იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დავით სუჯაშვილი დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობასაც იკავებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. როგორც ალაფიშვილი ამბობს, საჯარო სამსახურშო ორი თანამდებობის დაკავება დასაშვებია მხოლოდ ერთი და იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში. როგორც ალაფიშვილი აცხადებს, კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭო არ არის ის კონსტიტუციური ფორმატი, რომელიც ოპტიმალური შეიძლება იყოს უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასთან.
რატომ იკავებს დავით სუჯაშვილი ორ თანამდებობას და არღვევს თუ არა საჯარო სამსახურის შესახებ კანონს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
ბატონო ლევან, თქვენ ამბობთ, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილს დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაც უკავია, რის საფუძველზე ამბობთ ამას?
- უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს სხვა თანამდებობაც ეკავოს, ეს რაღაც ახალია. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნს, დავით სუჯაშვილს პარალელურად დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაც უკავია. თვოთონ საბჭოს საქმიანობა აქამდე კანონს რომ არ ეფუძნებოდა ეს ერთია და ახლა კიდევ, ეს ნოვაციაა.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 64-ე მუხლში ასეთი ამკრძალავი ნორმაა - სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება არ აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. კანონი ამბობს, რომ დაუშვებელია ორი რამ - პირველი - ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება სხვა სისტემაში და მეორე - თანამდებობის დაკავების აკრძალვა. სწორედ, აი, ამ უკანასკნელის დარღვევასთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, სახეზე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტი.
გასაგებია, მაგრამ დებულებაში პირდაპირ წერია, რომ კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელობა არ არის ანაზღაურებადი თანამდებობა...
- შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება თანამდებობაზე ყოფნასთან არ არის კავშირში, შესაბამისად, საჯარო სამსახურში 2 თანამდებობის დაკავება, მიუხედავად იმისა, თუნდაც, ერთგან არ იღებდე ხელფასს, დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ, ერთი და იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში. შესაბამისად, დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს ამ შემთხვევაში, სხვა თანამდებობის -უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობის დაკავება კანონმა აუკრძალა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ამბობს, რომ არ შეიძლება ორი თანამდებობის დაკავება, რაც ამ შემთხვევაში ვრცელდება დაზვერვის დეპარტამენტზე და კრიზისების მართვის ცენტრზე.
რატომ უშვებს ხელისუფლება იმის პრეცედნტს, რომ სუჯაშვილმა მართოს როგორც დაზვერვის დეპარტამენტი, ასევე კრიზისების მართვის ცენტრი?
- პასუხი ძალიან მარტივია. ამდენი ხნის განმავლობაში არ არსებობს კანონიერი საფუძველი, რომლითაც კომპეტენციით განისაზღვრებოდა კრიზისების მართვის ცენტრი, აი აქიდან მოდის ყველაფერი. არაფორმალური, არაინსტიტუციონალური მართვა ეს არის ყველაფრის საწყისი. რამდენი ასეთი საბჭოა საქართველოში შექმნილი, რომელსაც კანონისმიერი საფუძველი არ აქვს?! რომელს აქვს კანონით განსაზღვრული კომპეტენციები?!
წარმოიდგინეთ როგორი სიტუაციაა, არსებობს საგარეო უსაფრთხოების საბჭო, ასევე ეკონომიკური საკითხების მართვის საბჭო და ა.შ. სამინისტროები, კონსტიტუციური ორგანოები რისთვის არსებობს? როდესაც გაქვს სამინისტრო და ზემოთ კიდევ რაღაცა საბჭოს ქმნი, პრაქტიკულად, სამინისტროს ზემდგომს, ბუნებრივია, მართვის ეფექტიანობა და პოლიტიკური მიზანშეწონილობა აბსოლუტურად ნულდება. იმიტომ, რომ სამინისტროს მოტივაცია არ აქვს, რადგან მას „ზემდგომი“ ჰყავს საბჭოს სახით. პარალელური სტრუქტურების შექმნა სახელმწიფო მართვაში დაუშვებელია, ეს ნიშნავს სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისს. როდესაც სახელმწიფო მმართველოში შემოდის სუბიექტური მართვა, იქ მთავრდება სახელმწიფო.