დიტო გელოვანი: ნიკოლაიშვილის ნაპრალები - უჩოყლაყო ზონა

დიტო გელოვანი: ნიკოლაიშვილის ნაპრალები - უჩოყლაყო ზონა

- ყველაფერი თავისით დალაგდა. ნათქვამია, წყალი ნაგუბარში დგებაო. ა, უყურეთ ახლა თქვენ: კვიშილაძე გემრიელებს მიირთმევს; მისია და მიირთმევს. ქუჩულორია მელაა და მასეთები ლაქიობით არიან მაძღრები. ეგეც თავის ადგილზეა ახლა. ჭონიას, მართალია, არ მოხვედრია იმდენი, რამდენიც ერგება, მარა მისი ხვედრი მაინც ახვედრა ღმერთმა. საცოდავი ვარამია მართალი კაცია. სამართალმა პური უნდა ჭამოს, პური და სხვა არაფერი. არც ერგო რამე ღომის მეტი უბედურს. თავისით ჩადგა წყალი კალაპოტში. ასე უნდა მომხდარიყო და ასეც არის ეს.

- ასე რომ არის ეგ, სხვაა, მაგრამ ასე თუ უნდა იყოს, ეს არის საკითხავი, - თქვა თუთაშხიამ, - რომ დაჭამეს ერთმანეთი და აღარც ერთი აღარაა ადამიანი მაგათში?

(ჭაბუა ამირეჯიბი, ”დათა თუთაშხია”)

 

ვარამია, ჭონია, ქუჩულორია და კვიშილაძე იქით იყოს და აქეთ სახელების ამბავია - სამოქალაქო რეესტრმა იშუსტრა და გასულ კვირაში მიმდინარე წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა - ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს და მარიამს არქმევენ. იქვე არიან ნინო და გიორგი. სულ ბოლოში კი, იშვიათობებია აღრიცხული - ძველი, მაგრამ, როგორც იტყვიან, ძველი უმჯობეს არს. აი, იშვიათი სიძველეები: მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე და სხვა.

 

მაგრამ, გვაქვს ერთი განსაკუთრებული შემთხვევა - ექვთიმე, მელენტი პოლიევქტი, დომენტი, აბესალომ, ტიხონ და კალენიკე. ეს ყველაფერი ერთს ქვია - მადლიერებმა დაარქვეს. დედამ დაარქვა მიხეილი, უმადურებმა - ჩოყლაყიო.

 

ჩოყლაყის კვირა იყო. იუპიტერი ნეპტუნს სახიფათოდ მიუახლოვდა, მზეზე აფეთქება მოხდა, ავლაბრის რეზიდენციიდან dark side of the moon დაინახეს და ჩოყლაყმა ნიშნისმოგებით გაიფიქრა: ”ესენი სად იყვნენ, მე რომ კრის დე ბურგს ვუსმენდი!” და ჩოყლაყმა წაიღიღინა რამდენიმე სიტყვა კრის დე ბურგის ცნობილი სიმღერიდან „Shlukha in Red”

 

როგორც წაგება და მოგება არიან ძმები, ასეთივე ძმები არიან პოეზია და პროზა. როგორც აღვნიშნე, გასული კვირის პოეზია იყო „Shlukha in Red”, ხოლო პროზა ქართულად დაიწერა - ”რა მოხდა აბაშაში”.

 

”საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აბაშის რაიონს ეწვია და ანჯელის მასივში ჰიბრიდული სიმინდის თესვის პროცესს დაესწრო...  ”როგორი ქარბუქიც არ უნდა იყოს, მაინც უნდა ვიმუშაოთ. 20 წელია, რაც აქ მიწები არ დამუშავებულა და ამ ადგილებს საძოვრებადაც ვერ იყენებდნენ. ადრე აქ 1,5-2 ტონა სიმინდი მოდიოდა, ახალი, ჰიბრიდული ჯიშის თესლით კი, საშუალოდ 8 ტონა, ანუ გაოთხმაგებულ-გახუთმაგებულ მოსავალს მივიღებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველო გახდება სიმინდის ექსპორტიორი - განაცხადა პრეზიდენტმა”.

