„გოგი თოფაძეზე არ ვაკეთებ კომენტარს. ეს არასერიოზულია“, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, საპარლამეტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებას - „ნატო არ გვიღებს იმიტომ, რომ იცის ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული პრობლემები“. თოფაძე ამბობს, რომ მან ჯერ არ იცის ნატოსგან ნახეირები ქვეყანა.
კოალიცია „ქართული ოცნება - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“-ს თავმჯდომარე, გოგი თოფაძე რომ პრორუსულობით გამოირჩევა, ეს ახალი არ არის. გარდა იმისა, რომ თოფაძეს არ მოსწონს ნატოსკენ ჩვენი გეზი, აქვე ამბობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის მთავარი ტერიტორიული მთლიანობის თუ უსაფრთხოების საკითხებში.
„რაც არ მომწონს არ ვმალავ. თქვენ გგონიათ ის მომწონს, რომ ნატოში შევალთ? ნატოში ვინ გვიშვებს ერთი ეს მითხარით. ნატოში შესვლა არ უნდოდათ ჩვენ წინამორბედებს? 10 წელი ოცნებად დარჩა - არ მიგვიღო ამ ნატომ, არც მიგვიღებს. მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი. გაირკვა ყველაფერი ხომ? ხან მაპ-ი მოიგონეს, ხან ის... ნატო არ გვიღებს იმიტომ, რომ იცის ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული პრობლემები. ნატოსგან ნახეირები ქვეყანა მე ჯერ არ ვიცი“, - აღნიშნა გადაცემა „რეზიუმეში“ გოგი თოფაძემ.
თოფაძის განცხადებას ემიჯნება მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში თვლიან, რომ თოფაძის განცხადებები ზეგავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის კურსზე. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თოფაძის განცხადება არ ასახავს ხელისუფლების პოზიცის, თუმცა ვრცლად ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
კოლეგის განცხადებას ემიჯნება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რომელიც არ თვლის, რომ ამგვარმა განცხადებამ შესაძლოა დააზიანოს, ან პირიქით, ეიფორიაში მყოფი პოლიტიკოსის განცხადებამ ნატოში საქართველოს შესვლის პროცესი დააჩქაროს.
„ეს ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მსოფლიოში და იმ რეფორმებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა გადადგას. ჩვენი დასავლელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ ჩვენი ნაბიჯები გაცილებით უფრო სწრაფად იდგმება, ვიდრე ეს გეგმით იყო განსაზღვრული და ლაპარაკია იმაზე, რომ საქრათველომ ტემპი ოდნავ მაინც შეაფერხოს, რადგან სამხედრო წვრთნების ხელმძღვანელის შემართება დიდია, რომ ნატოს პაკეტი სწრაფად შეასრულოს. ეს ასწრებს იმ ტემპს რომელიც ნატომ შემოგვთავაზა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თედო ჯაფარიძე.
პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები ზეგავლენას ვერ მოახდენს მთავრობის კურსსზე.
„ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრება. ვემიჯნები თოფაძის განცხადებას, ეს არაა მთავრობის პოზიცია. გასაგებია, რომ თოფაძე გუნდის წევრია, ყველა ფუნდამეტალურ საკითხში, სადაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ბატონი გოგი იქ არის და მან ხმა მისცა საგარეო პოლიტიკურ კონცეფციას. მიუხედავად იმისა, რომ მისი კრიტიკული განწყობა ვიცოდით, ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობა არ არის. მისი განწყობა გამომდინარეა მეორე მხრიდან არსებული დამოკიდებულებებისა - ოლანდის განცხადებიდან და ა.შ. ეს მთავრობის კურსი არ არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზვიად კვაჭანტირაძე.
განსხვავებულია საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა პოზიცია. „ნაციონალურო მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თოფაძე ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, რადგან ბიძინა ივანიშვილი პუტინის გეგმას ახორციელებს, რომ ნელ-ნელა დეგრადირდეს ქართული სახელმწიფოებრიობა და ნელ-ნელა ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარი თავის გადარჩენის იდეაზე.
უმცირესობის წევრი თვლის, რომ ხელისუფლება ღიად ვერ ბედავს რუსული პოლიტიკის გატარებას, ვინაიდან წინ აქვს იანუკოვიჩის მაგალითი. მისივე თქმით, საქართველოში, ნატოში და ევროკავშირში შემსვლელთა რაოდენობა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო უკრაინაში.
