„მოსაფიქრებელია ახალი მექანიზმები, როგორ ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგეს“

„მოსაფიქრებელია ახალი მექანიზმები, როგორ ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგეს“

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას 2016 წელს არჩევნების გზით შეცვლის და ხელისუფლებაშიც დაბრუნდებიან. თუმცა, არჩევნებამდე, 21 მარტს დაანოსებულ აქციაზე ირაკლი ღარიბაშვილის და ეკონომიკური გუნდის დათხოვნას მოითხოვენ. უმცირესობის წევრი დარწმუნებულია, რომ მთავრობის დათხოვნას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მოითხოვს.

ეტყვის თუ არა მოსახლეობა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას არას და რა მექანიზმით აპირებენ ხელისუფლების გადადგომას, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გიორგი ვაშაძეს ესაუბრა.

21 მარტს დაგეგმილი აქციის მთავარი გზავნილია გადადგეს ხელისუფლება. ფიქრობთ, რომ საზოგადოება ამ ხელისუფლებას ეტყვის არას?

- რუსთაველზე ქართველი ხალხი შეიკრიბება კონკრეტული მესიჯით. მართლაც ზღვარი აქვს ამდენ უსაქმურობას. შესაბამისად, დროა ეს მთავრობა წავიდეს და შევარჩიოთ ახალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ერთადერთი, რაც ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ამ მთავრობამ კარგად მოახერხა, ეს არის ქვეყნის ღრმა კრიზისში შეყვანა. მიიღეს ისეთი გადაწყვეტილებები, რამაც გამოიწვია ეს მძიმე მდგომარეობა, რამაც საბოლოო ჯამში დაარტყა ჩვეულებრივ მოქალაქეებს. შეიძლება მინისტრები და პრემიერ-მინისტრი თვითონ ვერაფერს გრძნობენ, იმიტომ, რომ მაღალი ხელფასი აქვთ, პრემიებსაც იღებენ, მაგრამ ამ კრიზისს გრძნობენ რიგითი მოქალაქეები.

ხელსიუფლება არ იზიარებს შეფასებას, რომ ქვეყანაში არის კრიზისი. მმართველი გუნდი ამბობს, რომნაციონალური მოძრაობამიზანმიმართულად ცდილობს შექმნას მძიმე ფონი იმისათვის, რომ 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე გამოვიდეს ხალხი ქუჩაში...

- განცხადება, რომ არანაირი კრიზისი ქვეყანაში არ არის, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ისინი დროულად უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან. აბსოლუტურად არადეკვატურია ხელისუფლების შეფასება. ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ბიზნესები გაუჩერდათ, ვაჭრობა აღარ არის. ხალხი ყოველდღიურად კარგავს სამუშაო ადგილებს, თქვენ წარმოიდგინეთ ამ ადამიანებს კრედიტები აქვთ აღებული და არ იციან როგორ უნდა გადაიხადონ. ეს ადამიანები მოდიან პარლამენტში და ითხოვენ, როგორმე მოხდეს კრედიტების გადავადება.

აი, ამ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. არ მეგონა, რომ ეკონიმიკური გუნდი კომიტეტის სხდომაზე ასეთ აბსურდულ განცხადებას გააკეთებდა. ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა ხალხს უთხრა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვცხოვრობთ, არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ გვაქვს და, თუ რამე ისე არაა, მერე რა, ეს დროებითიაო.

სამი წელია ასე ლაპარაკობს ხელისუფლება და დღითიდღე უარესდება სიტუაცია. წელს უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე გასულ წელს. ეს ყველაფერი დაიწყო 2012 წლის 1 ოქტომბრიდან. იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება, უნდა მოვიდეს ნორმალური ხელისუფლება, ვინც შეძლებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. ამიტომ ვითხოვთ პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით ხელისუფლების გადადგომას და რაც მთავარია, მთლიანად უნდა გაიწმინდოს ეკონომიკური გუნდი.

ამ პრობლემების მიუხედავად, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი მოთხოვნის საფუძველზე მთავრობა გადადგება?

- ჩვენ გვაქვს ხალხის მხარდაჭერის იმედი და დარწმუნებული ვართ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვა, ვიდრე ეს იყო 15 ნოემბერს და ეს იგრძნობა კიდევაც ჩვენს გარშემო. რაც შეეხება იმას, ხელისუფლება გადადგება თუ არა, ამას უკვე, დრო გვიჩვენებს. თუ არ გადადგებიან, მაშინ სხვა მეთოდებს მივმართავთ იმისთვის, რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლება, წავიდეს სახლში.

