რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება 25 წლის ვადით ფორმდება. მსგავს შეთანხმებას ოკუპირებულ აფხაზეთთან გასული წლის ნოემბერში მოეწერა ხელი. დოკუმენტი, რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონს შორის თითქმის ყველა სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. პოლიტოლოგი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ საქართველოს არანაირი რესურსი არ აქვს იმისა, რომ პოზა დაიჭიროს და შეწყვიტოს საუბრები ჟენევაში.
რამდენად ადეკვატურია ჩვენი საგარეო პოლიტიკა და ამ ვითარების საპირისპიროდ რა ქმედების განხორციელება შეუძლია საქართველოს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
ჟენევის დისკუსიების პარალელურად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმების გაფორმა, ეს არის დამთხვევა, თუ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რათა ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესი კიდევ უფრო გაართულოს?
- ნამდვილად, ეს არ იყო შემთხვევითობა. რუსეთმა ძალიან კარგად იცოდა როდის იყო ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი. უბრალოდ, პუტინს ამ დროს უნდოდა ხელის მოწერა და მორჩა. მას არ აინტერესებს ჟენევის მოლაპარაკების პარალელურად რა სირთულეს წარმოადგენს ეს პროცესი. თავისთავად, ეს არის ჟენევის პროცესის აბსოლუტური იგნორირება.
ბატონო კახა, ეს არის რუსეთის მხრიდან აღიარება იმისა, ხაზი გაუსვან ფაქტს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობასთან?
- რასაკვირველია. ხაზი გაესვა იმას, რომ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები ეს არის ორმხრივი თემა, რომელიც არავის არ ეხება, არავის არ აქვს უფლება ამაში ჩაერიოს და არანაირი პრესპექტივა, ამ თვალსაზრისით, ჟენევის მოლაპარაკებებს არ აქვს. დაემთხვა თუ სპეციალურად გაკეთდა, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ორივე შემთხვევაში ეს არის საქართველოს სახელმწიფო პოზიციის აბსოლუტური იგნორირება.
ამ ფონზე როგორ უნდა იქმედოს საქართველიომ, ანუ ჟენევის ფორმატზე უარის თქმა, არის გამოსავალი?
- საქართველოს არანაირი რესურსი არ აქვს იმისა, რომ პოზა დაიჭიროს და შეწყვიტოს საუბრები ჟენევაში. ეს არსად არ მიიყვანს საქართველოს. ის რაღაცა მორალური დაკმაყოფილება, რომელსაც მიიღებს იმითი, რომ ამ ფორმით გააპროტესტა ეს ფაქტი, ანუ შეწყვიტა ჟენევის მოლაპარაკება, ეს უკვე სხვა ძალიან ბევრ დანაკარგს მოიცავს. შეიძლება ეს რუსეთმა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და თქვას, რომ საქართველომ ჩაშალა ჟენევის მოლაპარაკება და ამიტომ, ჩვენ დიდი ხნით უარს ვამბობთ ჟენევის დისკუსიაზე.
ამ პროცესების პარალელურად რამდენად გვჭირდება ჩვენ უკვე ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი?
- ჟენევის ფორმატი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ გრძელვადიან პრესპექტივაში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის საკითხებში. ფორმატი შენარჩუნებული უნდა იყოს, რათა ყველას ახსოვდეს, რომ საქართველოსთვის წართმეული ტერიტორები სულაც არაა ბოლომდე წართმეული და, რომ არსებობს რაღაცა შანსი. ეს ჩვენთვის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია.
როდესაც მოვა ისტორიული მომენტი, რომლის შედეგად გაჩნდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კვლავ ინტეგრირების შანსი, თავისთავად, ეს ფორმატი დაგვეხმარება იმითი, რომ ქვეყანამ ეს საკითხი ამ დროის განმავლობაში აქტუალურად დატოვა. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, არ მივცეთ რუსეთს შესაძლებლობა ეს ფორმატი გააუქმოს. ფორმატის გაუქმება აწყობს რუსეთს, რადგან რამდენიმე წლის მერე აღმოჩნდება, რომ საერთაშორისო საზოგადოებას საერთოდ დაავიწყდა აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი.
ამის ფონზე რამდენად ადეკვატურია ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ამ ვითარების საპირისპიროდ რა ქმედების განხორციელება შეუძლია საქართველოს?
- საქართველოს ომის დაწყება არ შეუძლია. დავუშავთ და გაწყვიტოს სავაჭრო ურთიერთობები, რაც დღეს გვაქვს, ეს რამდენად აწყობს საქართველოს, ალბათ, მოსახლეობას უნდა ჰკითხონ. არ მგონია, რომ ასე უმტკივნეულოდ მოხდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა. დახურონ ნებისმიერი კონსულტაციები რუსეთთან, ეს რას მოგვცემს? რუსეთი გამონახავს მიზეზებს, რომ ისევ და ისევ, საქართველოს დააბრალოს ურთიერთობების გაუარესება, როგორც ამას აკეთებდა წინა წლებში.
იმის გამო, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულებას, საქართველო ევროპას ვერ მოსთხოვს სანქციების დაწესებას, რადგან ეს უპერსპექტივოა. ვიცით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს სანქციები არ დაუწესა არც ევროკავშირმა და არც ამერიკამ. პირიქით, საქართველოს დაუწესდა გარკვეული ტიპის სანქცია - შეეზღუდა იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა.
საერთაშორისო სიტუაცია ხელს არ უწყობს საქართველოს ჩაებას რუსეთთან ამ პროვოკაციებში. ამიტომ უნდა ვეცადოთ, საერთაშორისო ტრიბუნიდან ვაკეთებინოთ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რაც შეიძლება დიდხანს არ ცნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის განცხადებით, კრემლისთვის მიუღებელია საქართველოს ევროტლანტიკური მისწრაფება და სანამ ქვეყანა ამ კურსს არ შეიცვლის, მოსკოვისგან სხვა ნაბიჯებს მოსალოდნელი არ არის...
- ის ლაპარაკობს იმ რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს. არ ამბობს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოზე. ამბობს, რომ სანამ საქართველო უარს არ იტყვის ნატოზე და რუსეთს არ ჩაუვარდება მუხლებში, რუსეთი გააგრძელებს თავის აგრესიას. გინდაც უარი თქვას საქართველომ ნატოზე და მუხლებში ჩაუვარდეს რუსეთს, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს? - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს თავისი ნებით არავითარ შემთხვევაში არ დაუბრუნებს საქართველოს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად აიმხედრებს მთელს ჩრდილო კავკასიას.
ჩაუვარდები ფეხებში, მიგიღებს, თავზე ხელს გადაგისვამს, მაგრამ სინამდვილეში, არ მოგცემს იმას, რაც წაგართვა. ამიტომ, ჩვენ დაგვრჩა ფრთხილი, მაგრამ პრინციპული გეზი. ამავე დროს უნდა ვეცადოთ შინაგან კონსოლიდაციას. ქვეყანა შიგნიდან უნდა იყოს ძლიერი, ასეთ შემთხვევაში, მას აქვს შანსი, რომ გაატაროს თავისი პოლიტიკა.