„საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის გეოპოლიტიკურმა სამკუთხედმა მეორე სამკუთხედი უნდა დააბალანსოს“

„საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის გეოპოლიტიკურმა სამკუთხედმა მეორე სამკუთხედი უნდა დააბალანსოს“

რატომ არის ღირებული საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის გეოპოლიტიკური სამკუთხედის არსებობა?! ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge-ს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ესაუბრა.

- ეს გეოპოლიტიკური სამკუთხედი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცნაირად დააბალანსოს მეორე სამკუთხედი, რომელიც, ასევე, არსებობს კავკასიაში რუსეთის, სომხეთისა და ირანის სახით. ეს არის ორი რეალური სამკუთხედი, რომელიც მეტ-ნაკლებად აბალანსებს ერთმანეთს. პლუს ამას, საქართველოს რუსეთთან აქვს კონფლიქტური ურთიერთობები, ამიტომ საჭიროა, უახლოეს მეზობლებთან მჭიდრო ურთიერთობა. საერთო პრაგმატული მიზნები განაპირობებს აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამმხრივ კავშირს. ეს გულისხმობს სეპარატისტული მოძრაობების წინააღმდეგ საერთო ფრონტსაც. აზერბაიჯანსაც ზუსტად იგივე სიტუაცია აქვს, მასაც აწუხებს ეს პრობლემა. ამას ემატება ეკონომიკური კავშირები, ენერგოპროექტები (ბაქო-ჯეიჰანი და სხვა), რამაც სამი ქვეყნის საერთო ინტერესები კიდევ უფრო შეადუღაბა. ამას ემატება ისიც, რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და, აქედან გამომდინარე, ჩვენს რეგიონში განიხილება როგორც ნატოს ინტერესთა გამტარებელი. ამიტომ, ეს ურთიერთობები პრაგმატული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ ბევრს ეს ვერც წარმოედგინა. ყველა ფიქრობდა, რელიგიური განსხვავებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლებოდა, საქართველოს კარგი სტრატეგიული ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა აზერბაიჯან-თურქეთთან, თუმცა პრაგმატულმა ინტერესებმა ეს მოიტანა.

ჩვენი ურთიერთობები ხომ არ გააღიზიანებს სომხეთს, რუსეთსა და ირანს?

- რა თქმა უნდა, ზოგადად, სომხეთისა და რუსეთისთვის ეს დიდად სასიამოვნო არ არის, განსაკუთრებით - სომხეთისთვის, მაგრამ სომხებმა იციან, რომ არც საქართველოს მოსწონს მათი ურთიერთობა რუსეთთან. იმავე სამხედრო ბაზების არსებობა სომხეთში სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა, ყველა სახელმწიფო თვითონ იღებს საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე ვალდებულებას. სომხები და ქართველები მაინც ახერხებენ პრაგმატულად შეხედონ ამ საკითხებს. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებები ისე ახერხებდნენ სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცებას აზერბაიჯანთან, რომ არ გაეუარესებინათ ურთიერთობა სომხეთთან, რაც დიდი მიღწევაა.

თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს სომხეთი, რომელსაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ისე აშშ-სა და ნატოსთან. საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამმხრივი სამკუთხედი ხომ არ დაანგრევს მითს სომხეთის .. ნეიტრალიტეტის შესახებ? სინამდვილეში, სომხეთი რუსეთისთვის ბევრად უფრო ახლობელი არ არის?

- ჩვენი სამკუთხედი უფრო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმაა. საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ რუსული დიპლომატია განსაკუთრებით ცდილობდა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის იზოლაციაში მოქცეულიყო, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, იზოლირებული არ ვყოფილიყავით რეგიონში და აზერბაიჯან-თურქეთთან მჭიდრო კავშირები გვჭირდებოდა. ეს მეტ-ნაკლებად მოახერხა საქართველომ. ცხადია, ეს სამმხრივი პლატფორმა ვერ შეცვლის იმ პლატფორმებს, იმავე ნატოსა და ევროკავშირის უსაფრთხოების სტრუქტურებს, რომლისკენაც მიისწრაფის საქართველო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი ასოცირებული წევრია, ისევე, როგორც ჩვენ, ოღონდ ის დიდი ხნის განმავლობაში არის ევროკავშირთან, ასევე, არის ნატოს წევრი. აზერბაიჯანს ასეთი ამბიცია, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, არ აქვს. ისინი არ განიხილავენ ევროკავშირს, როგორც მომავალს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბახის პრობლემაც აბრკოლებს და მათ კიდევ აქვთ იმედი, რომ რუსეთი რაღაცას გააკეთებს ყარაბახის დაბრუნების თვალსაზრისით?