როგორ აიძულებთ ხელისუფლებას, რომ გადადგეს, ამის რა მექანიზმი გაგაჩნიათ?

- ამას 21 მარტს ნახავთ. როდესაც შევიკრიბებით რუსთაველზე, ამის შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს სამოქმედო გეგმას. ფაქტია, რომ მოსაფიქრებელია ახალი მექანიზმები, როგორ ვაიძულოთ ხელისუფლება რომ გადადგეს და როგორ უნდა მოვიდეს ნორმალური და პროფესიონალი კადრი მთავრობის სათავეში. სრულიად უტიფრად ქვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის სპეციალური სხდომები ვერ ტარდება, ესეც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აბსოლუტურად არადეკვატურია „ქართული ოცნება“ ქვეყანაში დღეს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ამიტომ, ჩვენ, ჩვენს სამოქმედო გეგმას 21 მარტს შევთავაზებთ მოქალაქეებს. მთავარია, ხალხი შეიკრიბოს 21 მარტს. ბევრს ჩამოსვლის პრობლემა აქვს, ბევრს პრობლემას უქმნიან გადაადგილებასთან დაკავშირებით, სამსახურებში აქვთ ადამიანებს პრობლემა. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკას გამოთქვამენ, მათი ოჯახის წევრები, ნათესავები თუ სადმე სახელმწიფო უწყებაში არიან დასაქმებული, სამსახურიდან უშვებენ. ეს არის ხელისუფლების პასუხი. შესაბამისად, მოვიდა დრო საზოგადოებამ თავისი პასუხი გასცეს ხელისუფლებას და აჩვენოს რეალური ძალა.

ზეწოლის ერთი ფაქტი შეგიძლიათ დაასახელოთ?

- ჩემი თანაშემწის პაატა მანჯგალაძის ძმა მუშაობდა შსს-ში და გამოუშვეს სამსახურიდან. მამას შეუქმნეს პრობლემები, ეს ადამიანი ორი დღის წინ დაბარებული იყო პროკურატურაში. იგივე ლევან ხაბეიშვილის დედა და რძალი გამოუშვეს კერძო კომპანიიდან. ასეთი ფაქტები არის ბევრი. ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რითაც ხელისუფლება ცდილობს გავლენები შეინარჩუნოს რეგიონებში თუ თბილისში, მაგრამ ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. ძალადობას არასოდეს შედეგი არ მოაქვს და ძალადობაზე დაფუძნებული ხელისუფლება, დამრაცხებით ამთავრებს მოღვაწეობას.

როგორცნაციონალურმა მოძრაობამდაასრულა?

- რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მოდით ღიად ვთქვათ, შეცდომები იყო, მათ შორის სერიოზული შეცდომები და ეს შეცდომები არ მოდიოდა ხელმძღვანელობისგან. ეს იყო კერძო ინიციატივები, განსაკუთრებით რაიონების დონეზე ხდებოდა და ხშირად შეიძლება სამართალდამცავები იყვნენ ჩართული იმისთვის, რომ თავისი ქმედებებით ეჩვენებინათ, რომ აი, ჩვენ რა ძლიერები ვართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამას არაფერი პოზიტიური არ მოუტანია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ადამიანს პოლიტიკურ არჩევანს, ან ხედვას შეაცვლევინებს თუ სამსახურიდან გაუშვებს, ძალიან ცდება. პირიქით, ამ ადამიანისგან მკვეთრ და აგრესიულ მოწინააღმდეგეს გაიჩენს. ეს არის რეალობა.

ძნელია საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, რომ ეს სერიოზული შეცდომები არ მოდიოდა ხელმძღვანელობისგან...

- ცხადია და სწორედ ამას ვამბობ, რომ არ მიექცა ამას სათანადო ყურადღება. გაცილებით მკვეთრი და მკაფიო ყურადღება უნდა მიქცეოდა.

მმართველი გუნდი ღიად ამბობს, რომნაციონალური მოძრაობისკრიტიკას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. როდესაც ასეთი განწობა არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ, რატომ ფიქრობთ, რომ მოსახლეობა გამოგყვებათ?

