„ოკუპანტთან შეხვედრა დეოკუპაციის თემის გარეშე, წარმოუდგენელია“

„ოკუპანტთან შეხვედრა დეოკუპაციის თემის გარეშე, წარმოუდგენელია“

„რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი და ქართველი დიპლომატები არ გამორიცხავენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების - გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობას.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ორი ქვეყნის დიპლომატები და ოფიციალური პირები კვლავინდებურად არ გამორიცხავენ მსგავსი შეხვედრის გამართვას განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, თუ გრაფიკი ამის საშუალებას მოგვცემს. რუსეთი თავის მეზობლებთან კარგი ურთიერთობის მომხრეა.

რუსეთი ყოველთვის მიიჩნევდა ქართველებს მონათესავე და მეგობარ ხალხად ისტორიულად და ეს გრძნობები, ჩვენ გვჯერა, რომ ახლაც არსებობს და იქნება მომავალშიც. რუსეთი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზაციით“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ვინ დიპლომატებზე საუბრობდა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების პრეს-სპიკერი დავით კერესელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრის საკითხი არც აბაშიძე-კარისინის შეხვედრაზე არ განხილულა.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე დიპლომატები საუბრობდნენ ამ შეხვედრის შესახებ, ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არც ასეთ დიპლომატებს არ ვიცნობთ, არ ვიცით ვინ დიპლომატებზეა საუბარი. ეს არის პესკოვის შემოდგებული თემა. პროვოკაციული და აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება“, - აცხადებს დავით კერესელიძე.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეხვედრა დაგეგმილია, სიმართლეს არ შეესაბამება. ფხალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი იქნება შემოთავაზება, მზად არიან შემოთავაზება სერიოზულად განიხილონ.

„საქართველოს პრეზიდენტს ასევე არაერთხელ დაუფიქსირებია მზადყოფნა ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის, თუკი ეს მოლაპარაკება რეალურად ისახავს მიზნად იმ უმწვავესი საკითხების გადაჭრას, რომლებიც არსებობს რუსეთის ფედერაციასთან და, რომლებიც რეალურად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას.

დღეისთვის მსგავსი შეხვედრის არანაირი მზადება არ მიმდინარეობს და საქართველო მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით. საქართველო მზად არის ნებისმიერ მწვავე პრობლემაზე სასაუბროდ“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით შეხვედრა შეხვედრისთვის მიზანშეუწონელია.

„შინაგანად ყველა გრძნობს, რომ ეს შეხვედრა ვერაფერ სიკეთეს ვერ მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. იმ ფონზე, რაც ხდება უკრაინაში, როდესაც რუსეთში ნაციონალისტური განწყობებია, შეხვედრა და რაიმე შედეგის მიღწევა, ეს ფაქტობრივად წარმოუდგენლად მიმაჩნია. ოკუპანტთან შეხვედრა დეოკუპაციის თემის გარეშე, წარმოუდგენელია. ასეთი მოლოდინები არ არსებობს, ამ ეტაპზე ამის პრესპექტივა არ არის. მხოლოდ რაღაცა ცალკეული განცხადება, რომ ჩვენ შეხვედრის წინააღმდეგი არ ვართ, ეს არის უბრალოდ სიტყვების გამოყენება და მეტი არაფერი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმების ფონზე, რუსეთისა და საქართველოს უმაღლესი პირების შეხვედრას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კახა გოგოლაშვილი.

„ამ ვითარებაში საერთოდ არ შეიძლება მაღალ დონეზე შეხვედრა რუსეთთან, რადგან ის ნაბიჯები, რომლებიც ბოლო ხანებში გადაიდგა რუსეთის მიერ ძალიან ცინიკურია და ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ღირსებას. აქ ვგულისხმობ როგორც აფხაზეთთან, ასევე ცხინვალის რეგიონთან ხელმოწერილ ე.წ. შეთანხმებებს. ამ ვითარებაში რაიმე სახის მაღალი დონის შეხვედრა, მე მგონი, საქართველოს არანაირ სიკეთეს არ მოუტანს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილ.