ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მორიგი პროტესტისთვის ემზადებიან. ამჯერად მათი უკმაყოფილება გადასახადის გაზრდამ გამოიწვია. ისინი აქციების დაწყებასაც არ გამორიცხავენ.
თბილისში „მარშრუტკის“ მძღოლებს დღიური გადასახადი მოემატათ. შპს „თბილისის მიკროავტობუსმა“ მიზეზად დოლარის კურსის ზრდა და ბენზინის გაიაფება დაასახელა. ბოლო 1 წლის განმავლობაში გეგმური გადასახადი უკვე 3-ჯერ გაიზარდა.
„როგორც კი მუშაობა გაუმჯობესდება, გეგმას გვიმატებენ. უარი ვუთხარი დამატებული საფასურის გადახდაზე, მაგრამ როდესაც ავტოპარკში მივედი, გადასახადი მაინც გაძვირებული დამხვდა. არ ვიცი ამ პრობლემასთან დაკავშირებით ვის მივმართო“, - აცხადებს ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი.
„თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელი, დავით ასანიძე მძღოლებისთვის დღიური გადასახადის გაზრდას ადასტურებს. მისი თქმით, მძღოლებს საწვავის შესაძენად ახლა უფრო ნაკლები თანხის გადახდა უწევთ. ამიტომ მოსაკრებელი გაუზარდეს.
„საწვავი გაიაფდა. 1 ლიტრი 2 ლარი და 10 თეთრი ღირდა, ახლა კი 1 ლარი და 59 თეთრია. თითოეული მძღოლი დღეში 30 ლიტრ საწვავს ასხამდა. რამდენი გამოუვიდათ ეკონომია და რამდენით მეტი თანხა რჩებათ დღეში? N120 სამარშრუტოებს გადასახადი 3 ლარით მოემატათ, იმიტომ რომ 15 ლარის ეკონომია აქვთ საწვავზე. 12 ლარი ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ და 3 ლარი კი უნდა შემოიტანონ კომპანიაში, 12 ლარს წაიღებენ სახლში. არავინ არავის არ ჩაგრავს. პირიქით, 12 ლარით მეტი მიაქვთ სახლში“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, მძღოლებისთვის დღიური გეგმური გადასახადის გაზრდას მგზავრებთან არანაირი კავშირი არ აქვს და ამით პრობლემა არ იქმნება, რადგან მგზავრობის ტარიფი იგივე რჩება.
დავით ასანიძის განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსები“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და ისინი თავად განსაზღვრავენ, მძღოლების მიერ კომპანიაში შესატანი თანხა გაზარდონ თუ შეამცირონ.
„ჩვენ ქრონომეტრაჟს ვატარებთ. თუ მიგვაჩნია, რომ მოსამატებელია, მოვუმატებთ, თუ ვთვლით, რომ დასაკლებია, დავაკლებთ. ამას არავისთან შეთანხმება არ სჭირდება. მგზავრებისთვის არაფერი იცვლება. ეს კერძო კომპანიაა. ეს ჩვენი სამუშაო პროცესია და არავისი საქმე არ არის, მძღოლებს გადასახადი მოემატებათ თუ დააკლდებათ. კომპანიაში რამდენს დავაწესებ იჯარის გადასახადს, როგორ ფიქრობთ, ამაზე საზოგადოებრივი გამოკითხვა უნდა მოვაწყოთ? შესატანი თანხა მუდმივად იცვლება - ზოგჯერ იზრდება, ზოგჯერ აკლდება. ყველაფერი ეფუძნება ქრონომეტრაჟებს“, - განაცხადა ასანიძემ.
მძღოლები კი ასე სულაც არ ფიქრობენ. ისინი მთავრობას სთხოვენ დახმარებას და თუკი ქმედით ნაბიჯებს არავინ გადადგამს, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
„გარდა გეგმური გადასახადის დამატებისა, სხვა პირობებიც ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას, მანქანები უკვე ხანდაზმულია და ხშირად საჭიროებს შეკეთებას. ამის ფულს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით“, - ამბობენ მძღოლები.
ასანიძე კი ამბობს, რომ მანქანები ძველი სულაც არ არის და მძღოლებს საკმარისი თანხმა რჩებათ ავტომობილების შესაკეთებლად.
„ყველა მძღოლს გათვალისწინებული აქვს, რომ დღიურად დარჩეს მანქანის მომსახურების თანხა. ეს შემოსავალი ყოველ გავლილ კილომეტრზე 7 თეთრია. ჩვენი მანქანები დღეში, საშუალოდ, 200 კილომეტრს გადიან, თითო მძღოლს დღეში 14 ლარი რჩება, ანუ თვეში მანქანის შესანახად - 420 ლარი. ჩვენ შევთავაზეთ მძღოლებს, რომ ეს თანხა შემოეტანათ კომპანიაში და კომპანია მოუვლიდა ამ მანქანებს, რაზეც უარი განაცხადეს, რადგან რეალურად, არათუ ყოფნით, არამედ რჩებათ კიდეც თანხა“, - განაცხადა ასანიძემ.
სამარშუტო ტაქსის მძღოლებს მოსაკრებლის რაოდენობა მგზავრთა ნაკადის მიხედვით უწესდებათ. სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე სხვადასხვა გადასახადია. მძღოლების გეგმა 40-80 ლარის ფარგლებში მერყეობს.