„ფასდაუდებელია ის განათლება, რომელიც ამ 20 წლის განმავლობაში ქართველმა სამხედროებმა დასავლეთში მიიღეს“

„ფასდაუდებელია ის განათლება, რომელიც ამ 20 წლის განმავლობაში ქართველმა სამხედროებმა დასავლეთში მიიღეს“

„რას ნიშნავს ამოწურეს შესაძლებლობა? ვისზეა მაშინ საუბარი, რომლებსაც გამოცდილება და შესაბამისი კომპეტენცია აქვთ? თუ სერიოზული რეფორმა ხდება, მაშინ უნდა ვიცოდეთ - სად ვართ, რა გვაქვს და სად მივდივართ. ყველა რეფორმას სჭირდება ადამიანები გამოცდილებით და განათლებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე, რომლის განცხადებით, ფასდაუდებელია ის განათლება, რომელიც ამ 20 წლის განმავლობაში ქართველმა სამხედროებმა დასავლეთში მიიღეს.

რატომ არის არსებითად მნიშვნელოვანი დასავლეთში განათლება მიღებული კადრი და რას ითვალისწინებს ნატოს სტანდარტები? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge დავით სიხარულიძეს ესაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პარალელურად, ისმის შეფასება რეორგანიზაციის პოლიტიკურ მხარეზე. საკითხის პოლიტიზირება რამდენად საფრთხის შემცვლელია?

- ძალიან საფრთხილო თემაა პირადი შემადგენლობის და მართვის სისტემის დამკვიდრება. ბევრს საუბრობენ არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ ზოგადად, საჯარო სამსახურის დეპოლიტიზაციაზე. როდესაც საუბარია თავდაცვის სისტემაზე, ძალიან მნიშვნელოვანია პირადი შემადგენლობის მართვის სისტემა და ზოგადად, თავდაცვის დაგეგმარება. როგორც წესი, თავდაცვის დაგეგმვა, ერთი მხრივ, დაფუძნებულია არსებულ საფრთხეებზე, რომელიც ქვეყანას ემუქრება და მეორე მხრივ, იმ რესურსურსებზე, რომელიც მას გააჩნია, რაც სისტემას ხდის უფრო ეფექტურს, სტაბილურს და აქრობს პოლიტიზირების საფრთხეს.

სახელმწიფოს სიძლიერე და სიმდიდრე განისაზღვრება არა მხოლოდ იმით, რამდენი ფული აქვს, ან რამხელა ეკონომიკაა, არამედ, რამდენად პროფესიონალი, გამოცდილი და განათლებული საჯარო მოხელეები და სამხედრო მოსამსახურეები ჰყავს. ამიტომაც, რეფორმა უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და ღრმად გაანალიზებული.

არსებული ინფორმაციით მხოლოდ სამხედრო პოლიციაში 75 პროცენტით მცირდება კადრები. სამხედრო პოლიციის კადრების შემცირება პირდაპირ ბმაში არის ქვეყნის უსაფრხოებასთან?

- როგორც გითხარით, საქართველოს სიმდიდრე განისაზღვრება არა იმით, რამდენი შემოსავალი აქვს ქვეყანას, არამედ იმით რამდენად ეფექტური, პროფესიული და განათლებული კადრები ჰყავს უწყებას. ამიტომ, ასეთი ფუნდამენტური ცვლილებები ბევრად უფრო ღრმად უნდა იყოს გაანალიზებული, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. უნდა არსებობდეს კონცეპტუალური ხედვა. თუ ჩვენ რაღაცას ვცვლით, მაშინ ვთქვათ რისი მიღება გვინდა და სად მივდივართ. ადამიანებს, რომლებსაც ეს ცვლილება ეხებათ, მათი პოტენციალი სად უნდა გამოვიყენოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

როდესაც საუბრაია რეფორმებზე, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა დასავლური სტანდარტების შესაბამისად მოეწყოს...

- რასაკვირველია და გარდა სტანდარტებისა, არსებობს პრინციპები, რა პრინციპებით უნდა იყოს დაკომპლექტებული საჯარო სამსახური და განსაკუთრებით სამხედრო უწყება. ამერიკელი პოლკოვნიკის აღზრდას დაახლოებით 20 წელი სჭირდება, შესაბამისად, ამ ადამიანებს მოფრთხილება სჭირდებათ. საბედნიეროდ ბევრი სამხედრო გვყავს, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს, შესაბამისი კურსი გაიარეს, მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოში არსებულ კონფლიქტებში, ასევე საერთაშორისო მისიებში. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება და სწორედ, ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ხელისუფლება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ რეორგანიზაცია ნატოს რეკომენდაციის საფუძველზე მიმდინარეობს და აქვე ამბობს, რომ რამდენიმე ისეთი ადამიანი გაუშვეს, რომლებსაც განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული, უწყებაში 15-20 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა მათ საკუთარი შესაძლებლობა ამოწურეს. ბატონო დავით, რას ნიშნავს ამოწურეს შესაძლებლობა, ჩნდება კითხვა - ვინ ენაცვლება მაშინ ამ კადრებს?

- ჯერ ერთი, არანაირი მითითება არ ხდება ნატოს მხრიდან. პრინციპულად განსხვავებული მიდგომა აქვს ნატოს ამ საკითხებთან მიმართებაში. ეს არის კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია, ნატოს მოთხოვნები დაფუძნებული არის პრინციპებზე. ნატო ამბობს, რომ ჩვენ როგორც ორგანიზაციას და მასში შემავალ ქვეყნებს გვაქვს კონკრეტულ პრინციპეპზე დაფუძნებული თავდაცვა.

ეს პრინციპები არის - პირადი შემადგენლობის მართვა, კარიერის განმავლობაში განათლება, ადამიანების დაწინაურება მათი გამოცდილებისა და განათლების მიხედვით. რას ნიშნავს ამოწურეს შესაძლებლობა? ვისზეა მაშინ საუბარი, რომლებსაც გამოცდილება და შესაბამისი კომპეტენცია აქვთ? თუ სერიოზული რეფორმა ხდება, მაშინ უნდა ვიცოდეთ - სად ვართ, რა გვაქვს და სად მივდივართ. ყველა რეფორმას სჭირდება ადამიანები გამოცდილებით და განათლებით.

ბატონო დავით, რატომ არის არსებითად მნიშვნელოვანი დასავლეთში განათლება მიღებული კადრი?

- ეს ის სასწავლებლებია, რომლის შესაბამისად ხდება დემოკრატიულ სამყაროში უსაფრთხოების მართვა. დემოკრატიული უსაფრთხოების სექტორი პრინციპულად განსხვავებულია ავტორიტარული რეჟიმისგან. აქ იყო თაობა, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი არ იყო ამერიკაში განათლების მიღება. ბევრს აქვს რუსულ სამხედრო განათლება მიღებული, მაგრამ ეს ეტაპი გადაილახა.

ფასდაუდებელია ის განათლება, რომელიც ამ 20 წლის განმავლობაში ქართველმა სამხედროებმა დასავლეთში მიიღეს. ეს ხალხი მუშაობდა, სწვალობდა, მერე ისევ მუშაობდა, ისევ სასწავლებლად მიდიოდნენ და ასე მოხდა ამ ხალხის შენარჩუნება. ამ ადამიანებს არა მხოლოდ უკეთებიათ, არამედ მომავალში შეუძლიათ აკეთონ ის საქმე, რასაც ქართული შეირაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება ჰქვია.