პროფესიულ სასწავლებელში სწავლის მსურველთა რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე დიდია მოთხოვნა მზარეულობის, მშენებლობის, ბუღალტრის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ავტომშენებლობისა და ჭრა-კერვის სპეციალობაზე. როგორც ჩანს, ადამიანები მიხვდნენ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ფუჭად დროის და თანხის ფლანგვას, სჯობს, რეალური ხელობა ისწავლონ, რომელსაც ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოიყენებენ. ხშირად ეს უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ამა თუ იმ უნივერსიტეტის გამოუსადეგარი დიპლომი.
მარტო წელს რეგისტრაცია 5000-მდე აპლიკანტმა გაიარა. მოთხოვნიდან გამომდინარე, გაზრდილია ადგილების რაოდენობაც, მათი რიცხვი 4 334-ია; ანუ მსურველი უფრო მეტია, ვიდრე ადგილები. შედარებისთვის, შარშან უმაღლეს სასწავლებლებში გაცილებით მეტი ადგილი იყო, ვიდრე იქ მოხვედრის მსურველი აბიტურიენტი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიღება გამოცხადდა 26 სახელმწიფო სასწავლებელში 150-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე. საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებლების რაოდენობა კი 34-მდე აღწევს.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა. წლეულს ინტერესი იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წლებში იყო. თუკი ადრე ქართველებს მზარეულის, ავტომშენებლობის სპეციალობის დაუფლება ცოტა ეუხერხულებოდათ, ახლა მიხვდნენ, რომ ეს ორი საქმე დღეს ბევრად გამოსადეგი და საჭიროა, ვიდრე სხვა დანარჩენი. ე.წ პრესტიჟული პროფესიები.
პროფესიული სასწავლებლის მიმართ მაღალ ინტერესზე საუბრობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილიც. მისი თქმით, პროგრამაში გაწერილ პროფესიებზე მოთხოვნა მზარდია.
„დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რიცხვი მაღალია, ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ პროფესიული სასწავლებლის მიმართ ინტერესმა მოიმატა. ასევე დავძენ იმასაც, რომ პროფესიული სასწავლებლები რომელ პროგრამებსაც სთავაზობენ აპლიკანტებს, დამსაქმებლებთან კონსულტაციის შედეგად არის შემუშავებული. რაც იმის გარანტია იქნება, რომ კურსდამთავრებულებს დასაქმების ბევრად მეტი შანსი ექნებათ“, - აღნიშნა ქეთევან ნატრიაშვილმა.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ში აღნიშნულია, რომ აუცილებელია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარება. ამ რთული საქმის შესასარულენლად იმედები სხვა მიმართულებებთან ერთად პროფესიულ განათლებაზე აქვთ დამყარებული.
„პროფესიული განათლების სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებები მოიცავს: პროფესიული განათლების სისტემის მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას შრომის ბაზრისა და თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად; ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული სტანდარტების და მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას; პროფესიული სასწავლებელის მასწავლებელთა მომზადებას და გადამზადებას თანამედროვე სტანდარტებით“, - აღნიშნულია „საქართველო 2020“-ში.
ამ გეგმის შესრულება, ცხადია მთავრობის მხარდაჭერით - განათლების სამინისტროს უწევს. სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ ქიტიაშვილი საუბრობს იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოში პროფესიულ განათლებას აქვს.
მისი თქმით, ამჟამად პროფესიულ საგანმანათლებლო დასწესებულებებში სასწავლო სპეციალობების არჩევა, ხდება თავად დაწესებულების მიერ შრომითი ბაზრის შესწავლით. ქიტიაშვილის აზრით, ამ მხრივ ცვლილებებია საჭირო და მსგავსი საკითხი უნდა წყდებოდეს აკადემიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.