„თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“ გახდა. ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდი უწყებაში დეპარტამენტის მიზნებზე სასაუბროდ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს იბარებს, „ქართული ოცნება“ კი, მათ დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ნადარეიშვილის მოსმენას სთავაზობს.
პოლიტიკურ მხარეებს შორის დაპირისპირების მეორე მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლების მოსმენის ფორმატია. „თავისუფალი დემოკრატები“ რეგლამენტის შესაბამისად, გიორგი ბადაშვილის მოსმენას პლენარულ სხდომაზე ითხოვენ, „ქართული ოცნება“ ძალოვანების მასპინძლობას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში ამჯობინებს, გადაწყვეტილება კი, მიღებული პარლამენტის უახლოეს პლენარულს სხდომაზე იქნება.
უმრავლესობა ოპოზიციის მოთხოვნას მხარს დაუჭერს თუ არა, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გიორგი ბადაშვილს რვა კითხვით უკვე მიმართეს. კერძოდ, ყოფილი სახელისუფლებო პარტია ინტერესდება, დეპარტამენტი რა კომპეტენციის ფარგლებში, როგორი წესით, რა სტანდარტებით და კრიტერიუმებით იმოქმედებს და მისი საქმიანობა რამდენად ეფექტური იქნება სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.
როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ განუცხადა, ახალი დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა, თუმცა, მისი გეგმების თაობაზე მწირი ინფორმაცია გაჟღერდა და თუკი დეპარტამენტის საქმიანობა მკაფიოდ რეგლამენტირებული და გამჭვირვალე არ იქნება, მის მიმართ საზოგადოებაში ნდობაც არ იქნება.
შავგულიძე ინტერესდება, არსებობს თუ არა დეპარტამენტის სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრება სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების კომპეტენცია და წესი.
„ასევე მაინტერესებს, დეპარტამენტი გამოიძიებს თუ არა სამართალწარმოების პროცესში, საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი იმ სამართალდარღვევების ფაქტებს, რომლებიც უკავშირდება სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებებით დასრულებულ საქმეს, თუ დეპარტამენტი შემოიფარგლება საჩივარ-განცხადებაში მითითებულ მხოლოდ იმ ფაქტებზე რეაგირებით, რომლებიც არ არის დაავშირებული შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან? ამას გარდა, ვინტერესდები, როგორ ხედავს პროკურატურა სამართლიანობის აღდგენისა და უკანონოდ ჩამორთმეული, კანონიერი გზით მოპოვებული ქონების პირისთვის უკან დაბრუნების პროცესს? ასევე, ვინაიდან, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების პირისთვის დაბრუნება დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯებთან იქნება, საინტერესოა, შეთანხმებულია თუ არა ეს საკითხი მთავრობასთან?“, - აცხადებს შავგულიძე.
კანონმდებელის შეფასებით, თუკი დეპარტამენტის მიმართ უნდობლობა გაჩნდა, ეს სამართლიანობის აღდგენის მიზანს კი არ მოემსახურება, არამედ პირიქით, ახალი უსამართლობის განცდას გააჩენს.
„პარლამენტს პროკურატურის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება ევალება. პარლამენტს სამართლიანობის აღდგენის საკითხზე პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან ეს კოალიციის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. კითხვებზე პასუხის გაცემას ყოველგვარი ჩასაფრების და პოლიტიკური განზრახვის გარეშე ვითხოვთ“, - აცხადებს კანონმდებელი.
შავგულიძის განმარტებით, უწყებაში გიორგი ბადაშვილი უნდა გამოცხადდეს, რასაც მას რეგლამენტი ავალდებულებს.
„პარლამენტში მთავარი პროკურორის მოსვლა უკეთესი იქნება, როცა სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი. არ შეიძლება, რომ პროკურატურამ პარლამენტში მოსვლას თავი აარიდოს. სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას მივესალმებით, მაგრამ ისეთი შეცდომა არ უნდა დაუშვან, რომელიც ამ მიზანს ემსახურება. ეს ნაბიჯები ნამდვილად სამართლიანობის აღდგენას უნდა მოემსახუროს და არა ქონების გადანაწილებას“, - დასძინა შავგულიძემ, რომლის პოზიციას იზიარებს მისი თანაგუნდელი ნინო გოგუაძე.
for.ge-სთან საუბარში გოგუაძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტი თავის თავს პატივს სცემს და ამ დეპარტამენტში ყველაფერი გამართულია, მაშინ უწყებაში მთავარი პროკურორი უნდა მივიდეს. გოგუაძის მოსაზრებით, უმრავლესობის წევრები პროკურორს ეფარებიან და ოპოზიციას მისი მოსმენის სხვა ფორმატს სთავაზობენ.
