მედიკამენტების ქართულენოვანი ანოტაცია ფარმაცევტებს პრობლემას შეუქმნის. სააფთიქო ქსელის წარმომადგენლებს განსაკუთრებით აღელვებთ კანონპროექტის ის მუხლი, რომელიც კანონპროექტის მიხედვით, შეფუთვის დაშლის შემთხვევაშიც კი, მომხმარებლისათვის ქართულ ენაზე შედგენილი ანოტაციის მიწოდება ასევე სავალდებულო იქნება.
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისია კანონპროექტზე მუშაობს, რომლითაც წამალზე ანოტაციის ქართულად დატანა სავალდებულო გახდება. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის თქმით, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია აქტიურად მუშაობს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტზე.
დღეს მოქმედი კანონმდებლობა მარეგულირებელ ნორმას არ შეიცავს, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტულ პროდუქტზე წამლის ანოტაცია მომხმარებლისათვის ქართულად უნდა იყოს მიწოდებული.
„კანონპროექტის შემუშავება იმ რისკფაქტორებმა განაპირობა, რომელიც მედიკამენტის ქართულენოვანი ანოტაციის გარეშე რეალიზაციას შეიძლება მოჰყვეს. დღეის მდგომარეობით მომხმარებელს არ აქვს შესაძლებობა, სახელმწიფო ენაზე გაეცნოს ფარმაცევტული პროდუქციის ისეთ ძირითად მახასიათებლებს, როგორიცაა სხვა ფარმაცევტულ პროდუქტთან ურთიერთქმედება, მიღების წესი, დოზირება, შენახვის პირობები, გვერდითი მოვლენები და ა.შ.“, - აღნიშნა კობახიძემ.
კანონპროექტის შემუშავების ვალდებულებას ევროკავშირისა და ევროპარლამენტის დირექტივები ითვალისწინებს, რომელთა მიხედვითაც, წამალს ეროვნულ ენაზე ანოტაცია უნდა ერთვოდეს. კანონპროექტთან დაკავშირებით ჯერ საკრებულოს კომისიებში იმსჯელებენ, შემდეგ კი მას ფარმაცევტულ მწარმოებელ კომპანიებთან და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებთან შეაჯერებენ. ამის შემდეგ კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
კანონპროექტის მიხედვით, შეფუთვის დაშლის შემთხვევაშიც კი, მომხმარებლისათვის ქართულ ენაზე შედგენილი ანოტაციის მიწოდება ასევე სავალდებულო იქნება.
ფარმაცევტულ კომპანია „ავერსში“ აცხადებენ, რომ მათ ქსელში თითქმის ყველა მედიკამენტს ქართული ანოტაცია აქვს. რაც შეეხება დაშლას, „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე აცხადებს, რომ ეს ვალდებულება ამ შემთხვევაში ზედმეტია და ფარმაცევტული კომაპნიების ხარჯს გაზრდის.
ბრეგვაძის თქმით, მსგავსი მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან არ ყოფილა და რომ ყოფილიყო, კომპანიები ამას ისედაც გაითვალისწინებდნენ. გარდა ამისა, მისი თქმით, ამის საჭიროება დღეს არ დგას, რადგან მომხმარებელს ანოტაცია ინტერნეტ ქსელშიც შეუძლია მოძებნოს. დაშლის შემთხვევაში ანოტაციის ვალდებულება კი დამატებით რესურსებს მოითხოვს. გამოიწვევს თუ არა ხარჯის გაზრდა მედიკამენტებზე ფასების ზრდას, ამაზე ბრეგვაძე ამ ეტაპზე კომენტარს ვერ აკეთებს.
ფარმაცევტული კომპანიებისთვის ქართული ანოტაციის დავალდებულება დამატებით ხარჯთან რომ იქნება ასოცირებული, ამას კომპანია „ტონუსის“ (აფთიაქი „თათო“) დირექტორი ლელა კაციტაძეც და ადასტურებს. როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა, შეფუთვის დაშლა ქვეყნის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე გავრცელებული პრაქტიკაა. მომხმარებელთა დაახლოებით 98 პროცენტს არ აქვს იმის საშუალება, რომ მთლიანი ყუთი იყიდოს. შესაბამისად, დაშლის შემთხვევაში მათ ანოტაციის გასაცემად ხარჯი გაეზრდებათ, ეს კი კატასტროფა იქნება.
„ყველა დამატებითი ოპერაცია, რაც გულსხმობს დამატებით ადამიანური და მატერიალური რესურსების ჩართვას, პროდუქტებს აძვირებს“, - აცხადებს კაციტაძე.