 

როგორი ქარბუქიც არ უნდა იყოს... რაც მართალია - მართალია, ქარებისა და ქარბუქების მხრივ საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე, მაგალითად, ამერიკის შუა დასავლეთში. იქ რომ ქარი ყველაფერს გლეჯს, ამ დროს ჩვენთან ნიავი ქრის ხოლმე, სულ რაღაც 15-16 გრადუსი წამში. ტენიანობაც მისაღებია - 23 გრადუსი და, რაც ყველაზე მთავარია, მიწა 40 გრადუსის სიღრმეზე ნეშომპალით არის გაჯერებული.

 

მიშა სიმინდით დაინტერესდა და გაეროში უკვე შიშით ელიან მის 40-გრადუსიან გამოსვლას რომელიმე მორიგ ასამბლეაზე. თუ არ ვცდები, წელს სრულდება 50 წელი იმ დღიდან, ნიკიტა სერგეევიჩმა გაეროს ტრიბუნაზე ფეხსაცმელი რომ ურტყა. გაეროს უდღეურ დიპლომატებს გონიათ, რომ ვისაც სიმინდი უყვარს, ყველას ფეხსაცმელების ბრახუნზე აბოდებს. არადა, ეგრეც არ არის - მიშა ჰალსტუხებს ანიჭებს უპირატესობას.

 

აქვე, ბარემ ანეკდოტიც (არც ისე ახალია, მაგრამ ახლა გამახსენდა): მიშა ჰალსტუხების მაღაზიაში შევიდა. ერთი ჰალსტუხი შეარჩია. ეს მომეცითო - ნოქარს უთხრა. ნოქარმა - შეგიხვიოთ, თუ აქვე მიირთმევთო?

 

ასეა თუ ისე, თესვის პროცესს დაესწრო და ვერ გეტყვით, იტრაბახა თუ არა, ახალგაზრდობაში (20 გრადუსის რომ იყო) საქართველოს მექანიზატორთა ნაკრების წევრი ვიყავიო.

 

ამ ყველაფერს იღებდნენ ტელევიზიები - მიშა საუბრობს ჰიბრიდულ თესლზე; მიშა აფართოებს ჰიბრიდული თესლის გავრცელების არეალს; მიშამ იცის, რომ 100 კილო ჰიბრიდული თესლი ერთ წელიწადში იძლევა 800 კილო ჰიბრიდულს. თესლს რა თქმა უნდა. მიშამ იცის, რომ ნაპერწკლიდან ალი აინთება.

 

ამ ყველაფერს ტელევიზიები ტრაქტორების ფონზე იღებდნენ და არც ის ვიცი, ის ტრაქტორები ჯერ კიდევ ხნავენ თუ რამაზ ნიკოლაიშვილმა მოასწრო და უკვე კატოკებად გადაადნო. კატოკები კი მას ძალიან ჭირდება. ”ანჯელის მასივში მიწის დამუშავება წლების განმავლობაში უგზოობის გამო შეუძლებელი იყო. 2009 წელს ამ ტერიტორიაზე სახელმწიფომ გზების მშენებლობა დაიწყო და 34-კილომეტრიანი ბეტონის გზა გაკეთდა” - მიშას წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა ჩემი საინფორმაციო წყარო.

 

ყველაფერი დასწრებაზეა... თუ მოასწრებენ აბაშელები და დათესენ - ხომ კარგი, თუ არა და - 34-კილომეტრიანი ბეტონის გზას გაისად 33-კილომეტრიანი ნაპრალი გაუჩნდება. ვიცი, რომ ჩემი იმიტომ გჯერათ, რომ მე მჯერა ”ინტერპრესნიუსის”. ჰოდა, ისევ ამ პატივცემულ სააგენტოს მოვუსმინოთ: ”პომპეზური პრეზენტაციიდან ზუსტად ორ თვეში ვაზიანი-გომბორი-თელავის მაგისტრალს ნაპრალები გაუჩნდა. პროექტისთვის 43 მილიონი ლარი დაიხარჯა. იყო თუ არა ნაჩქარევი გომბორის რეაბილიტირებული გზის გახსნა, სადაც პირველმა მანქანით პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაიარა?”

 

მოკლედ, სააგენტომ დასვა კითხვა და სტრიქონებს შორის გასცა პასუხი. ვეთანხმები - რა თქმა უნდა, ნაჩქარევი იყო. ნიკოლაიშვილს ჯერ ჰიბრიდული ასფალტი უნდა შემოეტანა და გზის დაგებაც ამის შემდეგ უნდა დაეწყო. ახლა გვიანია - ნაპრალი უკვე გაჩნდა და ულიანოვ-ლენინინისა და ჩოყლაყ-სააკაშვილისა არ იყოს, ნაპრალისგან უფსკრული გაჩნდება.

 

აი, ხომ ამდენი ვისაუბრე რამაზ ნიკოლაიშვილზე, ხომ მივუძღვენი ათზე მეტი სტრიქონი? რომ არ ეწყინოს, გოგა ხაჩიძეზეც დავწერ ოთხიოდე სტრიქონს, მაგრამ ეს ოთხიოდე უცებ გადაწონის იმ ათიოდეს: ”თბილისი ღამურების - ხელფრთიანების შესახებ ევროპულ სემინარს უმასპინძლებს. სასტუმრო ”ძველ თბილისში” ხელფრთიანთა დაცვის შესახებ საერთაშორისო სემინარს ხვალ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე გახსნის”.

 

ვინ იცის, გოგა ხაჩიძემ იქნებ ღამურების სემინარიც იაპონელებს მიუძღვნა...

 

სააკაშვილმა რამდენიმე წუთი მიუძღვნა ტელეკომპანია ”სი ენ ბი სის”. ”ბევრ რამეს ვნანობ ყოველ ღამეს. სანამ დავიძინებ, განვლილ დღეს თვალს ვავლებ და ვუფიქრდები, რა გავაკეთე ამ დღეს. ეს ჩემი ცხოვრების წესია. ყოველთვის ვფიქრობ, იქნებ მეტის გაკეთება შემეძლო, იქნებ სხვაგვარად უნდა გამეკეთებინა”, - უთხრა მიხეილმა ჟურნალისტს, მაგრამ პრეზიდენტის ღამე ხანმოკლეა...

 

ერთი აზრი მომივიდა და თქვენ სამსჯავროზე გამომაქვს - მოდით, მიშა მურმანსკში ან სადმე იმის იქით გადავასახლოთ. იქ წელიწადში ექვსი თვე ღამეა და ამ ექვს თვეში იქნებ ერთი რომელიმე მიქარვის მონანიება მაინც მოასწროს... თუმცა, მიშას ამბავი რომ ვიცი, წავა მურმანსკში და პეტერბურგის თეთრ ღამეებში ამოყოფს თავს.

 

”ბევრი რამ ვისწავლე ათა თურქის, ისრაელისა და სინგაპურის დამაარსებლებისგან” - იმავე ჟურნალისტს უთხრა იმავე პრეზიდენტმა. ანუ, ისწავლე და ასწავლე ათათურქთან ერთად.

 

მაგ ინტერვიუს ერთხელ კიდევ მივუბრუნდები, მანამდე კი გასულ კვირაში დაბადებულ ახალ სლოგანზე მივაქცევ თქვენს ყურადღებას. ეს სლოგანია ”ასწავლე და ისწავლე გრიგოლ ვაშაძესთან ერთად”. გეხსომებათ, ეგვიპტელებმა, გააძევეს თუ არა მუბარაქი, მასტერ-კლასის ჩასატარებლად, ანუ გამოცდილების გასაზიარებლად, მაშინვე გრიგოლ ვაშაძე მიიწვიეს. ვაშაძემაც, არ დაიზარა და მისმა გაკვეთილებმა ნაყოფი გასულ კვირაში გამოიღო - ”ეგვიპტის სამხედრო პოლიციამ მასობრივი საპროტესტო აქციის დარბევისას 42 ადამიანი დააკავა. ”რია ნოვოსტის" ცნობით, ტაჰრირის მოედანზე გუშინ გამართული დემონსტრაციისას დაიღუპა 1 და დაიჭრა 70 ადამიანი”.

 

გაუზიარებიათ ეგვიპტელებს გამოცდილება... ახლა კი, იმ ინტერვიუს მივუბრუნდეთ. ”პრეზიდენტი რომ არა, არქიტექტორი ვიქნებოდი. ვშიშობ, კარგად ვერ ვხაზავ, სამაგიეროდ, კარგ იდეებს მივაწოდებდი”, - აღნიშნა სააკაშვილმა ”სი-ენ-ბი-სისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

უნიჭო ინტერვიუებში გვხვდება ხოლმე ასეთი კითხვები: ”რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?” ”თქვენი სამომავლო გეგმები?” და ა.შ. ეს - როცა ჟურნალისტი უნიჭოა, ხოლო ინტერვიუში, როდესაც ჟურნალისტიც უნიჭოა და რესპონდენტიც, ყველას გვინახავს და წაგვიკითხავს ასეთი კითხვა პასუხი:

 

- ფეხბურთელი რომ არა, რა გამოხვიდოდით?

- მაინც ფეხბურთელი გამოვიდოდი.

 

არქირექტორიო - როგორც იქნა დავიჭირე ჩოყლაყი ტყუილში და არაგულწრფელობაში. არქიტექტორიო - რაც არ უნდა იძახოს, გულის კუნჭულებში მაინც ერთი ოცნება აქვს - 2013 წელს პრემიერ-მინისტრი გამოვიდეს, 2018 და 2023 წლებში კი, 2028 წლამდე, ისევ პრეზიდენტობა უნდა.

 

მაგას კი უნდა, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? აბა, მივატრიალოთ თავები ავლაბრისკენ და ერთხმად შევძახოთ: ”ბებია გყა-ავს ფოთში?!”

 

საბურთალოზე ყავს.

 

გეუბნებით, სააკაშვილის კვირა იყო-მეთქი. ისარგებლა საქართველოში ყოფნით და აფრქვია და აფრქვია ხელოვნური მარგალიტები. მაგ. ასეთი: ”დღეს საკმაოდ ბევრი დადის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი. ზოგი შარვლით, ზოგი ქვედაბოლოთი, ზოგი ულვაშით და ზოგი ისე”...

 

სტოპ!!! ”ზოგი ისე”, ანუ?!

 

გავიჭედე... სანამ ჰიბრიდული თესლით მოყვანილი სიმინდით დავიბრიდები, უნდა ვიშუსტრო და სასწრაფოდ უნდა შევიძინო ქართულ-ჩოყლაყური ლექსიკონი

 

”არიან ადამიანები, რომელსაც ხალხი ყავს გამოცხადებული ფსიქიურად დაავადებულად, ზოგს საქონლად. ადამიანს, რომელსაც საქონელს დაუძახებ და მერე იტყვი, რომ მოდი და ხმა მომეცი, მართლა საქონელი უნდა იყოს, რომ მისცეს ხმა”, - აღნიშნა სააკაშვილმა. ვერ მოიშალა ჩოყლაყმა საკუთარ თავზე ლაპარაკი.

 

”გუშინ გავიგე, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია ამბობდა, რომ ჩვენ პოლიტიკური რეიტინგებში არა 3%, არამედ 35% გვაქვს და ვართ მესამე ადგილზეო. უნდა გავაძლიეროთ ტექნიკური საგნების სწავლა და ვასწავლოთ მარტივი არითმეტიკა. ეს ადამიანები ტრიგონომეტრიას და ალგებრას ვერ აითვისებენ” – 45 გრადუსის (დროის საზომი ერთეულია) განმავლობაში სტუდენტებს ესაუბრებოდა დედას ჭოკი და კვირის ბოლოს, ამოწურა რა პროზა, კვლავ პოეზიას მიაშურა.

 

ამონარიდი პროგრამიდან - ”საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი. საქ. სახ. სიმფ.ორკესტრი; ზვიად გამსახურდია - ვიოლინო, დირიჟორი - ვახტანგ მაჭავარიანი. იან სიბელიუსი. კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის. ზვიად გამსახურდია (უმცროსი) დაბადებულია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 1992 წელს, მას შემდეგ, რაც მისი მშობლები იძულებული გახდნენ წასულიყვნენ შვეიცარიულ ემიგრაციაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამხობის გამო”.

 

ისე, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი. კოკო გამსახურდია იძულებულია შვეიცარიაში საქართველოს ელჩობაზე იოცნებოს. ეს - ისე. ასე კი, ზვიად გამსახურდიას დაკრულს უსმენდა მთელი პოლიტიკური ნაღები (როგორც თემურა იტყვის ხოლმე - ნარწყევი) საზოგადოება. მსმენელთა გვირგვინი კი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი იყო.

 

მეგობარი ესწრებოდა კონცერტს და ის მომიყვა: ”კლასიკური კონცერტზე, საერთოდ, ტაშის დაკვრა მიღებულია კონცერტის ბოლოს. ესენი (ძველი ზვიადისტები და ზვიადისტური წარსულის ნაციონალები) ყოველი ნაწილის შემდეგ ტაშს დასცხებდნენ ხოლმე. მიშა დაცვით შემოგლიჯინდა და მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ გაგლიჯინდა. კოკომ ყური გაუხვრიტა, იმდენი ეჩურჩულა”.

 

ალბათ, ხვდებით, რაზეც ეჩურჩულებოდა. რა თქმა უნდა, ისიც ნათელია, რომ მიშა არც კოკო ზვიადიჩს უსმენდა და არც ზვიად კოკოევიჩს. მაინც ვერ გაიგებდა, და თუ არ გაიგე, მოსმენას რა აზრი აქვს? ”კონცერტის დამთავრების შემდეგ სოლისტი მეორედ არც კი გამოიძახეს” - სევდიანად დაასრულა თხრობა ჩემმა მეგობარმა.

 

გადავრჩენილვართ და ეგ არის... ზვიად გამსახურდიას მეორედ გამოძახება რომ წარმოვიდგინე, თმები ყალყზე დამიდგა.

 

გასულ კვირაში სახალხო დამცველის ანგარიში გამოქვეყნდა და მისი ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით 2010 წელს სასამართლომ პირი ერთი და იგივე დანაშაულისათვის ორჯერ გაასამართლა. დიდი ამბავი... სასამართლო რად გვინდა, აგერ ერთი და იგივე დანაშაულებების მიუხედავად მიშა ორჯერ ავირჩიეთ და არც ნაციონალურ მოძრაობას ვაწყენინეთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე უწიგნური ხან გუბერნატორია და ხანაც მინისტრი.

 

გოგა ხაჩიძისა არ იყოს, ლადო ვარძელაშვილის ამბავშიც მხოლოდ რამდენიმე სტრიქონით შემოვიფარგლები: ”საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ხვალ #140-ე საჯარო სკოლას ესტუმრება და უმცროსკლასელებს წიგნს ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში” წაუკითხავს. ღონისძიება სამინისტროს პროექტ ”წიგნიის მეგობარი”-ს ფარგლებში მოეწყობა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გასული წლის ნოემბრიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში წარმატებული ადამიანები მიდიან იმ სკოლაში, რომელიც თავად დაამთავრეს და უმცროსკლასელებს კლასგარეშე ლიტერატურას უკითხავენ. შეხვედრის ბოლოს კი წაკითხულის ირგვლივ დისკუსია იმართება”.

 

ალისასი რა მოგახსენოთ, მაგრამ მასწავლებლებმა ვარძელაშვილი წიგნით ხელში რომ დაინახეს, თავი მართლა საოცრებათა სამყაროში ეგონათ. მერეღა მიხვდნენ, რომ ფონოგრამა იყო ჩართული, ვარძელაშვილი კი მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა. ხმაც სხვისი იყო, ალბათ - დუტა სხირტლაძის. ეგ იქნებოდა. აბა, მეტი არავინ გვყავს.

 

დუტასთან ბევრი მიდის, ზოგი რას თხოვს და ზოგი რას. მოკლედ - მიდიან, მივარდნით კი მხოლოდ ჯაბა ჯიშკარიანი აპირებს მივარდნას. ეგრე თქვა - მივუვარდებიო. პირველ ეტაპზე მიზანში ”მსახიობი დუტა სხირტლაძე და მომღერალი ნინა წკრიალაშვილი” ყავს ამოღებული. ეს ადგილი ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ეგრე ეწერა. დუტა კიდევ ჰო - მსახიობია (თუმცა, მე მაინც იპოლიტე ხვიჩია მირჩევნია), მაგრამ სადაური მომღერალია ნინა წკრიალაშვილი? ნინა წკრიალაშვილი არის სახელმწიფო მოღვაწე და თუ გოგა ხაჩიძემ იაპონელებს რექვიემი მიუძღვნა, წკრიალაშვილმა თმა შავად შეიღება - ”ერთი ბილეთი ტოკიომდე”.

 

გასულ კვირაში ვინმე ალექსანდრე (ჯემალ) ჯღარკავამ შორენა ბეგაშვილს ბროშურა ”შორენა შიშველ-ჩახდილი” მიუძღვნა, რომელშიც ავტორი შორენას ეროტიულ ლექსებს უძღვნის. ტანსაცმლიანად გადარეულა ნინიჩკები... ისე, რამე რო იყოს, მიშა არ აპირებს მშობლიურ სკოლაში მისვლას და უმცროსკლასელებისთვის ამ წიგნის წაკითხვას?

 

მიშას რას გაუგებ... ამბობს, ბავშვები მიყვარსო და... ”გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში, ალაზნის სარწყავ არხში თევზაობისთვის ბავშვები დააჯარიმეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაჯარიმებული ბავშვების მშობლებმა განუცხადეს, გდი-ის თანამშრომლებმა მოზარდებს თევზიც წაართვეს, რომლის რაოდენობაც 300 გრამს არ აღემატებოდა”.

 

აი, რა სავალალო შედეგები მოაქვს 100-კილოგრამიანი ჩოყლაყისთვის 96-პროცენტიანი ნდობის გამოცხადებას!

 

გასულ კვირაში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მორიგი კვლევა გამოაქვეყნა და კარგი იქნება, თუ რომელიმე სხვა ინსტიტუტი გამოიკვლევს, თუ რამდენი ადამიანი ენდობა ამ ინსტიტუტის კვლევებს. ყოველ შემთხვევაში, ახლა, ამ წუთში, მეც ჩავატარე კვლევა. საკუთარ თავს ვკითხე: ”ხომ არ არის დრო, რომ დაამთავრო?” პასუხი იყო გამაოგნებლად სწრაფი და ერთსულოვანი: ”დროა!” მონატრებულად დაუფიქრებელი და ასპროცენტიანი ვიყავი.

 

ძალიან მომენატრა ვიქტორ ცოი და ”კინო”... მთელი სამი საათი, სანამ ვწერდი, ერთ ალბომზე ჩავიციკლე - ”Это не любовь”. იქ არის სიმღერა ”Я обьявляю свой дом”. ტექსტში არის მისამღერი:

 

Я объявляю свой дом безядерной зоной

Я объявляю свой двор безядерной зоной

Я объявляю свой город безядерной зоной

Я объявляю...

 

გირჩევთ, თქვენც მოუსმინოთ. გაგება მოსმენის გარეშე არ არსებობს. ჰოდა, იქნებ, ეს ჩვენი სახლი, ეს ჩვენი ეზო, ეს ჩვენი ქალაქი და ქვეყანა უჩოყლაყო ზონად გამოგვეცხადებინა?

 

ისრაელმა უკვე გამოაცხადა.

 

მ.გ. (მთავარია გაგება) - დახოცავენ და შეჭამენ ერთმანეთს, შე კაცო... - ზამთარაძე თუთაშხიას თვალებს შეეყარა და სიტყვა გაუწყდა, - დავიკრიფოთ გულხელი და ვიყოთ ასე, ხომ?

- კი, სანამ გავიგებდეთ, რა უშველის საქმეს.

- მაგას ვერ გავიგებთ ვერასდროს, - ტყვედ დანებებულივით ჩაილაპარაკა ზამთარაძემ და ლამპა მაგიდაზე დადგა

(ჭაბუა ამირეჯიბი, ”დათა თუთაშხია”)