„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ მთავრობას ქამრები მაშინ უნდა შემოეჭირა, როცა პრემიებში, დანამტებში, უცხოეთში ვოიაჟებსა და ძვირადღირებულ მანქანებში ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავდა. უმცირესობა ხელისუფლებას ეკონომიკური მიმართულებით არაპროფესიონალიზმის ნიშნებს ამჩნევს და რჩევებს აძლევს, რომ გადასახადები შეამციროს, მეწარმეს მეტი ფული დაუტოვოს და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს.
ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა:
მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზებს ეძებს. თქვენი გადმოსახედიდან, რა ხდება ქვეყანაში?
- ძალიან ვწუხვარ, რომ ის პროგნოზი გამართლდა, რომლისაც ჩვენ გვეშინოდა. ივანიშვილის მთავრობამ პოლიტიკურ ლექსიკონში ტერმინი სეკვესტრი დააბრუნა. სეკვეტრი ხარჯების შემცირებაა, როდესაც ბიუჯეტს შესაბამისი შემოსავლები არ აქვს. ანუ, რაც დაგეგმეს, იძულებულნი არიან, ის ხარჯები შეკვეცონ. ამასთანავე, მთავრობას მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადახედვა მოუწევს, რადგან დოკუმენტით, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5 პროცენტი, ხოლო ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,8 ნიშნულია. ამას გარდა, შარშანდელის მსგავსად, დაგეგმილია საგარეო ვალის ზრდაც და როგორც შარშან, ასევე წელს, ერთი მილიარდ 600 მილიონი დოლარის აღებას აპირებენ. ძალიან ცუდი პერსპექტივა იკვეთება და ეს ძალიან არ მიხარია.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მთავრობის გეგმა არ ჩანს, თუ რა უნდა გააკეთონ. მინისტრები რიგგარეშე სხდომაზე არ მოდიან, რაც პარლამენტის თავმჯდომარის სისუსტეა. მთავრობის ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ პარლამენტში მოვიდნენ და ხალხს ელაპარაკონ. მთავრობის მხრიდან წინადადებამ გაიჟღერა, რომ გადასახადების შემცირებას აპირებენ, მაგრამ ამ დრომდე, საკანონმდელო ორგანოში არანაირი ინიციატივა არ არის შემოტანილი. ამასთანავე, პრივატიზაციასთან დაკავშირებით იდეები გაჟღერდა და როგორც ჩანს, ვიღაცას რკინიგზის ხელში ჩაგდება სურს, რადგან ეს ოლიგარქების ოცნებაა.
ძალიან კარგად მახსოვს, 2006 წელს, როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა რკინიგზის თემა ახსენა. მან თქვა, მის ინტერესს რკინიგზა წარმოადგენდა და არა პოლიტიკა. ძალიან მაინტერესებს, აქამდე პრივატიზაცია რატომ იყო გაჩერებული? ეკონომიკის მინისტრის მიმართ მითითება იყო გაკეთებული, რომ არც ერთი ობიექტის პრივატიზაცია არ მომხდარიყო. პრივატიზაციის საჭიროება არ იყო და ვალის აღება სჯობდა? როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო ქონება 2013 წელს უფრო კარგ ფასად გაიყიდებოდა, თუ ახლა?
თქვენ რკინიგზა და ოლიგარქების ოცნებები ახსენეთ, ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს რკინიგზის ხელში ჩაგდება სურს?
- ხელისუფლებისგან ეს ინიციატივა იმიტომ გაჟღერდა, რომ საკითხზე თანხმობა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. პრივატიზაცია შეჩერებული იყო და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამაზე საუბარი კვირიკაშვილსა და ღარიბაშვილს საკუთარი ნებით დაეწყოთ? რკინიგზაზე თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, ეს ივანიშვილი იქნება.
ამ სტრატეგიული ობიექტის გასხვისებას თქვენც აპირებდით, რატომ გადაიფიქრეთ?
- რკინიგზის საშუალებით თანხა მოვიზიდეთ და არ გავასხვისეთ. მათაც იგივეს გაკეთება შეეძლოთ.
მთავრობა „ქამრების შემოჭერაზე“ საუბრობს, ისევე როგორც ხარჯების შემცირებაზე თქვენი ხელისუფლება აპელირებდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, თქვენი ლიდერები მასაჟებსაც კი, თურმე სახელმწიფო სახსრებით იკეთებდნენ. რამდენად რეალურია „ქამრების შემოჭერა“ და რა შედეგს მოიტანს?
- ქამრები მაშინ უნდა შემოეჭირათ, როცა პრემიებში, დანამტებში, უცხოეთში ვოიაჟებსა და ძვირადღირებულ მანქანებში ათეულობით მილიონს ხარჯავდნენ. ასეთი ბიუჯეტი რატომ დაგეგმეს? ნოდარ ხადურმა „იბიარდის“ წლიური შეხვედრისთვის 67 ავტომობილი იყიდა. საქართველოში ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარებულა და გარწმუნებთ, რომ ქვეყანაში მაღალი კლასის 67 მანქანას მოძებნით. შესაბამისად, მათ ავტომობილების ქირაობა შეეძლოთ. მთავრობას წესად აქვს არასწორი, უაზრო და უტვინო ხარჯების გაწევა როგორც ხელფასების ზრდაზე, ასევე პრემიების გაცემაზე, რომელსაც დანამატი დაარქვეს, სუფრები გაშალეს და ტაშ-ფანდური მოაწყვეს. ხადური რომელი რბილი ავეჯის შემცირებაზე საუბრობს? თანხების შემცირების რესურსი პარლამენტს აქვს, რადგან შარშან, 10 მილიონი თბილისში მდებარე პარლამენტის რეაბილიტაციაზე დახარჯა, წელს კი უწყებას ამ ფულს წაართმევენ. ყველაზე მარტივად პარლამენტს მოექცევიან, რადგან არც ხელფასების ზრდა მომხდარა და არც პრემიების გაცემა. პოლიტიკურ ხაზს ვერ ვხედავ, რომელსაც მთავრობა ხარჯების შემცირებისას გაჰყვება. სავარაუდოდ, თანხების 300 მილიონამდე ლარით შემცირება მოუწევთ.
ეს 300 მილიონი ლარი რისი შემცირების შედეგად დაიზოგება - ხელფასების შემცირების, თანამშომლების სამსახურიდან გაშვების, თუ...?
- ყველა მუნიციპალიტეტში შტატები გაიზარდა და უნდა ეზრუნათ, რომ შტატები არ გაზრდილიყო. საქართველოში მუნიციპალიტეტები არსებობს, სადაც ბიუჯეტის 80 პროცენტი მარტო ხელფასებს ხმარდება. რეგიონების განვითარების ფული კი არ არის, საჭიროა, რომ სახელმწიფოში ფული გაჩნდეს, რომელიც ეკონომიკაში ჩაიდება და სამუშაო ადგილები გაჩნდება. იცით, რომ ზესტაფონი-გურიის გზა, რომელიც ჩვენს მიერ დაპროექტებულია, მხოლოდ ბეტონის უნდა ყოფილიყო? ეს გზა კოპიტნარამდე ბეტონისაა, ხოლო როგორც ინფორმაცია მაქვს, კოპიტნარის შემდეგი მონაკვეთი გურიამდე ასფალტით შეცვალეს. ბეტონის გზა რას ნიშნავს? - ბეტონის კლინკებიდან დაწყებული, გზის დაგებით დამთავრებული, საქმეს ქართული მუშა აკეთებს. ასფალტის შემთხვევაში კი, ბიტუმი უცხოეთიდან არის შემოსატანი და თანხის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში წავა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ ხადურმა ამიტომ თქვა, გზებში დიდი ფული „ტყდებაო“?
- ნოდარ ჯავახიშვილი ვინ არის? ის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეა და თქვას, ეს თანხები ვინ „მოტეხა“. ხომ არ შეიძლება, მან ჰაერზე ილაპარაკოს? ამ ადამიანმა ისიც თქვა, რომ ნაციონალებმა სავალუტო ფონდს ფული გადაუხადესო, მაგრამ ამ ფონდს თვითონ უხდიდა ფულს, თუ ეს საიდან გაიგო? შავლიაშვილს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, მის მოადგილეს უნდა უთხრას, ნოდარ გამოდი და თქვი, რას გულისხმობო. ჯავახიშვილს მოვუწოდებ კონკრეტული გვარები დაასახელოს, რადგან არ შეიძლება, მინისტრის მოადგილე აბრეხვებდეს, რომ თურმე, გზებში ფული ტყდება. როცა ვამბობდით, რომ ღარიბაშვილისა და თამაზაშვილის კლანი ცუდად მოქმედებს-თქო, არ გვიჯერებდით. თქვენი ინტერვიუს საფუძველზე, შავლიაშვილს წერილს მივწერ, დააზუსტოს, ჯავახიშვილი რის საფუძველზე ამბობს, რომ ფული „ტყდება“.
სავალუტო ფონდი ახსენეთ და გკითხავთ - თქვენ აპელირებთ, რომ ლარის კურის ვარდნა ხელისუფლების უუნარობის შედეგია, თუმცა, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული. მათ პოზიციას არ იზიარებთ?
