდინონ რეაგირება კანონის შესაბამისად. ეს არის ყოვლად დაუშვებელი ფაქტი. არავინ დგას კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს - პარლამენტის, მთავრობის წევრი თუ სხვა თანამდებობის პირი. ასე რომ, იქნება ეს პარლამენტის წევრი თარგამაძე? - რა თქმა უნდა, მან კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, ვინაიდან მისი ქმედება შეურაცხმყოფელია პოლიციელებისთვის, მთელი შსს-თვის“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციის თანამშრომლის ქმედებას, მას მთავრობის მეთაურმა „უღირსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ რაც უფრო დროულად მოხდება ასეთი პოლიციელების გამოვლენა და დასჯა, უკეთესი იქნება.

„მინდა ასევე მივმართო შსს-ს, რომ მანაც დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება. აღმაშფოთებელი ფაქტია, რომ პარლამენტის წევრი ასე უკანონოდ ცდილობდეს ინფორმაციის მოპოვებას პოლიციის თანამშრომლისგან“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევას უკვე აწარმოებს შს სამინისტრო. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულთან მიმართებაში დანაშაულის ნიშნები დადასტურდება, შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მასალებს პროკურატურას გადასცემენ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უწყებაში დაცული ინფორმაციის არაკანონიერად გაცემის სულ 9 ფაქტია გამოვლენილი და ინფორმაციას კანონმდებლობის დარღვევით, პირადი ინტერესების გამო გასცემდნენ. აქედან, ზოგ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემა კერძო პირისთვის განხორციელდა, ზოგ შემთხვევაში კი ის მიეწოდა ადვოკატებს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიაზე ინფორმაციის გაცემას, მხოლოდ ერთი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული, რაზეც სათანადო რეაგირება გვქონდა.

„პარლამენტის წევრისთვის დაცული ინფორმაციის მიწოდება არაერთხელ მოხდა. სწორედ ამ ფაქტების დადასტურების შემდეგ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც გავასაჯაროვეთ, თუმცა მხოლოდ ერთი შემთხვევის გასაჯაროება მოვახდინეთ, რადგან მის შესახებ ინფორმაცია მედიითაც იყო გავრცელებული“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ პრემიერ მინისტრის განცხადება იყო პოლიტიკოსის განცხადება, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია პოლიტიკოსის განცხადება სამართლებრივ რეგულაციებთან ჰარმონიაში არ იყოს.

„თუკი ერთ შემთხვევაში პოლიციელის ქმედების კვალიფიკაცია არის პრობლემა, მეორე სირთულეს წარმოშობს პარლამენტის წევრის საქმიანობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს პოლიციის თანამშრომლის და პარლამენტის წვერის ერთობლივი ქმედების და შედეგის კანონშესაბამისობა, ამის შესაბამისად უნდა იქნებს საქმე დაკვალიფიცირებული“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

დეპუტატ გივი თარგამაძემ დაადასტურა, რომ შსს-დან გათავისუფლებული რუსლან ბაზიაშვილი გარკვეულ ინფორმაციებს აწვდიდა, როგორც ნდობის ჯგუფის წევრს და ეს არ იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა. 

თარგამაძის კომენტარს გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე, რომლის განმარტებით, ნდობის ჯგუფის მიერ უწყებისგან ინფორმაციის გამოთხოვის სხვა პროცედურა არსებობს.

„აშკარაა, რომ პარლამენტარმა თარგამაძემ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან მან ძალიან კარგად იცის, რომ ნდობის ჯგუფს ინფორმაციის ასე მიღების უფლება არ აქვს და მის მიერ ინფორმაციის მოპოვების პროცესი კანონმდებლობით ძალიან მკაფიოდაა გაწერილი - მხოლოდ ნდობის ჯგუფის თავმჯდომარეს აქვს უფლება, რომ წერილობით მოითხოვოს ინფორმაცია.

ამ შემთხვევაში, არა ნდობის ჯგუფთან თანამშრომლობდა დათხოვნილი პოლიციელი, არამედ პირდაპირ გივი თარგამაძესთან, რომელსაც პირადი ინტერესების გამო, აწვდიდა ინფორმაციას, თარგამაძე კი თავის მხრივ მას პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილ განმარტავს, რომ ნდობის ჯგუფის წევრს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება არ აქვს. 

„მეტიც, ის ინფორმაცია, რომელსაც ბატონი თარგამაძე ითხოვდა, მთლიანად სცდება ნდობის ჯგუფის კომპეტენციას. ამ თემაზე ნდობის ჯგუფის ფორმატში ვიმსჯელებთ, რადგან ვფიქრობ, ბატონმა თარგამაძემ თავის უფლებას გადააჭარბა“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

როგორც ცნობილია, შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა.