წინა ხელისუფლების პირობებში, ნინო გვენატაძე და მერაბ ტურავა სასამართლო სისტემიდან ერთად გამოუშვეს, ამ ხელისუფლების პირობებში კი, პარლამენტში კენჭისყრაზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ - ნინო გვენეტაძისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად - მერაბ ტურავას კანდიდატურები ერთად დადგება. კენჭისყრის შედეგები ცნობილი 20 მარტის პლენარულ სხდომაზე გახდება, თუმცა, გასულ წელს, ტურავას კანდიდატურა დეპუტატებმა კენჭისყრაზე ჩააგდეს, გვენეტაძეს კი, კონსტიტუციის გათვალისწინებით, მეორე შანსი არ მიეცემა.
თუკი ტურავას მხარი რესპუბლიკელებმა არ დაუჭირეს, გვეტენაძის მიმართ ეჭვებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ნაწილი გამოთქვამს. ამ დროისთვის, უმრავლესობაში გვენეტაძისა და ტურავას შანსებზე გადაჭრით ვერ საუბრობენ, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს, რათა „ოცნებამ“ მხარი გვენეტაძეს დაუჭიროს, სანაცვლოდ კი, რესპუბლიკელების ხმას ტურავა მიიღებს.
გვეტენაძის კანდიდატურაზე საპარლამენტო ფრაქციები ერთ თვეზე მეტია მსჯელობენ და ფრაქციის ლიდერები „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხავდასხვაობას არც მალავენ, თუმცა, როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, გვენეტაძის მიმართ კრიტიკულად დამოკიდებულ დეპუტატებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით დაუკავშირდა. წყაროს ცნობით, ყოფილმა ლიდერმა კანონმდებლებს გვენეტაძის მხარდაჭერა მოსთხოვა.
თუ რა შედეგი დაიწერება 20 მარტის პლენარულ სხდომის ტაბლოზე, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, გვენეტაძისა და ტურავას მომხრე ფრაქციები თითოეული დეპუტატის ხმას ითვლიან და საკუთარი კანდიდატურების გასვლაში დარწმუნებულები არიან, ან ამასთან დაკავშირებით იმედს მაინც გამოთვამენ.
უმრავლესობისგან განსხვავებით, უმცირესობა არც გვენეტაძის მხარდაჭერას გეგმავს და არც ტურავასი, თუმცა, „თავისუფალი დემოკრატები“ ნდობას გვენეტაძეს უცხადებენ, ხოლო ტურავას შემთხვევაში, for.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა, მათ თავი შეიკავონ.
როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ქართულ ოცნებაში“ გარიგების დადება ხდება, რომ ერთმანეთს ტურავასა და გვენეტაძის კანდიდატურების მხარდაჭერა გაუცვალონ. მისი ცნობით, რესპუბლიკელებიდან ტურავას მხარდაჭერას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე არ აპირებს.
„პრეზიდენტმა გვენეტაძესთან დაკავშირებით, ცუდი არჩევანი გააკეთა და მის მიერვე დადგენილი კრიტერიუმი დაარღვია, რომ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ უნდა ჰქონოდა და ის მართმსაჯულების სისტემაში აღიარებული ყოფილიყო. თანამედროვე სასამართლოს დამოუკიდებელი ადამიანი სჭირდება, რადგან სასამართლო ხელისუფლება იდეალური ჩვენს დროსაც არ იყო. პარლამენტს შესაძლებლობა აქვს, რომ ახალი ფურცელი გადაშალოს. გვენეტაძესთან და ტურავასთან მიმართებაში პრობლემური მათი წარსული საქმიანობაა. გვენეტაძის შემთხვევაში, გახმაურებული საქმეები ძალიან კარგად გვახსოვს. ტურავა და გვენეტაძე არიან ადამიანები, რომლებიც შევარდნაძის დროინდელი სასამართლოს კორუფციული სისტემის ნაწილნი იყვნენ“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
კანონმდებელის შეფასებით, საქართველო გზა გასაყარზე დგას - ძველ სასამართლო სისტემაში დაბრუნდება, თუ სასამართლო სისტემის განვითარებაში ახალ სიტყვას ჩაწერს.
„სასამართლოს ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც საქმიანობას ახალ ფურცლით დაიწყებს. გვენეტაძე არის ადამიანი, რომელმაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ გაცემული დოკუმენტი ნამდვილ დოკუმენტად აღიარა და ერთ-ერთ ბრალდებულის მიმართ კონტრაბანდაზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთანვე, ის 2012 წელს იმ საპარლამენტო ჯგუფში აქტიურად იყო ჩართული, რომელმაც ამნისტიის სია ჩამოაყალიბა, რომლის მიხედვითაც, კრიმინალების გარდა, რუსეთის აგენტებიც გაათავისუფლეს. ვიცი, რომ უმრავლესობაში გარიგებები კულუარულად მიდის, რადგან „ოცნებას“ სურს, რომ ტურავა საკონსტიტუცო სასამართლოს თავმჯდომარედ იხილოს, ხოლოს რესპუბლიკელებს გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა უნდათ. ტურავას მხარს რესპუბლიკელები დაუჭერენ, მაგრამ ვახტანგ ხმალაძის გამოკლებით, რადგან მას ტურავასთან თავის დამოკიდებულება აქვს და ჩვენს პოზიციას იზიარებს“, - აცხადებს დეპუტატი.
