პეტრო პოროშენკომ საქართველოს პრეზიდენტის მოწვევაზე თანხმობა განაცხადა

პეტრო პოროშენკომ საქართველოს პრეზიდენტის მოწვევაზე თანხმობა განაცხადა

პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ საქართველოს კურსი არ შეუცვლია და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ ალიანსისკენ. რაც შეეხება განცხადებებს, რომ ქვეყანა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, პეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, არაკოორდინირებულობა კვლავაც რჩება სერიოზულ პრობლემად, რაც უკვე უკავშირდება არა ნატოს, არამედ უკავშირდება მართვის სისტემას.

როდის იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და რატომ არის საჭირო მეტი დაზუსტების შეტანა სპეციალური წარმომადგენლის მანდატში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ნატალია გალიბარენკოსთან შეხვდაზე განიხილეთ 2015 წელს მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრების წინასწარი გეგმა. მაღალი რანგის შეხვედრაში შეიძლება ვიგულისხმოთ უკრაინის პირველი პირის ვიზი საქართველოში?

- 22 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა უკრაინაში, რომელმაც მონაწილება მიიღო ღირსების მარშში. გაიმართა ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ პოროშენკოსა და პერზიდენტ მარგველაშვილს შორის, შემდეგ უკვე - გაფართოებული შემადგენლობით. სწორედ ამ უმაღლესი დონის შეხვედრების შემდეგ ჩავედი უკრაინაში და მქონდა ბევრი შეხვედრა. ასე რომ, უკრაინა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი.

ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. არ ვგულისხმობ მხოლოდ ისტორიულ კავშირებს. დღეისათვის ჩვენ გვაქვს ერთიანი მიზნები, საფრთხეები და გამოწვევები. მითუმეტეს იმ ნავში ვართ, რასაც ჰქვია აღმოსავლეთ პარტნიორობა და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერილი ქვეყნები. ჩვენ, ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა ერთად უნდა ვიაროთ წინ ჩვენი დასავლური მიმართულებით.

გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ რაიმე ვიზიტის მოსამზადებლად არ ვყოფილვართ ჩასული. თუმცა, იყო რაღაცა კონკრეტული თემები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია გიორგი მარგველაშვილმა და პოროშენკომ ეს მოწვევა მიიღო. ანუ, პოროშენკოს საქართველში ვიზიტი იგეგმება?

- ნამდვილად, საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია თბილისში პრეზიდენტი პოროშენკო. მან მიიღო ქართველო კოლეგის მოწვევა და თქვა, რომ აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. ეს ადამიანი პრაქტიკულად საომარ ველზე იმყოფება. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს ვიზიტი არ იქნება დღეს და ხვალ, მაგრამ საქართველოში მოწვევა მიღებულია. პროშენკომ თქვა, რომ აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, როგორც კი სიტუაცია ოდნავ მაინც დაწყნარდება.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გამოცდილების გაცვლისათვის ეფექტიან თანამშრომლობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მაღალ თანამდებობებს იკავებენ უკრაინის ხელისუფლებაში, როგორ წარმოგიდგენიათ ამ მიმართულებით თანამშრომლობა უკრაინასთან?

- საქართველო-უკრაინის ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა. ასე რომ, აქ პერსონიფიცირება და რომელიმე პიროვნების გამო ურთიერთობის დაზარალება, ეს იქნება ძალიან სერიოზული ზიანის მომტანი, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის. ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში ეს არ შედის. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები.

რაც შეეხება კონკრეტულ თემებს, რა თქმა უნდა, უკრაინას ბევრ რამეში სჭირდება დახმარება და მათ შორის იმ ჩვენი სამწუხარო გამოცდილების გაზიარება, რაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორეიბთან და დევნილებთან დაკავშირებით. საუბარი იყო იმაზე, როგორ შეიძლება უკეთესად აეწყოს თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენ თუკი რამეში შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს, ბუნებრივია, ამისთვის მზად ვართ.

18 მარტამდე გადიდო რუსეთსა და . სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება კრემლმა?

- სამწუხაროდ, აქ ნამდვილად ვერ ვილაპარაკებთ იმას, რომ მოსკოვში ვინმემ პოლიტიკური ნება შეცვალა, ან ახლებურად დაინახა სიტუაცია. უბრალოდ, ტექნიკური შეფერხება იყო. სამწუხაროდ, ისევ გრძელდება ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია და კრემლი ავითარებს საქართველოს და მისი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.

რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელიც 10 აპრილამდე გაგრძელდება. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რუსეთი აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან საგარეო პოლიტიკის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. რამდენად რთული პროცესის წინაშე დგას ქვეყანა?

- საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ უსაუბრია ამაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ძალისხმევა გავაერთიანოთ იმისათვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ისაუბრონ პრობლემაზე არა მხოლოდ სოხუმში, ცხინვალში ან მხოლოდ ლუგანსკში, არამედ ილაპარაკონ იმ პოლიტიკის მიუღებლობაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მეზობლებთან მიმართებაში იყენებს - ამა თუ იმ სადავო საკითხის გადასაწყვეტად რუსეთის ფედერაცია იყენებს შეიარაღებულ ძალას, პატივს არ სცემს ქვეყნების თავისუფალ არჩევანს.

რუსეთი ებრძვის იმ თავისუფალ არჩევანს, რომელიც გააკეთა უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ. ის ქვეყნები, რომლემბაც აჩვენეს ყველაზე დიდი პროგრესი აღმოსავლეთ პარტნიორობაში და რომლებმაც ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, სამივეს აქვს ტერიტორიული პრობლემა. ამიტომ, ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად უნდა გაიგონ ეს მესიჯი. ჩვენ გვჭირდება ის პოლიტიკა, რომელიც დასავლეთის მხრიდან ისაუბრებს რუსეთის ქმედებების მიუღებლობაზე. ამაში გვჭირდება ძალისხმევის გაერთიანება.

რაც შეეხება საქართველოს განცხადებას, რომ გვსურს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, საქართველოს ყველასთან სურს კეთილმეზობლური ურთიერთობა, მაგრამ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკური პრობლემის გადაწვეტაზე, ამ შემთხვევაში, საქართველო არ უნდა იყოს მარტო და მას სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თუ ვლაპარაკობთ იმ კონკრეტულ თემებზე, რისთვისაც იყო შექმნილი ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრების ფორმატი, ეს არ უკავშირდებოდა იმ მწვავე პოლიტიკური თემების განხილვას. ამიტომ, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ არ მოხდეს ფორმატების არევა.

ამ საკითხზე პერზიდენტის მხრიდან გაკეთდა განცხადება...

- ნებისმიერ მომლაპარაკებელს სჭირდება მკაფიოდ და ნათლად გაწერილი მანდატი, ეს თვითონ მას უადვილებს საქმეს. ამ მხრივ, ალბათ, საჭიროა უფრო მეტი დაზუსტების შეტანა სპეციალური წარმომადგენლის მანდატში. კარასინი რომ ლაპარაკობს უსაფრთხოებაზე და ვაჭრობის საკიხებზე, ეს არ მიკვირს. კარასინი არის მინისტრის მოადგილე, რომელიც იმავდროულად, ხელმძღვანელობს დელეგაციას ჟენევაში. მის კომპეტენციაში შედის ორივე თემაზე საუბარი. აქ ჩვენ ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფრი ზუსტად იყოს გაწერილი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - მაქსიმალურ კოორდინაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ეს უწყება იმისთვის არსებობს, რომ მასთან ხდებოდეს ამ ყველაფრის კოორდინირება.

ამ ფონზე ძალიან საინტერესოა უმრავლესობის წევრის განცხადება, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის მთავარი ტერიტორიული მთლიანობის თუ უსაფრთხოების საკითხებში. ბატონო თენგიზ, მაშინ რა არის ჟენევის ფორმატი? ეს განცხადება რამდენად აკნინებს ჟენევის საერთაშორისო ფორმატს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ფორმატის შენარჩუნება?

- ჟენევის ფორმატის შენარჩუნება აუცილებელია. აქ ჩვენ სულ სხვა იერარქიასთან გვაქვს საქმე, რომელიც იერარქულად გაცილებით მაღლა დგას, მათ შორის სპეცწარმომადგენლის ფორმატთან. ჟენევის მოლაპარაკებები ეს არის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი და ეს პირდაპირ უკავშირდება 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. იქ ნადვილად გვაქვს ის ფორმატი წარმოდგენილი, სადაც საქართველოს საშუალება აქვს ისაუბროს თავის მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთის ფედერაციასთან. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენი პოლიტიკა აწყობილია იმაზე, რომ ყველა მწვავე საკითხი გადაიჭრას დიპლომატიური გზით, აი, ამ კონსტრუქციულობის ყველაზე ნათელი გამოხატვა ეს არის სწორედ ჟენევის ფორმატი. საერთოდ, ასეთი აქსიომაა დიპლომატიაში - თუ არაა მოლაპარაკება, მაშინ არის ომი. საქართველო ომის გზით არ მიდის.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას. პროცესები რომელიც დღეს ღიად მიმდინარეობს ქვეყანაში, საჯარო განცხადებები, რომ ნატოსგან ხეირი ვერავინ ნახა, რომ ჩვენ ვერ გავხდებით ნატოს წევრი, ეს ყველაფერი ტოვებს თუ არა იმის შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე? და თუ ასე არაა, მაშინ რას ნიშნავს ეს განცხადებები?

- პირველი, რაც შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, საქართველოს თავისი კურსი ნამდვილად არ შეუცვლია. ძალიან სერიოზული ნაბიჯები იდგმება. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ ალიანსისაკენ. რაც შეეხება განცხადებებს, სამწუხაროდ, არაკოორდინირებულობა კვლავაც რჩება სერიოზულ პრობლემად, ეს უკვე უკავშირდება არა ნატოს, არამედ უკავშირდება მართვის სისტემას.

დამიკონკრეტეთ მართვის სისტემაში რას გულისხმობთ?

- ნატოზე კომენტარი უნდა გააკეთოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც უშუალოდ არის ჩართული, ღრმად იცის თემატიკა და ვინც იცის, თუ რა მიმართულებით მიდის პროცესი. რა თქმა უნდა, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი ინდივიდუალური აზრი და ეს არაა გატოლებული სახელმწიფოს აზრთან. ყურადღება მივაქციოთ იმას, როდესაც სახელმწფოს სახელით ოფიციალური განცხადება კეთდება გარკვეული პირების მხრიდან. სხვა, ნებისმიერი პოლიტიკოსის გამონათქვამი არ განიხილება როგორც ქვეყნის პოზიცია, ეს მიღებული ფორმატი არის. ყველას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი.

ალიანსის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის თანახმად, მისი კარი ღიაა ასპირანტი ქვეყნებისათვის. საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა, მიეცემა პოლონეთის სამიტზე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის საშუალება და მიიღოს მაპი?

- უელსის სამიტის მერე მაპი არაა გადამწყვეტი ნაბიჯი. ულესის სამიტის დეკლარაციაში პირდაპირ წერია, რომ დღეისათვის საქართველოს არსებით პაკეტთან ერთად, აქვს ის ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლია მოამზადოს ქვეყანა ალიანსის წევრობისათვის. ნუ ვიქნებით კონცეტრირებული მაპზე, ვიყოთ კონცენტრირებულები წევრობაზე.

არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც მაპის გარეშე შესულა ნატოში. ჩვენი პარტიორები გვეუბნებიან, რომ მოემზადეთ არა მაპისათვის, არამედ წევრობისათვის. აკეთეთ თქვენი საქმე, შეასრულეთ ის საშინაო დავალება, რაც გაქვთ და როდესაც მომწიფდება ეს დრო, თქვენ აუცილებალად შემოხვალთ ალიანსში. ჩვენ გაქვს ძალიან კონკრეტული დავალებები და ინსტრუმენტები. დანარჩენი არის ჩვენი გასაკეთებელი.

თუმცა, წინ გვაქვს საფანგეთის პრეზიდენტის განცხადებაც...

- არავის უთქვამს, რომ მაინც და მაინც, იმ სამიტზე უნდა გავხდეთ ალიანსის წევრი. საფრანგეთის პრეზიდენტის, ისევე როგორც სხვა ბევრი ადამიანის განწყობა შეიძლება შიცვალოს. ნამდვილად არ უნდა ჩამოვყაროთ ყურები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. არ არსებობს ძალა, რომელიც ერისა და საზოგადოების არჩევანს დაუპირისპირდება.

რაც შეეხევა რიგის სამიტს, დაწყებულია პოლიტიკური დისკუსია იმაზე, ამ სამიტზე საქართველო სავარაუდოდ ვერ მიიღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას...

- ამაზე დაწყებულია პოლიტიკური სპეკულაცია. დაახლოებით იმ ვითარებას მაგონებს, რაც იყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტის წინ. როდესაც რეალურად კონცეტრირებული ვიყავით მაპის თემაზე. მაშინც მთავარი კითხვა იყო მივიღებთ თუ არა მაპს. რა არის რიგის სამიტი - ეს არის ის სამიტი, რომელიც პირველად იმართება მას შემდეგ, რაც სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. შესაბამისად, ეს არის შეფასების სამიტი. რიგის სამიტი იმართება იმ რეალობაში, რაც ხდება უკაინაში და რა ქმედებებს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ანუ, იმ ვითარებაში, როდესაც თავად ევროკავშირი ყალიბდება ახალ პოლიტიკაზე და ახალ მიდგომებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. ასე რომ, იქამდე დიდი დროა. იმედი გვაქვს, რომ მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ახალ იმპულს მისცემს ჩვენს ევროპულ იტეგრაციას. მოდით, სახელის დარქმევისგან ჯერ თავი შევიკავოთ. არავის უთქვამს, რომ რიგის სამიტი არის რაღაცის დედლაინი. ნამდვილად, სამუშაო ბევრია, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე.