საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შექებულია, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წახალისებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გაკრიტიკებული.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეკონომიკური პრობლემები განიხილეს, 8 წუთის დაგვიანებით დაიწყო და 7 საათი გაგრძელდა, სხდომაზე ყველაზე ბოლოს გიორგი კვირიკაშვილი მივიდა და მან სხდომა პირველმა დატოვა, ხოლო „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პროტესტის ნიშნად, სხდომაში მონაწილეობაზე საერთოდ უარი თქვეს.
ეკონომიკის მინისტრის საცობში მოყოლას და სხდომაზე მის დაგვიანებით მისვლას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქილიკი მოჰყვა, რაც საბოლოო ჯამში, ომარ ნიშნიანიძისა და ირმა ნადირაშვილის კამათით დასრულდა. ნადირაშვილმა კვირიკაშვილის მიმართ რეპლიკა ისროლა: „როგორც ჩანს, მინისტრმა ბევრი საქმე გააკეთა და ამიტომ დააგვინდა“, რასაც ნიშნიანიძემ იმერულად უპასუხა: „ნადირაშვილს ბებია უჭყავის“. ვითარების განმუხტვამდე, ხათუნა გოგორიშვილმა ნიშნიანიძეს დამამშვიდებელი აბების მიღება ურჩია, უმრავლესობის წევრმა კი, ოპოზიციონერს ნერვიული აშლილობა შეამჩნია.
კომიტეტის სხდომა, რომელიც ამ ინციდენტით დაიწყო, კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, თუმცა, გოგი თოფაძეს მოლოდინი ჰქონდა, რომ „ნაციონალური სპექტაკლის“ მნახველი იქნებოდა, ნუგზარ წიკლაურმა კი ზურაბ ტყემალაძეს ურჩია, სხდომის დაწყებისას თავს მხიარულად ტყუილად გრძნობდა.
ზურაბ ტყემალაძემ, რომელიც სხდომის წამყვანი იყო, სხდომა მართლა იუმორისტულ ჰანგებზე დაასრულა, მაგრამ მანამდე, კანონმდებლებს მინისტრების საკმაოდ ვრცელი გამოსვლის მოსმენა მოუწიათ, სადაც გაირკვა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებულია, მაგრამ ეკონომიკური კრიზისი არ არის. ასევე მოსალოდნელია გადასახადების შემცირება და ინვესტიციების ხელშეწყობა.
კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის სამნაწილიანი გეგმა აქვს, რომელიც მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებს მოიცავს.
მისი განმარტებით, 2015-2017 წლებში, მოხდება - მთელი რიგი საპრივატიზაციო ობიექტების უფრო დაჩქარებულ რეჟიმში რეალიზაცია, ტურიზმი წახალისდება, ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა გაძლიერდება, ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელება.
მინისტრის ცნობით, მთავრობამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით წინასწარი მაჩვენებლები მიიღო და ეს 1 272 000 000 დოლარს შეადგენს, რაც 2013 წელთან შედარებით, 39%-იანი ზრდაა.
ეკონომიკის მინისტრის მსგავსად, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები ვერ უარყო ნოდარ ხადურმა, რომელმაც წუხილი გამოთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი არ არის.
ხადურის მოსაზრებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებულია, მაგრამ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი არ არის.
ფინანსთა მინისტრის პროგნოზით, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა 2016 წელსაც გაგრძელდება და მთავრობამ ანალოგიური შეზღუდვების დაწესების თხოვნით ყველა იმ სტრუქტურას მიმართა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში არ შედის, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტს, სასამართლო ხელისუფლებას.
ნოდარ ხადურმა აქცენტი ლარის გაუფასურებაზე გააკეთა და განაცხადა, რომ ფასების საერთო დონე იანვარში 0,35 პროცენტით გაიზარდა, ხოლო თებერვალში 0,11 პროცენტით.
მინისტრის შეფასებით, საგარეო ფაქტორებმა გაცვლითი კურსის ცვალებადობა გამოიწვია, მაგრამ მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან ლარი გამყარდა, რაც ვალუტის გაუფასურების შედეგად ექსპორტის წახალისების ეფექტს არ იძლევა.
