„პუტინი შესაძლებლობათა ისეთ ვიწრო დერეფანში შედის (ან მას უბიძგებენ იქ შესვლისკენ), რომ, ასე თუ ისე, მას მოუწევს შიდა ელიტის გაცხრილვა. იმის მიხედვით, თუ ვის მოაცილებენ პუტინის უახლოესი გარემოცვიდან, შეიძლება განვჭვრიტოთ, როგორი გზა აირჩია რუსეთისთვის კრემლის მესვეურმა“,- მიიჩნევს რუსი პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი და კრემლის კულუარების შესახებ საუბრობს.
რეალურად, არის იმის შესაძლებლობა, რომ პუტინის გარემოცვაში გარკვეულ ცვლილებებს ველოდოთ? ხომ არ არის მოსალოდნელი, თავად პუტინი ორგანიზებულად ჩამოაცილონ ხელისუფლებას, რასაც დღეს ასე აქტიურად განიხილავენ?
- უკანასკნელი თვეების განმავლობაში უფრო აშკარა ხდება, რომ პუტინი შესაძლებლობათა ისეთ ვიწრო დერეფანში შედის (ან მას უბიძგებენ ამ დერეფანში შესვლისკენ), რომ უახლოეს მომავალში ის იძულებული იქნება, ელიტის შიდა წმენდა განახორციელოს.
ვინ უბიძგებს მას ამისკენ?
- გარემოება. კერძოდ, ბორის ნემცოვის მკვლელობა სრულიად აშკარად ავიწროებს გადაწყვეტილებათა შესაძლებლობებს პუტინისთვის. ცხადია, მისთვის დღეს მთავარი პრობლემა უკრაინაა, საიდანაც ორი გამოსავალია.
პირველი-შეჩერდეს პუტინი და შეეცადოს, გაყინოს სიტუაცია სტატუს-კვოს მიხედვით, გადააბრალოს დონბასის ნგრევა და პრობლემები პოროშენკოს; მოელაპარაკოს დასავლეთს, უჩვენოს მას სუფთა ხელები და დე-ფაქტოდ მიუერთოს ყირიმი რუსეთს. სავარაუდოდ, დასავლეთში იქნებიან ძალები, რომლებიც ამას გადაყლაპავენ, მაგრამ ამის საფასური იქნება ძალისმიერი პოზიციის დათმობა.
გასაგებია, რომ პუტინს წინ წაწევის ძალა აღარ შესწევს, რადგან, ყველა გაგებით, ეს ძვირად დაუჯდება - დიპლომატიური, ეკონომიკური, საერთაშორისო იმიჯის, ნედლეულის, ადამიანური თუ სამხედრო თვალსაზრისით. მარიუპოლის ან კიდევ სხვა მიმართულებით გადაადგილება მისთვის კომპლექსურ დანაკარგს უკავშირდება, რასაც პუტინის რუსეთი ვერ აიტანს.
ახლა პუტინს სურს, ამ სიტუაციიდან როგორმე თავი დააღწიოს. ამისთვის მოუწევს იმის გაკეთება, რასაც დონეცკურ სლენგზე უძახიან „ნოვოროსიის (ახალი რუსეთის) შერწყმას“. ფაქტობრივად, „ახალი რუსეთის“ შერწყმა მან უკვე განახორციელა. მთლიანობაში, ეს პათოსური პროექტი რვა ოლქის შესახებ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩამოინგრა. ახლა მას მოუწევს განრიდება დონეცკიდან, ამ „ცხელი კარტოფილიდან“, სამუშაოს, საცხოვრისის და ფულის გარეშე დარჩენილი შეშლილი, ნახშირივით გავარვარებული 4 მილიონი ადამიანისგან. ყველაფერი, რაც მან წამოიწყო, პოროშენკოს უნდა გადააბრალოს-იქნებ, პოროშენკო თავად გაერკვეს ამ საქმეში. ამისთვის ის ჯერ უნდა მოელაპარაკოს დასავლეთს.
ამავდროულად, იმ ადამიანებს, ვინც „სამხედრო ბანკეტის“ გაგრძელების მომხრეა რუსეთში (და ასეთები საკმაოდ ბევნი არიან), სურთ, რომ პუტინს დასავლეთთან ურთიერთობა არ აეწყოს. მათ სურთ უფსკრულის გაღრმავება. ასეთ შემთხვევაში, დასავლეთი პუტინს არა მხოლოდ აგრესორად განიხილავს, არამედ იმ ადამიანად, რომელიც ან კლავს, ან არ შესწევს ძალა, შეაჩეროს მკვლელები - ადამიანად, რომელიც უკვე ვერ აკონტროლებს სიტუაციას. ორივე შემთხვევა პუტინს დაფიქრებად უღირს.
რა შეიძლება მოხდეს ახლა? სად არის პუტინი?
- ვფიქრობ, ის წავიდა, რათა იფიქროს. იქნებ, ლოცულობს კიდეც, რადგან სიტუაცია უვარგისია.
ეს პუტინისთვის უჩვეულოა?
