შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერ დეპუტატ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა. შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა. for.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, რუსლან ბაზიაშვილი დააკავონ. წყაროს ცნობით, ბაზიშვილის გადაადგილებას გენინსპექცია თვალს ადევნებს.
შსს-ს მიერ გამოაშკარავებულ საქმესთან დაკავშირებით, for.ge ნაციონალ გივი თარგამაძეს ესაუბრა:
შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვენი „წყაროები“ გაშიფრეს. ბაზიაშვილი ინფორმაციას მართლად გაწვდიდათ?
- სუსი არ ვარ და შტატიანი თანამშრომლები არ მყავს. უბრალოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანები მუშაობენ, რომლებიც მუნდირს და ღირსებას იცავენ. პოლიციელები იმას არ დაუშვებენ, რომ კრიმინალური სამყარო პოლიციას შეერწყას. მსგავსი ინფორმაციები ყოველთვის იქნება და დაფარული არაფერი იქნება, ეს ხელისუფლებას როგორც არ უნდა უნდოდეს. იმის გამო, რომ 21 მარტის აქცია მოდის და ბატუტზე ხტომა გამოაშკარავეს, ძალოვანი უწყებიდან ადამიანი გააგდეს.
რუსლანი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და პროფესიონალია, რომელსაც ასლან აბაშიძის რეჟიმის დამარცხებაში, რუსული აგენტურის გამოვლენასა და კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლაში ლომის წილი მიუძღვის. სასაცილოა, რაც ხდება. შსს-მ დაადასტურა, რომ ქურდების მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ჩვენს მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია სწორი იყო. შეგვიძლია, შსს-ს განცხადება ამოვიღოთ, სადაც თქვეს, რომ დევაძის მიერ საზღვრის კვეთა სისულელეა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია სისულელე არ ყოფილა.
იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო კრიმინალს ებრძოდეს, უწყებიდან ხალხს უშვებენ. რა შემთხვევებზეა საუბარი, იცით? კრიმინალური პოლიციის 22 წლის თანამშრომელი „ლავას ოღლის“ ქურდული დაჯგუფების წევრმა დევაძემ მხეცურად მოკლა და პოლიციის ხელმძღვანელობამ ის საზღვარზე გადააპარა. რუსლანმა სწორედ ეს გამოააშკარავა. კიდევ კარგი, რომ გარდაცვლილი ადამიანის თანამშრომლებმა დევაძე საზღვარზე დააკავეს და ამის გამო, რუსლანი პოლიციიდან გამოუშვეს. რაც მოხდა, არაუშავს, რადგან რუსლანი პროფესიონალია და ის პოლციიის რიგებში აუცილებლად იქნება, როცა ეს მთავრობა გადადგება და ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება.
რუსლანის მსგავსი ადამიანები ქვეყანას და პოლიციას სჭირდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიციაში აღარ არის, შსს-ს თანამშრომლების უმეტესობა რუსლანის მსგავსად ღირსეულია.
რუსლან ბაზიაშვილი ინფორმაციას ასლან აბაშიძის დროსაც გაწვდიდათ?
- რუსლანი ინფორმაციას მე კი არ მაწვდიდა, არამედ ეს ადამიანი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდა. ჩვენ ერთნი ვიყავით და ერთნი ვართ, რომლებიც ვცდილობთ, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს და მას წინსვლა ჰქონდეს. ამიტომ, როგორც ისინი აღიქვამენ ამ მოვლენას, რომ თითქოს, სუს-ს მსგავსი ორგანო გვაქვს, ეს ასე არ არის. შსს-დან ინფორმაციებს აწვდიან როგორც ჟურნალისტებს, ასევე ჩვენ. „ნდობის ჯგუფის“ წევრი ვარ და რუსლანმა ინფორმაცია მომაწოდა, მაგრამ „ნდობის ჯგუფი“ არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა უნიათო კოლეგამ (ირაკლი სესიაშვილს გულისხმობს თ.მ.) ძალიან ბევრჯერ დაიქადნა, რომ სხდომას ჩაატარებს, სხდომა მხოლოდ მაშინ ჩატარდა, როცა „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ სხდომის ჩატარება ივანიშვილმა მოითხოვა.
რუსლან ბაზიაშვილი საკუთარ უფლებამოსილებას არ ამეტებდა, როდესაც ძალოვანი უწყებიდან ინფორმაციები გამოჰქონდა და თქვენ გაწვდიდათ? თქვენი ხელისუფლების პირობებში, შსს-ში პრობლემები ბევრი იყო, მაგრამ მაშინდელ ოპოზიციას რატომ არ აწვდიდა?
- როდესაც დარღვევები იყო, ინფორმაციები ჟურნალისტებს არ გქონდათ? მისი კოლეგა ქურდმა თავისი „შნირის“ ხელით მოკლა, ეს მკვლელი კი მისი დაცვის უფროსმა, პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსმა, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს უფროსმა და საპატრულო პოლიციის უფროსმა გააპარეს და მას კიდევ ვისთვის უნდა მიემართა?
