პრეზიდენტს პარლამენტში მისვლის თარიღი სამჯერ შეუცვალეს

პრეზიდენტს პარლამენტში მისვლის თარიღი სამჯერ შეუცვალეს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით 31 მარტს წარსდგება. საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის თარიღი სამჯერ შეიცვალა, მიზეზები არ კონკრეტდება.

თავდაპირველად ითქვა, რომ პრეზიდენტს დეპუტატები თებერვლის ბოლოს უმასპინძლებდნენ, თუმცა, მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ თარიღი დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილი უწყებას 18 მარტს ესტუმრებოდა, დღეს კი, ისევ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი უწყებაში 31 მარტს გამოცხადდება.

სპიკერი ირწმუნება, რომ 18 მარტის 31 მარტით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მასსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული, თუმცა, თუ რატომ შეიცვალა თარიღი, ამას ყველა მხარე თავისებურად ხსნის.

ნაციონალები მიიჩნევენ, რომ უმრავლესობა 21 მარტს დაგეგმილ აქციას მოერიდა, „თავისუფალი დემოკრატები“ ამბობენ, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის უპატივცემულობა ფიქსირდება, ხოლო მმართველი გუნდი თარიღის გადადებას ჩვეულებრივ მოვლენად აფასებს და ამას ირიბად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო გვენეტაძის კენჭისყრის საკითხს უკავშირებს.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სერგო რატიანმა განუცხადა, პარლამენტში პრეზიდენტის მისვლა უმრავლესობისთვის ზედმეტი ტვირთია და მათ ეს საკითხი რომელ თაროზე შემოდონ, არ იციან. რატიანი შეფასებით, ხელისუფლება პრეზიდენტის სტუმრობის დროს პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვასაც გაურბის.

„მათ არ სურთ, რომ პოლიტიკური დებატები 21 მარტის წინ გაიმართოს და პრეზიდენტს მოუსმინონ. მთავარი პრობლემა ესაა. უმრავლესობის მხრიდან მუშაობა მიდის, რომ 21 მარტის თემები გადაფარონ“, - განაცხადა რატიანმა, რომლისგან განსხვავებით, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე თარიღის შეცვლაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა, კანონმდებელი პრეზიდენტის მიმართ მთავრობის წევრების დამოკიებულებას აკრიტიკებს.

for.ge-სთან საუბარში გოგუაძე აცხადებს, რომ მას არავითარი საფუძველი არ აქვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებაში ეჭვი შეიტანოს და თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით, კითხვა არ გააჩნია.

„მიკვირს, დილით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თქვა, რომ პრეზიდენტი პარლამენტში 20 მარტს მოვიდოდა, რაც მოგვიანებით შეიცვალა. უპატივცემულობაა ის, როდესაც უმრავლესობა მწკრივად დაეწყობა და ამბობს, რომ მთავრობას არავითარი ვალდებულება არ აქვს, პრეზიდენტის მოხსენებაზე მოვიდეს. მათ არ ესმით, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, ის უწყებაში წელიწადში ერთხელ მოდის და იმ სიტუაციის პოლიტიკურ მიმოხილვას აკეთებს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოშია შექმნილი. საქართველოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის, ან სხვა ადამიანის კუთვნილება არ არის და ისინი თავს ვალდებულად უნდა გრძნობდნენ, რომ ამ მოხსენებას დაესწრონ“, - აცხადებს დეპუტატი.

გოგუაძის შეფასებით, სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება სხვა შტოების მიმართ უპატივცემულობას მიეჩვია.

„მათი არსებობის და რეალიზაციის ერთადერთი ფორმა სხვა შტოების უპატივცემულობაა, რაც ძალიან ცუდია. მთავრობის ქმედებები პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ უპატივცემულობა და დაკნინება კი არ არის, არამედ საკუთარი თავის დაკნინებაა. ასეთი ტოტალური უპატივცემულობა კი, საზოგადოებაზეც გადადის“, - დასძენს გოგუაძე, რომლის ეჭვებსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე პასუხობს და for.ge-სთან განმარტავს, რომ პარლამენტში ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის თარიღის გადადებას კონკრეტული მიზეზი არ აქვს.

კვერენჩხილაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ მარგველაშვილი უწყებას 31 მარტს ეწვევა. მისი მტკიცებით, კონკრეტული თარიღის ინიცირებას პრეზიდენტი ახდენს.

„საკითხის გადადების არანაირი კონკრეტული მიზეზები არ ყოფილა. შეიძლება, დღეს დილით, თენგიზ ფხალაძეს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, როდესაც თქვა, რომ პრეზიდენტი უწყებას 20 მარტს ეწვეოდა“, - აღნიშნავს კვერენჩხილაძე.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უწყებაში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის ფორმატსაც ეხმაურება და ამბობს, რომ თუკი პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ პოლიტიკური დებატები გაიმართოს, პრეზიდენტი ამისთვის მზადაა.

„დებატები უნდა გაიმართოს არა პრეზიდენტთან, არამედ მის ყოველწლიურ მოხსენებაში გაჟღერებულ საკითხებთან დაკავშირებით“, - დასძენს კვერენჩხილაძე, რომლის მსგავსად, for.ge-ს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი არწმუნებს, რომ თარიღის შეცვლის საკითხი ჩვეულებრივ სამუშაო ვითარებაში გადაწყდა და ეს 21 მარტს არ უკავშირდება. ბერძენიშვილის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის მისაღებად მზად იყო.

„ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტი 18-20 მარტის პლენარულ სხდომებზე მოვიდოდა, მაგრამ პრეზიდენტმა 31 მარტს მოსვლა არჩია, რაც ჩვეულებრივი ამბავია. როგორც ჩანს, პრეზიდენტს პარლამენტში მოსვლის წინ მეტი გარკვეულობა სჭირდება. განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძის კანდიდატურის კენჭისყრა უნდა გაიმართოს. შესაძლოა, ეს გარკვეული ფაქტორი იყოს. ზოგადად, ჩვეულებრივი მშვიდი სამუშაო ვითარებაა და კონფერენციაზე გვერდი-გვერდ მსხდომი, ძალიან შეხმატკბილებული პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტიც ვნახე“, - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომლის პათოსს იზიარებენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები მანანა კობახიძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, თარიღის გადადების გამო, პროცესზე სხვა სარჩულის დადება არ უნდა მოხდეს.

მისი შეფასებით, თარიღის შეცვლით არაფერი ირღვევა.

„იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რასაც საპარლამენტო მდივანი ამბობს. ამ საკითხზე პრეზიდენტთან კომუნუკაცია არ მქონია“, - დასძენს კობახიძე, კვაჭანტირაძე კი ამბობს, რომ პარლამენტს 18 მარტის პლენარულ სხდომაზე კვორუმის პრობლემა ექნება, რადგან ძალიან ბევრი დეპუტატი მივლინებაშია წასული.

კვაჭანტირაძის განცხადებით, თარიღის შეცვლა მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით მოხდა.

„თუკი პრეზიდენტი თანახმაა და მას პარლამენტის დღის წესრიგიც ხელს უწყობს, მაშინ რატომ არ შეიძლება, თარიღის გადაწევა?“, - ამბობს კვაჭანტირაძე.

რაც შეეხება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს, for.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა, პოლიტიკური დებატები არ გაიმართოს და პლენარულ სხდომაზე გამოსვლის საშუალება მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარეებს ჰქონდეთ, სხდომაზე დასწრებას კი, მინისტრები არ აპირებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას მინისტრების დასწრება აუცილებელი არ არის, რადგან ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი აღარ არის.