- უჩვეულოა. ის მიჩვეულია, ყველა დაამარცხოს, ჰქონდეს უამრავი შესაძლებლობა, რომელთაგანაც მოცემულ სიტუაციაში ყველაზე ხელსაყრელს ირჩევს. დღეს ასეთ შესაძლებლობათა გროვა არ არსებობს. დღეს ის ან დასავლეთთან კონფრონტაციაში ჩაეფლობა და მას მოუწევს შეუბრალებლად გაანადგუროს გარშემომყოფნი, ვინც მის გზას არ დაადგება, რადგან პუტინი კარგად გრძნობს გზის ბოლოს სელის ბაწარს. ვინც მისიანი არ იქნება, ცხადია, პუტინს დააბრკოლებს, მას მიატოვებს, გადახტება გემიდან, ანუ განახორციელებს იმას, რასაც ადრე სტალინი საბოტაჟს უწოდებდა. ასეთი ადამიანები დაიწყებენ თავიანთი ფულის გადარჩენას-რუბლს გადააქცევენ დოლარებად, დოლარებს კი გაიტანენ... გადაარჩენენ თავიანთ ოჯახებს, რადგან არავის სურს ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება.
თუკი არჩევანი გაკეთდება რუსეთის შემდგომი იზოლაციისა და რუსეთში „ბედნიერი ნათელი მომავლის“ აშენებაზე, მაშინ საჭირო გახდება ელიტის გაწმენდა-გამოხშირვა, „ხალხის მტრების“ გამოაშკარავება, -ანუ პუტინმა უნდა გააკეთოს ყველაფერი ის, რასაც აკეთებდა იოსებ ბესარიონოვიჩი.
პუტინის მეორე ვარიანტია, შეჩერდეს და როგორღაც მოელაპარაკოს დასავლეთს. მაშინ მან უნდა შეაკავოს ისინი, რომლებიც მას შავ ნიშანს უგზავნიან ნემცოვის მკვლელობის სახით, ის ხალხი, ვინც მზადაა, კიდევ განახორციელოს მკვლელობები. ის ადამიანები, რომლებსაც პუტინი უკანასკნელი წლების განმავლობაში ეყრდნობოდა, ცხადია, არ წავლენ ამ ვარიანტზე, რადგან მათ, დიდი ალბათობით, საბოლოოდ ციხე ელოდებათ.
ამიტომაც პუტინი ჩახლართულ სიტუაციაში აღმოჩნდა, საიდანაც მისთვის კარგი გამოსავალი არ იკვეთება. აქ საუბარია პერსონალურად პუტინზე და არა მთლიანობაში- რუსეთზე. დედა-რუსეთი მხოლოდ შესაბრალისია.
ვფიქრობ, ზუსტად ახლა პუტინი რაღაც საბედისწერო გადაწყვეტილებებს იღებს. ვშიშობ, რომ ეს გადაწყვეტილებები გონივრული არ იქნება. ადამიანი უკვე 15 წელია, ხელისუფლებაშია. მას ეჩვენება, რომ ყველაფერი გამოსდის (სინამდვილეში, ის უბრალოდ იყენებდა იმ მიღწევებს, რომლებიც მის ხელისუფლებაში მოსვლამდე შეიქმნა-საბაზრო ეკონომიკას, მყარად კონვერტირებად რუბლს, დასავლურ ინვესტიციებს და ა.შ.). ადრე თუ გვიან ეს დამთავრდებოდა. მართლაც, დღეს ეს რესურსები ამოწურულია. ასე რომ, პუტინი დღეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მან თავისი თავი ამ უფსკრულში თავადვე შეიყვანა. თუმცა კი, იგი ფიქრობს, რომ ამ მდგომარეობაში იგი მტრებმა შეათრიეს.
როგორც მესმის, ის სამკურნალოდ გაემგზავრა. როგორ იმკურნალებს, არ ვიცი. იქნებ, ტყეში სეირნობს. იქნებ, მოძღვარს ესაუბრება, იქნებ, ლოცულობს, იქნებ, სვამს, თუმცა ეს მისთვის დამახასიათებელი არ არის. გასაგები მხოლოდ ერთია - ის ვითარებაში უნდა გაერკვას. ან კიდევ, სტალინის მსგავსად, საქმეში ჩართოს სიკვდილის მანქანა მათ წინააღმდეგ, ვინც მოკლა ნემცოვი.
პუტინმა ხომ იცის, ვინც მოკლა ნემცოვი. რასაკვირველია, მას არ შეუძლია, მკვლელებს შეეხოს. ამიტომ პუტინის ჩვეულებრივი ტექნოლოგიაა, ვარიანტებს შორის ლავირება და ყველაზე მოულოდნელი ვარიანტის აღმოჩენა, რაც დღეს უკვე ყველასთვის სახიფათო ხდება, რადგან ყველაზე მოულოდნელი ვარიანტი იქნება დასავლეთთან ბირთვულ კონფლიქტში შესვლა. პუტინს კი მოულოდნელობები უყვარს.
ამბობენ, რომ პუტინის დაბრუნებას პრემიერ მედვედევის გადადგომა მოჰყვება, რომ მის ადგილას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სერგეი ივანოვს დანიშნავენ.
- ახლა ყველაფერია მოსალოდნელი. ის, რომ კრემლის ხალიჩაზე ბულდოგების ჩხუბი მძაფრდება, ეს უკვე მეცნიერულად დასაბუთებულია. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს გარდუვალობა იყო. ზუსტად ამ შედეგამდე მიგვიყვანეს იმ რელსებმა, რომელსაც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაადგა.
რაც შეეხება გადადგომებს, ფხიზლად უნდა განვჭვრიტოთ მათი მნიშვნელობა. როგორც, წესი, ასეთი პროგნოზი ზუსტად იმისთვის კეთდება, რომ თავიდან აიცილონ მოვლენათა ასეთი განვთარება. ასე რომ, მედვედევის მომხრეები ამბობენ, რომ მედვედევს მოიშორებენ, რათა ის ივანოვით შეცვალონ და ამისთვის ხალხის აზრი შეამზადონ. ეს ადმინისტრაციის ჩანაფიქრია.
ის, რომ ვიღაცას მოიშორებენ, ეს რეალობაა. იმის მიხედვით, თუ ვის მოხსნიან, შეიძლება ვიმსჯელოთ, რა არჩევანი გააკეთა პუტინმა, ან როგორი არჩევანის გაკეთება აიძულეს.
ლოგიკურად მეჩვენება, რომ მომავალში ქანჩებს მაგრად მოუჭერენ, რადგან ქანჩების მოშვებას ჰააგის სასამართლოს პერსპექტივა მოჰყვება ზოგიერთი ამხანაგისთვის. ამიტომ ერთადერთი, რაც პუტინის ხელისუფლებას შეუძლია გააკეთოს, ისაა, რომ რკინის ფარდა ჩამოუშვას, ამოეფაროს ატომურ ბომბს, დააწესოს ცენზურა, იპოვოს და დასაჯოს ხალხის მტრები. ამით ხომ როგორმე უნდა ახსნას ცხოვრების პირობების ობიექტური გაუარესების მიზეზები-წარმოაჩინოს მტრებით გარშემორტყმული ბანაკები, „ყველგან მტრებია“, „ნატოს ბაზებია“, „ჩვენ თავს გვესხმიან“, „სისხლიანი კიევის რეჟიმი ცდილობს, დაგვიმონოს“, „ჩვენ უნდა შევმჭიდროვდეთ საყვარელი ბელადის ირგვლივ და გადავიდეთ შეტევაზე“. დიდი ალბათობით, სწორედ ეს ვარიანტი განიხილება და, როგორც ჩანს, ეს უკვე გარდუვალია. ყველაფერს მივყავართ სელის თოკისკენ.
კიდევ დიდხანს შეიძლება იფიქროს პუტინმა? როდის გამოჩნდება ხალხის წინაშე?
- ვინ იცის. რუსეთი ისეთი ქვეყანაა, რომ ყველას შეუძლია, მართოს იგი, ჩერნენკოს ჩათვლით, რომელიც სულს ღაფავდა, მაგრამ არა უშავს, რუსები მაინც ცხოვრობდნენ. მათ შეუძლიათ, თვის განმავლობაშიც გაძლონ, სანამ ბელადი ფიქრობს. ასევე ხდებოდა ელცინის დროსაც-ადამიანი დოკუმენტებზე ჩაღრმავებულად მუშაობდა. პუტინის დროს ასე არ იყო. მაგრამ რატომ არ შეიძლება ასე მოხდეს? ათი წლის წინ რუსეთმა ნელა დაიწყო სანაგვე რელსებზე გადასვლა და ჩვენ მივაღწიეთ ნაგვის ასახვეტს, მთელი თავისი ბრწყინვალებით. იმისთვის, რომ მივათრიოთ გაზრდილი ქვეყანა პროკრუსტეს სარეცელზე, უნდა გატარდეს რეპრესიები, ნაჯახით ჩამოვჭრათ გაზრდილი ხე და ის საბჭოთა რეჟიმისგან დანატოვარ ჭაში ჩავაგდოთ. იმ პერიოდში არ იყო ასე დიდი წანაზარდები. მაშინ ადვილი იყო დისიდენტების მოშორება-ეს იყო სულ რაღაც ათეულობით ადამიანი. ახლა კი ეროვნულ-მოღალატეებმა უკვე 15%-ამდე მიღწიეს. ეს დაახლოებით 20 მილიონი ადამიანია. როგორ შევაშინოთ ისინი? როგორ დავაბრუნოთ პირვანდელ მდგომარეობაში? ალბათ, ამაზე ფიქრობს ახლა საბრალო პუტინი.
http://nv.ua/publications/pod-kremlevskim-kovrom-obostryaetsya-draka-buldogov-dmitriy-oreshkin-o-tom-chto-proishodit-v-kremle-38689.html