ევროპა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით ბუნებრივ აირს მიიღებს. ყარსში საფუძველი ჩაეყარა სამი ქვეყნის ტრანსანატოლიური გაზსადენის პროექტს. საქართველო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. ევროპისთვის განკუთვნილმა ბუნებრივმა აირმა სწორედ საქართველოზე გამავალი გაზსადენით უნდა გაიაროს. შესაბამისად, შესაძლებლობა გვეძლევა მალე კიდევ უფრო მეტი იაფი გაზი მივიღოთ. ეს სულ რაღაც 3-5 წელიწადში მოხდება.
ყარსში ტრანსანატოლიური გაზსადენის პრეზენტაციაზე საქართველოს დელეგაცია თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით გაემგზავრა. დელეგაციაში იმყოფებიან - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა განცხადებები გააკეთეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„მიუხედავად არსებული სირთულეებისა, დარღვეული ტერიტორიებისა და ოკუპაციისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრობლემა არ შეექმნას საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დერეფანს, რადგან ამაზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანისა და თურქეთის კეთილდღეობაა დამოკიდებული.
ჩვენ აღნიშნული დერეფნის დაცვა მოვახერხეთ 2008 წელსაც და შევასრულეთ ნაკისრი ვალდებულებები. საქართველო არის ევროპისა და აზიის კარიბჭე და ამ როლს საუკუნეების განმავლობაში ასრულებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. სწორედ „ტანაპის“ საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება ბუნებრივი აირი. იგი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია და საქართველოს მონაწილეობა ასეთი ტიპის პროექტში, თავისთავად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.
ენერგოკომისიის წარმომადგენლის მაროშ შეფჩოვის განცხადებით, „ტანაპი“ არის მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ევროპისთვისაც.
„გაზის სამხრეთის დერეფანი“ და „ტანაპი“ ესაა საკვანძო პროექტები, რომლებსაც ევროკავშირი ძალიან დიდ პრიორიტეტს ანიჭებს. შესაბამისად, პროექტის ყველა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მზადყოფნა, მიიყვანოს აზერბაიჯანული გაზი ევროპამდე.
დასაწყისისთვის მილსადენის გამტარუნარიანობა, როგორც ვარაუდობენ, წელიწადში 16 მლრდ კბ/მ იქნება. საიდანაც დაახლოებით 6 მლრდ კბ/მ გაზი თურქეთს მიეწოდება დანარჩენი კი - ევროპას.
თურქეთი გაზს უკვე 2018 წლიდან მიიღებს. რაც შეეხება ევროპას, იგი ბუნებრივი აირით 2020 წლიდან მომარაგდება, მას შემდეგ, რაც დასრულდება ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 11 მლრდ დოლარად ფასდება. ეს მარშრუტი უფრო მოკლე და იაფია, ვიდრე „ნაბუკო ვესტი“, რომელიც ტრანსადრიატიკული მილსადენის კონკურენტად განიხილებოდა.
ამ პროექტიდან საქართველოს სარგებელი არის ის, რომ შაჰ-დენიზის მილსადენის მოცულობა გაიზრდება და შესაბამისად, ქვეყანა ტრანზიტის საფასურად უფრო მეტ იაფ გაზს მიიღებს.