- საგარეო ფაქტორი განმსაზღვრელი მაშინ გახდა, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და სანქციების ფონზე ნავთობს ფასების ვარდნა მოხდა. საქართველოს მთავრობამ რა გააკეთა, რომ ეს ყველაფერი ჩანაცვლებულიყო, ან საფრთხეები თავიდან აცილებულიყო? 2008 წელს, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იყო და ძალიან დიდი ფინანსური ინსტიტუტები ჩამოიშალა. ჩვენ კი, ეკონომიკური ვითარების სტაბილიზაცია მოვახდინეთ.
თუმცა, 2008 წელს, 8 აგვისტოს ომის შემდეგ, მსოფლიო თანამეგობრობა საქართველოს ერთი მილიარდით დაეხმარა და ქართული ეკონომიკა ჩამოშლას ამითაც გადაურჩა...
- ეკონომიკა ჩამოშლას იმის გამო გადაურჩა, რომ ჭკვიანურად ვიმოქმედეთ. აგვისტოს ომისა და ეკონომკური კრიზისის ფონზე ფულის დეფიციტი იყო, მაგრამ ფულის შეგროვება მაინც მოვახერხეთ. ამ მთავრობამ ეს ყველაფერი რატომ არ განჭვრიტა და სანაცვლოდ, რა ნაბიჯები გადადგა? ექსპორტი მყისიერად ხომ არ შემცირებულა? სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში ექსპორტს დაეტყო, რომ ტენდენცია ქვევით მიდიოდა, ფულადი გადმორიცხვები შემცირდა, ინვესტიციები არ შემოდიოდა და ამ დროს მთავრობა რას აკეთებდა?
ნოდარ ჯავახიშვილმა კიდევ ერთი სიბრძნე თქვა, რომ ტურისტებზე კვოტები უნდა შემოვიღოთ. შემოიღონ და შედეგს ნახავენ. ეს სიბრიყვე საიდან დაიწყო, გაიხსენეთ. ივანიშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური რეიტინგები ტყუილია, არადა, მთელი საინვესტიციო პროგრამა რეიტინგებს ეყრდნობა. თუკი ტყუილი იყო, მაშინ რატომ ეყრდნობი? ფუფუნება არ გვაქვს, რომ ეკონომიკა იზოლირებულად განვავითაროთ. ეკონომიკური მიმართულებით ამათი არაპროფესიონალიზმი ძალიან თვალსაჩინოა.
2013-2014 წელში, რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის თითქოს ჟანგბადი იყო, მაგრამ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ ეს პოლიტიზირებული ბაზარი იყო და ერთ მშვენიერ დღეს ეს გაჩერდებოდა, რაც ჰაერივით ჩავისუნთქეთ, მაგრამ ახლა ჰაერის უკმარისობაა. ჩვენს დროს თხილის გაშენება ხდებოდა და დაგვცინოდნენ, მაგრამ ახლა თხილის შემოსავალი ზუსტად იმდენია, რამდენიც ღვინის ექსპორტია. ქვეყანაში ღვინისა და თხილის ექსპორტიდან 160-160 მლნ დოლარი შემოდის.
შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაში, გამოსავალს რაში ხედავთ?
- გადასახადების შემცირება უნდა მოხდეს, რადგან ქვეყანაში ძვირი ფულია და ბატონმა ბიძინამ იაფი ფული არ მოგვცა. მეწარმეს ფული უნდა დაუტოვო და გადასახადები შეუმცირო, რომ მეტი ფული მოიტანოს. ამის მაგალითი 2009 წელი იყო, როდესაც საშემოსავლო გადასახადი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შევამცირეთ. 2010 წელს ნაკლები შემოსავალი მივიღეთ, მაგრამ 2011 წელს გაცილებით მეტი თანხა შემოვიდა, ვიდრე 2009 წელს. ამასთანავე, აქციზი ფასწარმოქმნას ძალიან დიდი შვებას მისცემს, რადგან ყველა პროდუქტშია ნავთობისა და გაზის წილი. ამას გარდა, ეკონომიკური ზონების შექმნა უნდა მოხდეს. როდესაც საქართველო ავტომობილების ჰაბი გახდა, იცინოდნენ, მაგრამ დღეს ეს ყველაზე მომგებიანია ქვეყნისთვის.
ნოვაციებზე უნდა იფიქრო, მაგრამ ესენი ფიქრობენ, რა გააფუჭონ. ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს და როცა ქვეყანას უჭირს, პროექტებში თანხა სახელმწიფომ უნდა ჩადოს.
ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ეს რაოდენობა არავის დაესიზმრებოდა...
- ალბათ, ამაზე უფრო ფართოდ იმ ფილმში იქნება საუბარი, რომელსაც ივანიშვილი გადაიღებს.