„დოლართან ლარის გაუფასურების ფონზე, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლებია“, - დასძინა ხადურმა, რომელსაც ოპოზიცინერებმა ხათუნა გოგორიშვილმა და ირმა ნადირაშვილმა კითხვით მიმართეს - არის თუ არა დრო ის მინისტრის პოსტიდან წავიდეს და გრძნობს თუ არა ხადური, რომ ფინანსთა მინისტრია?!
ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, ნოდარ ხადურს თავი მართლა ევროპის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებზე კარგი თუ ჰგონია.
„იცით თუ არა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ხართ, თუ თამაზ მეჭიაურივით გჯერათ, რომ საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებზე უკეთესი ფინანსთა მინისტრი ჰყავს?“, - მიმართა გოგორიშვილმა ხადურს, რის საპასუხოდ მინისტრისგან მადლობა დაიმსახურა.
გოგორიშვილისგან განსხვავებით, გიორგი ბარამიძემ ხადურის კრიტიკაც დაიმსახურა და უმრავლესობის წევრების ქილიკიც. კერძოდ, ბარამიძეს მმართველი ძალის წევრები თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ოპოზიციონერი დაინტერესდა, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების შექმნა მიზანმიმართულად ხომ არ ხდება, რათა საქართველოს რუსეთისთვის გადაცემა მოხდეს. ბარამიძემ განცხადების შემდეგ, ზურაბ ტყემალაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ 36 პუნქტიანი გეგმა გადასცა, ტყემალაძე კი დაინტერესდა, ეს გეგმა „დაეხვია“ და უკან მიეცა თუ არა. ტყემალაძეს კი, გოგორიშვილმა ურჩია საკუთარი ჰიგიენის საშუალებებს შეუარცხყოფას ნუ მიაყენებდა.
აღსანიშნავია, რომ თუკი სხდომაზე ოპოზიციონერები მინისტრებს აკრიტიკებდნენ, უმრავლესობის წევრებმა გიორგი ქადაგიძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. თუმცა, მანამდე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას პოსტზე საქმიანობისთვის ათთვიანი ვადა აქვს და პარლამენტის წინაშე ვრცელი ანგარიშით ერთ თვეში წარსდგება.
ქადაგიძე მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არის არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპროდუქტიული.
მისი ინფორმაციით, სავალუტო შემოდინებებმა შემცირება წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, რაც ექსპორტის, გზავნილებისა და ტურიზმის კლებაში გამოიხატა.
„ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყნებში სავალუტო რეზერვების ხარჯვა განხორციელდა, მაგრამ ამან ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებას ვერ უშველა. ინტერვენციის დროს პირიქით, ცეცხლს ნავთს დავასხამთ. როცა ეკონომიკური ზრდა ისედაც დიდი არ არის, ეს ეკონომიკის კიდევ უფრო დაპაუზებას გამოიწვევს. შეთქმულებებისა და კონსპირაციების თეორიების მოყვარულთათვის განსაკუთრებული არაფერი ხდება. რეზერვებით ხანძრის ჩაქრობა წამლის ეფექტი არ არის, არამედ ეს პრობლემის შეფუთვა და გადავადებაა. ჩემთვის ყველაზე მარტივი სწორედ რეზერვების გამოყენების გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებდა. რეზერვების ჩარევა კონტრპროდუქტიულია. ადრე ჩარევას ეფექტური შედეგი ნამდვილად არ აქვს და ამის ნათელი დასტურია აზერბაიჯანი, რომელსაც თხუთმეტჯერ მეტი სავალუტო რეზერვი გააჩნია, ვიდრე ჩვენ“, - განაცხადა ქადაგიძემ, რომელიც რესპუბლიკელმა, თინა ხიდაშელმა მკაცრად გააკრიტიკა.
ხიდაშელის განცხადებით, დეპუტატებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ვერცერთი სიტყვა ვერ მოისმინეს, რა ვალდებულებები აქვს მას.
„ეს ადამიანი გვეუბნება, რომ ყველა სისულელეს ვლაპარაკობთ, ვინც ბანკთან მიმართებაში რაღაცას ვამბობთ. მოგვიყევით, რას აკეთებთ და მაშინ, სისულელეს აღარ ვილაპარაკებთ. მომავალთან მიმართებაში ქადაგიძისგან არცერთი წინადადება არ მოგვისმენია. გამოსვლისას მინიმუმ თქვენი რეკომენდაცია მაინც უნდა მოგვესმინა“, - განაცხადა ხიდაშელმა.
დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ, for.ge-ს ინფორმაციით, ზურაბ ტყემალაძეს ნოდარ ხადურმა დაურეკა და სხდომის კონტრუქციულ ვითარებაში წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ოპოზიციონერები ისევე როგორც ხადურის გამოსვლით, ასევე კვირიკაშვილის მოხსენებით უკმაყოფილეობი დარჩნენ.
როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა, მთავრობის წევრები სხვა ვირტუალურში ქვეყანაში ცხოვრობენ და არა დღევანდელ საქართველოში. გოგორიშვილის განცხადებით, მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარების არანაირი გეგმა არ გააჩნია.
„ხადურმა რაც არ უნდა იძახოს, რომ ყველაფერი კარგად არის, თითოეული ადამიანი, რომელიც მაღაზიაში შედის, ხედავს პროდუქტები თუ როგორ არის გაძვირებული. მოვაჭრეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ათეულობით ბიზნესი იკეტება და მცირე მეწარმეები თავის საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიზნესში არანაირი ახალი ინვესტიცია არ იდება და ეკონომიკის გაჯანსაღების წინაპირობა არ არსებობს. დასკვნა ერთადერთია. ხელისუფლება უნიათოა, უუნაროა და საქმეს არ აკეთებს. ამათ 21 მარტის აქციაზე დავანახებთ, რომ ტყუილებს ამბობენ და მათი საქმიანობით ხალხი უკმაყოფილოა“, - აღნიშნავს გოგორიშვილი, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი სერგო რატიანი.
for.ge-სთან საუბარში რატიანი აცხადებს, რომ მთავრობას გეგმა არ აქვს წარდგენილი და ის ქაღალდი რაც შექმნეს, მომავალზე ორიენტირებული არ არის. დეპუტატის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილსა და მთავრობას გეგმა რომ ჰქონდეთ, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოცხადდებოდნენ.
„მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტიდან ჩანს, რომ თურმე, რბილი ავეჯის შემცირება ჩვენს ეკონომიკას გადაარჩენს. ასევე, მოწოდებაა, რომ სახელმწიფო უწყებებმა ჰიგიენური საშუალებები შეამცირონ, რაც სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს“, - დასძენს რატიანი.
ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი გუდნი მინისტრების მიერ მომზადებული გეგმით კმაყოფილია. როგორც for.ge-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, მინისტრებმა ძალიან ნათლად, კონკრეტულად და გასაგებად წარმოადგინეს როგორც გრძელვადიანი, ასევე შუალედური და მოკლევადიანი ღონისძიებების ხედვა. კანონმდებელის მოსაზრებით, მთავრობის გეგმას გამგები გაიგებდა.
„ჩვენი მოსახლეობისათვის ალბათ გასაგები იყო, თუ რა ღინისძიებების გატარებას გეგმავს მთავრობა. მიზეზები დასახელდა, რომელმაც ეროვნული ვალუტის ცვლილებები და მისი ვარდნა განაპირობა. ამ ყველაფრის მოსმენა ვისაც არ უნდოდა, არ მოისმინა. გიორგი კვირიკაშვილსა და ნოდარ ხადურს რაც არ უნდა ესაუბრათ, „ნაციონალური მოძრაობა” იგივე ტერმინოლოგიით, იგივე ლექსიკით, იგივე დემაგოგიით გააგრძელებს საუბარს. თუ მათ პოზიტიური შედეგი აინტერესებთ, მაშინ, ასეთი დემაგიგიური და ისტერიული განცხადებები უნდა შეწყვიტონ“, - განაცხადა ბესელიამ, რომლის მსგავსად, for.ge-სთან საუბარში ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ მთავრობის გეგმა მას მოეწონა, ხოლო კომიტეტის სხდომა საქმიან და კორექტულ გარემოში წარიმართა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი დაგეგმილია დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა, თუმცა, უმრავლესობა ქუთაისში წასვლას და სხდომაზე დასწრებას არ აპირებს, რის გამოც სხდომა სავარაუდოდ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშლება.