პარლამენტმა დეპუტატთა შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ეკა ხერხეულიძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ნაციონალ ხერხეულიძეს 89 კანონმდებელმა ნდობა გამოუცხადა, მის წინააღმდეგ კი, სამი დეპუტატი წავიდა.
for.ge-ს ინფორაციით, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ ეკა ხერხეულიძის წინააღმდეგ რამდენიმე დეპუტატი გამოვიდა, მაგრამ დღის განმავლობაში, უმცირესობა-უმრავლესობას შორის გამართული პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად, კანონმდებელთა ნაწილმა პოზიცია შეიცვალა და ოპოზიციონერს ნდობა გამოუცხადეს, საკუთარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ კი, ლუკა კურტანიძე, ლერი ხაბელოვი და შოთა ხაბარელი არ წავიდნენ და მათ ხერხეულიძეს მწვანე შუქი არ აუნთეს.
ხაბარელი-ხაბელოვი-კურტანიძე საკუთარ პოზიციას გასულ წლებში, ხერხეულიძის საპარლამენტო საქმიანობას უკავშირებენ, თავად ხერხეულიძე კი, უმრავლესობის აღნიშნულ წევრთა გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მას „სამი მოჭიდავე დაუპირისპირდა“.
როგორც for.ge-ს ეკა ხერხეულიძემ განუცხადა, ის საქმიანობის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში აპირებს, რადგან თვლის, რომ ამ მხრივ, მას გამოცდილება აქვს.
„ალბათ, მუშაობას ამ კომიტეტში გავაგრძელებ. ეს სფერო თავის შინაარსით ძალიან დიდი გახლავს, მაგრამ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ადამიანის კუთხით არის, ჩემთვის საინტერესო იქნება. შეიძლება, ეს იყოს საპატიმროები, დაზარალებულების ინტერესები, მეანაბრეების პრობლემები, ოჯახური კონფლიქტი და ა.შ. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, ის ჩემი პრიორიტეტი იქნება“, - განაცხადა ხერხეულიძემ, რომელსაც for.ge-მ წინა მოწვევის პარლამენტში საქმიანობა შეახსენა და კითხვით მიმართა:
თქვენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი ადრეც იყავით, საპატიმროებში შედიოდით და ამბობდით, რომ იქ მშვიდი ვითარება იყო, თუმცა, 2012 წელს, გავრცელებულმა ციხის სკანდალურმა კადრებმა აჩვენა, რომ იქ კარგი ვითარება ნამდვილად არ იყო. შესაბამისად, ამ კომიტეტში საქმიანობის გაგრძელება, უხერხულობას არ შეგიქმნით?
ხერხეულიძემ ჩვენი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის, რაც საზოგადოებამ ნახა, რეალობის სრულ სურათს არ ასახავდა.
„ამ კადრებიდან, რა გამოიკვეთა? ის რაც თქვენ ნახეთ, რეალობის სრულ სურათს არ ასახავდა. იქ იყო სიმართლის დეტალებიც და მნიშვნელოვანწილად, ამან ჩვენი საზოგადოება დააზარალა, მაგრამ ძალიან ბევრ რამეზე პირადად მე ეჭვი მეპარება, რადგან როცა მე საპატიმროში შევდიოდი, ვითარება, რაც იქ მხვდებოდა საგანგაშო არ იყო. საგანგაშო შემთხვევაში რეაგირებას ვითხოვდი და ადეკვატური რეაქციები მქონდა როგორც ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაში, ასევე შეწყალების კომისიაში. ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემა, რომელიც ჩემთან ფიქსირდებოდა, არასოდეს დამიმალავს“, - განაცხადა ხერხეულიძემ.
ამასთანავე, ხერხეულიძე უმრავლესობის წევრების - კურტანიძის, ხაბარელისა და ხაბელოვის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ოპოზიციური მხრიდან ლუკა კურტანიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას სრული მხარდაჭერა ჰქონდა.
„იმედია, ეს შეცდომა ლევან თარხნიშვილის შემთხვევაში არ განმეორდება და ეს მათ უნდა გამოასწორონ, რადგან უბრალოდ დაუშვებელია, რომ ადგილმონაცვლე დეპუტატის უფლებამოსილება ეჭქვეშ დააყენო. ვინც არ უნდა იყოს, მის უფლებმოსილებას ყოველთვის ვცნობ და თავს არასოდეს არ შევიკავებ. ჩემს წინააღმდეგ ხმა სამმა მოჭიდავემ მისცა. მოჭიდავეებს ჩემი საწინააღმდეგო რა აქვთ, არც ვიცი და არც მაინტერესებს“, - განაცხადა ხერხეულიძემ, რომელსაც შოთა ხაბარელი განუმარტავს, თუ რატომ არ დაუჭირა მას მხარი.
for.ge-სთან საუბარში ხაბარელი აცხადებს, რომ ხერხეულიძე ძალიან აგრესიულია და მას ძალიან არადეკვატური რიტორიკა აქვს.
„მაგ ადამიანის მიმართ ჩემი შეხედულება მაქვს. ის ძალიან აგრესიულია და მას ძალიან არადეკვატური რიტორიკა აქვს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. პოლიტიკაშიც არ ვიყავი, როდესაც მის გამოსვლებს ვუყურებდი და ნერვებზე ვიშლებოდი. მას ხმას არასოდეს მივცემდი, თუნდაც ეს კონსტიტუციური დარღვევა იყოს, რადგან ჩემს მორალთან მართალი ვარ“, - აცხადებს ხაბარელი, რომლის პოზიციას იზიარებს მისი თანაგუნდელი ლერი ხაბელოვი.
როგორც for.ge-ს ხაბელოვმა განუცხადა, ის ხერხეულიძეს ნდობა არ გამოუცხადებდა.
„ხერხეულიძის შეფასებებიდან გამომდინარე, მის მიმართ სხვაგვარი განწყობა მაქვს და ხმა არ მივეცი. თავიდანვე ვთქვი, რომ მას ნდობას არ გამოვუცხადებდი“, - დასძენს ხაბელოვი, რომლის პოზიციაზეა ლუკა კურტანიძე.
for.ge-სთან საუბარში კურტანიძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ ეროვნულ მოძრაობაში ხერხეულიძის ყოფნა არ უნდა დაივიწყოს, მაგრამ ის მოგვიანებით, ე.წ. სააკაშვილის გვერდით აღმოჩნდა.
„ხერხეულიძე ეროვნულ ღირებულებებს პატივს სცემდა და ეროვნული ღირებულებებით იბრძოდა, მაგრამ შემდეგ, ე.წ. სააკაშვილის გვერდით აღმოჩნდა და მას გააფთრებით იცავდა. 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევისას, ხერხეულიძე ხელისუფლების გულმხურვალე მხარდამჭერი იყო და ლუკა კურტანიძე ქალბატონი ეკას გულმხურვალე მხარდამჭერი ვერასოდეს ვერ იქნება, სანამ ის იმ შეცდომებისთვის, ბოდიშს არ მოიხდის, რომელიც მათ ქართველი ერის წინაშე ჩაიდინეს“, - განაცხადა კურტანიძემ.
კანონმდებელის მტკიცებით, მას არავის ტკივილი არ უხარია, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს.
„მათ გადაცდომები ჰქონდათ და ამაზე პასუხი უნდა აგონ არა იმიტომ, რომ ისინი დავსაჯოთ, არამედ იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები არცერთმა ხელისუფლებამ არ დაუშვას. არავის ტკივილი არ მიხარია, მაგრამ რადიკალური ვარ, რომ მათ ბოდიში უნდა მოიხადონ“, - დასძინა კურტანიძემ.
მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ეკა ხერხეულიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი მართლაც იყო,მაგრამ საზოგადოებას მის მიერ დაცული ადამიანები ნაკლებად ახსოვს, რადგან ხშირ შემთხვევაში, ხერხეულიძე სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზეც კი არ რეაგირებდა.