ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ავტოგასამართ სადგურებში საწვავი გაძვირდა. რომ არა ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა, მენავთობეები საერთაშორისო ბაზარზე ფასების რყევას კიდევ გაუძლებდნენ. ამ შემთხვევაშიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ თავისი უარყოფითი კვალი დატოვა.
ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები საწვავის გაძვირების მთავარ მიზეზად სწორედ საერთშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მატებას და ლარის კურსს ასახელებენ. მათი ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ნავთობპროდუქტების ღირებულება 1 ტონაზეე 150-170 დოლარით გაიზარდა. ნეგატიური გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის დევალვაციამაც.
ავტოგასმართი სადგურების ნაწილში ორშაბათიდან საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. კომპანია “ვისოლის” გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა “კომერსანტთან” აცხადებს, რომ ის საწვავი, რომელიც დღესდღეობით ქსელში იყიდება, კომპანიამ თებერვალში, გაზრდილი ფასით შეიძინა. ხორავა განმარტავს, რომ სწორედ აქედან გამომდინარე, კომპანიამ ფასის დაჭერა ვეღარ შეძლო და პროდუქტის ღირებულება 5 თეთრით გაზარდა.
“მთელი თებერვლის განმავლობაში ფასი ზევით მიდიოდა, მარტის დასაწყისშიც იზრდებოდა, წინა კვირაში კი კლების ტენდენცია დაიწყო. ჩვენ საწვავი თებერვალში, გაზრდილი ფასით შევიძინეთ და აქედან გამომდინარე, ძალიან ცოტათი გავაძვირეთ პროდუქცია”, - აცხადებს ხორავა და განმარტავს, რომ პროცესზე უარყოფითად იმოქმედა ლარის გაუფასურებამაც და გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ეს ფაქტორიც იყო.
საწვავი 4 თეთრით გააძვირა “გალფმაც”. ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით ძვირად იყიდება “სოკარის” ავტოგასამართ ქსელშიც. კომპანია “გალფის” წარმომადგენელი ნინო ჯიბლაძე ამბობს, რომ საცალო ქსელში მხოლოდ “რეგულარის” ტიპის საწვავი გაძვირდა:
“რეგულარის გაძვირება განაპირობა იმან, რომ საწვავის მარაგი ამოგვეწურა და საქონლის ახალი პარტია მაშინ შევისყიდეთ, როცა ნავთობი გაძვირდა. უფრო ძვირი გადავიხადეთ და იძულებული გავხდით ფასი გაგვეზარდა”, - ამბობს ჯიბლაძე, თუმცა კონკრეტულად როდის იყიდა “რეგულარის” ტიპის საწვავი კომპანიამ, “გალფში” არ აკონკრეტებენ.
“რეგულარის” ტიპის საწვავს საცალო ქსელში “ლუკოილი” და “რომპერტოლი” ჯერ კიდევ 1,59 ლარად ყიდიან. თუმცა, “ლუკოილის”გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე აცხადებს, რომ ბენზინის ფასი უახლოეს დღეებში 3-5 თეთრით გაიზრდება. მიმდინარე ფასის შენარჩუნება კი კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ არსებული მარაგის ხარჯზე შეძლო.
საცალო “რეგულარის” საწვავს 1,55 ლარად ყიდის კომპანია “ფრეგოს”, რომელმაც საქართველოს ნავთოპროდუქტების ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა. კომპანია თბილისში და რეგიონებში 13 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.
“ლარის კურსის გამო ფასი აუცილებლად გაიზრდება. ამის მთავარი მიზეზი ორია: საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი ნავთობის ფასი და ლარის კურსის ვარდნა. ამ ორი ფაქტორის გამო ნავთობპროდუქტები გაძვირდა და შესაბამისად, აუცილებლად აისახება საცალი ფასზე”, - აცხადებენ კომპანიაში.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილიც ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას და ლარის გაუფასურებას უკავშირებს.
“საწვავი გაძვირდა “სოკარის”, “ვისოლისა” და “გალფის” ბენზინგასამართი სადგურების ქსელში, საშუალოდ, 3-5 თეთრით. უახლოეს დღეებში კი ფასის მომატებას გეგმავენ “რომპეტროლი” და “ლუკოილი”, ბევრად უფრო ადრე გაიზრდა საწვავის ღირებულება არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე. ეს ყველაფერი ლარის გაუფასურებისა და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაძვირების გამოძახილია”, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.