ამიტომ, ინფორმაცია თქვენთვის უნდა მოეცა?
- ყველა ქვეყანაში კანონის დარღვევის თაობაზე ინფორმაციის გაცემა დაშვებულია, ასე აქაც და თუკი ბაზიაშვილის მიმართ დევნა გაგრძელდება, ამას დავამტკიცებთ და ამ ხელისუფლებას ძალიან ვანანებთ.
თქვენი ხელისუფლების პირობებში, ისეთი პოლიციელი რომ გამოაშკარავებულიყო, რომელიც ვანო მერაბიშვილის ინფორმაციებს ამზეურებდა, მას თავზე ხელს გადაუსვამდით?
- ბაზიაშვილს გენისპექციისთვის 22 წლის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტი არ დაუმალავს. აბა, სხვისთვის ვისთვის ეთქვა?
თავად გამოსულიყო, პრესკონფერენცია ჩაეტარებინა და დამნაშავე პირები ემხილა. ის შსს-ში მუშაობდა, იქ ხელფასს იღებდა და თან თქვენ ინფორმაციებით გამარაგებდათ. ეს რომელ პროფესიულ სტანდარტში ჯდება? ერთგვარად, ბაზიაშვილი აგენტის როლს არ ასულებდა?
- თქვენი პათოსი არ მესმის, რადგან პირიქით, მისაბაძია, როდესაც ასეთი ტიპის დანაშუალი ხდება და პოლიციელი თავის უწყებას ამხელს. ქვეყანაში იტალიური მაფიაა, რომ ხმა არავინ ამოიღოს და ამ სიბინძურეში ყველა უნდა მოიხარშოს?
როგორ ფიქრობთ, ეჭვებს არ გაჩნდება, რომ თქვენ ეს ადამიანები ინფორმაციას ფინანსური დაინტერესების სანაცვლოდ გაწვდიდათ?
- ვინც რუსლანს იცნობს, ეს ეჭვი არ დარჩება, რადგან ის ღირსეული ადამიანია. ჩვენი ურთიერთობა ათლეწულია გრძელდება და ყველას შეუძლია, ნახოს, მას რა ფინანსური მდგომარეობა აქვს. ვისაც სურს, რომ ბინძურად იფიქროს, მაინც ასე იფიქრებს. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორად იფიქრებს და იტყვის, რომ მან სწორი საქციელი ჩაიდინა, როდესაც მისი კოლეგის მკვლელობის დახურული ინფორმაცია გაასაჯაროვა.
შსს-ში არიან ადამიანები, რომლებიც თქვენ ინფორმაციას გაწვდიან?
- ინფორმაციას მეც მომცემენ და თქვენც. რაც ივანიშვილს სურს, ასე არ იქნება. დაფარული არ იქნება ივანიშვილის ვასვასი და ლამბერსექსუალი ვიცე-პრემიერის კავშირი ქურდულ სამყაროსთან.
ამ ფაქტის გათვალისწინებით, გამორიცხავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების წმენდა დაიწყოს?
- მინისტრს ურჩევნია, აღასარებაზე წავიდე და თქვას, თავისი გამინისტრების პირველ დღეს სპეცრაზმელები როგორ დაიჭირეს. ის ამის შემდეგ, რისი მინისტრია? ის ივანიშვილის ჩვეულებრივი მონაა და მინისტრად რატომ არის? ვახტანგ გომელაურის განათლება არის - ფიზკულტურის ინსტიტუტი, რომელიც დაუსწრებლად დაამთავრა. იმას კი არ ვამბობ, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტი ცუდია, არამედ არ შეიძლება, რომ ის მინისტრი იყოს. ის მინისტრი მარტო იმიტომ გახდა, რომ ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო. სუს-ს უფროსმა პოსტი იმიტომ დაიკავა, რომ ივანიშვილის დაცვის წევრი იყო, ისევე როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი.
თუმცა, ეს პირები ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობენ და პატიოსან ადამიანებად ხასიათდებიან...
- ივანიშვილის მიზანია, რომ სახელმწიფო უწყებებს მხოლოდ მასზე დამოკიდებული პირები მართავდნენ. ამას რა შედეგიც მოჰყვა, ვხედავთ, ამიტომ, 21 მარტს მთავრობის გადაყენებას დავიწყებთ და გადავაყენებთ.
რა რესურსით გადააყენებთ მთავრობას?
- რესურს ვნახავთ. ივანიშვილი გულადი ადამიანი არ არის. ის დიდი ხანი იძახდა, რომ გადაცემას გააკეთებდა, მაგრამ მას რა რეიტინგი აქვს - 0. ხალხს მისი ტყუილები ყელში ამოუვიდა და ის ქვეყნიდან სანამ ლურჯი მელიასავით კომბლებით არ გააგდეს, სჯობს, გონს მოეგოს.