„ნატოში გაწევრიანებაა იმის გარანტია, რომ რუსეთი ვეღარ მოახერხებს შანტაჟს“...

„ნატოში გაწევრიანებაა იმის გარანტია, რომ რუსეთი ვეღარ მოახერხებს შანტაჟს“...

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ჩრდილოეთ ფლოტსა და დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილში სრული სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გასცა. ღონისძიების მიზანს სამხედრო ძალების მზადყოფნის შემოწმება წარმოადგენს. გასულ კვირას კი რუსეთის სამხრეთის ოლქში ჩატარდა წვრთნები, რომლის ფარგლებშიც სამხედრო სწავლება აფხაზეთის, ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის ტერიტორიებზეც გაიმართა. როგორც ცნობილია, დასავლეთი რუსეთის სამხედრო აქტიურობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ნატო-ს გენერალური მდიანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო შეშფოთებულია რუსეთის მიერ ალიანსის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნების გახშირებით და რუსეთის მსგავსმა ქმედებებმა შესაძლოა, ალიანსსა და მოსკოვს შორის გაუგებრობების გაზრდა გამოიწვიოს.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი, ელენე ხოშტარია გვესაუბრება.

გასულ კვირას საქართველოს საზღვრებთან გამართულ წვრთნებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, მაგრამ არა იმდენად მწვავე... რამდენად საკმარისია ასეთი რეაქცია მოსალოდნელ საფრთხესთან თანაფარდობაში?

- გარკვეული რეაქცია მოჰყვა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მაგრამ ეს რეაქცია ვერ იქნებოდა სათანადო, რადგან ამის საშუალებას არ იძლევა ჩვენი საგარეო პოლიტიკა - ერთი მხრივ, აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობა და საუბრები პოზიტიურ დინამიკაზე, რადგან თუ მხარეები ლაპარაკობენ, ეს ნიშნავს, რომ არ არის გადაუჭრელი პროლემა.

გარდა ამისა, ვერიდებით დასავლეთთან ხშირად და ხმამაღლა საუბარს რუსეთზე და არ ვითხოვთ ისეთ რეაქციას, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება. ამიტომ, რეაქციაც არის ასეთი... გარკვეული რეაქცია არის, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ არის საკმარისი.

როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა საქართველოს შანსი, დასავლეთის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს?

- ყველა ხელისუფლებას ყოველთვის აქვს შანსი, რომ აწარმოოს ის პოლიტიკა, რაც მის ინტერესებს შეესაბამება. ბუნებრივია, დასავლეთის აზრის ფორმირებაში ჩვენ უნდა მივიღოთ აქტიური მონაწილეობა. პატარა ქვეყანას ყოველთვის უჭირს აზრის ფორმირებაზე გავლენა მოახდინოს, თუმცა გავლენის მოხდენა შეიძლება. მითუმეტეს, რომ ჩვენ გვყავს სერიოზული მეგობრები, რომლებიც მხარს გვიჭერენ, ესმით ეს პრობლემატიკა.

პლუს, უკრაინის მოვლენებმა შემოაბრუნა ყურადღება მთლიანად ამ რეგიონისკენ და ამიტომ, ამ პრობლემების აღქმა უფრო მაღალია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დასავლეთის უფრო მეტი ჩართულობა ჩვენს პრობლემებში. თუმცა ამ ყველაფერს დასჭირდება ფუნდამენტურად გადახედვა იმ პოლიტიკისა, რაც გვაქვს. აბაშიძე-კარასინის ფორმატის კულტივირებით ან ნატოს მიმართ გაურკვეველი განცხადებებით, რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს ვერ მივიღებთ.

რაც შეეხება უკრაინას, როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, ნატო სამხრეთ უკრაინის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, თუმცა უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ევროპა და აშშ ლეტალური იარაღით დაეხმარებიან, ეს ნიშნავს თუ არა, რომ დასავლეთი იძულებული ხდება უფრო მეტად იაქტიუროს უკრაინის პრობლემის მოგვარებაში?

- ბუნებრივია, ნატოს სამხედრო ჩართულობა არც იგულისხმება ამ ატაპზე, რადგან ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ევროპულ ომს. ამიტომ, დღეს სამხედრო მოქმედებებზე არ არის საუბარი, თუმცა ლეტალური იარაღის მიწოდების აუცილებლობა, რა თქმა უნდა, დგას და დასავლეთმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. დისკუსია უკვე მიმდინარეობს და ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

როდესაც ასე დაძაბულია რეგიონში მდგომარეობა და საქართველოც რეალურად დგას უკრაინის მსგავსი საფრთხის წინაშე, რა იქნებოდა ყველაზე გონივრული პოლიტიკა საქართველოს მხრიდან, უკრაინისადმი მხარდაჭერის ღიად გამოცხადება, თუ შედარებით ნეიტრალური პოზიციის დაფიქსირება?

- როგორც მინიმუმ, დიპლომატიური აქტიურობაც კი არ გვაქვს საკმარისი - დაითვალეთ, რამდენი ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა უკრაინაში? - პრაქტიკულად, არც ერთი. ჰუმანიტარულ თემებს არ გავცდით უკრაინასთან დაკავშირებით, რაც არასაკმარისია. მრავალმხრივი ფორმატით უნდა ვიყოთ უკრაინის თემატიკის ლიდერები, მათ შორის ლეტალური იარაღის მიწოდების თემაზეც აქტიურად უნდა ვიმუშაოთ.

და, რა თქმა უნდა, პარალელურად უნდა ვაჩვენოთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის მეორე კერა, სადაც უკრაინის მსგავსი საფრთხეები არსებობს, სადაც ძალზე დაძაბულია სიტუაცია და რუსეთმა შეიძლება, ყოველ წუთს გადაიყვანოს ცხელ ფაზაში, ამიტომ დასავლეთმა ამ პრობლემას ერთიანად უნდა შეხედოს.

ურთიერთობების გაციება და გაუგებრობა იმანაც ხომ არ გამოიწვია, რომ უკრაინამ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიწვია საპასუხისმგებლო თანამდებობებზე?

- არ შეიძლება შიდა ზიზღის გადატანა მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. შეიძლება, ვინმეს არ ესიამოვნოს, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური ინტერესის ისეთ ფუნდამენტურ საკითხთან გათანაბრება როგორიც დღეს უკრაინაა, ვფიქრობ, არასწორია. თანაც ასეთი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება უკვე დისტანცირებული იყო უკრაინის მოვლენებისგან. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რომ ყოფილიყო, თუნდაც იგივე, რეფორმების კუთხით, შესაძლოა პროცესები ცოტა სხვანაირად განვითარებულიყო და ის დანიშვნები, რაც განხორციელდა, არც მომხდარიყო. თუმცა, უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, უნდა გვიხაროდეს კიდეც ვიღაცას ქართული რეფორმები რომ მოსწონს.

რუსეთის სამხედრო წვრთნებს თითქმის ყოველთვის მოჰყვება ხოლმე სიტუაციის გამწვავება. ამ ეტაპზე თუ შეიძლება პროგნოზირება, რა ტიპის საფრთხისთვის უნდა ვიყოთ მზად?

- ფაქტია, რომ ეს წვრთნები ნიშნავს სამხედრო მუქარას. სპეკულირბა იმაზე, რომ, ეს საომარ მოქმედებებში გადაიზრდება, ან ეს სჭირდება თუ არა დღეს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. თუმცა, უდავოდ ატარებს მუქარის ხასიათს, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ ნატოს მიმართ ვიყოთ ნაკლებად აქტიურები.

სამწუხაროდ, ამ მუქარას ჩვენი ხელისუფლების ნაწილი პასუხობს იმ განცხადებებით, რაც მოვისმინეთ აბაშიძისგან - დღეს და ხვალ ნატო არ არის დღის წესრიგში. გარდა მუქარის შიშისა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ისიც, რომ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს მივაღწიოთ. თუ ეს გეზი შევანელეთ, მაშინ, შესაძლოა, საომარი მოქმედებები დასჭირდეს ან არ დასჭირდეს რუსეთს, მაგრამ ჩვენს სუვერენიტეტს დავკარგავთ.

შედარებას თუ გავაკეთებთ, 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება მკვეთრად დასავლურ კურსს აფიქსირებდა და საომარი მოქმედებები დაიწყო. დღეს ხელისუფლებას ამ კუთხით პასიურობას ვსაყვედურობთ, თუმცა ომის საფრთხეს მაინც ვერ გამოვრიცხავთ. აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა პოზიციას აფიქსირებს ქვეყანა, თუ რუსეთს უკვე მიღბული აქვს გადაწყვეტილება?

- ბუნებრივია, რუსეთს თავისი დღის წესრიგი აქვს და საკითხი ასე დგას - ამ დღის წესრიგის წინააღმდეგ ვმოქმედებთ, რომ საფრთხე თავიდან ავირიდოთ და დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი ყველაზე ეფექტური გზით, რაც არის დასავლეთთან მჭიდრო კოორდინაცია, საბოლოო ჯამში - ნატოში გაწევრიანება, თუ ვხდებით რუსეთის ზეწოლის მსხვერპლი და ვცვლით ჩვენს ფუნდამენტურ მიდგომებს? - აქ ამაზეა ლაპარაკი.

რა თქმა უნდა, უკრაინის შემთხვევში არანაირი მიზეზი არ ყოფილა და რუსეთმა მაინც დაიწყო ეს ყველაფერი - ანუ, არ არსებობს გარანტია, რას მოიმოქმედებს რუსეთი. ამ პირობებში ვცხოვრობთ და ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ რაიმეს თუ არა, ამაზეა ლაპარაკი, რომ საბოლოოდ მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, როდესაც რუსეთი ვეღარ დაგემუქრება - ნატოში გაწევრიანებაა იმის გარანტია, რომ რუსეთი ვეღარ მოახერხებს შანტაჟს...

საფრანგეთის პრეზიდენტის განცადებას თუ გავიხსენებთ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, მიპატიჟების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს...

- საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება არ არის ნატოს განცხადება. ნატოში არის კიდევ 28 ქვეყანა და მათი პოზიციები განსხვავებულია. თუმცა, ეს არ უნდა მივიღოთ კარების დაკეტვად - ამ განცხადებამ თავად ნატოშიც გამოიწვია გარკვეული რეაქციები.

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, აქტიურად ვიმუშავოთ და დავარწმუნოთ სხვადასხვა ქვეყნები, რომ სწორედაც ევროპული უსაფრთხოების ამოცანებს ვპასუხობთ. ამიტომ არის საჭირო აქტიური პოლიტიკა და არა ორაზროვანი განცხადებები.

ბოლო პერიოდში ექსპერტები არ გამორიცხავენ - შესაძლოა რეგიონში ისე შეიცვალოს გეოპოლიტიკური ვითარება, რომ საქართველოს გაუჩნდეს შანსი ეს სიტუაცია მისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს. მაქსიმუმი რა შეიძლება მიიღოს საქართველომ?

- სხვადასხვა დონის ამოცანებია. პირველ რიგში, დასავლეთის მეტი ჩართულობა ჩვენს პრობლემატიკაში უკრაინის ფონზე. დაწყებული მუშაობით უსაფრთხოების გარანტიებზე, დამთავრებული - მეტი არგუმენტებით იმისათვის, რომ გავხდეთ ნატოს წევრები. ამ სიტუაციში საქართველოს არგუმენტები, რომ სჯობს დღესვე მიგვიღონ ნატოში, ფაქტობრივად იზრდება, იმიტომ, რომ ეს არის პასუხი რუსეთის გამოწვევაზე.

თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქტიურად ვიმუშავებთ. თუ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელი არ არის, ბუნებრივია, ამ პარალელს თვითონ არავინ გაავლებს.