კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის არსებული ტარიფი მაისამდე ბიუჯეტიდან სუბსიდირების ხარჯზე შენარჩუნდება. ამ ეტაპზე კი მთავრობა ორთვიანი სუბსიდირებით დაკმაყოფილდა, შემდეგ რა მოხდება ძნელი სათქმელია. ჯერ საუბარია 15 მილიონი ლარის სუბსიდირებაზე, რომელიც გაზის არსებული ტარიფის 2 თვით შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა.
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ მთავრობა და ხელისუფლება იმსჯელებს თუ რა იქნება სამომავლოდ გადასახადთან დაკავშირებით.
„ტარიფი შენარჩუნდება პირველ მაისამდე და ეს მოხდება ბიუჯეტიდან სუბსიდირების ხარჯზე. რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა იმსჯელოს იმაზე მომავალში გააგრძელებს თუ არა სუბსიდირებას. ამ ეტაპზე სუბსიდირება რომ არ განხორციელებულიყო, ლიცენზიატი კომპანია ზარალზე მიდიოდა. ჩვენ არ გვინდა ენერგოსექტორში პრობლემა, პირიქით, წინ ვიხედებით, მომავალს ვუყურებთ და გვინდა განვითარებული, განათებული, ძლიერი საქართველო“, - განაცხადა კალაძემ.
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილიც ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე კომერციული სექტორისთვის გაზის გაძვირება არ იგეგმება, თუმცა სამომავლო პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი არ არის.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრაზე მყოფმა ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს და სემეკის თავმჯდომარეს ირინა მილორავას მრავალი კითხვა დაუსვეს, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს ენერგოპოლიტიკას, ინვესტიციებს და ტარიფებსაც.
„როგორც ყველამ ვიცით და საჯაროდ გამოცხადებულია კომპანიების მხრიდან, კომერციული სექტორისთვის ამ ეტაპზე ბუნებრივ აირი არ გაძვირდება. ყველას დაერიცხება ერთიანი ტარიფი, მაგრამ სამომავლოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულად კომპანიების მხრიდან და რას უნდა ველოდოთ, ამ ეტაპზე ამის თქმა შესაძლებელი არ არის“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ენერგო ომბუდსმენის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომისიაში სატარიფო განაცხადები წარმოდგენილი არ არის. „მეც როგორც ენერგოომბუდსმენს არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.
რაც შეეხება დენის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით თბოელექტროსადგურების მოთხოვნას, სემეკში მალევე გაიმართება საჯარო და ღია განხილვა, სადაც ყველას ექნება დასწრების შესაძლებლობა. „რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ის დამოკიდებული იქნება საჯარო განხილვის შედეგზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ მხრივ ინფორმაცია არ მაქვს“, - დასძინა ვარდიაშვილმა.
ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ ლაშა პაპაშვილისთვის გაზის ტარიფის გაზრდა დაუშვებელია. ეს პრობლემა არა საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს გაზის ფასი. გვესმის, რომ უამრავი გარეშე ფაქტორია. აქ არის „ყაზტრანსგაზიც“, რომლის უკანაც ინვესტორია და ისიც არ უნდა დაზარალდეს“, - განაცხადა პაპაშვილმა.
რა იქნება 2 თვის შემდეგ ძნელი სათქმელია. თუ ლარის კურსი არ გამყარდა, ბიუჯეტი 2 თვეში ერთხელ 15 მლნ ლარის სუბსიდირებას ვეღარ გაწვდება. ამიტომ შეიძლება გაზის მაინც გაძვირდეს. ეს კი საწარმოო სექტორში ჯაჭვურ გაძვირებას გამოიწვევს.