„არის საკითხები, რომლებიც თვითონაც აინტერესებთ და ხედავენ, რომ ეს თემები მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ უმრავლესობის წევრები პროკურორს და მთავრობას იმ წუთშივე ეფარებიან, როგორც კი, მათ პარლამენტში მოსვლას მოითხოვ. მმართველი ძალა სხვა ფორმატს სწორედ იმიტომ გვთავაზობს, რომ მათ არ იციან, აქვთ თუ არა უფლება, გაბედონ და პარლამენტში ეს პირები მოიწვიონ“, - აცხადებს გოგუაძე, რომელსაც ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პასუხობს. დეპუტატი ამბობს, რომ სამართალდამცავების მოსმენა კომიტეტის ფარგლებშიც შეიძლება, რადგან ეს ფორმატი უფრო მუშა პროცესია.
როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, ოპოზიციას ახალი დეპარტამენტის დეტალებთან დაკავშირებით, კითხვები აქვს და ეს კონკრეტულ საქმეებს არ ეხება. მისი თქმით, საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.
„შეგვეძლო, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელებისთვის კომიტეტის ფორმატში, სამუშაო ატმოსფეროში მოგვესმინა, თუ ეს პოლიტიკური ქულების ჩაწერას არ უკავშირდება, რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორიცხული არ არის“, - აცხადებს კობახიძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას მიესალმება და ამბობს, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა საინტერესოა როგორც პარლამენტისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.
for.ge-სთან საუბარში ხმალაძე ამბობს, რომ კითხვები, რომლებიც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დასვეს, საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს ეხება, რომელიც წინა წლებში, სისხლის სამართლის საპროცესო დარღვევებით იყო გამოწვეული.
„ეს უკავშირდება სახელმწიფოსთვის „ნაჩუქარ“ ქონებას, სხვა პირებისთვის „ნაჩუქარ“ ქონებას, თუ სხვა საკითხებს. „ჩუქებები“ იძულებით და მუქარით ხდებოდა, დაზარალებული პირები კი, სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ. პროკურტურაში დეპარტამენტი შეიქმნა, რომელმაც სწორედ ასეთი საქმეები უნდა გამოიძიოს. კითხვები წარმოიშვება, რომელზეც პარლამენტსა და საზოგადოებას პასუხები აინტერესებთ“, - აცხადებს დეპუტატი.
ხმალაძე ინტერესდება, დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში, რა სახის საქმეები იქნება შესწავლილი, როგორ იქნება შესწავლილი და როგორი იქნება ვითარება იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პირისთვის ქონების გადაცემა მოხდა, ან პირიქით.
„კითხვებზე პასუხის გაცემა საინტერესოა, რათა ხომ არ არის შესაძლებელი, რომ რაღაც დაიხვეწოს და უფრო უკეთესი შედეგი მივიღოთ?! პირადად მე მიმაჩნია, რომ ამით საქმე შეიძლება უკეთესად გამოვიდეს, გაურესების რაიმე მიზეზს კი, ვერ ვხედავ“, - დასძენს ხმალაძე.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, როგორც for.ge-სთან საუბარში მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, პროკურატურა მთავრობის ხელში პოლიტიკური იარაღია, რომელსაც ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ.
დეპუტატის თქმით, პროკურატურის მიერ შეთითხნილია რამდენიმე საქმე და ამას საერთაშორისო საზოგადოება ამბობს.
„ამაზე საუბრობენ ევროპარლამენტში, ევროსაბჭოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც შეშფოთებას გამოხატავენ. მთავრობა პროკურატურის ხელით პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლას ახორიცელებს და ამის მაგალითია ბაჩო ახალაიასა და გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილი წინასწარი პატიმრობები“, - განაცხადა მაჭავარიანმა, რომლის ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჩადენილი უკანონო ფაქტების შესწავლას გეგმავს პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი.