საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი - თანამშრომლობის სამი მთავარი მიმართულება

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი - თანამშრომლობის სამი მთავარი მიმართულება

ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პარტნიორული ურთიერთობები შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში განსაკუთრებით ფასეულია. ურთიერთობების ფასს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გეოპოლიტიკური მდებარეობა და ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტების ფაქტორი ზრდის.

ეკონომიკური პროექტები, ტრანსპორტი და უსაფრთხოება - ეს ის სამი მთავარი საკითხია, რომლის შესახებაც სამი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა „თბილისი მარიოტში“ კონფერენციის რეჟიმში იმსჯელეს.

„ჩვენი მომავალი რეგიონული თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია. სამხრეთ კავკასიაში მდებარე ჩვენი ქვეყნები ცალ-ცალკე მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის. მაგრამ, თუ ჩვენ ვთანამშრომლობთ ეკონომიკური კუთხით და, მით უმეტეს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაშინ რეგიონი ძალიან მიმზიდველი ხდება. ის ისეც უკვე მიმზიდველია, თუნდაც იმიტომ, რომ უკვე ნახეთ, ახალი „აბრეშუმის გზა“ - თვენახევრის წინ ჩინეთიდან მატარებელი შემოვიდა. მართალია, ნაკლებად იყო ჩვენთან ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ფაქტი ისტორიული მოვლენაა, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობაზე სატრანსპორტო თვალსაზრისით. ამავე დროს, ძალიან დაინტერესებულები ვართ, კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობა თურქეთსა და აზერბაიჯანთან. კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან, მაგრამ ეს ქვეყანა არ მონაწილეობს რეგიონულ თანამშრომლობაში ისე, როგორც შეიძლებოდა ჩართულიყო, რომ არ ჰქონოდა უსაფრთხოების პრობლემები“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი.

სწორედ, რონდელის ორგანიზაცია იყო 16 მარტს თბილისში გამართული კონფერენციის ორგანიზატორი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრთან ერთად.

ალექსანდრე რონდელის განმარტებით, მსგავსი შეხვედრების მიზანია, შეფასდეს ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემო და დაისახოს კონკრეტული გზები ქვეყნების შემდგომი წარმატებებისთვის. მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის როლი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, თურქეთს კი რუსეთთან ბიზნესპარტნიორული ურთიერთობების გარდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკუთარი ინტერესებიც ამოძრავებს.

„რუსეთი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგია ყოველგვარი რეგიონული თანამშრომლობისა პოსტსაბჭოურ სივრცეში და, მით უმეტეს, გარე მოთამაშეების მონაწილეობით. რუსეთი დადებითად არ უყურებს იმას, რომ სამხრეთ კავკასია ხდება სატრანსპორტო დერეფანი და ნელა, მაგრამ მაინც იზრდება ეკონომიკური თანამშრომლობა. ყველაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის იმპერიული პოლიტიკა ბოლო დროს ყველასთავის ძალიან თვალშისაცემი გახდა და ყველაზე დიდ საფრთხეს, სწორედ, ის წარმოადგენს ჩვენი რეგიონული თანამშრომლობისთვის“,- განმარტავს ალექსანდრე რონდელი.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს საერთაშორისო ურთიერთობების კვლევით ცენტრ „რომის“ უფროსი მკვლევარი ნონა მიხელიძე. იგი ორ კონკრეტულ საკითხს გამოჰყოფს - „თურქეთის ნაკადისა“ და აფხაზეთის გავლით საქართველო რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის პროექტებს.

„აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთის რკინიგზის აღდგენის პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჩნდება. ერთია, ითვალისწინებს თუ არა საქართველოს მხარე იმ პოლიტიკურ რისკებს, რომელიც უკავშირდება რკინიგზის გახსნას და მეორე, აკმაყოფილებს თუ არა ეს რკინიგზა ყველა ქვეყნის ინტერესს რეგიონში. განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ის ფაქტორი, თუ რა გავლენას მოხდენს ეს ინიციატივა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე. რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით არსებობს პოლიტიკური რისკები. საუბარია იმის შესახებ, თუ ვინ გააკონტროლებს საქართველო-დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საზღვარს. აქტუალური ხდება საკითხი, თუ რამდენად მზად არის საქართველოს მხარე აიღოს თავის თავზე რისკი, რომ მეტი პოლიტიკური სტატუსი მიანიჭოს აფხაზეთს და ამით გააადვილოს აფხაზეთის მცდელობა, საერთაშორისო დონეზე მოიპოვოს დამოუკიდებლობის აღიარება“,- აცხადებს ნონა მიხელიძე და აღნიშნავს, რომ რკინიგზის პროექტის საკითხზე ასევე მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური ფაქტორი.

უფრო კონკრეტულად კი საუბარია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე. რკინიგზის გახსნა პირველ რიგში, რუსეთის ინტერესშია. აღნიშნული სარკინიგზო პროექტით, სწორედ, რუსეთი დაუკავშირდება სომხეთს და იქიდან ირანს. ეს ინიციატივა კი, თავის მხრივ, დაასრულებს სომხეთის იზოლაციას, რაც გარკვეულწილად აშინებს აზერბაიჯანს, რადგან აზერბაიჯანი წლების განმავლობაში სომხეთის იზოლაციას იყენებდა როგორც ინსტრუმენტს ყარაბაღის კონფლიქტის დასასრულებლად.

რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საკითხს - „თურქეთის ნაკადის“ პროექტის პრეზენტაცია რუსეთმა 2014 წლის დეკემბერში გამართა და ანკარაში ვლადიმერ პუტინის სტუმრობის დროს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების კუთხით გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებიც გამოიკვეთა.

„თურქეთმა, რომელიც არის ნატო-ს მოკავშირე, დასავლეთის ალიანსის წევრი, ნეიტრალური პოზიცია დაიკავა უკრაინის საკითხზე, ასევე ნეიტრალური პოზიცია დაიკავა ყირიმის ანექსიის მიმართ და არ შეუერთდა ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებს. ეს გასაგებია იმ ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც რუსეთსა და თურქეთს შორის არსებობს. ამას გარდა, არსებობს პერსონალური ურთიერთობა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს - პუტინსა და ერდოღანს - შორის. 2003 წლიდან დღემდე ერდოღანი 35-ჯერ შეხვდა ან უშუალოდ ესაუბრა პუტინს. ეს იმ ფონზე, როცა ვიცით, რომ პუტინი არასდროს ცდილობს გახშირებული ურთიერთობები ჰქონდეს მსოფლიო ლიდერებთან. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პუტინმა თავისი ვიზიტი ანკარაში 2014 წელს გამოიყენა იმისთვის, რომ გამოეცხადებინა „სამხრეთის ნაკადის“ გაუქმება და თურქეთის ნაკადის მშენებლობა. ამავე დროს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, რუსეთის გაზმა თურქეთის ტერიტორიაზე უნდა გამოიაროს, ნაწილი შიდა მოხმარებისთვის იქნება, ნაწილი კი ევროპისთვის, რადგან რუსეთმა როგორც განაცხადა, 2019 წელს შესაძლოა, უკრიანიასთან კონტრაქტი აღარ გააგრძელოს“,- აცხადებს ნონა მიხელიძე.

მკვლევარი განმარტავს, რომ უკრაინასთან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში ევროპა იძულებული ხდება, იზრუნოს სხვა გაზსადენებზე, რომლებიც მიებმება „თურქეთის ნაკადს“ და რომლის მეშვეობითაც კვლავ „გაზპრომისგან“ შეისყიდის გაზს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „გაზპრომი“ კვლავ იტოვებს უფლებას და საშუალებას, გაზი პოლიტიკური მანიპულაციების საშუალებად გამოიყენოს.

„რა თქმა უნდა, დრო გვიჩვენებს, რუსეთისა და თურქეთის კავშირი არის დროებითი მოვლენა, უბრალოდ, თურქეთის პრაგმატული პოლიტიკა, თუ, ფუნდამენტურ ალიანსთან გვაქვს საქმე. მე მაინც ვფიქრობ, რომ თურქეთი დარჩება, რა თქმა უნდა, დასავლეთის ძირითად პარტნიორად, უბრალოდ, ზოგჯერ ფიქრობს, რომ რაღაც საკითხში ნაციონალური ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს ვითარება, შემდეგ, რა თქმა უნდა, გარკვეულ შესაძლებლობას უქმნის რუსეთს, გააფართოვოს მონოპოლია სამხრეთ კავკასიაში,“- აცხადებს ნონა მიხელიძე.