„ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად უინტერესოა ვინ რას მოიწვევს და ვინ რას გააკეთებს“

„ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად უინტერესოა ვინ რას მოიწვევს და ვინ რას გააკეთებს“

„ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად უინტერესოა ვინ რას მოიწვევს და ვინ რას გააკეთებს“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის საკითხს, რომელიც პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, 13 მარტს უნდა გაიმართოს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მთავრობა რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება. 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების მთავარი მიზანია ხალხზე ზრუნვა, საქმის კეთება შოუ-მასკარადების გარეშე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ღიაა და დაინტერესებული პირებისთვის რაიმე ტიპის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი არასდროს უთქვამს.

„ჩვენთვის მთავარია, რომ საქმე გავაკეთოთ და ვიფიქროთ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყველამ ერთად, რაღაც შოუ-მასკარადების გარეშე. ვინც არის დაინტერესებული საქმე გააკეთოს, ის საქმეს გააკეთებს. ჩვენ ყველანი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, გამგებლები, მერები, უნდა ვიყოთ ორიენტირებული ჩვენს ქვეყანაზე, ადამიანებსა და საქმის კეთებაზე“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის საკითხს საგანგებო განცხადებით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის ამოცანაა არა ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის საგანგაშო რეჟიმში განხილვა და ამ განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობა.

„ჩვენი ოპონენტების, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობის მოქმედებებიდან ირკვევა, რომ მათი ამოცანა არის არა შემოთავაზებული საკითხის განხილვა, არა ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის განხილვა რიგგარეშე, საგანგაშო რეჟიმში, საკითხის განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობის უზრუნველყოფა და ამ საკითხის თაობაზე დებატებით რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მედიასივრცის გაჯერება. ეს სამი მთავარი დასკვნა ემყარება ძალიან კონკრეტულ ფაქტებს და ეს ფაქტები სხვა ვერაფრით აიხსნება თუ არა უმცირესობის იმ სურვილით, რომელზეც ვისაუბრე“, - აცხადებს დავით უსუფაშვილ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამის დასადასტურებლად რამდენიმე ფაქტი დაასახელა. მისივე განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომები მიმდინარეობდა 16-21 თებერვლის განმავლობაში, აღნიშნული საკითხი ამ კვირის განმავლობაში არავის დაუსვია. მისივე თქმით, ამ საკითხის დასმა შეეძლოთ ბიუროზეც და პარლამენტის სხდომაზეც.

„დასრულდა თუ არა სასესიო კვირა, უმცირესობამ მიმართა პრეზიდენტს სხდომის დანიშვნის მოთხოვნით. 28 თებერვალს დანიშნული სხდომა ვერ შედგა საგანგებო რეჟიმში, თუმცა შედგა სხდომები მორიგ კვირაში, 2-7 მარტს იყო სასესიო კვირა. მაშინაც არავის დაუსვია ეს საკითხი განსახილველად. დასრულდა თუ არა პლენარული სხდომების კვირა, მეორე დღესვე დაიწყეს საუბარი რომ რიგგარეშე სხდომისთვის პრეზიდენტისთვის უნდა მიემართათ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა

მთავრობას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებების საპასუხო განცხადებით უპასუხა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ძალიან საქმიან, მშვიდ ვითარებაში მოისმინოს ხელისუფლების გეგმა ლარის კურსთან და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. 

„იყო ბრალდება, თითქოს ჩვენ ვთესავთ პანიკას. პანიკას თესავს არა ამ საკითხის საჯარო განხილვა, არამედ პანიკას თესავს ის, რომ სამთვიანი სავალუტო კრიზისის განმავლობაში ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელაც ვერ მოისმინა მთავრობისგან თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობა და არსებობს თუ არა რაიმე გეგმა ამ პრობლემის გადასაჭრელად. ვწუხვარ, რომ ამ ტონალობაში საუბარი გადაწყვიტა პარლამენტის თავმჯდომარემ. არ ვაპირებ აყოლას და იგივე ტონალობაში საუბარს, თუმცა ნამდვილად შემეძლო ხელისუფლების უსაქმურობასა და უპასუხისმგებლობაზე ბევრი მესაუბრა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ

დავით უსუფაშვილის იმედი ჯერ კიდევ აქვს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, ნინო გოგუაძეს, თუმცა ამბობს, რომ დღეს იგი წარმოჩნდა როგორც უმრავლესობის წევრი და არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე.

„ეს არის პოლიტიკოსი, რომლის იმედი მე ჯერ კიდევ მაქვს და რომელსაც მართლაც პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე შეუძლია იყოს პარლამენტის დამცველი. სამწუხაროდ, დღევანდელი ბრიფინგიდან მე ეს დასკვნა ვერ გამოვიტანე. დღევანდელ ბრიფინგზე ის წარმოჩნდა, როგორც უმრავლესობის გუნდის წევრი და არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და არა როგორც დავით უსუფაშვილი“, - აცხადებს ნინო გოგუაძე. 

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურია ის დამოკიდებულება, რომელსაც პარლამენტი და მთავრობა რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნისადმი იჩენს. მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად უმოქმედო, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პარლამენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში. 

„აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს სცდებოდა გუშინ უმრავლესობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, როდესაც იმის გამო, რომ პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა მოიწვია, გაბრაზდნენ, გაიბუტნენ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც კი ჩაშალეს სხდომა, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. საერთოდ რის მაქნისია ეს პარლამენტი, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა არ შეუძლია?

ან რა არის მისი ფუნქცია, თუ მან არც მთავრობას მოუსმინა, არც პრეზიდენტთან გაიარა კონსულტაციები. მარტო იმისთვის არსებობს ეს შემადგენლობა, რომ მათ ხალხის ხარჯზე მიიღონ მაღალი ხელფასები და ძვირადღირებული ავტომობილები? ეს არის აბსოლუტურად უმოქმედო, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პარლამენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში იმ თვალსაზრისით, რომ არ აქვს უნარი, კრიტიკული განწყობა ჰქონდეს“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.