საქართველოში ნატო-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს თქმით, ნატო-ს კვლევითი ჯგუფი, რომელიც შედგება ჩრდილოეთისა და ბალტიის ქვეყნების ინიციატივის ოფიცრებისგან, ეწვია საქართველოს რათა იმუშავოს ქართველ კოლეგებთან ერთად ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის დაარსების მიზნით. ჯგუფს ხელმძღვანელობს ნორვეგია, მასში მონაწილეობენ ოფიცრები ლატვიიდან, ლიტვიდან, დანიიდან, გერმანიიდან და მას მხარს უჭერს აშშ-სა და ნატო-ს შტაბბინა.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, ცენტრი არის ერთ-ერთი არსებითი ნაწილი ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის, რასაც მხარი დაუჭირეს ნატო-ს უელსის სამიტზე. ცენტრი უზრუნველყოფს წვრთნებს საქართველოს და სხვა პარტნიორების ოპერატიული თავსებადობის შენარჩუნების და გაძლიერების მხარდასაჭერად.
უილიამ ლაჰიუს თქმით, ნატო-ს ექსპერტები მხარს დაუჭერენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ წვრთნების კომპლექსის შექმნაში და აგრეთვე მოგვაწოდებენ რჩევებს მის სავარაუდო ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, ნატო-საქართველოს ცენტრი იმ პროცესის დასაწყისია, რომელიც საქართველოს ნატო-ში სრულად ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
„ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი არ წარმოადგენს სამხედრო კუთხიდან დანახულ საფრთხეს. ნატო წარმოადგენს ამ ცენტრს, როგორც ორგანიზაციას, რომლის მიზანიც საქართველოს მხარდაჭერაა. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჩვენ წარმოვიდგენთ ამ ცენტრს, როგორც ორგანიზაციას, რომლის მიზანიც არის საქართველოსთვის მხარდაჭერა. ორგანიზაციის ადგილმდებარეობა იქნება ქართულ სამხედრო ბაზაზე. ნატო-ს რამდენიმე ოფიცერი იქნება ამ ბაზაზე, მაგრამ ისინი ერთობლივად იმუშავებენ ქართველ კოლეგებთან ერთად, ამიტომ ეს არ წარმოადგენს სამხედრო კუთხიდან დანახულ საფრთხეს“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, ერთობლივად განისაზღვრება ცენტრის ადგილმდებარეობის და ასევე პროექტის ღირებულების პირველადი მონახაზი. ლევან ღირსიაშვილის თქმით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი დაახლოებით შემოდგომაზე გაიხსნება. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან განცხადებებს, რომ ეს ცენტრი შესაძლოა მათთვის საფრთხის შემცველია, ღირსიაშვილის განცხადებით, ცენტრის გახსნა არ არის საფრთხის შემცველი, რადგან ეს არ არის სამხედრო ბაზა.
„მედიაში და ექსპერტების მხრიდანაც არის მოსაზრებები, რომ ეს ცენტრი შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს ვინმესთვის. ამასთან დაკავშირებით განვაცხადებ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება არ არის საფრთხის შემცველი, რადგან ეს არ არის სამხედრო ბაზა, ეს არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი“, - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.
მისივე თქმით, ცენტრის შექმნის ინიციატივის დროული და ეფექტური განხორციელებისთვის ყველა რესურსი იქნება გამოყენებული. ნატო-ს შეფასებების შედეგად განისაზღვრება კონკრეტული მოთხოვნები და გაიწერება დეტალური ღონისძიებები პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. როგორც ღირსიაშვილი აცხადებს, ცენტრი წარმოადგენს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამბიციურ ინიციატივას.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მთავარი საფრთხე ჩვენ ახლა გვაქვს უმოქმედობისგან. როგორც ალასანიამ განაცხადა, გადაწყვეტილება უელსის სამიტზე ერთობლივად იყო მიღებული, რომ იქნებოდა ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი.
„მე მეტ ინფორმაციას მივიღებ ნატოსგან მომავალ კვირას და შესაბამის განცხადებას გავაკეთებ. ერთადერთი რისკი, რომელიც აქ არის, არის ის, რომ თუ ეს არ შესრულდა ის ექპანსიური აგრესია, რომელიც მოდის რუსეთის მხრიდან, უშუალოდ და პირდაპირ გახდება ისევ საფრთხე საქართველოსთვის, როგორიც ეს იყო ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როგორც ეს მოხდა 2008 წელს. მთავარი საფრთხე ჩვენ გვაქვს ახლა უმოქმედობისგან, რომ საქართველოში არ განხორციელდეს ის უსაფრთხოების პროექტები, რომლებიც დავგეგმეთ უელსის სამიტზე“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ საბჭოს თავმჯდომარე ელენე ხოშტარიას განცხადებით ლევან ღირსიაშვილის განცხადება, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება არ არის საფრთხის შემცველი, რადგან ეს არ არის სამხედრო ბაზა, ძალიან საშიში განცხადებაა.
„ის უწყება, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობს საქართველოს უსაფრთხოების დაცვაში, რაც ნატო-ს მეშვეობით უნდა მოხდეს დეკლარირებულად, ამბობს, რომ ნატო-ს ბაზა საფრთხის შემცველია? ეს არის ძალიან საშიში, საფრთხის შემცველი განცხადება“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ თავის მართლებას ჰგავს თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ ეს არაა ნატოს ბაზა და აქედან გამომდინარე, არ არის საფრთხის შემცველი.
„ღირსიაშვილის ლოგიკით გამოდის, ნატოს ბაზა რომ იხსნებოდეს საქართველოში, საფრთხის შემცველი იქნებოდა. ეს არის იმ არაეფექტური პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ახორციელებს და, რომ ეროვნული ინტერესების ხარჯზე ყველაფრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ. ამ პოლიტიკამ რა მოგვიტანა 90-იან წლებში, როდესაც ყველანაირ კავშირში შევედით მასთან, სამაგიეროდ რა მივიღეთ? - სამხედრო ოკუპაცია, აგრესია და შემდეგ უკვე მცოცავი ანექსია.
იმ ქვეყნებში სადაც ნატოა და ნატოს ბაზები, იქ მშვიდობაა, უსაფრთხოებაა და ცხოვრების დონეც საკმაოდ მაღალია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს არის თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, ეს არის მთავრობის ერთიანი პოზიცია. სამწუხაროდ, დღეს ასეთი განწობაა ხელისუფლებაში - ოღონდ რუსეთი არ გავაღიზიანოთ. ეს არის არასწორი, არაპროდუქტიული და არაეფექტური პოლიტიკა, რაც რუსეთის უსაფრთხოებაზე ასხმას წყალს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.