„არაფერი ახალი ამ ადამიანს არ უთქვამს. ახლა კიდევ უფრო შეგულიანებულები არიან. საქართველოს საფრთხე ემუქრება სწორედ არა ნატოში გაწევრიანების შემდეგ, არამედ ნატოში გაწევრიანებამდე. ნატოში გაწევრიანების შემდეგ რუსეთმა ვერც ერთ ქვეყანას ვერ შეუქმნა პრობლემები. შევადაროთ რუსეთი და ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ საბჭოთა კავშირის ან ბლოკის წევრი და გახდნენ ნატოს წევრი - ბალტიის პირეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, პოლონეთი, შევადაროთ როგორც ცხოვრობენ დღეს და მაშინ სწორ დასკვნას გავაკეთებთ“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
თოფაძის განცხადება მოულოდნელი არც არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის ყოფილა. „ახალი მემარჯვენეების“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ თუ თოფაძის განცხადება და ხელისუფლების პოზიცია რადაიკალურად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ამ განცხადებას ოფიციალურად უნდა გაემიჯნოს ხელისუფლება.
„ეს ეჭვები სულ უფრო და უფრო მძაფრდება, რომ ხელისუფლება დეკლარირებულად ერთს აცხადებს და რეალურად ნაბიჯებს სხვა მიმართულებით დგამს. ან იმ მიმართულებით არ დგამს პრინციპულ ნაბიჯებს, რა მიმართულებაც დეკლარირებულია.
„თოფაძე საკამოდ ფრთხილი პოლიტიკოსია. ისე არ გააკეთებდა განცხადებას, რომ ეს განწყობა წახალისებული არ იყოს სამთავრობო გუნდში. ეს არის ძალიან სახიფათო განცხადება. მეტიც, ბატონმა თოფაძემ ისიც კი თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის თუ უსაფრთხოების საკითხებში მთავარია აბაშიძე-კარასინის ფორმატიო. ეს დამოკიდებულება სახიფათოა, აბსოლუტურად მიუღებელი. ამიტომაც, ხელისუფლება ასეთ განცხადებას უნდა გაემიჯნოს და მკაფიოდ თქვას თავისი პოზიცია.
ასეთი მერყეობა და გაურკვევლობა ძალიან ბევრ პრობლემას აჩენს და ეს პრობლემები უკვე სახეზეა. საქართველოს მოსახლეობას არც ერთი ხელისუფლებისთვის არ მიუცია იმის მანდატი, რომ შეცვალოს მისი ევროპული არჩევანი. ეს არის ქართველი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არა ხელისუფლების. იმედია, ამის განცდა აქვთ და ასე ხელაღებით ამის ცვლილების უფლებას მათ არავინ მისცემს. მითუმეტეს, ეს ხელისუფლება, რომელმაც აბსოლუტურად გაფანტა ნდობის მანდატი. ასე რომ, ძალიან იმედიანადაც ნუ იქნებიან ამ მიმართულებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ფიქრია ჩიხრაძე.
საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, მრეწველთა ლიდერი თავის პრორუსულ განწყობას არასოდეს მალავდა და შესაბამისად, იმის თქმა, რომ თოფაძე მთვარობის პოზიციას გამოხატავს, არასწორია.
„თავიდანვე იყო ცნობილი ვინ დასავლურია და ვინ პრორუსული. ცუდი ის არის, რომ თოფაძე ამას ხმამაღლა ლაპარაკობს, ეს არის ცუდი ტენდენცია. თოფაძე რომელი ისტორიკოსი მყავს, რომელი პოლიტოლოგი, ან თუნდაც რომელი ეკონომისტი, რომ საერთოდ რამე იცოდეს ნატოს გაფართოების ისტორიაში. ეს კაცი გაგებაში არ არის. ჰკითხეთ ერთი ისტორია უსწავლია საერთოდ?
თოფაძე არასოდეს არ მალავს თავის პრორუსულ განწყობას. ვერ დააბრალებ იმას, რომ თოფაძე მთვარობის პოზიციას გამოხატავს. თოფაძე გავლენიანი პოლიტიკოსი არ არის და არ მგონია, რომ მის ნათქვამს რამე გავლენა ჰქონდეს. ცუდი ის არის, რომ თოფაძე დღეს ამას ხმამაღლა ლაპარაკობს, ეს არის ცუდი ტენდენცია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.
დამოუკიდებელი ექსპეტრი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხდებასთან, რასაც გოგი თოფაძე ავითარებს.
„გოგი თოფაძის განცხადება სიახლეს არ წარმოადგენს არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის. მას არაერთხელ გაუკეთებია ასეთი განცხადებები და შესაბამისად, საზოგადოებამაც და პოლიტიკურმა კლასმაც იცის, რომ მას აქვს ასეთი პოზიცია. მას აქვს უფლება, რომ ჰქონდეს ის პოზიცია რაც სწორად მიაჩნია. მეორე საკითხია რამდენად ეხმიანება მისი ეს პოზიცია ხელისუფლების პოზიციას. მე ვთვლი, რომ არ ეხმიანება.
ოფიციალური პოზიცია დიამეტრულად საწინააღმდეგოა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ ადამიანები, რომლებიც თოფაძის შეხედულებებს სხვადასხვა ხარისხით იზიარებდნენ, მაგრამ ეს არაა ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.