ძებნაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსოფლიოში მოგზაურობს და საქართველოს სახელით, ღირსების ორდენებს ისევ არიგებს. 2014 წლის 22 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი მორისვილდში ჩავიდა და იქაურ ქართველებთან ერთად, ღვინის დაწურვისა და ჩურჩხელების ამოვლების ტრადიციულ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, სააკაშვილის სტუმრობა ღვინის დაწურვით არ დასრულებულა, მან ქართულ-ამერიკული რთველის აღსანიშნავად, ღირსების ორდენი გადასცა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ქალბატონს ნონა შენგელიას.
ნონა შენგელიას შემდეგ, სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, ღირსების ორდენით დააჯილდოვა აშშ-ში ლიტვის ელჩი, ზიგიმანტას პავილიონისს. ღირსების ორდენის გადაცემის ცერემონია 2015 წლის 23 თებერვალს უკრაინაში გაიმართა, რომელსაც აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი ესწრებოდა. ცერემონიას მუსიკალურად პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი აფორმებდა. აშშ-ში ლიტვის ელჩისთვის საქართველოს სახელით, ღირსების ორდენი 2013 წლის 4 ნოემბერს არის გამოცემული, ბრძანებას ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს.
დაჯილდოვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, დაჯილდოვებულ პირს შესაბამის მოწმობას გადასაცემს საქართველოს პრეზიდენტი, ან მისი დავალებით სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი, ან სხვა ოფიციალური პირი.
for.ge-ს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ამ ფუნქციის შესრულება საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილსთვის არასოდეს დაუვალებია.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფოს სახელით ჯილდოების გადაცემის უფლება აქვს სახელმწიფო თანამდებობის პირს. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ალაფიშვილი განმარტავს:
„2013 წლის 4 ნოემბრის შემდეგ ვინ უზრუნველყო ამ მედალიონის დამზადება და მისი დოკუმენტირება? როგორც წესი, თუ ფიზიკურად ვერ ხდება დასაჯილდოვებელი პირის მოწვევა, ოფიციალური არხებით უნდა გაიგზავნოს ორდენი. საინტერესოა, როგორ მოხდა იგი ყოფილი პრეზიდენტის ხელში? ეს უნდა იყოს შესაბამისი ორგანოების შესწავლის საგანი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ 2013 წელს 4 ნოემებრს სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო და შესაბამისად, სამართლებრივად დავის დაწყება მართებული არ იქნება.
„გამოცემულია იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ჰქონდა ამის უფლებამოსილება. დღევანდელი პრეზიდენტი ვერ მიედავება, იმიტომ, რომ განკარგულება იმ პერიოდით არის გამოცემული, როდესაც სააკაშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება ჰქონდა. ეტყობა, რამდენიმე ასეთი ორდენი დაამზადა, ჩაიდო ჯიბეში და თან წაიღო. ახლა მოენატრა ეს პროცესი და დაწიყო დარიგება. როგორც ჩანს, კიდევ გამოჩნდება ვიღაცა, ვისაც გადასცემს ამ ჯილდოს.
თავისთავად კომიკურია, როდესაც ძებნილი პირი ღირსების ორდენებს არიგებს. მაგრამ ხომ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც სხვას არ გაუკეთებია?! ნეტა რამდენი ასეთი ღირსების ორდენი აქვს ჯიბეში შენახული?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.