- ძირითადად, ეს არის შიდა პოლიტიკური ვითარება. აზერბაიჯანში ხელისუფლება მამიდან შვილს გადაეცემა, რაც დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. აზერბაიჯანი არ არის დემოკრატიის ოაზისი. ეს ართულებს ურთიერთობას ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. თუმცა, იმის გამო, რომ მათ გააჩნიათ ნავთობი, ევროკავშირი იძულებულია, მათთან პრაგმატული ურთიერთობა შეინარჩუნოს. მთიან ყარაბახთან დაკავშირებით, აზერბაიჯანს აქვს ასეთი პოზიცია, მათ იციან, რომ რუსეთი პოტენციურად მოიაზრება, როგორც სომხეთის მოკავშირე, მაგრამ აზერბაიჯანი მაინც ცდილობს, ბალანსირება მოახდინოს და რუსეთი მათ წინააღმდეგ არ განაწყოს. აქედან გამომდინარე, რუსეთი ახერხებს ორი კურდღლის დაჭერას, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა რამდენიმე მილიონიანი შეიარაღება მიაწოდა აზერბაიჯანს და, ამავე დროს, სომხეთსაც უფასოდ აწვდის იარაღს. ანუ, რუსეთის ინტერესებშია ამ კონფლიქტის გაყინვა, რათა შეინარჩუნოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში. მართალია, აზერბაიჯან-საქართველოს ინტერესები ბევრ რამეში ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ არის სერიოზული პრობლემაც - საზღვრების დემილიტარიზაცია, მხოლოდ 65%-მდეა საზღვრის დემილიტარიზაცია და ეს პროცესი დასამთავრებელია. ერთადერთი საფრთხე ჩვენს შორის ეს შეიძლება იყოს, რადგან დრო და დრო პრობლემებია დავით გარეჯთან მიმართებით.

არის კიდევ უმცირესობებთან დაკავშირებით ენის პრობლემა, აზერბაიჯანული მხარე ღიზიანდება ამ თემით. დანარჩენი, მთლიანობაში, ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და საჭიროა ამ ურთიერთობის გარღმავება. შესაძლოა, რომელიმე მხარეს, თუნდაც აზერბაიჯანელებს მოეჩვენოთ, რომ საქართველო უფრო მეტად მათზე არის ენერგოდამოკიდებული, ასევე, საქართველოშიც ჰგონიათ, რომ ჩვენ უფრო მნიშვნელოვანნი ვართ აზერბაიჯანისთვის, როგორც ტრანზიტული ქვეყანა. ორივე მხრიდან არსებობს ცდუნება, რომ საკუთარი ქვეყანა პრიორიტეტულად მიიჩნიონ. ეს უნდა დაიძლიოს, რადგან რეალურად, ორივე ქვეყანა ურთიერთდამოკიდებულია და მათ ვიწრო ინტერესებს უნდა გადააბიჯონ.

ის, რომ ამ სამკუთხედის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის რეგიონალური (და არა -დასავლეთისგან მოზიდული) თანხები იხარჯება, მეტ დამოუკიდელობას უზრუნველყოფს?

- რკინიზგის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთისკენ მიემართება და მალე დასრულდება, რეალურად, განხორციელდა მინიმალური თანხით, ანუ აზერბაიჯანმა ასესხა საქართველოს და ეს მოხდა ადგილობრივი ძალებით. ასეთი ტიპის პროექტები ქმნის ალტერნატიულ სატრანსპორტო კორიდორებს და ეს აუცილებელია უსაფრთხოებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი მაინცდამაინც ერთ სატრანსპორტო კორიდორზე.

ჩეჩნეთის ამჟამინდელი რეჟიმი რუსეთის მიმართ ლოიალურადაა განწყობილი. არადა, ილია ჭავჭავაძის იდეა იყო ჩრდილო კავკასიისა და საქართველოს გაერთიანება. ამ თვალსაზრისით, მომავალში მოსალოდნელია ამ სამკუთხედის გაფართოება? სამკუთხედი ხომ არ გადაიქცევა ოთხკუთხედად და ხომ არ დაიტვირთება სხვა წევრების მიერთებით?

- ეს ცოტა რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილო კავკასია ჯერჯერობით რუსეთის ნაწილია. ამიტომ თურქეთი და აზერბაიჯანი ძალიან ფრთხილობენ ჩრდილო კავკასიასთან მიმართებით. ჯერჯერობით, ეს იდეა პროვოკაციულად ჟღერს, მაგრამ მომავალში არავინ იცის, რა მოხდება.

აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთის რკინიგზის გახსნა რა საფრთხეს შეიცავს ჩვენთვის?
- ჩემი აზრით, ეს ძალიან სახიფათო პროექტია, რადგან მას იმდენად ეკონომიკური მოგება არ მოაქვს, რამდენადაც - საფრთხე, სამხედრო თვალსაზრისით. ამ რკინიგზის ძირითადი ფუნქცია იქნება, რაღაცნაირად, რუსეთს კავშირი ჰქონდეს გიუმრის სამხედრო ბაზასთან და შემდეგ ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ირანთან. ეს გეოპოლიტიკური პროექტი, პირველ რიგში, აწყობს სომხეთს და მერე - რუსეთს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ დატვირთული პორტები, ანუ ეს რკინიგზა ნაწილობრივ ამ პორტებსაც გაუწევს კონკურენციას. ეს პროექტი საქართველოსთვის მაშინ შეიძლება იყოს მისაღები, თუ რაღაცნაირად დაკმაყოფილდება საქართველოს ინტერესი სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით, ანუ ფორმალურად თუ არაფორმალურად, ეს გახდება რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების ნაწილი და რუსეთი წამოვა დათმობაზე.

დაღესტნის გზა? ესეც უპერსპექტივოა ჩვენთვის?

- ისტორიულად, გვახსოვს ლეკიანობა. ჩრდილო კავკასიაში შექმნილი სიტუაციის გამო დაღესტნის გზა უფრო სახიფათოა, რადგან საქართველოს რეალურად არაფერს არ აძლევს, უბრალოდ, ეს სჭირდებათ ადგილობრივ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. ასევე, არსებობს მეორე პროექტი, რომ კოდორის ხეობიდან აფხაზეთი დაუკავშირდეს ჩრდილო კავკასიას, მაგრამ თვითონ აფხაზები არიან ამის წინააღმდეგნი. ეს რომ კარგი ყოფილიყო, აფხაზები ჩრდილოკავკასიას ხომ დაუკავშირდებოდნენ? მით უმეტეს, ჩვენ არ ვიცით, ამ რეგიონის მომავალი როგორი იქნება.

აფხაზეთში არსებობს თურქული ინტერესი. მოჰაჯირობიდან გამომდინარე, მათ აქვთ ისტორიული კავშირები. აფხაზეთში პერიოდულად ჩადიან თურქი ჟურნალისტები, დეპუტატები. ხომ არ თამაშობს თურქეთი ორმაგ თამაშს და ხომ არ ცდილობს დაახლოებას რუსეთთან?

- რა თქმა უნდა, თურქეთი ორმაგ თამაშს თამაშობს, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ, ამავე დროს, მას აქვს საკუთარი ინტერესები აფხაზეთში, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომ საჭიროა ბალანსირება. თურქეთის გაუცხოება ამის გამო არ შეგვიძლია, თუმცა იყო რამდენიმე ინციდენტი გემებთან დაკავშირებით. მთლიანობაში, რამდენიმე ფაქტორია გამაღიზიანებელი თურქეთთან მიმართებით. ერთი, ეს არის აფხაზეთთან მიმართებით...

ტაო-კლარჯეთის საკითხი?
- ისტორიულ საკითხს არ ვგულისხმობ, არამედ ვგულისხმობ ვაჭრობის თემას თურქეთსა და აფხაზებს შორის, თურქი ბიზნესმენების ინვესტიციები ხორციელდება საქართველოს გვერდის ავლით, ასევე, პრობლემატურია რუსულ-თურქული ურთიერთობები. 2008 წელს თურქეთის ხელისუფლებამ ორმაგი სტანდარტით იხელმძღვანელა, ის არ აძლევდა უფლებას, შემოსულიყო აშშ-ის სამხედრო ფლოტი, მთელი ერთი თვე აყურყუტეს ეს ფლოტი. მაშინ თურქეთი მონროს კონვენციას იშველიებდა, რომლის თანახმად, შავი ზღვის არაწევრი ქვეყნების სამხედრო გემების შესვლაზე შეზღუდვაა დაწესებული. თურქეთმა ეს გამოიყენა რუსეთთან ურთიერთობის სასარგებლოდ, რათა არ დაეძაბა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა. ამ შემთხვევაში, ჩვენს წინაშე დგება თურქეთისადმი ნდობის საკითხი. უნდა ენდოს საქართველო ბოლომდე თურქეთს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომლის ინტერესებიც რაღაცაში ემთხვევა საქართველოს ინტერესს და რაღაცაში არ ემთხვევა?!