სილიკონის ველის ნოვატორი Hewlett-Packard

სილიკონის ველის ნოვატორი Hewlett-Packard

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

77 წლის წინ სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა დეივ პაკარდმა და ბილ ჰიულეტმა საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს. მაგრამ ენერგიულმა ყმაწვილკაცებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ერთად მუშაობა სურდათ, კონკრეტული იდეა კი არ გააჩნდათ. მთელი დღეების განმავლობაში მეგობრები ავტოფარეხში ისხდნენ, გულმოდგინედ ფიქრობდნენ და ჩხირკედელაობდნენ.

რამდენიმე წლის წინ კომპანია Hewlett-Packard-მა ნახევრადდანგრეული ავტოფარეხი და მის მახლობლად მდებარე სახლი 1,7 მილიონ დოლარად შეიძინა. ერთი შეხედვით, ეს მეტად უცნაური კაპიტალდაბანდება ტყუილად არ განხორციელებულა, თავის დროზე ხომ სწორედ ამ ავტოფარეხში მდებარეობდა დღევანდელი გიგანტის პირველი ოფისი, სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი არა მარტო HP-ს, არამედ სილიკონის ველად წოდებული მსოფლიო კომპიუტერული მექას ისტორიას. დღეს კი Hewlett-Packard მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და უმსხვილესი კომპანიაა. 

რაინდები ავტოფარეხიდან
Hewlett-Packard-ის დაბადების ოფიციალურ თარიღად 1939 წლის 1 იანვარი ითვლება, თუმცა, ყველაფერი გაცილებით ადრე, 1934 წელს დაიწყო, როცა დევიდ პაკარდმა და უილიამ ჰიულეტმა სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრეს და კოლორადოს სათევზაოდ და კლდეებზე საცოცად მიაშურეს. იქ ისინი 20-30-იანი წლების რადიობუმმა შთაგონებით აღავსო და საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი ეწვიათ.

კურსზე ყველასაგან გამორჩეული, ნიჭიერი, ხელმაჯვე და ნოვატორი ჭაბუკები შინ დაბრუნებულების შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, ავტოფარეხში შეიკეტნენ და კარგა ხნის ფიქრის შემდეგ თავიანთი პირველი პროდუქცია აუდიოოსცილიატორი - ხმის აპარატურის ტესტირებისათვის განკუთვნილი პირველი აპარატი ააწყვეს. მალე რვა ამგვარ ხელსაწყოზე უოლტ დისნეის სტუდიისაგან შეკვეთა მიიღეს, რომელსაც ისინი განთქმული მუსიკალური მულტფილმის „ფანტაზია“ გადასაღებად სჭირდებოდა.

ასე შეიქმნა კომპანია და აეწყო ჰიულეტის და პაკარდის ბიზნესი, რომლებით 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მეგობრობდნენ. თანაც, არასოდეს რომელიმე მათგანი მთავარი არ ყოფილა. საერთო დასახელებაშიც სახელების თანმიმდევრობა ჯენტმენურ-დემოკრატიული პრინციპით, „არიოლ-რეშკას“ აგდებით გადაწყვიტეს. მათ ერთმანეთისაგან დაშორებით ცხოვრებაც არ შეეძლოთ. როცა 1938 წელს დევიდ პაკარდი და მისი ცოლი ლიუსი კალიფორნიაში გადასახლდნენ, ჰიულეტი უმალ უკან გაყვა და მათ მახლობლად დაბინავდა.

მათი საქმიანი ურთიერთობა ერთგვარ რაინდთა ორდენს წააგავდა, რომელშიც ჰიულეტი სამეცნიერო იდეების წყარო, ხოლო პაკარდი ბიზნეს-გადაწყვეტილებების გენერატორი იყო.

ომი და მშვიდობა
მეორე მსოფლიო ომისას სახელმწიფო შეკვეთების წყალობით კომპანია აქტიურად ვითარდებოდა. შეკვეთების მიღებაში მეგობრებს სტენფორდის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი ფრედერიკ ტერმანი დაეხმარა, რომელიც ჯერ კიდევ 30 წლების დასაწყისში მიხვდა, რომ სამეცნიერო გამოკვლევებისა და მრეწველობის შერწყმას კოლოსალური მოგების მოტანა შეეძლო. ტერმანმა სილიკონის ველი სამეცნიერო იდეების და ტექნიკური ნოვაციების ინკუბატორად აქცია. იგი პაკარდს და ჰიულეტს არა მარტო შეკვეთების, არამედ გრძელვალდიანი კრედიტების მიღებაშიც დაეხმარა და შემდეგ წლების განმავლობაში მათთან კონსულტანტად მუშაობდა.

თავდაცვის სფეროსთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების შემდეგ Hewlett-Packard-მა მიკროტალღოვანი ინჟენერია დანერგა. ეს მიმართულება 40-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული იყო და კომპანიამ ამ სექტორში ლიდერობა ხელთ იგდო. 1943 წელს მისმა მოგებამ მილიონ დოლარს მიაღწია. უნდა ითქვას, რომ ჰიულეტი და პაკარდი თავიანთ ძალებში მთლიანად დარწმუნებული სულაც არ იყვნენ. ამ პერიოდში აშენებული კომპანიის პირველი ქარხანა ისე იყო დაპროექტებული, რომ საჭიროების, ანუ გაბანკროტების შემთხვევაში მაღაზიად იოლად გადაკეთდებოდა.

თუმცა, Hewlett-Packard-ის ისტორიაში გადამწყვეტი არა ომის წლები, არამედ ომისშემდგომი კრიზისული პერიოდი იქცა, როცა კომპანიამ სახელმწიფო შეკვეთების გარეშე თავის გატანა მოახერხა. წარმოების მოცულობის შემცირების მიუხედავად, დეივმა და ბილმა სხვადასხვა გაკოტრებული კომპანიების უნიკალური სპეციალისტები მიიწვიეს, რომლებთან ერთად „მრავალასპექტიანი მენეჯმენტის“ საფუძვლებზე მუშაობას შეუდგნენ.

ჰიულეტი და პაკარდი ყველანაირად ცდილობდნენ კომპანიაში კარგი სამუშაო პირობები შეექმნათ. სწორედ HP-ში დაინერგა პირველად თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევის სისტემა. ხოლო როცა 1957 წელს Hewlett-Packard-მა აქციები გამოუშვა, ისინი პირველ რიგში თავის თანამშრომლებს შესთავაზა, რომლებსაც ამგვარად შეეძლოთ კომპანიის ბიზნესში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ.

ამ პერიოდში დეივ პაკარდმა ჩამოაყალიბა და მოგვიანებით წიგნში „HP-ს გზა“ აღწერა „HP-ის შვიდი მცნება“: მოგება, კლიენტურა, ინტერესთა სფეროები, განვითარება, კორპორაციული სოლიდარობა, მენეჯმენტი და მოქალაქეობრიობა.

პროგრესი და შემოსავალი
ჰიულეტი და პაკარდი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უპირველეს ნოვატორებად და ბრწყინვალე ბიზნესმენებად რჩებოდნენ. ისინი აწარმოებდნენ გადამცემებს იახტებისათვის, კონდიციონერების მუშაობის კონტროლისა და ფონოგრაფების გამაძლიერებელ მოწყობილებებს, კეგელბანის ელექტრონულ სენსორებს, ელექტრონული ტელესკოპების მართვის მექანიზმებს, ელექტრომასაჟორებს მსუქნებისათვის და ა.შ. HP-ის პროდუქცია გამოიყენებოდა სამედიცინო კლინიკებში (სადიაგნოსტიკო და თერაპიული მოწყობილობები), ელექტრონიკაში (მიკროტალღური ნახევარგამტარები) და ქიმიურ მრეწველობაში (გაზის ქრომატოგრაფები და სპექტრომეტრები).

მიუხედავად ერთი შეხედვით ზედმეტი მრავალმხრივობისა და მკვეთრად გამოკვეთილი მარკეტინგული პოლიტიკის არქონისა, Hewlett-Packard-ის ყველა პროდუქტი მომგებიანი იყო. 60-იან წლებში კომპანიამ რამდენიმე უნიკალური გამოგონება შეიმუშავა, რის შემდეგაც HP ჟურნალ Fortunე-ს 500 უმსხვილესი ფირმის რეიტინგში მოხვდა.

60-იანი წლების დასაწყისში ჰიულეტმა კომპანიის ინჟინრებს პატარა ზომის გამომთვლელი მანქანის, რომელიც ჯიბეში ჩაეტეოდა, შექმნა დაავალა. ასე მოევლინა მსოფლიოს პირველი მიკროკალკულატორი, რომელიც პირველსავე წელს 100 ათასი ცალი გაიყიდა.

გარდა ამისა, კომპანიამ გამოუშვა განთქმული ცეზიუმის სიხშირის ეტალოტი, რომელსაც დროის გაზომვა წამის მემილიონედის სიზუსტით შეეძლო. „მფრინავი საათად“ წოდებული ეს ეტალონი აქტიურად გამოიყენებოდა კოსმონავტიკაში, ავიაციაში და სეტელეკომუნიკაციო სფეროში. 

60-იანი წლების ბოლოს HP ბიზნეს-ტექნიკის ბაზარზე გაბატონდა, რასაც ხელი თავისი პირველი კომპიუტერის HP211A, რომელიც სხვადასხვა მზომი ხელსაწყოს მუშაობის გამაკონტროლებლად გამოიყენებოდა, გამოშვებამ შეუწყო. 1969 წელს კომპანიამ გამოუშვა მინი-კომპიურეტებისათვის განკუთვნილი პირველი საოპერაციო სისტემა, ხოლო 1980 წელს ბაზარზე გამოჩნდა პირველი პერსონალური კომპიუტერი HP-85. 

Hewlett-Packard პრინტერების წარმოების სფეროს ერთ-ერთი ლიდერი და უპირველესი ნოვატორია. 80-იან წლებში გამოშვებულმა მოდელებმა კომპანიას უდიდესი მოგება მოუტანა. სწორედ HP-მ დანერგა ბეჭვდვის ჭავლური ტექნოლოგია, რამაც პრინტერები მასიური გამოყენებისათვის ხელსაყრელად აქცია. შემდგომ ათწლეულში Hewlett-Packard-მა აქცენტი უახლეს ტექნოლოგიებსა და ქსელურ უზრუნველყოფაზე გააკეთა. 

წარმატებამ არ გააფუჭა
სილიკონის ველის ერთ-ერთი პირველი მილიარდერი დეივ პაკარდი სიკვდილამდე პატარა სახლში ცხოვრობდა, რომელიც თავის ცოლთან ერთად 1957 წელს ააშენა. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა გამოსცა ნეკროლოგი ფოტოთი, რომელზეც ტრაქტორზე მჯდომი პაკარდი იყო აღბეჭდილი. ტექსტში შენიშვნაც კი არ არსებობდა იმის შესახებ, რომ იგი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესმენი იყო. ნეკროლოგში უბრალოდ ეწერა: „დევიდ პაკარდი, 1912-1996, ფერმერი“.

უილიამ ჰიულეტი (1913-2001) მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ს მეკავშირეთა კორპუსში ოფიცრად მსახურობდა. კომპანიაში დაბრუნების შემდეგ 1947 წელს ვიცე-პრეზიდენტი გახდა და შემდეგ მეგობართან ერთად HP-ს მორიგეობით ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ ჰიულეტი და პაკარდი არასოდეს ჩაციკლულან ბიზნესში. მაგალითად, პაკარდი ორი წლის (1969-1971) განმავლობაში პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. ჰიულეტი კი, რომელიც ყოველთვის ინტერესდებოდა განათლებითა და მედიცინით, 60-იან წლებში პრეზიდენტ ჯონსონის ადმინისტრაციაში უცხო ქვეყნების დახმარებისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებში მოღვაწეობდა.

გიგანტი კომპანიის დამაარსებლები ალბათ ყველაზე კარგად მათმა ძველმა მეგობარმა ბარნი ოლივერმა დაახასიათა, რომელმაც ჰიულეტის და პაკარდის შესახებ ერთხელ აღნიშნა: „ისინი წარმატებამ არ გააფუჭა“.

ოლივერის გამონათქვამს სრულიად ადასტურებს კომპანიის ტოპ-მენეჯერთა სხდომაზე ბილ ჰიულეტის თავმდაბალი განცხადება: „მისმინეთ, ჩვენ განვვითარდით, რადგან განვითარდა ჩვენი სფერო. ჩვენ გაგვიმართლა, რომ აღმოვჩნდით რაკეტაში, რომელიც აფრინდა. ეს არ არის ჩვენი დამსახურება...“ მცირე პაუზის შემდეგ კი პაკარდს გადახედა და უთხრა: „ყოველ შემთხვევაში, ბილ, ჩვენ ეს შანსი არ გავუშვით და მას არ ჩამოვრჩით“.

მართალია, ჰიულეტი და პაკარდი უკვე იმ ქვეყნად არიან, მაგრამ მათი პირმშო, რომლის აქციების ძირითად ნაწილს დამაარსებლების ოჯახები ფლობს, ნამდვილად კვლავ არავის ჩამორჩება. 2002 წელს Hewlett-Packard-მა ფირმა Compaq შეიერთა, რამაც თავდაპირველად გარკვეული ფინანსური პრობლემები შეუქმნა, მაგრამ HP მალე წელში გაიმართა და ბაზრის კიდევ უფრო დიდი სექტორის ათვისება მოახერხა.