კაჩინსკის პატიოსნებას და პრინციპულობას ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც აღიარებდნენ

კაჩინსკის პატიოსნებას და პრინციპულობას ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც აღიარებდნენ

პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაღუპვიდან ერთი წელი შესრულდა. 2010 წლის 10 აპრილს, კაჩინსკის ტუ-154 ტიპის თვითმფრინავი სმოლენსკის „სევერნის“ აეროდრომთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი, მათ შორის პირველი ლედი მარია კაჩინსკა და პოლონური პოლიტელიტის ნაწილი.

საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა 2011 წლის იანვარში გამოაქვეყნა კატასტროფის ტექნიკური გამოძიების შედეგები. მომხდარის მიზეზად ეკიპაჟის გადაწყვეტილება დასახელდა - არ დაესვათ თვითმფრინავი სათადარიგო აეროპორტში.

აღსანიშნავია, რომ სმოლენკის ტრაგედიის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ავიაკატასტროფის ადგილზე სკანდალით დაიწყო.

პოლონური მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის ადგილზე ჩასული დაღუპულთა ახლობლები ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე განთავსებული მემორიალური დაფა შეცვლილია.

მათი თქმით, ავიაკატასტროფის ადგილზე განთავსებულ პოლონურ ენაზე შედგენილი დაფის ნაცვლად, ახლა პოლონურ და რუსულ ენებზე შედგენილი დაფაა, რომელზეც არ არის აღნიშნული, რომ პოლონური დელეგაცია კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიემგზავრებოდა.

თავის მხრივ, რუსული მხარე განმარტავს, რომ პოლონური ტექსტი, რომელიც თავიდან იყო დაფაზე, შეთანხმებული არ იყო.

„ორ ტრაგედიას - ერთი წლის წინ პოლონური დელეგაციის დაღუპვასა და კატინის 1940 წლის დაცხრილვას, ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. ამიტომ მოხსნილია ყველაფერი, რაც იმ ტრაგედიას უკავშირდება“, - აცხადებს სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ევსენკოვი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ლეხ კაჩინსკი საკვირაო ქადაგებისას გაიხსენა:

„გავიდა ერთი წელი იმ კატასტროფიდან, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე შეეწირნენ. ეს იყო საშინელი ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის. 96 ადამიანი დაიღუპა იმ კატასტროფაში, მათ შორის რამდენიმე მართლმადიდებელი. მათ შორის მიტროპოლიტი მირონი, რომელიც დელეგაციას ახლდა. ჩვენ ვლოცულობთ, რათა უფალმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“, - ბრძანა პატრიარქმა.

ბევრი პოლონელის თვალში პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი - რომელიც 60 წლის ასაკში დაიღუპა - პრინციპულობის განსახიერებას წარმოადგენდა. ის კათოლიციზმის გულმხურვალე მიმდევარი იყო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მორალური სიცხადის დაცვის მოწოდებით გამოდიოდა.

სხვები კი მის კონსერვატორულ მოსაზრებებს თანამედროვე პოლონეთისთვის მოძველებულად აღიქვამდნენ.

პირველად პოპულარობა მას სამსახიობო ხელოვნებამ მოუტანა - ბავშვობაში, თავის ტყუპისცალ ძმასთან, იაროსლავთან ერთად მან პოპულარულ ფილმში ითამაშა, სახელწოდებით „ორნი, ვინც მთვარე მოიტაცა“.

თუმცა, კაჩინსკი მსახიობი არ გამხდარა. რეპრესიული კომუნისტური რეჟიმის პირობებში მცხოვრებმა კაჩინსკიმ მოღვაწეობის სფეროდ პოლიტიკა აირჩია და დემოკრატიული ოპოზიციის რიგებს შეუერთდა. უმაღლესი განათლება მან ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიულ და ადმინისტრაციის ფაკულტეტზე მიიღო. 1980 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა შრომის კანონმდებლობის სფეროში.

როცა 1981 წლის დეკემბერში კომუნისტურმა რეჟიმმა პრო-დემოკრატიულ მოძრაობაზე ზეწოლა გააძლიერა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, კაჩინსკი დაკავებულ პირებს შორის აღმოჩნდა იმის გამო, რომ მოძრაობა „სოლიდარობაში“ გაფიცვების კომიტეტის მრჩეველი იყო. მას თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული თავისუფლება.

გათავისუფლებისთანავე ის კვლავ „სოლიდარობაში“ დაბრუნდა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ იატაკქვეშა ბრძოლა განაახლა.

1989 წელს კაჩინსკიმ მონაწილეობა მიიღო დასუსტებულ რეჟიმსა და დემოკრატიულ ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებში, რასაც შემდგომ „მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებები“ ეწოდა. ამ პროცესს კომუნისტური რეჟიმის ნელი დაშლა მოჰყვა.

კაჩინსკიმ აქტიური მოღვაწეობა თავისუფალ პოლონეთშიც გააგრძელა - იბრძოდა ისეთი ქვეყნის ასაშენებლად, სადაც „სოლიდარობის“ ღირებულებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში იქნებოდა გატარებული.

მისი პოლიტიკური კარიერა სწრაფი ტემპით განვითარდა. კაჩინსკი წარმატებით მუშაობდა როგორც სენატორი, კონტროლის პალატის პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი, ვარშავის მერი, დეპუტატი და ბოლოს პრეზიდენტი. ამასთან, მან თავის ტყუპისცალ ძმასთან ერთად მემარჯვენე ორიენტაციის, კონსერვატორული, „კანონისა და სამართლის“ პარტია დააარსა.

კაჩინსკის, მომხრეებთან ერთად, ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა. თუმცა მის პატიოსნებას და პრინციპულობას თითქმის არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ - მათ შორის არც ყველაზე რადიკალური პოლიტიკური ოპონენტები.

ის პრეზიდენტად 2005 წელს აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ კი მისი ძმის ხელმძღვანელობით მოქმედმა „კანონისა და სამართლის პარტიამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ერთი წლის განმავლობაში პოლონეთში ძალაუფლებას ტყუპი ძმები იყოფდნენ.

მალე ისინი „პოლონეთის მეოთხე რესპუბლიკის“ შექმნის მოწოდებით გამოვიდნენ - რომელშიც, მათი თქმით, დაცული იქნებოდა სოციალური სამართალი, საზოგადოებრივი მორალი და საჯარო ცხოვრებაში სიცხადე.

პრეზიდენტის რანგში კაჩინსკი აქტიურად მუშაობდა პოლონეთის მიერ გატარებული აღმოსავლეთის პოლიტიკის გაძლიერებაზე. ის მხურვალედ უჭერდა მხარს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ნატოში. კაჩინსკი კრემლის პოლიტიკის მწვავე კრიტიკითაც იყო ცნობილი - ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩავმოვიდა და სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს.

კაჩინსკი პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის ემზადებოდა. ვარაუდობდნენ, რომ ის შემოდგომაზე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ წამოაყენებდა თავის კანდიდატურას.

რაც შეეხება ავიაკატასტროფას, ტუ-154–ის მიწაზე ძლიერი დაცემის შედეგად თვითმფრინავს კუდის ნაწილი მოტყდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. პოლონეთის ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავი სამჯერ შეეცადა სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომას, მეოთხე მცდელობა კი ტრაგედიით დასრულდა.