ბაკურიანსა და მესტიაში სეზონი ჩავარდა

ბაკურიანსა და მესტიაში სეზონი ჩავარდა

ზამთრის უამინდობამ ტურისტულ სეზონს წელსაც დიდი პრობლემა შეუქმნა. ბაკურიანსა და მესტიაში სეზონი ჩავარდა. უთოვლობასთან ერთად ადგილობრივები ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზეც ჩივიან, რომელიც ხელს უშლის ტურისტების მოზიდვას.

ბაკურიანში წელს თოვლი თითქმის არ მოსულა. ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის ხელოვნური თოვლის საფარი კი დააგეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. იმედგაცრუებული ბაკურიანელები იმედს ახლა ზაფხულის სეზონზე ამყარებენ.

ხალხმრავლობა ძირითადად შაბათ-კვირას შეიმჩნევა, პროფესიონალ თუ მოყვარულ მოთხილამურეებს შორის უცხოელ ტურისტებსაც მოკრავთ თვალს. კვირის დანარჩენ დღეებში კი ბაკურიანში სრული სიმშვიდეა. სასტუმროების უმრავლესობა დამსვენებელთა სიმცირეს უჩივის. ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე სასტუმროებისა თუ კოტეჯების წინ განცხადებებია გამოკრული - ქირავდება.

ადგილობრივები უცხოელი ტურისტების სიმცირეს გამკაცრებულ სავიზო რეჟიმსა და უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებსაც უკავშირებენ. მათი თქმით, ტურისტების ყველაზე მეტი წილი რუსებსა და უკრაინელებზე მოდიოდა, ასევე ყაზახებზე.

„წინა წლებში ტურისტი ნამდვილად არ გვაკლდა, პირიქით, სასტუმროს ნომრები წინასწარ იყო დაჯავშნული და თავისუფალი ადგილები აღარ გვქონდა. დეკემბრის ბოლოდან მარტამდე ბაკურიანი დამსვენებლებით სავსე იყო. წელს ბუნებამაც გვიმტყუნა - თოვლი არ მოვიდა. საახალწლოდ სასტუმროების უმრავლესობა კლიენტის გარეშე დარჩა. პრაქტიკულად, დეკემბრიდან მოყოლებული თებერვლის შუა რიცხვებამდე, სეზონი ჩავარდა. სასტუმროს მეპატრონეებმა კლიენტის მისაზიდად მომსახურების ფასი ლამის გაანახევრეს, მაგრამ სეზონი მაინც ჩავარდა.

ახალი წლის დღეებში აზერბაიჯანელები, სომხები ჩამოვიდნენ, მაგრამ როცა ნახეს თოვლი არ იყო, 2-3 დღეში უკან გაბრუნდნენ. წელს ძალიან ვიზარალეთ“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბარისას ბაკურიანის მკვიდრმა ზურაბ ელიაშვილმა.

ტუროპერატორები მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი აზრით, დარგის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან არის ნული.

„წელს ზამთარში მხოლოდ 1 მიკროავტობუსით ავიყვანე ტურისტები ბაკურიანში, ადრე კი 2 დიდი ავტობუსი და 3-4 მიკროავტობუსი მარტო საახალწლოდ მიმყავდა. სასტუმროებს წინასწარ ვჯავშნიდით, დეკემბრის ბოლოს კი არცერთი ნომერი აღარ გვქონდა თავისუფალი. ზარალზე არ წავსულვართ, მაგრამ არც მოგება დაგვრჩენია. მოკლედ, როცა სახელმწიფო დამოკიდებულებაა ისეთი, რომ ტურიზმი არ არის პრიორიტეტი, უკვე ყველაფერი ნათქვამია. ტურიზმის დეპარტამენტში არაკომპეტენტურებს ნიშნავენ“, - ამბობს ტურისტული სააგენტოს , „Royaltravel Tourcompany“-ს დირექტორი და თანადამფუძნებელი ლანა სიხარულიძე.

ადგილობრივთა თქმით, ზამთრის სეზონი მარტის ბოლომდე გასტანს. ამჟამად, ბაკურიანში თოვლი არ არის, თუმცა ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის სათხილამურო ტრასაზე ხელოვნური თოვლია. ამიტომ, ბაკურიანელები შაბათ-კვირას დამსვენებლის მოლოდინში არიან.

რთული მდგომარეობაა სვანეთშიც. უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იქ 2014-15 წლის ზამთრის სეზონი ჩავარადა. მესტიაში მცხოვრებნი ჩივიან, რომ საკურორტო ზონაში ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურა გაუმართავია. ფაქტობრივად არ მუშაობს საბაგირო, რის გამოც ტურისტებმა მესტია დატოვეს.

„წელს, სვანეთში ყველაზე ცუდი სეზონი იყო. იანვარში იყო ხალხი, მაგრამ მაშინაც გაითიშა საბაგირო. საერთოდ, საშინელ მდგომარეობაშია ელექტროენერგიის სისტემა. არ არის გათვლილი ეს საბაგირო ასეთი სუსტი და ცვალებადი დენისთვის. რამდენიმე გათიშვას უძლებს, მაგრამ შემდეგ იწვება ბლოკი.

შუა იანვარში, როცა ხალხმრავლობა იყო, გადაიწვა. გავაკეთე და 10 დღის შემდეგ ისევ გადაიწყვა. ანალოგიური მოხდა რამდენიმე დღის წინ. ჟურნალისტების ჩემპიონატი გვქონდა და ზუსტად იმ დღეს დაიწვა. სამჯერ მოხდა ჩართვა-გათიშვა. მეუბნებიან, რომ ეს ავარიული გათიშვა იყო, მაგრამ რამდენად იყო ეს გათიშვა ავარიული, ამას მე ვერ დავამტკიცებ“, - ამბობს „მესტია რეზორტსის“ ხელმძღვანელი მალხაზ უდესიანი.

მისი ინფორმაციით, იანვრის თვეში გაყიდული ბილეთებით თუ ვიმსჯელებთ, მესტიაში, ალბათ, შემოსული იყო 300-400 ტურისტი.