- ხელისუფლების არადეკვატურობიდან გამომდინარე შეიძლება ბევრი სხვა განცხადებაც მოვისმინოთ. ვის რისი ლეგიტიმური უფლება აქვს, ამას ხალხი აფასებს და შესაბამისად, დაინახავენ რამდენი ხალხი გამოვა 21 მარტს რუსთაველზე იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ ვხედავთ რეალურ პრობლემებს. რა ლეგიტიმურობაზე ლაპარკობთ, როდესაც ადამიანებს ისე გაუჭირდათ, რომ პურის ფული არ აქვთ. ამის ყველაფარის შემოქმედი არის „ქართული ოცნება“ და პასუხიც უნდა აგონ.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ღიად საუბრობს პრობლემებზე, აქვე ამბობენ, - ეს არ ნიშნავს, რომნაციონალური მოძრაობაუნდა დაბრუნდეს ხელისუფლების სათავეში. მაშინ, როდესაც ხალხში ისევ არის უარყოფითი დამოკიდებულება თქვენი მმართველობის წინააღმდეგ, როგორ ფიქრობთნაციონალური მოძრაობისწევრებთან ერთად მოითხოვენ ხელისუფლების გადადგომას?

- ჩვენ 21 მარტს ვითხოვთ ხელისუფლების გადადგომას და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში მოსვლას. პოლიტიკური ძალა და ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების გზით უნდა მოვიდეს. თუ რატომ მოვა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ამას მარტივად განგიმარტავთ - ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის მართვის და მშენებლობის გამოცდილება აქვს.

ეს იციან არა მარტო საქართველოში, არამედ კარგად ხედავთ, რომ ჩვენი თანაგუნდელები უკრაინის ხელისუფლებაშიც არიან წარმოდგენილი და მათ შორის სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს გაცილებით მაგარი საქმეების კეთებას, რაც თითოეული ადამიანს მოუტანს სიკეთეს. დარწმუნებული ვართ, რომ დავაჯერებთ ჩვენს მოქალაქეებს იმაში, როცა დავბრუნდებით ხელისუფლებაში, ვნახავთ რამდენად მაგარი ქვეყანა გვექნება. დღეს ვერავინ ვერ დასწამებს „ნაციონალური მოძრაობას“ იმას, რომ არაპროფესიონალები არიან. დამისახელეთ სხვა პოლიტიკური ძალა, რომელმაც რამე გააკეთა ამ ქვეყანაში.

ამ ქვეყანაში ორი პოლიტიკური ძალა იყო ქვეყნის სათავეში, „მოქალაქეთა კავშირი“, რომელთა უმრავლესობა შემდეგ უკვენაციონალური მოძრაობისსახით იყო ხელისუფლებაში წარმოდგენილი, რომ არაფერი ვთქვათ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პარტიის გენერალური მდივანი იყო...

- „მოქალაქეთა კავშირის“ ძალიან დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში გამგებლები და მერები არიან. თუ ვინმე არის „მოქალაქეთა კავშირიდან“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სწორედ ამ ადამიანებმა წაშალეს „მოქალაქეთა კავშირი“ და გაუშვეს სახლში. მაგრამ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ბოლომდე ჩაჰყვნენ შევარდნაძის ხელისუფლებას, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ამოყვანა და დასვა თანამდებობაზე. მათ ერთადერთი რაც იციან, ეს არის ფულის კეთება და ამას აკეთებენ სწორედ ახლა.

ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ასეთი ხელისუფლება. ვინც თვლის, რომ ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს, ყველას ველოდებით 21 მარტს რუსთაველზე. და თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ამას უკვე არჩევნები გადაწყვეტს. ერთადერთი გზა, ეს არის არჩევნები, რითაც შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს. გარწმუნებთ, რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და ეს არც ისე შორეული მომავალია.

ამბობთ, რომ ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით აპირებთ, მაშინ 21 მარტი რა არის?

- ხელისუფლება შეიცვლება არჩევნების გზით. 21 მარტს ჩვენ მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას, ეკონომიკური გუნდის დათხოვნას და მინისტრთა კაბინეტის შეცვლას. არ შეიძლება ქვეყანას მართავდნენ ასეთი ადამიანები. ისინი უკვე უუნაროები კი არ არინ, მავნებლები არიან. რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, ეს არის მავნებლობა. შესაბამისად, მავნებლები ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ.