ინვესტიციების შემცირებაზე ხმები ტყუილი აღმოჩნდა

ინვესტიციების შემცირებაზე ხმები ტყუილი აღმოჩნდა

საინვესტიციო სააგენტოს წინასწარი პროგნოზი გადაჭარბებით გამართლდა. შარშან საქართველომ უცხოური ინვესტიციების მაქსიმალური ოდენობა მიიღო. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინება შემცირდა, არ დადასტურდა. ინვესტიციების თვალსაზრისით ურიგო არც 2015 წელი უნდა იყოს.

წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოურო ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1272 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 35 პროცენტით აღემატება შარშანდელ დაზუსტებულ მონაცემებს. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტი შეადგინა.

ინვესტორ ქვეყნებს შორის ნიდერლანდები (331 მილიონი აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (302 მლნ დოლარი) ლიდერობენ. შემდეგ მოდიან ჩინეთი (195 მლნ), გაერთიანებული სამეფო (114 მლნ), ლუქსემბურგი (85 მლნ), აშშ (80 მლნ), თურქეთი (67 მლნ), რუსეთი (66 მლნ).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2014 წელს 64 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა - 343 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობა 295 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობა 174 მლნ აშშ დოლარით.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის IV კვარტალში 349 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის IV კვარტალის წინასწარ მონაცემებს 61 პროცენტით, ხოლო ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებს 54 პროცენტით აღემატება.

ამ პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს აზერბაიჯანმა (84 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდებმა (67 მლნ) და გაერთიანებულმა სამეფომ (66 მლნ).

როგორც ჩანს, საინვესტიციო თვალსაზრისით ურიგო არც მიმდინარე წელი იქნება. ყოველ შემთხვევაში მთავრობა იმედიანადაა. მარტო ენერგეტიკაში 600 მლნ დოლარის ინვესტიციას ელოდებიას. ეს ინფორმაცია ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც დაადასტურა.

მან იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც 2015 წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ხორციელდება. კითხვაზე, რა მოცულობის ინვესტიციებს ელოდება ენერგეტიკაში, მინისტრის აღნიშნა, რომ საუბარია 600 მილიონის ინვესტიციაზე.

„ეს არის მიმდინარე პროექტები, რომელიც ხორციელდება. კერძოდ, ეს არის აჭარის წყალი, კირნათისა და ხელვაჩაურის ჰიდროელექტროსადგურები, სადაც მხოლოდ წელს დაახლოებით 50-60 მილიონამდე დაიხარჯება. ასევე „ტატა“ ჯგუფის პროექტები, სადაც წელს 100 მილიონი დაიხარჯება.

აღსანიშნავია დარიალის ჰიდროელექტროსადგური, რომელთან მიმართებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო დაფინანსება 50 მილიონის ოდენობით. წელს ეს ჰიდროელექტროსადგური დასრულდება და შევა ექსპლოატაციაში, რაც ჩვენი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, აღსანიშნავია სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები, ქვესადგურების რეაბილიტაცია, ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. ეს ყველაფერი შეადგენს იმ თანხას, რაზეც ვსაუბრობდი“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება „ხუდონჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, მინისტრის თქმით, იქ სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, რადგან იქ პრობლემებია ადგილობრივ მოსახლეობასთან.