ბეჟაშვილის მოსაზრებით, თუკი ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდება, ეს არ ნიშნავს, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ავტომატურად გახდება, რადგან თავმჯდომარეს წევრები თავად ირჩევენ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეული შემადგენლობა ჰყავს, რომელიც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას შეძლებს“, - დასძენს ბეჟაშვილი, რომლისგან განსხვავებით, ნინო გვენეტაძეს დადებითად ახასიათებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე.
for.ge-სთან საუბარში შავულიძე აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ გვენეტაძეს მხარს დაუჭერენ, ხოლო ტურავასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდის მსგავსად, „ეროვნული ფორუმიც“ გვენეტაძეს მხარს უჭერს და როგორც for.ge-სთან საუბარში ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე აღნიშნავს, მისი პოლიტიკური ძალა გადაწყვეტილებას კოალიციურ ფორმატში მიიღებს.
რაც შეეხება კანდიდატების მიმართ „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ განწყობებს, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ კენჭისყრაზე ორივე კანდიდატურა გავა, ხოლო „რესპუბლიკელები გვენეტაძის მხარდაჭერაზე ხმამაღლა საუბრობენ, ხოლო ტურავასთან მიმართებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ ტურავას სრული მხარდაჭერა აქვს, რადგან ის მათ მიერ წარმოდგენილი კანდიდატია.
მისი თქმით, ნინო გვენეტაძემ კოალიციის კეთილგანწყობა მოიპოვა, თუმცა, გადაწყვეტილებას დეპუტატები ინდივიდვალურად მიიღებენ.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორი ფრაქციების მხარდაჭერა ტურავას ექნება და 76 ხმის მობილიზებას შევძლებთ. რაც შეეხება გვენეტაძეს, მასთან მიმართებაში გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები იყო, რომლებიც ღიად დაფიქსირდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დეპუტატთა ნაწილმა პასუხები „ქართული ოცნების“ დახურული სხდომისგან მიიღეს, სადაც გვენეტაძეს მოვუსმინეთ“, - განაცხადა კობახიძემ, რომლის მსგავსად, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ გვენეტაძის კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნება.
for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ შეიძლება, „ქართული ოცნებიდან“ გვენეტაძეს ვინმემ ხმა არ მისცეს, მაგრამ ის პარლამენტში საკმარის ხმებს მოიპოვებს.
ბერძენიშვილი გვენეტაძის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ მას „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრობისთვის ადამიანის დაწუნება, ღრმა სისულელედ მიაჩნია.
„დიდი იმედი მაქვს, რომ კენჭისყრაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა გავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო სისტემაში ისეთი კაცი რჩება, რომელსაც მაინცდამაინც არ ვენდობით და არ არის მოსალოდნელი, რომ მომავალში, პრეზიდენტი ისეთ კანდიდატს შემოგვთავზებს, რომელსაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს. უმრავლესობაში ეს კარგად ესმით. ერთი-ორი მოწინააღმდეგე დეპუტატი არის, თუმცა, ცოტა უხერხულია, როცა კაცი თავის თავს კანდიდატად თვლის და სხვას წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ საქართველოა და ამაზე უარესიც გვინახავს. აქ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ და არ მგონია, რომ ბატონმა ზაქრომ ოცი დეპუტატი აიყოლიოს“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
დეპუტატი ინტერესდება, როცა პარლამენტის თავმჯდომარე მოქმედი რესპუბლიკელია, მიუღებელი ყოფილი წევრი რატომ არის.
„ოთხი წლის მანძილზე, ნინო გვენეტაძე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი ბევრი ადამიანი იყო. „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრობისთვის ადამიანის დაწუნება, ღრმა სისულელედ მიმაჩნია. თუ ვინმესთვის ეს არგუმენტი აქვს, იქნებ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი მოიშველიონ. როცა პარლამენტის თავმჯდომარე მოქმედი რესპუბლიკელია, მიუღებელი ყოფილი წევრი რატომ არის?“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი, რომელიც ამბობს, რომ მისი ფრაქცია ტურავასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს.
ზემოთ აღნიშნული დეპუტატებისგან განსხვავებით, საკითხზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ სურს დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ის საკუთარ პოზიციას კენჭისყრაზე გამოხატავს.
„არ ვაპირებ, რომ ჩემს მეგობრებთან მიმართებაში ჩემი კოლეგიალური, მეგობრული დამოკიდებულება გამოვიყენო და მათ კანდიდატის ჩაგდებისკენ, ან მხარდაჭერისკენ მოვუწოდო. ჩემს პოზიციას კენჭისყრაზე გამოვტახავ, რადგან ზეგავლენისგან თავისუფალი კენჭისყრის მომხრე ვიყავი. მიმაჩნია, რომ პარლამენტის წევრებმა დამოუკიდებელი და თავისუფალი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“, - დასძინა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილი იმ 22 დეპუტატს შორის იყო, რომელთაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, უმრავლესობაში პროტესტი გამოხატეს და საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს.
რაც შეეხება პროცედურებს, რეგლამენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუკი, პარლამენტი კენჭისყრაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ჩააგდებს, მაშინ პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოსთვის სხვა კანდიდატურის წარდგენა მოუწევს. თავად გვენეტაძეს კი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნისთვის 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.