ქვეყნის სავალუტო კრიზისიდან გამოსაყვანად მთავრობას სამნაწილიანი გეგმა გააჩნია: მოკლევადიანი, რომელიც 2015 წლის მარტ-ივნისის პერიოდს მოიცავს; საშუალოვადიანი, რომელიც გათვლილია წლის ბოლომდე და გრძელვადიანი - 2015-17 წლებისთვის. აქედან პირველი ეტაპის ამოქმედება უკვე დაწყებულია, მაგრამ საკითხავია საერთოდ გაამართლებს თუ არა სასწრაფო წესით შემუშავებული გეგმა?
მთავრობა მოკლე ვადაში დაჩქარებულ პრივატიზაციას შეუდგა. ასევე ტურიზმის წახალისებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა უწყებებისგან ხარჯების ეკონომიასთან დაკავშირებით მიღებულ მონაცემებზე ახლაც მუშაობს. ნოდარ ხადურის თქმით, თავად ფინანსთა სამინისტრო წელს საკმაოდ ბევრი მიმართულებით დაზოგავს თანხებს.
„16 მარტს დასრულდა სამინისტროებისგან ინფორმაციების მიღება, მიმდინარეობს აღნიშნული მონაცემების დამუშავება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარიანტი, ასევე სამინისტროების მიერ წარმოდგენილი ვარიანტები. ვაგრძელებთ კომუნიკაციას. როგორც კი გაკეთდება საბოლოო გათვლები, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შემცირება არ შეეხება. დღესდღეობით მხოლოდ მარტში, გადასახადებიდან მობილიზებულია 300 მილიონ ლარზე მეტი. ასე რომ, ჩვენ ვაკვირდებით როგორი იქნება შემოსავლების დინამიკა და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ძირეული ანალიზის საფუძველზე მივიღებთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მთავრობა 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებასაც აპირებს. ახალ ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-ის ნაცვლად, 2% იქნება და ამ მაჩვენებლის მიხედვით დაკორექტირდება ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებიც.
მიმდინარეობს მუშაობა რეგიონების სამოქმედო გეგმაზე. შემუშავებულია რამდენიმეწლიანი პროგრამა, სადაც უკვე გაწერილია ყოველწლიურად სხვადასხვა დარგებისა და სფეროების მიმართულებით, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს იქნება სოფლის მეურნეობის სფერო, ტურიზმის მიმართულება, ენერგეტიკის, ასევე კულტურის თუ სოციალური სფეროები.
სპეციალისტები მთავრობის ნაგვიანებ გამოფხიზლებას ეჭვის თვალით უცქერიან.
ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ ავადმყოფს მაშინ უნდა შველა, როცა დაავადების სიმპტომები გამოჩნდა. ჩვენ კი ეკონომიკის მკურნალობას მას შემდეგ ვიწყებთ, რაც დაავადება მწვავე ფორმებში გადაიზარდა.
„აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა არის სამთავრობო პოლიტიკის მიზანი - ის, რომ ლარი დოლარის მიმართ ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს, თუ ის, რომ ლარის შემდგომი გაუფასურება გაჩერდეს? „ქამრების შემოჭერა“ ეკონომიკაში ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. საბიუჯეტო სახსრების უფრო ხელმომჭირნედ ხარჯვა და ამ ფულის ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადატანა მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოგვცემს. საბიუჯეტო სახსრები ლარშია და რა მიმართულებითაც უნდა დაიხარჯოს, ლარი-დოლარის თანაფარდობაზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს.
მოკლევადიან პერსპექტივაში, საქართველოს ეკონომიკის რეანიმირების ბერკეტი აქვს ეროვნულ ბანკს, რომელიც ამისთვის არაფერს აკეთებს. პირიქით, გასულ კვირას 900 მილიონი ლარის მოცულობის სესხი გასცა იმ პირობებში, როცა ლარი განიცდის დევალვაციას. აქედან 200 მილიონი მუდმივმოქმედი სესხია, რაც ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკაში ლარის მოცულობა კიდევ 200 მილიონით გაზარდა.
2 კვირის წინ ლარი შედარებით გამყარდა, როცა ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,30 ლარიდან ჩამოვიდა 2,10 ლარზე, შემდეგ ისევ დაიწყო გაუფასურება და ეს იმ 200 მილიონი ლარის დამსახურება იყო. ეროვნული ბანკი თავისი ხელმძღვანელობით დღეს არის ოპოზიციაში ხელისუფლებასთან და მისი ყოველი ნაბიჯი ცხადყოფს ამას“, - აცხადებს „ბიპიენთან“ საუბრისას ზურაბ კუკულაძე.