პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში 18 მარტის ნაცვლად, შესაძლოა, 20 მარტს გამოცხადდეს. for.ge-ს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა უწყებაში ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის თარიღი შეთანხმდეს.
ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტი პარლამენტს 18 მარტს უნდა ესტუმროს და დეპუტატების წინაშე წლიური მოხსენებით წარსდგეს, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, 18 მარტის პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ იქნება, რადგან კანონმდებლები სხვადასხვა ქვეყანაში მივლინებებით მიდიან.
წყაროს ცნობით, ვინაიდან, პლენარულ სხდომაზე კვორუმის არარსებობის საფრთხე არის, პარლამენტის ხელმძღვანელობა გიორგი მარგველაშვილის გარემოცვას პრეზიდენტის გამოსვლის თარიღის ორი დღით გადაწევას სთხოვს.
თუკი პარლამენტში კვორუმის პრობლემაზე აპელირებენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ კულუარებში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში მდებარე გამჭირვალე შენობაში იმ შემთხვევაში არ ჩავა, თუკი 18 მარტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს კენჭს უყრიან.
პარლამენტში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, ნინო გვენეტაძეს კენჭს 18 მარტს უყრიან თუ 18 აპრილს, რადგან საკითხზე ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. ფრაქციის ნაწილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მიმართ კითხვები აქვს და მის მოსმენას „ქართული ოცნების“ ფარგლებში ელოდება. სწორედ ამ სხდომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული „ქართული ოცნების“ სრული შემადგენლობა დაუჭერს თუ არა მხარს გვენეტაძეს, რადგან for.ge-ს ინფორმაციით, კოალიციის პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რომ უმრავლესობამ ნდობა სწორედ გვენეტაძეს გამოუცხადოს.
უმრავლესობის ნაწილი პოლიტსაბჭოს მოთხოვნას გაითვალისწინებს, თუ პრეზიდენტზე განაწყენებული გვეტენაძის კანდიდატურას ჩააგდებს, ამის პროგნოზი რთულია, რადგან „ქართული ოცნება“ მარგველაშვილს იმის გამოც გაუნაწყენდა, რომ მან 13 მარტს რიგგარეშე სხდომა დანიშნა.
გუშინ, პროტესტის ნიშნად, შვიდი ფრაქციის ხელმძღვანელი ქვეყნის პირველ პირს არ შეხვდა და ავლაბრის რეზიდენციაში დაგეგმილი შეხვედრა გადადო, რომელსაც for.ge-ს ინფორმაციით, წინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი უძღოდა. სპიკერმა პრეზიდენტს ურჩია, რომ თუკი მას რიგგარეშე სხდომის დანიშვნა სურდა, ეს მას შემდეგ გაეკეთებინა, რაც მასთან უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის თავმჯდომარეები მივიდოდნენ და მსჯელობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე გაიმართებოდა. უსუფაშვილმა სატელეფონო საუბრისას მარგველაშვილს უთხრა, რომ თუკი ის რიგგარეშე სხდომას დეპუტატებთან შეხვედრამდე დანიშნავდა, ამით უხერხული სიტუაცია შეიქმნებოდა. საბოლოო ჯამში, პარლამენტის თავმჯდომარის რჩევა მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა, მაგრამ მან საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე უსუფაშვილს წინასწარ უთხრა და მოტივად ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის სატელევიზიო განცხადება დაასახელა, სადაც მთავრობის წარმომადგენელმა პრეზიდენტი გააკრიტიკა.
„რიგგარეშე სხდომას დავნიშნავ და ამით სეირს ნოდარ ხადურს ვაჩვენებ, რომელმაც ტელევიზიის საშუალებით გამაკრიტიკა“, - განუცხადა უსუფაშვილს მარგველაშვილმა.
პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის სატელეფონო საუბარი ამ ტონალობით დასრულდა, თუმცა, მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განაწყენებულ პოლიტიკოსებს „რჩევა“ მისცა - „ვინც ნაწყენია, ცივი წყალი დალიოს“.
„მაცივარში ბევრი წყალი მაქვს და ჩემთან ყველა მხრიდან მობრძანდნენ. პოლიტიკაში მყოფმა ადამიანებმა ნაწყენობაზე, გაბრაზებაზე, გაბუტვაზე და ამ ტიპის კატეგორიებზე აცრა უნდა გაიკეთონ. პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება როგორც აპოკალიფსური მოვლენა არ წარმოვიდგინოთ. კონკრეტულ საკითხში უმრავლესობის წევრთა მოსაზრება პრეზიდენტის მოსაზრებისგან გასხვავებულია, ამ განსხვავებულობის ავ-კარგიანობისა და სისწორის შემფასებელი კი საქართველოს მოსახლეობაა“, - განაცხადა სპიკერმა.
პარლამენტის თავმჯდომარე არ ფიქრობს, რომ რიგგარეშე სხდომის დანიშვნით მარგველაშვილი ვინმეს ანკესს წამოეგო, რადგან ის თავისი პასუხისმგებლობით და გადაწყვეტილებებით მოქმედებს.
„ხანდახან, პრეზიდენტიც ცდება, პარლამენტის თავმჯდომარეც, მთავრობის წევრიც და ოპოციაციაც. შეიძლება ასე მოხდეს, მაგრამ ეს ვინმეს ანკესზე წამოგებას არ ნიშნავს“, - დასძინა უსუფაშვილმა.
18 მარტის მსგავსად, შესაძლოა, კვორუმის პრობლემა 13 მარტის რიგგარეშე სხდომაზეც შეიქმნას, რადგან უმრავლესობის წევრები ქუთაისში ჩასვლას და ოპოზიციასთან ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობას არ აპირებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხრიკების ქვეშ მოექცა და „უმცირესობის მიერ მოწყობილ შოუში“ მონაწილეობას არ მიიღებენ.