ანაკლიის პორტის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2016 წლის ზაფხულში დაიწყება. პროექტის განხორციელებისთვის ჩინური მხარე 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მოიზიდავს. 11 მარტს, პეკინში ხელი მოეწერა შეთანხმებას უმსხვილეს ჩინურ სახელმწიფო ენერგოკომპანია Power China-სა და ქართულ კომპანია Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd-ს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანია 6 თვეში დაიწყებს შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში უმსხვილესი პორტის მშენებლობას. პორტის სიმძლავრე წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბრალდება თითქოს ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზაცია შეჩერებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ახალი რეალიების გათვალსწინებით, პროექტი მთლიანად შეიცვალა, მისი მასშტაბები გაიზარდა.
“ერთი თვის წინ, ჩინეთიდან პირველი საკონტეინერო მატარებელი შემოვიდა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობის გაზრდა და ახალი პროექტის ამ რეალიებზე მორგება“, – განაცხადა მინისტრმა.
პროექტის დამუშავებაში ქართულ მხარეს აქტიურ კონსულტაციებს უწევს, ბრიტანული და გერმანული კომპანიები. იურიდიულ საკითხებზე ბრიტანული ჯგუფი მუშაობს, ტექნიკურზე კი - გერმანული.
პორტის მშენებლობა ივნისში დაიწყება და შვიდ ეტაპად განხორციელდება. მშენებლობა წარიმართება რამდენიმე ფაზად პორტის სიმძლავრის ზრდის ეტაპების მიხედვით. როცა პორტის არსებული ტვირთბრუნდა მიაღწევს, პორტის გამტარუნარიანობის 90%-ს, კომპანია ვალდებული იქნება დაიწყოს პორტის მშენებლობის შემდეგი ეტაპი. აქედან გამომდინარე, ინვესტორთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, მშენებლობის კონრეტული ვადა განსაზღვრული არ არის.
„ბიპიენის“ ინფორმაციით, ანაკლიის პორტი დაახლოებით ორი კვირით შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის ხანგრძლივობას, ჩინეთიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ევროპამდე. მნიშვნელოვანია, რომ პორტს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს 6500 და უფრო მეტი კონტეინერით დატვირთული დიდი მოცულობის გემები, რაც საქართველოში, ჯერჯერობით პრობლემაა. პორტში შეიქმნება რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი და მოზიდული იქნება მსხვილი ინვესტიციები.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მეორე ეტაპზე შვიდივე კონსორციუმის მხრიდან წინადადებების წარდგენამდე, დამაზუსტებელ შეხვედრებს ვატარებთ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ შეხვედრები უკვე გაიმართა ფრანგულ კონსორციუმთან და ამერიკულ კომპანიასთან.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას Power China-სა და ქართველი ბიზნესმენის, თემურ ქარჩავას კომპანია Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, კვირიკაშილის თქმით, ეს არის მათი შიდა კონსორციუმის ხელშეკრულება და აღნიშნულ დოკუმენტთან საქართველოს მთავრობას არაფერი აკავშირებს.
„მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ორი ჩინური კომპანიის - Power China-sa da China Harbor-ის წარმომადგენლებს შევხვდით. მათთან გვქონდა კონსტრუქციული საუბრები და მათ ყველა შეკითხვას ვუპასუხეთ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
თავად თეიმურაზ ქარჩავა არ ადასტურებს, რომ მის კონსორციუმს, ჩინურ კომპანიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის საბოლოო შეთანხმება მიღწეულია:
„არ ვიცი, საიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკითხი გადაწყდა. ინტერესთა გამოხატვა 16 აპრილისთვის დასრულდება და განიხილავენ. თუ კეთილი ნება იქნება სახელმწიფოსი და ჩვენი კომპანია შეირჩა, ხელის მოწერიდან 6 თვეში დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა“, - ამბობს ქარჩავა.
პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა 100 მლნ ტონა იქნება, თუმცა შვიდ პირველ სამ ეტაპზე, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში, 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობის შესაძლებლობა იქნება (მესამე წელს - 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს - 20 მლნ ტონა და მეთორმეტე წელს - არანაკლებ 40 მლნ ტონა).