საქართველოს ტერიტორიების ანექსია გრძელდება

საქართველოს ტერიტორიების ანექსია გრძელდება

ჟენევის დისკუსიების პარალელურად, კრემლმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმება გააფორმა. ქართული მხარე თვლის, რომ ეს არ არის დამთხვევა, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ ჟენევის მოლაპარაკებები კიდევ უფრო გაართულოს.

მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ლეონიდ თიბილოვმა ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში მოაწერეს. რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება 25 წლის ვადით გაფორმდა.

როგორც ცნობილია, დოკუმენტის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია 11 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა, იგი ვლადიმერ პუტინის უცნაური გაუჩინარების გამო გადაიდო. კრემლმა თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმება უკვე გააფორმა სოხუმთან. „ხელშეკრულების“ პროექტის თანახმად, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და ძალოვანი სტურუქტურები უნდა გაერთიანდეს. 

რუსეთის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ყველა საერთაშორისო ვალდებულების აღიარების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის პოლიტიკის აღსაკვეთად, მათ შორის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გზით.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთი სერიოზულ ფასს იხდის თავისი აგრესიული ნაბიჯებისთვის. აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებას ვერც სამართლებრივად და ვერც ფაქტობრივად ვერ შეირგებს.

„სამართლებლივი თვალსაზრისით ე.წ. ახალ შეთანხმებას არანაირი ძალა არ აქვს, არავინ აპირებს აღიაროს. დღეს სხვა ვითარებაა. თუ ადრე ასეთი დესტრუქციული ქმედებების გამო რუსეთი დასავლეთის მხრიდან იღებდა კრიტიკას, ახლა რუსეთი იმყოფება ეკონომიკური სანქციების პირობებში და ეს სანქციები, რომელიც მას დასავლეთმა დაუწესა, საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს რუსეთზე. ამგვარად, რუსეთი სერიოზულ ფასს იხდის თავისი აგრესიული ნაბიჯებისთვის“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

რუსეთსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინი, რომლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონს - სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ შეთანხმების გაფორმება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

„ამას გარდა, დოკუმენტის ხელმოწერა ჟენევის 31-ე რაუნდის დღეს ქმნის ისეთ პირობებს, რომელიც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისთვის კონსტრუქციულ გარემოს არ ქმნის. რუსეთის მიერ როგორც სამხრეთ ოსეთთან, ასევე აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას და იმ ვალდებულებებს, რაც რუსეთმა საერთაშორისო დონეზე აიღო, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებებს. 

ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეებს გააგრძელონ პროგრესისთვის მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, - აღნიშნულია ევროკომისრის განცხადებაში. 

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ გაფორმებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, მოინახოს ვითარების დარეგულირებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გონივრული გზები, რუსეთის ფედერაცია დესტრუქციული ქმედებებით პასუხობს.

საქართველოს პირველი პირი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააერთიანოს ძალისხმევა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსიის აღსაკვეთად და რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების შესაჩერებლად, რომელიც უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს.

„ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთის უშუალო მეზობელ ქვეყნებს, არამედ საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ამძიმებს ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას და იგი ანექსიის ხარისხში გადაჰყავს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

კრემლმში დღეს გაფორმებულ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას“ ბათილად და იურიდიული ძალის არმქონე ხელშეკრულებად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე.

„ამაზე ცივილიზებული მსოფლიო შეთანხმებულია. ამასობაში ეს არის აგრესიული ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. ამაზეც არაერთხელ განვაცხადეთ. ამიტომ ხვალ მოაწერენ ხელს, მაზეგ თუ ერთი კვირის წინ მოაწერდნენ, ამით არაფერი იცვლება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა დემოკრატიული ქვეყნის მთავრობაში ამის თაობაზე ჩვენგან ინფორმაცია მიტანილია. მათ გამოხატული აქვთ პოზიციები“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

„ფართოდ უნდა გავხსნათ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი, ორმხრივი ურთიერთობის ყველა შესაძლებობა“, - თავდაცვის ყოფილი მინისტრი თვლის, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რითაც საქართველომ რუსეთის მიერ ცხინვალთან ე.წ. მოკავშირეობის შეთანხმების გაფორმებას უნდა უპასუხოს. ირკლი ალასანიას განმარტებით, თავად ოკუპირებულ რეგიონებშიც კარგად ხედავენ, რომ ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ რუსეთთან მათი ასიმილაცია მიმდინარეობს. 

„პირველ რიგში, გასაკეთებელია ის, რომ ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეფასება უნდა მისცეს რუსეთის ამ ნაბიჯს. ასევე მნიშვნელოვანია ეს რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ურთიერთობებში, იგივე აბაშიძე-კარასინის ფორმატში აისახოს. მესამე რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა ის, რომ ფართოდ გავხსნათ ყველა შესაძლებობა აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი ორმხრივი ურთიერთობების. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ოკუპაცია-ანექსიის შედეგად პრაქტიკულად მიმდინარეობს რუსეთთან მათი ასიმილაცია. ეს მათ ინტერესებში არ შედის, ამიტომ ჩვენ არაფორმალური თუ სახალხო დიპლომატიის გზით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათთან ორმხრივი ურთიერთობები გავაღრმავოთ და დავანახოთ, რომ ევროპაში ჩვენთან ერთად მათი მომავალი ბევრად მეტად პერსპექტიულია, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ“, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი თვლის, რომ ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება მოსკოვის მხრიდან თბილისისადმი გადაგმული კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯია. 

„ეს კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც მოსალოდნელი იყო. თუმცა, საქართველოს მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ამ დოკუმენტს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. საერთაშორისო სამართალი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავისი სუვერენიტეტის საზღვრებში ცნობს, რაც დადასტურებულია გაერო-ს რეზოლუციებით, აქედან გამომდინარე, ამას არ ექნება სამართლებრივად არანაირი შედეგი“, - განმარტა ირაკლი ალასანიამ.